საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ინგლისური კლუბების, „ნიუკასლის“ და „ტოტენჰემის“ ინტერესის სფეროშია.
„ნიუკასლზე“ ბოლო დღეებში ვრცელდებოდა, „ტოტენჰემს“ კი, უფრო მეტად გასულ ზაფხულს ახსენებდნენ, სანამ იტალიელ გულიელმო ვიკარიოს შეიძენდნენ.
ვიკარიო „მამლების“ რიგებში ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლონდონელებს ქართველი მეკარე ისევ სურთ, ცოტა რთულად სარწმუნოა. აი, „ნიუკასლის“ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. „კაჭკაჭების“ მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუს გიორგი ძალიან მოსწონს.
მოსალოდნელია, რომ „ვალენსია“ გიორგის 30 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ შეელევა. ქართველს „ღამურებთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 მშრალი მატჩი ჩაატარა, ხოლო სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გაშვებული.