ვილნიუსის რუბიკონი

ვილნიუსის რუბიკონი

პოსტსაბჭოური სივრცე, ევროპა და, გარკვეული აზრით, მთელი მსოფლიო ძალიან მნიშვნელოვან მიჯნას უახლოვდება: ნოემბრის ბოლოს, ვილნიუსში გაიმართება ევროკავშირის ისტორიული სამიტი, რომლის ფარგლებში, ე.წ. «აღმოსაველთის პარტნიორობის» ქვეყნები ევროპულ გაერთიანებასთან გააფორმებენ მნიშვნელოვან შეთანხმებას ასოცირების შესახებ.

მოლდოვა და საქართველო საბოლოოდ შეათანხმებენ დოკუმენტს (დიპლომატიის ენაზე ამ აქტს «პარაფირება» ეწოდება), ხოლო უკრაინას აქვს შანსი, მოაწეროს კიდეც მას ხელი, ანუ იქცეს ევროკავშირთან ასოცირებულ სახელმწიფოდ. თავისთავად ეს თითქოს ბევრი არაფერია: ევროპასთან «ასოცირებულია» აფრიკის ზოგიერთი ქვეყანაც, თუმცა ამ ქვეყნებს ეს დიდად არ ეტყობათ.
მაგრამ ვილნიუსის მიჯნა იმ მხრივაა მნიშვნელოვანი, რომ მისი გადალახვის შემდეგ სამივე მოქმედი მხარე (ანუ ევროპა, რუსეთი და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფოები) უკვე ვეღარ იმოქმედებენ პოსტსაბჭოურ პარადიგმაში: ის პარადიგმა იწურება, «მოუბრუნებლობის წერტილი» უკან რჩება და იწყება ახალი ერა, რომელიც, როგორც ჩანს, მაქსიმალურად კონფლიქტური იქნება.

პირველ რიგში იმიტომ, რომ მოსკოვი გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს ევროკავშირის გაფართოებას აღმოსაველთით და იმ ქვეყნების ევროპულ არეალში შეყვანას, რომელიც რუსეთს თავისი «პრიორიტეტული ინტერესების» ობიექტებად მიაჩნია - როგორც პრეზიდენტმა მედვედევმა თქვა 2008 წლის ომის დროს, როცა დასავლეთმა სრული უსუსურობა გამოამჟღავნა, დაეცვა საკუთარი პრინციპები, რომელთაგან უმთავრესია: არც ერთ სახელმწიფოს ევროპის კონტინენტზე არ უნდა ჰქონდეს ექსკლუზიურად მოქმედების უფლება. სწორედ იმგვარმა მოქმედებამ განაპირობა მეორე მსოფლიო ომი.

ევროპელებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ეს პრინციპი სამუდამოდ დაემკვიდრებინათ. აქედან გამომდინარე, იუგოსლავიაში კოლექტიურად მოქმედებდნენ. ისევე, როგორც კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისას, მაგრამ რუსეთმა «გაბედა» და, რაც მთავარია, გაუვიდა!

ჩვენში ვერ ამჩნევენ და ევროპელებიც არ იმჩნევენ, თორემ 2008 წლის მარცხი, სინამდვილეში, ევროპისთვის ძალიან მწარე იყო. ამიტომაც შეიმუშავეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა და მოამზადეს ასოცირების ხელშეკრულებები. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როგორც 2008 წელს, როდესაც ევროპამ მხოლოდ კაპიტულაციაზე მოგვაწერინა ხელი და მეტი ვერაფერში დაგვეხმარა, ამჟამადაც გვეუბნება (ყველას, ვინც მასთან დაახლოებას აპირებს), რომ თუ შედეგად საქმე მოსკოვთან კონფრონტაციამდე მივა, იგი ამ კონფრონტაციაში ქტიურად არ (ვერ) ჩაერევა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროკავშირის მესიჯი იმავე უკრაინისა და სხვა ქვეყნებისთვის შემდეგია: გინდათ ევროკავშირთან ასოცირება? კი ბატონო, მოვაწეროთ ხელი, მაგრამ შედეგებზე, ესე იგი რუსეთის მძვინვარე რეაქციაზე, მხოლოდ თქვენ აგეთ პასუხი - ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ზომები მივიღოთ რუსეთის წინააღმდეგ, თუ იგი სანქციებს შემოიღებს, საზღვრებს ჩაკეტავს, თქვენს გასტერბაიტერებს გამოყრის და კუნთებსაც აათამაშებს სამხედრო მანევრების სახით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თითქოს სულ სხვა საქმეა, როცა სანქციები და ზეწოლა უშუალოდ ევროკავშირის წევრებს ეხება. მაგალითად, როდესაც მოსკოვმა ლიტვური რძის ნაწარმი არ შემოუშვა ბაზარზე, ბრიუსელმა «ხმა ამოიღო». განსაკუთრებული შედეგი არც ამ შემთხვევაში ჰქონდა, მაგრამ «ხელი არ დაუბანია». უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შეთხევავში კი ხმასაც არ ამოიღებს.
ეს ყოველივე ძალიან კარგად უწყიან მოსკოვში. ამიტომაც ემზადებიან გადამწყვეტი ბრძოლისთვის და ძალიან ეშმაკურადაც მოქმედებენ: საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არ შემოიღებენ სანქციებს, რადგან თბილისი ხელს კი არ აწერს, არამედ მხოლოდ ამზადებს ხელშეკრულებას საბოლოოდ გასაფორმებლად (პარაფირებას ახორციელებს), ოღონდ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ერთი წლის შემდეგ, როდესაც ხელმოსაწერად გავემზადებით, ქართულ ღვინოსა და მანდარინს ისევე გამოყრიან რუსული ბაზრიდან, როგორც 2006 წელს.
ისიც გავითვალსიწინოთ, რომ უკრაინას სხვა გეოგრაფიული მდებარეობა აქვს ვიდრე საქართველოს: იგი უშუალოდ ესაზღვრება ევროკავშირს და ამ უზარმაზარი ბაზრის გახსნა მისთვის რუსული ბაზრის გარკვეულ კომპენსაციადაც შეიძლება იქცეს. საქართველოს კი (ისევ და ისევ გეოგრაფიული და ლიოჯისტიკური მიზეზებით) ასეთი ნაწილობრივი კომპენსაციის შანსიც არა აქვს.

ტაქტიკური მიზეზებით, მოსკოვი მთავარ დარტყმას, ნოემბრის ბოლოდან, არა საქართველოს ან მოლდოვას, არამედ სწორედ უკრაინის წინააღმდეგ მიმართავს: რუსმა მესაზღვრეებმა უკვე დაიწყეს მავთულხლართების (!) აღმართვა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე, უკრაინულ პროდუქციას, ფაქტიურად, აღარ უშვებენ რუსეთში: საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მრავალკილომეტრიანი რიგებია; რუსეთის საემიგრაციო სამსახურმა ცნობილი უკრაინული როკ-ჯგუფი დააჯარიმა «რუსეთის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის» გამო, რითაც მკაფიო მესიჯი გაუგზავნა კიევს, რომ მილიონობით უკრაინელ გასტერბაიტერს გაყრის რუსეთიდან, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ანუ აზიატ მუშათა მომრავლებადაც კი, - ნაცვლად კულტურულად მახლობელი უკრაინელებისა.

სავიზო რეჟიმსაც დაუყოვნებლივ შემოიღებდა, მაგრამ ყირიმში მდებარე «შავი ზღის ფლოტს» შეექმნება პრობლემები. ამიტომ ვიზები ჯერ არ შემოაქვს, სამაგიეროდ მოითხოვს, უკრაინელებმა საზღვარი მხოლოდ საზღვარგარეთული პასპორტებით გადალახონ, რაც უბრალო ხალხისთვის მაინც სერიოზული ბარიერია და ა.შ და ა.შ: გენადი ონიშჩენკო გადადგა, თუმცა საქმე მისი ცოცხლობს - უკრაინულ შოკოლადში რუსმა ვეტერინარებმა კვლავ იპოვეს რაღაც მავნე მინარევები. ამას ემატება ბელორუსში გამართული მასშტაბური სამხედრო მანევრები, სომხეთის იძულება, უარი თქვას ეროკავშირთან ასოცირებაზე და განაცხადოს საბაჟო კავშირში შესვლის სურვილი (რაც სრულებითაც არ ნიშნავს ხვალვე მიღებას) და უამრავი სხვა ბერკეტი.
ამასობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალზე ოსტატურ პარტიას თამაშობს: ფაქტიურად ევაჭრება დასავლეთს, დაუთმოს პოსტსაბჭოური სივრცე, პირველ რიგში, დაუთმოს უკრაინა, როგორც ამ სივრცის გასაღები და, ასეთ შეთხვევაში მოსკოვი «ჩააბარებს» ბაშარ ასადსაც და ირანის «ბირთულ პროგრამასაც». ნურავინ იტყვის, თითქოს დასავლეთი ამგვარ გარიგებაზე, რამე რომ იყოს, არ წავა ან ჯერ არ წასულა.

ფაქტიურად, ჩვენს უშუალო სამეზობლოში წინასაომარი ვითარებაა. და საქართველოს ახალ ხელისუფლებას ძალიან ფრთხილი, მოზომილი, წინდახედული და გონივრული მოქმედება მართებს. მათ შორის საინფორმაციო სივრცეში და ოფიციალურ პირთა განცხადებების დონეზეც. თორემ რუსეთის შურისსაძიებელ «განტევების ვაცთა» შორის ჩვენი საცოდავი ქვეყანა კვლავაც ყველაზე მოწყვლადი, სუსტი და, საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით, უპატრონოა.

ამიტომ, თუ პუტინი უკრაინაში დამარცხდა (რაც გამორიცხული არაა, იმ ვეებერთლა ქვეყნის პოტენციალისა და უკრაინული ელიტის პოლიტიკური ოსტატობის გათვალისწინებით) შესაძლებელია ისევ ჩვენზე იყაროს ჯავრი საკუთარ მოსახლეობაში რენომეს აღსადგენად, - დასავლეთის ისეთივე გულგრილობის პირობებში, როგორც 2008 წელს, როდესაც მაქსიმუმი, რაც ევროპამ შეძლო (ვიმეორებ) კაპიტულაციის პირობათა შეთანხმება იყო.