ვსურს გავიხსენოთ პრემიერ-მინისტრები, რომელთაც ჩვენს უახლეს ისტორიაში ან მოახერხეს გარკვეული კვალის დატოვება, ანაც - ვერა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების საკმაოდ მოკლე პერიოდში ქვეყანას ორი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა: 1990 წლის 15 ნოემბრიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე ეს პოსტი ეკავა თენგიზ სიგუას. 1991 წლის აგვისტოში პრემიერი გახდა ბესარიონ გუგუშვილი, 1993 წლის აგვისტოში, შევარდნაძის შეთავაზებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა კიდევ ერთმა, ოთარ ფაცაციამ, რომელიც პოსტზე 1995 წლის ოქტომბრამდე იყო. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა იყო, სწორედ ამ რთული მემკვიდრეობის სიმბოლოდ საპარლამენტო განხილვისას ერთ-ერთმა დეპუტატმა ფაცაციას წიწაკა აჩუქა.
იმავე განხილვაზე ფაცაციას სასარგებლოდაც გაისმა არგუმენტი, რომ ის კარგი მოქეიფე და პურისმჭამელი კაცი იყო. 2004 წელს ხორციელდება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები და კვლავ ჩნდება პრემიერ-მინისტრის პოსტი. მას იკავებს რევოლუციური ტრიუმვირატის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი ზურაბ ჟვანია.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ისტორიაში ის ყველაზე ტრაგიკული ბედის პრემიერია, ჟვანიას 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილს პოულობენ. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ეს პოსტი დაიკავა მისი გუნდის წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელმაც ყველაზე დიდხანს მოახერხა თანამდებობის შენარჩუნება, ის მინისტრთა კაბინეტს 2007 წლის 16 ნოემბრამდე თავკაცობდა. მისი პრემიერობა პოლიტიკური აქტიურობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. უკვე ისტორიის კუთვნილი ეს პერიოდი ხასიათდება ეკონომიკური ზრდითა და საკუთრების უფლების ტოტალური დარღვევებით.
"ლეიბორისტთა" ენამოსწრებულმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ნოღაიდელს "დაღლილი ვირი" შეარქვა, რითაც ალბათ დარჩება კიდეც ქვეყნის ისტორიაში. მის კვალდაკვალ ეს თანამდებობა დაიკავა საბანკო სექტორიდან მთავრობაში გადანაცვლებულმა ლადო გურგენიძემ, რომელმაც ერთი წელი გაატარა ამ პოსტზე და თავი დიდად ვერაფრით დაგვამახსოვრა - ისე მას, "კაცი გლაზოკში" შეარქვეს. 2008 წლის 1-ელ ნოემბერს პრემიერ-მინისტრი გახდა გეგა მგალობლიშვილი, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, 2009 წლის თებერვალში, ის გაათავისუფლეს.
ამბობდნენ, რომ თანამდებობიდან მის წასვლას წინ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაპირისპირება უსწრებდა, რომლის დროსაც სააკაშვილმა მას მობილური ტელეფონი ესროლა. პრემიერობის ამ მოკლე პერიოდში მგალობლიშვილი ყოველთვის განსაკუთრებულად დაბნეულად გამოიყურებოდა, რის გამოც არაერთხელ გააშარჟეს. შეიძლება ითქვას, რომ მისი პრემიერობა გვარიანად კომიკური იყო. 2009 წლის თებერ
ვლიდან 2012 წლის ივნისამდე ეს თანამდებობა ეკავა ნიკა გილაურს. 2012 წელს, როდესაც სააკაშვილის ძალაუფლებას გვარიანი საფრთხე დაემუქრა.
პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ქვეყნის ხერხემლად გამოცხადებული ვანო მერაბიშვილი გაეპრემიერებინა და სწორედ მისთვის მიენდო წინასაარჩევნო კამპანია, რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" კრახით დასრულდა. ის პრემიერ-მინისტრობას უმიზნებდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის გამო კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ პრემიერის პოსტი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა. ის იქცა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ზოგადად ხელისუფლების ლიდერად. მისი პრემიერობა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მან დაიკავა ხელისუფლების უმაღლესი პოსტი ისე, რომ ქვეყნის მოქალაქე არ ყოფილა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ბოლო 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი მასშტაბური უფლებებით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრი იქნება, რომლის ხელშიც საკმაოდ დიდი ძალაუფლება აღმოჩნდება.