თბილისის

თბილისის "მარშრუტკების" აუტანელი რეალობა - გამწარებული მგზავრის წერილი

ყვითელი მიკროავტობუსის საფეხურზე ჩემს გარდა, კიდევ ორი ადამიანი დგას. 1.76 სმ სიმაღლის მიუხედავად, ორად მოკეცილი ვარ და ჭერზე ფუძის ძვლით ვეტყეპები. იმის გათვალისწინებით, რომ სამარშრუტო ტაქსი გაძეძგილია, ყველა ჩამსვლელს კარს ვუღებ, ჩავდივარ და თავიდან ამოვდივარ... მერე ახალი მგზავრებიც ამოდიან, ახლა საფეხურზე ისინი იკეცებიან. მე დაწინაურებულ მდგომარეობაში წელში ვიმართები და ცალ ხელზე დაკიდებული პერიოდულად ადგილმდებარეობას ვაკონტროლებ. სად ვარ, არ ჩანს...

"თბილისის მიკროავტობუსი" პირობას დებს, რომ მიკროავტობუსების გადატვირთულობის პრობლემა მალე მოგვარდება", - კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ეს განცხადება 2012 წლის 31 იანვრით თარიღდება. იქვე კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მიკროავტობუსებში მგზავრებს ფეხზე დგომა აღარ მოუწევთ. როგორც იგი განმარტავს, სამარშრუტო ტაქსებში 5 ადამიანის ფეხზე დგომა სრულიად დასაშვებია, ხოლო ამ რაოდენობის გადაჭარბების შემთხვევაში, მიკროავტობუსების მძღოლებს გარკვეული ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. აქვე კომპანიის წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ ფეხზე მდგომ მგზავრებს უსაფრთხოების მხრივ რაიმე პრობლემა არ შეექმნებათ, ვინაიდან ამ ტიპის მიკროავტობუსები ფეხზე დგომასაც ითვალისწინებს. (დგომას, და არა მოკეცვას!).

მაგრამ ისევე, როგორც ამ ქვეყანაში დაპირებების უმრავლესობა, "თბილისის მიკროავტობუსის" ეს დაპირებაც სამწუხაროდ, არ შესრულებულა. აგერ უკვე ორი წელი გადის, ანუ სიტყვას "მალე", წესით ვადა გაუვიდა. პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ნაწილობრივ მოგვარებულად შესაძლოა, ერთი დაპირება ჩავთვალოთ. აი, ის, მგზავრებს რომ ფეხზე დგომა აღარ მოუწევთ. შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე კარგად დაკუნთული ცალი ხელით საკიდს მობღაუჭებული მგზავრების ნაწილი ჰაერში გამოკიდებული მგზავრობს. ან როგორი აბსურდია, 5-ზე მეტი მგზავრის ფეხზე დგომასთან დაკავშირებული განცხადება.

მძღოლებს სამარშრუტო ტაქსში იმდენი ადამიანი ამოჰყავთ, იმდენი ... სანამ გადაძეძგილი მიკროავტობუსის საფეხურზე ორი ადამიანი მაინც არ მოიკეცება და კისერს არ მოიგრეხს. შეიძლება იქვე ფანჯარაში ცხვირის გამოყოს, რომ ისუნთქოს მაინც... ან რა უსაფრთხოებაზეა საუბარი, როდესაც ასეთ პირობებში მგზავრობისას, მძღოლი გვერდითა სარკეს ვერ ხედავს (კარის მხარეს 4 მგზავრი მაინც ეფარება), ნებისმიერი მკვეთრი მანევრისა და ძლიერი დამუხრუჭების დროს კი ნაცნობ-უცნობები ერთმანეთის დომინოს პრინციპით მკლავებში თუ კალთაში უვარდებიან.

მოდი, სხვა დაპირებებიც გავიხსენოთ. გახსოვთ ალბათ მგზავრობის საფასურის გაზრდა, თავის დროზე კომფორტულად მგზავრობის პერსპექტივით იყო განპირობებული. ტარიფის 80 თეთრამდე გაძვირება თბილისელებმა მტკივნეულად მიიღეს, თუმცა იმ იმედით, რომ გადაადგილებისას ფეხზე დგომა აღარ მოუწევდათ და სიცხეში კონდიციონერი გააგრილებდათ, მგზავრებიც დინებას მიჰყვნენ.

ცენტრალური მარშრუტების მგზავრების დიდი ნაწილი ნამდვილად ვერ იტყვის, რომ კომფორტულად მგზავრობს. ზაფხულში, პაპანაქება სიცხეში, კონდიციონერის ჩართვა მძღოლსა და დასიცხულ მგზავრებს შორის შელაპარაკების საგანია. ზედმეტი ხარჯიდან გამომდინარე, მძღოლები კონდენციონერის ჩართვას მაქსიმალურად თავს არიდებენ, თუმცა კომპანია მგზავრის პრეტენზიის შემთხვევაში მძღოლს აჯარიმებს, რის გამოც, მძღოლებს მგზავრებთან დაპირისპირება არ აწყობთ, ძირითადად, თავისთვის ჯუჯღუნით შემოიფარგლებიან.

ყურადღების მიღმა არც მწეველი მძღოლები უნდა დავტოვოთ. ისინი, არამწეველების, ბავშვების, ფეხმძიმე მგზავრების გარემოცვაში ისედაც უჰაერობაში მყოფ ადამიანებს ინტენსიურად რომ ჭვარტლავენ.

მოდი, ამ შემთხვევაში არ ვისაუბროთ მძღოლების მხრიდან მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ორი ხაზის გადაკვეთაზე, საპირისპირო ზოლში გადასვლაზე, სიჩქარის გადაჭარბებაზე და რაც ყველაზე მთავარია, ნერვულ აშლილობაზე. არ ვისაუბროთ, გაუსაძლის ჰიგიენურ მდგომარეობაზე, სუნზე, მუსიკალურ გემოვნებაზე. ჩვენ ახლა
შეუსრულებელ დაპირებებზე და მოტყუებულ მგზავრებზე ვსაუბრობთ.

ცნობისათვის, შპს ,,თბილისის მიკროავტობუსი", რომელიც 2011 წელს დაარსდა, ქ.თბილისის მერიის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის მართვას ახორციელებს, რომლებმაც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა ოცი წლის ვადით მოიპოვეს.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/90176-thbilisis-qmarshrutkebisq-autaneli-realoba-gamtsarebuli-mgzavris-tserili.html#ixzz2kWfWTrfx