უარი სანახაობას? იქნება თუ არა პური სანაცვლოდ?…

უარი სანახაობას? იქნება თუ არა პური სანაცვლოდ?…

წინა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულება სანახაობის მოწყობა იყო. მთავრობა მასშტაბურ კონცერტებს, ღონისძიებებს მართავდა, უამრავი უცხოელი ვარსკვალავი ჩამოჰყავდათ. ამ ყველაფერში კი სერიოზული თანხები იხარჯებოდა, რასაც ოპოზიცია მუდმივად აპროტესტებდა. იმასაც ამბობდნენ, მშიერ მოსახლეობას დაპურების ნაცვლად, სანახაობას გვთავაზობენო.

ახალმა მთავრობამ სტრატეგია შეცვალა, - პომპეზურ სანახაობაზე უარი თქვა. ის კი არა, ინაუგურაციაც ისეთი მასშტაბური არ იქნება, როგორიც აქამდე გვახსოვს.

"ამბები.გე" იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს აქტიურად მონაწილებდნენ მასშტაბურ პროექტებში. საინტერესოა, ამ გადასახედიდან როგორ აფასებენ ყველაფერს.

- წინა ხელისუფლება უპირატესობას სანახაობას ანიჭებდა, მასშტაბურ კონცერტებს მართავდა, რომელშიც ქართველი მომღერლებიც მონაწილეობდით. ამასთან, საქართველოში უცხოელი ვარსკვლავებიც ჩამოჰყავდათ... ახალი მთავრობა ამბობს, რომ წინა ხელისუფლების ამ "ტრადიციას" აღარ გააგძელებს, რომ ამ საქმიანობაზე ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება... შენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყავი. როგორ შეაფასებ სააკაშვილის მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გაწეულ შრომას?

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:
- "ნაციონალური მოძრაობის" არა მარტო მხარდამჭერი გახლდით, სახელმწიფო სამსახურშიც ვმუშაობდი. გეთანხმებით, წინა ხელისუფლების დროს ბევრად მეტი კონცერტი იმართებოდა...

- დღეს აღარ მუშაობ კულტურის სამინისტროში?
- არა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამსახურიდან ჩემით წამოვედი, არავის გამოვუგდივარ. მადლობა, რომ არ გამომაგდეს... კულტურის სამინისტროში ქალაქის ღონისძიებების სამმართველოს უფროსი გახლდით. ბოლოს თავად "ნაციონალებმა" დამაქვეითეს...

- რატომ?
- სამსახურს და ოჯახს ერთმანეთს ვეღარ ვუთავსებდი და სპეციალისტად გადამიყვანეს...
გეთანხმებით, რომ მაშინ ნამდვილად მეტი სანახაობა იყო და ასეთი გახლდათ პრეზიდენტ სააკაშვილის სურვილიც, მაგრამ ამის მიზანი იცით, რა იყო? და რას ემსახურებოდა ის?

- რას?
- ბევრ ადამიანს ხომ არ აქვს საშუალება, საზღვარგარეთ წავიდეს? ამიტომ მთავრობა აქ უწყობდა მათ სანახაობას. ჩამოჰყავდა უცხოელი ვარსკვლავები. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ის პოზიცია სწორი იყო და არ მგონია, რომ ის თანხა დაკარგულია, რადგანაც საქართველოში ბევრი კარგი შემოქმედი ჩამოვიდა და ამასთან, ადამიანებმა აქაც გამოსცადეს ამ თუ იმ დღესასწაულის ისე აღნიშვნა, როგორც ეს მსოფლიოს ქვეყნებში ხდება... ჯერჯერობით ამ მიმართულებით ჩვენთან არაფერი ხდება, რადგანაც ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. ვფიქრობ, რომ ამიტომაც არ სცალიათ ამისთვის, მაგრამ მგონია, რომ ესენიც იმავეს გააკეთებენ. გიორგი მარგველაშვილი ვიცი, რომ ნორმალური ადამიანია, ევროპულად მოაზროვნე და არ მჯერა, რომ მას არ მოსწონდეს მასობრივი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრსაც, უცხოეთში აქვს განათლება მიღებული და გამორიცხულია, რომ მასაც არ მოსწონდეს. ადამინი რაც ბევრს ნახულობ, მერე ტვინში რაღაცები სხვანაირად მუშაობს...

- გარდა იმისა, რომ სანახაობის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ფული იხარჯებოდა, ჩამოყვანილი ვარსკვლავებიდან იყვნენ ყავლგასულებიც, რომელთაც პოპულარობის პიკი ჩავლილია, მაგალითად, ტოტო კუტუნიო...
- კუტუნიოზე გეთანხმებით, რა ჩამოსაყვანი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, მოთხოვნა რაღაც სეგმენტში მასზე მაინც იყო. მაგრამ მარტო კრის ბოტი და სტინგი ღირდა ყველაფრად. მსგავსი სიამოვნება სხვა დროს არ მიმიღია, მათი მოსმენისას ცრემლები ჩამომდიოდა...

- მოკლედ, დიდი სიამოვნებით მიესალმებოდი ახალი მთავრობის ამ მიმართულებით იმავე პოლიტიკის გატარებას, არა?
- დიახ, ამ მიმართულებით უნდა მოხდეს რაღაც, რადგანაც სხვანაირად არ შეიძლება...
რაღაცები შეიძლება, წინა ხელისუფლებისას კი იყო გადაჭარბებული და არ იყო საჭირო, მაგრამ მთიანობაში ამ ყველაფერმა შედეგი დადო. ხალხს კონცერტებზე სიარული უხაროდა, სიამოვნებით სტუმრობდნენ ასეთ ადგილებს, რაც არ არის ცუდი. ყველაფერი ხომ იმიტომ კეთდებოდა, რომ ხალხს ესიამოვნა? მაგალითად, შაკირაზე იმდენი ხალხი იყო, რომ გავოცდი, მაგრამ
ვარსკვლავია და მისი ნახვა ბევრს უნდოდა.

დატო ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი:
- რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ვფიქრობ, რომ ის ხალხის უმრავლესობას აღიზიანებდა, რადგანაც ამა თუ იმ გრანდიოზული კონცერტის წყალობით, ქუჩა იკეტებოდა. ამიტომ ის, რაც ახლა ინაგურაციისთვის არის დაგეგმილი, კარგია, ქუჩები არ გადაიკეტება და ხალხი არ შეწუხდება. არ ვართ ის ქვეყანა, რომ იმის ფუფუნება გვქონდეს, ასე აღვნიშნოთ ესა თუ ის მოვლენა. ამასთან, ვიმეორებ, ხალხი მუდმივად უკმაყოფილო იყო ხოლმე,ქუჩია გადაკეტვის გამო, დროზე ვერ მიდიოდნენ სახლში, ზოგჯერ "სასწარაფოს" დროულად ვერ მიუყვანია პაციენტი დანიშნულების ადგილზე და გზაში გარდაცვლილა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კარგია, როცა ამ ხელისუფლებამ ისეთი სტრატეგია აირჩია, რომ მასობრივი და მასშტაბური და პომპეზური ღონისძიებები არ გვინდა. ვიცი, რომ პარლამენტის ეზოში გაიმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, რისთვისაც თამარ ფოცხიშვილი ლამაზ დეკორაციებს აკეთებს.

- რაც შეეხება მუსიკოსებს, ვარსკვლავებს, რომლებიც საქართველოში ჩამოჰყავდათ, რას იტყვით ამ პროექტებზე?…
- ვამბობდი და ახლაც ვამბობ, მთავრობა შოუბიზნესში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ წლის განმავლობაში არის დღეები, როცა ხელისუფლებამ თავის ხალხს, ქვეყნის მოსახლეობას რაღაც ღონისძიება უნდა აჩუქოს.
17 ნოემბრის შემდეგ ახალი პრეზიდენტიც შეუდგება თავის საქმიანობას. ახალი პრემიერიც გუნდთან ერთად, რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს... ამიტომ, წინასწარ ცოტა ძნელია, რაღაცებზე ლაპრაკი, როცა ჩამოყალიბებული არ არის რა, როგორ იქნება... თუმცა გლდანში ტოტო კუტუნიოს რომ ამღერებდნენ, ეს ვის რაში სჭირდებოდა? მაგრამ ამით პიარს იკეთებდნენ, რომელშიც დიდძალი თანხები იხარჯებოდა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ იყრებოდა. ის ფული თეატრს, მხატვრებს ან ახალგაზრდებს მოხმარებოდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. არ შეიძლება, ბიუჯეტიდან ამხელა ღონისძიებებზე ასეთი თანხების ხარჯვა, მაგრამ ვიმეორებ, არის დღესასწაულები - ახალი წელი, 26 მაისი (დამოუკიდებლების დღე), გიორგობა, როცა ხელისუფლებამ რაღაც მასშტაბური ღონისძიება უნდა ჩაატაროს...
მერე ამოჩემებული ჰქონდათ ბათუმი და ყველაფერს იქ აკეთებდნენ, ვითომ ბათუმის გარდა სხვა ქალაქი არ არსებობდა...

სტეფანე, მუსიკოსი, პროდიუსერი:
- ამ ყელაფერს ორი მხარე აქვს. ისე არ არის, რომ არც ერთი მხარის არ მესმის. პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ, რადგანაც ჯერ არ ვიცი, ხელისუფლების ქვეყნის შენების ღრმა სტრატეგია, რადგანაც ცვლილებები ახალი მომხდარია და დიდ პრეტენზიებს ვერ გამოვთქვამ. არ ვიცი, შეიძლება, ისინი ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით რაღაც სფეროები პრიორიტეტულია, თუმცა მიმაჩნია, რომ ახალ წელს თუ სხვა სადღესასწაულო დღეებში მასობრივი კონცერტები ალბათ უნდა იმართებოდეს.

- თქვენი კომპანია "არტ ფორუმი" მუდმივად ქალაქის მთავრ სადღესასწაულო კონცერტს ამზადებდა...
- ჩვენ წელიწადში სამ კონცერტზე ვმუშაობდით: საახალწლო, 26 მაისის და თბილისობის კონცერტს. მასშტაბური ღონისძიებები უფრო ბათუმში იმართებოდა ხოლმე, მასთან არც მე და არც ჩვენს კომპანიას კავშირი არ გვქონია, მაგრამ ეგონათ, რომ იმასაც ჩვენ ვაკეთებდით. მაგრამ რასაც ვამზადებდით, სამივე მნიშვნელოვანი პროექტი იყო. დიახ, ქალაქში მართლაც საზეიმო ვითარება უნდა ყოფილიყო...

- მუდმივად თქვენ რატომ იყავით ამ საქმიანობის სათავეში?
- "არტ-ფორუმი" ყოველთვის ტენდერს იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში შეიძლება, ბევრთან მეგობრული ურთიერთობაც გვქონოდა, ჩვენი ამ საქმიანობისთვის შერჩევის პრინციპი მეგობრობიდან არ მომდინარეობდა. ტენდერში სხვა კომპანიებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვიგებდით, რომ ყველაზე კომფორტულად ჩვენთან თანამშრომლობდნენ, ჩვენთან ყველაზე იაფი ჯდებოდა და ხარისხიან ნამუშევარსაც ვთავაზობდით.

- ყოველი კონცერტის წინ მონაწილეობდით ტენდერში?
- კი, არარეალურ პირობებსა და ვითარებაში ვმუშაობდით, რეპეტიციების დროს გზას არ გვაკეტინებდა პატრული და ორ დღეში ვაწყობდით ყველაფერს ისე, რომ პროექტი პირდაპირ ეთერში გადიოდა. იმ პერიოდში სულ გარეთ ვიყავი, რომ ხარისხიანი ნამუშევარი შეგვექმნა და უხერხულ მდგომარეობაში არავინ ჩაგვეგდო...

ახლა რატომ აღარ ტარდება ასეთი ღონისძიებები, ამაზე ვერც იმას ვიტყვი, რომ ვინმეს რამეში ვამტყუნებ, რადგანაც ხელისუფლებამ ღრმა სტრატეგია უკეთ იცის, თუ რა აქვს შერჩეული, თუ როგორ უნდა განავითაროს ქვეყანა, თუმცა წელიწადში ქვეყნის მოსახლეობისთვის ორი დიდი საზეიმო პროექტი არავის და არაფერს დააქცევდა. ისე, ისინი სოციალური პროექტებიც იყო, მხოლოდ შოუ არ გახლდათ. 400-ადამიანამდე გვყავდა დასაქმებული, რომელთაც წელიწადში სამჯერ მაინც ვეძახდით. ახლა საერთოდ არავის სჭირდება ის მომღერლები. არადა, ზრდასრულ ასაკში პროფესიას ხომ არ შეიცვლიან იმის გამო, რომ გაგებით მოეკიდონ რაღაცებს?

- უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანაზე რას იტყვი?
- ამით წინა ხელისუფლება პიარს უკეთებდა საქართველოს და საკუთარ თავსაც. ბათუმი ყოველთვის იყო სიახლეების ეპიცენტრი, იქ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბევრი რამ გაკეთდა, მაგალითად, ცათამრბჯენები. შესაძლოა, მათი მშენებლობა დიდი თანხებიც ჯდებოდა და იმ ფულით უამრავი ადამიანის დახმარება იყო შესაძლებელი, რაც კარგად მესმის, მაგრამ ისიც მესმის, რაც ხდებოდა. მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ზოგადად საკუთარი აზრი მაქვს, მაგრამ რადგანაც ეს ყველაფრი ახალი მომხდარია, არ მინდა, რაღაც პრეტენზიები გამოვთქვა.…

P.S. უარი პომპეზურობას, სანახაობას, მაგრამ იქნება თუ არა პური სანაცვლოდ? ამას ცოტა ხანში შევიტყობთ...