"მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის წასვლაც და შერჩეული კანდიდატურაც სწორი გა-დაწყვეტილებებია. ბატონი ბიძინას ავტორიტეტი ისეთი მაღალი იყო, რომ ეს ლამის მთელი მთავრობის მუშაობის პარალიზებასაც კი ახდენდა. კონკრეტულ მინისტრებს ძალიან უჭირდათ მისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. უბრალო ტექნიკური გადაწყვეტილების შეთანხმებასაც კი მასთან ცდილობდნენ, ამის მოწმე პირადად ვარ. მისი პოლიტიკიდან დისტანცირებით მინისტრები თავიანთ სფეროზე მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ, რაც მინის-ტრთა კაბინეტის მუშაობას მეტ ეფექტს შესძენს. თუმცა, ცხადია, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკის განმსაზღვრელი მაინც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იქნება", - აცხადებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილის ავტორიტეტი ლამის მთავრობის მუშაობის პარალიზებას ახდენდა" / "ჩემი და პრემიერის საქმიანი ურთიერთობები უკანა პლანზე გადავიდა".
"დღეს ხელისუფლებაში ლეგიტიმაცია, ფატობრივად, სხვას არავის აქვს, მთელი სახელისუფლებო ლეგიტიმაცია სწორედ ივანიშვილზე დგას. იმის მიუხედავად, დარჩება ხელისუფლებაში თუ არა, ჯერჯერობით მაინც ასე იქნება. ბოლო ორივე არჩევნების შედეგები სწორედ საზოგადოების მისდამი ნდობამ განსაზღვრა. მართალია ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის, მაგრამ აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარების უახლოეს ეტაპზე პასუხისმგებლობას არ მოიხსნის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ეს ლეგიტიმაცია გადანაწილებულიყო იმათზე, ვისაც ის ენდობოდა. შეიძლება უხეშად ნათქვამია, მაგრამ ასეა. ამის გათვალისწინე-ბით ირაკლი ღარიბაშვილი ოპტიმალური კანდიდატურაა, ის უახლოეს მომავალში ივანიშვილის ლეგიტიმაციის თანამონაწილე იქნება. ალბათ გიორგი მარგველაშვილი არ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ისიც სწორედ ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით გახდა პრეზიდენტი. ჯერჯერობით ადამიანები ენდობიან პირადად ბიძინა ივანიშვილს, სხვა არც ერთ პიროვნებას ხელისუფლებაში სახალხო ლეგიტიმაცია არ აქვს. პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო არა პარტიული მოთამაშე. ვნახოთ, როგორ დაიმკვიდრებენ ეს ადამიანები ქართულ პოლიტიკაში ადგილს და როგორ მოახერხებენ ივანიშვილის გავლენისგან გათავისუფლებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"ნურავინ წარმოიდგენს, რომ პროცესი დასრულებულია, პროცესი მხოლოდ ახლა იწყება. ღარიბაშვილს მოუწევს დაამტკიცოს, რომ ის ღირსეულია ამ საპასუხისმგებლო პოსტზე. არ მგონია, რომ ის მიბმული იქნება ივანიშვილზე და ყველა გადაწყვეტილებას მასთან შე-თანხმებით მიიღებს, მაგრამ საწყის ეტაპზე ივანიშვილის გავლენისგან ალბათ ვერ გათავისუფლდება, თუმცა მას აქვს იმის დამტკიცების შანსი, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი ფიგურაა. ივანიშვილ-ღარიბაშვილის ურთიერთობა მამა-შვილის ურთიერთობას ჰგავს. დგება დღე, როდესაც ზრდასრული შვილი ნელ-ნელა ახერხებს მამისგან დამოუკიდებლად არსებობას. ვფიქრობ, ღარიბაშვილიც მოახერხებს ამ გავლენის დაძლევას", - განაგრძობს რესპონდენტი.
"არ მინდა აჩიკოზე რამე ცუდი ვთქვა, მიყვარს და პატივს ვცემ. ნებისმიერი პოლიტიკოსი პოპულისტია, მაგრამ მთავარი პროკურორის ხშირი ურთიერთობა მედიასთან არასწორად მიმაჩნია. მისი ეკრანზე გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს უნდა უკავშირდებოდეს, სხვა შემთხვევაში ამ სტრუქტურის დევალვირება მოხდება. მთავარი პროკურორის თანამდებობამ კბილაშვილის დროს გარკვეული დევალვაცია განიცადა. რაც შეეხება მითქმა-მოთქმას ღარიბაშვილისა და ალასანიას დაპირისპირების თაობაზე, როდესაც კოალიციის ფარგლებში მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, ამგვარი რამ სრულიად მისაღებია. ირაკლი ალასანია პოლიტიკური ლიდერია, აქვს პარტიული ხედვა, იდეოლოგია, აქედან გამომდინარე, გარკვეული ტიპის დისკუსიები და წინააღმდეგობები ხდება. მეც მონაწილე ვარ ამ პროცესის და მგონი, კოალიციაში არ დარჩა კაცი, რომელთანაც ერთხელ მაინც არ მიჩხუბია, მაგრამ ეს ჩხუბი იყო საქმის გამო და ისინი ჩემს მეგობრებად რჩებიან. ეს დისკუსიები და კამათი უნდა ეტეოდეს თანამშრომლობის ფარგლებში და წითელი ხაზები არ გადაიკვეთოს. არსებობდა გარკვეული იდეოლოგიური წინააღმდეგობა, მაგრამ ორ ირაკლის შორის წითელი ხაზები არ გადაკვეთილა. გადაჭარბებული იყო მათ კონფლიქტზე ლაპარაკი. ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ ღარიბაშვილმა ერთ-ერთი პირველი ალასანია დაასახელა, ვინც მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას შეინარჩუნებს", - დასძენს გია ხუხაშვილი.
"მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებას ვცდილობ და ამაზე ვლაპარაკობ კიდეც, ბევრისთვის მაინც გაუგებარი აღმოჩნდა ჩემი ინერტულობა. იშვიათად ვჩნდები შეკრებებზე, ხელისუფლებასთან და პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობაც ნაკლებად მაქვს. ეს მოხდა ჩემივე სურვილით, თუმცა პოლიტიკური სისტემიდან გასვლა მარტივი არ არის. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას იშვიათად ვხვდები, ჩვენს შორის საქმიანი ურთიერთობები უკანა პლანზე გადავიდა. ჩემთვის საქმიანი ურთიერთობის გარდა არსებობს ადამიანური ურთიერთობებიც. მე და ბიძინას პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, ის ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე პოლიტიკა და კონკრეტული საქმიანობა. აქედან გამომდინარე, რამე ტიპის სისტემურ კონფლიქტზე ლაპარაკი სრული აბსურდია. წინააღმდეგობები ყველა ურთიერთობაში ჩნდება, თუმცა ჩვენ შორის პირადი პრობლემები არ არსებობს", - აცხადებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და შეკითხვას - "გამოდის, საქმესთან დაკავშირებით მაინც გქონიათ გაუგებრობა, კონკრეტულად რის გამო, შეგიძლიათ გვითხრათ?", პასუხობს:
"ამ პროცესში არაერთი თემის გარშემო გვიკამათია. გაუგებრობაზე კი რა გითხრათ, ეს უფრო კონკრეტული ადამიანების სურვილია, რომელსაც რეალობად ასაღებენ ხოლმე. ამ ხმებს რიგ შემთხვევაში დამკვეთი ჰყავდა. დაწერეს, რომ თურმე ივანიშვილთან ერთად მაშკევიჩს შევხვდი და იქ რაღაც უბედურება დატრიალდა, რაც სრული აბსურდია".