ივანიშვილის მინისტრებისა და დეპუტატების პრემიები
ივანიშვილის მთავრობის წევრებს სტომაქები და ლოყები ზომაზე მეტად დაუმრგვალდათ. მადა რომ ჭამაში მოსდით, ამას მათ მიერ ბიუჯეტიდან მიღებული პრემიები და თანამდებობრივი სარგოებიც მოწმობს. მართალია, ივანიშვილი გვარწმუნებდა, რომ მისი მთავრობის მინისტრები, სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად, პირად ფუფუნებაზე არ იფიქრებდნენ, მაგრამ ფაქტები სულ სხვას მეტყველებს. ივანიშვილის მთავრობაში იმაზე მეტად შეისისხლხორცეს საააკაშვილის ხელისუფლების მანკიერი მხარეები, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით: მინისტრებმა პირველივე თვეს საკუთარ თავს მაღალი ფულადი პრემიები გამოუწერეს, ავტოპარკი გადაიხალისეს, კაბინეტები საკუთარი გემოვნებით მოიწყვეს და, როგორც იტყვიან, ხალხის ხარჯზე გაინავარდეს.
ხადურმა მინისტრად დანიშვნისთანავე დაისაჩუქრა თავი ორმაგი ხელფასებით. პრემიები ჩამოირიგეს სხვა მინისტრებმაც, «საქართველო და მსოფლიო» დაინტერესდა, რამდენით დაიჯილდოვეს თავი «მეოცნებე» დეპუტატებმა და «ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის» მასალებს გაეცნო.
მაშინ, როცა, გავრცელებული ინფორმაციით, ბიუჯეტში 600 მილიონ ლარამდე გარღვევაა, როცა უმუშევართა რიცხვი გაიზარდა და ათასობით ოჯახს დახმარება მოუხსნეს, «მეოცნებე» დეპუტატები თავს უფლებას აძლევენ პრემიებით გაიხალისონ ცხოვრება.
როგორც ამ მასალებიდან დასტურდება, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიის სახით 9162 ლარი მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარეებისა და პარლამენტის წევრების პრემიები 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. «საქართველო და მსოფლიომ» ამოკრიბა იმ დეპუტატთა სია, რომლებმაც ახალი მოწვევის პარლამენტში ყველაზე დიდი რაოდენობის პრემიები აიღეს. ვნახოთ, როგორ დაიჯილდოვეს თავი 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის თებერვლამდე რესპუბლიკელების, ალასანიას გუნდისა და უმრავლესობის სხვა «მეოცნებე» დეპუტატებმა: დავით უსუფაშვილი - 9162 ლარი; მურმან დუმბაძე - 8831; მანანა კობახიძე - 8662; ზურაბ აბაშიძე - 8589; ზვიად ძიძიგური - 8562; გიორგი ბარამიძე - 8562; ირაკლი ჩიქოვანი - 8495; დავით ონოფრიშვილი - 7631; გიგლა აგულაშვილი - 7604; ირინე იმერლიშვილი - 7577; დავით ბერძენიშვილი - 7531; ზაქარია ქუცნაშვილი - 7504; ვახტანგ ხმალაძე - 7502; ვიქტორ დოლიძე - 7389; ეკა ბესელია - 7362; ერეკლე ტრიპოლსკი - 7362; ზურაბ ტყემალაძე - 7362; გუბაზ სანიკიძე - 7362; თედო ჯაფარიძე - 7362.
ამ ფაქტების გახმაურების შემდგომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის წევრების პრემიებით დაჯილდოების პრაქტიკა გაუქმდებოდა. როგორც IDFI-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, პრემიის გაცემის პრაქტიკა 2013 წლის იანვრიდან მართლაც გაუქმებულია. თუმცა 2013 წლის მარტში აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით კვლავ გაიცა 434 ათას 958 ლარი. მალევე ივანიშვილის პარლამენტმა ახალი ტაქტიკა მოიფიქრა: 2013 წლის იანვრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის არსებული სახელფასო დანამატები გაიზარდა, ანუ რა მნიშვნელობა ჰქონდა, ამას პრემიას დაარქმევდი თუ სხვა სიტყვას ქართული ლექსიკონიდან, ფინანსური შემოსავლები ახალი მოწვევის პარლამენტარებს ისევე გაეზარდათ, როგორც წინას.
2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის აპრილის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის წევრებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 2 მილონ 702 ათას 646 ლარი. აღნიშნული თანხიდან წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში (2012 წლის იანვარი-ოქტომბერი) გაცემულია 1 მილიონ 746 ათას 258 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში (2012 წლის ნოემბერი – 2013 წლის აპრილი) – 956 ათას 389 ლარი. ამავე დროს სახელფასო დანამატებით სულ გაცემულია 2 მილიონ 938 ათას 319 ლარი, საიდანაც წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში გაცემულია 1 მილიონ 415 ათას 043 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში – 1 მილიონ 523 ათას 276 ლარი.
ეს მხოლოდ ინფორმაციის ნაწილია, ასევე დაუდასტურებლად ვრცელდება ინფორმაცია, ახალი ავტომანქანებისა და სხვა ბიუროკრატიული ფუფუნებით თავის განებივრების შესახებ.
ანალოგიური სიტუაციაა ივანიშვილის მთავრობის სამინისტროებშიც. IDFI-ის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ხადურმა, ჯერ კიდევ ერთი თვის დანიშნულმა, ნოემბერ-დეკემბერში საკუთარ თავს 3540-3540 ლარიანი პრემია გამოუწერა, მის მოადგილე გიორგი თაბუაშვილს პრემიის სახით - 2950-2950 ლარი, ხოლო დავით ლეჟავასა და დავით ებრალიძეს 2720-2720 ლარი შეხვდათ. 2130 ლარი მიიღო ხადურის მთავარმა მრჩეველმა კონსტანტინე კინწურაშვილმა. ხოლო ბიუროს უფროს დავით შაქარაშვილს ხადურმა ნოემბერში 6390 ჩაურიცხა, დეკემბერში კი - 2130 ლარი. ნოემბერში დეპარტამენტებისა და სამსახურების უფროსები ხადურმა 6390-ლარიანი პრემიით დააჯილდოვა, დეკემბერში კი - 2130 ლარით.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ნოემბერში პრემიის სახით ჩაირიცხა 3000 ლარი; 2000 ლარით დააჯილდოვა მოადგილე, 1800 ლარით - სამი თანამდებობის პირი და პრემიის გარეშე დატოვა დანარჩენი თანამშრომლები. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სრულყოფილი ინფორმაციის გაუცემლობა კონსტიტუციის 41-ე მუხლით ახსნა და ორგანიზაციას მხოლოდ დაჯამებული პრემიების ოდენობა გაუმხილა. როგორც ირკვევა, ყიფიანმა თანამდებობის პირებზე ნოემბერში 22 ათას 300 ლარი გასცა, ხოლო რიგით თანამშრომლებზე გაცილებით ნაკლები - 12 ათას 600 ლარი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პრემია ნოემბერში გამოიწერა, თანხამ 2832 ლარი შეადგინა. 2360-2360 ლარი მიიღეს მისმა ორმა მოადგილემ, ხოლო მესამეს 2176 ლარი ხვდა წილად. თანამშრომლებზე კი ნოემბერში 14 ათას 592 ლარის ოდენობით გაიცა პრემია.
მთავარ პროკურატურაში თანამშრომლებზე ერთი წლის განმავლობაში პრემიის სახით 4 მილიონ 620 ათას 956 ლარი გაიცა.
აწ უკვე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშილმა და მისმა მოადგილეებმა: ლაშა ნაცვლიშვილმა, დავით მჭედლიშვილმა და შოთა რეხვიაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ყოველთვიურად პრემიის სახით 5870 ლარი მიიღეს. ეს ტრადიცია 2013 წელსაც გაგრძელდა.
ახალი ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტი პრემია თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში გაიცა. «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ოქტომბრიდან თებერვლამდე პერიოდში თავდაცვის უწყებამ 5 მილიონ 663 ათას 731 ლარის პრემია გასცა, ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბერ-მარტის განმავლობაში - 1 მილიონ 537 ათას 315 ლარი; საქართველოს პარლამენტმა კი ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე - 3 მილიონ 41 ათას 492 ლარი.
რაც შეეხება უფრო კონკრეტულ მონაცემებს ცალკეული უწყებების მიერ გაცემული თანხების შესახებ, პრემიები შემდეგნაირად ნაწილდება:
ოქტომბერ-თებერვალში:
მთავრობის კანცელარია - 994 ათას 832 ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტრო - 987 ათას 006 ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 800 ათას 647 ლარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 493 ათას 716 ლარი, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - 476 ათას 270 ლარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - 251 ათას 965 ლარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - 249 ათას 389 ლარი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 197 ათას 179 ლარი, სასჯელაღსრულების სამინისტრო - 150 ათას 470 ლარი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 131 ათას 660 ლარი, იუსტიციის სამინისტრო - 34 ათას 552 ლარი;
ოქტომბერ-მარტში:
გარემოს დაცვის სამინისტრო - 284 ათას 850 ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 733 ათას 270 ლარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 594 ათას 890 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 572 ათას 013 ლარი, ჯანდაცვის უწყება - 513 ათას 900 ლარი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 85 ათას 603 ლარი.
ეს ივანიშვილის მთავრობის მიერ ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვისა და პრემიების ჩამორიგების მხოლოდ მცირე ნაწილია, ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით სამინისტროების, მინისტრებისა და დეპუტატების ავტოპარკისა და სხვა ხარჯებით და მოძიებულ მასალას მკითხველს უახლოეს ნომერში გავაცნობთ.