რა საიდუმლო მისიით წავიდა ღარიბაშვილი საფრანგეთში?

რა საიდუმლო მისიით წავიდა ღარიბაშვილი საფრანგეთში?

"ვიდრე შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის პარიზში გამგზავრების ფაქტი გახმაურდებოდა "ალიამ" საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა. სანდო წყარომ ჯერ კიდევ პარასკევს გაგვიმხილა, რომ ოთხი ქვეყნის სპეცსამსახურებმა, რომელიც დაკავებულია კეზერაშვილის საქმით, გააფრთხილეს ფრანგი ადვოკატები - მორეტი და ჯოელ ლევი, არ გაკარებოდნენ კეზერაშვილის საქმეს. შესაბამისად, მათაც უარი თქვეს ძალიან დიდი ფულის სანაცვლოდ დაეცვათ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. აქვე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პარიზში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა დავით კეზერაშვილის საქმე იქნებოდა. ირაკლი ღარიბაშვილამდე პარიზს ოფიციალურად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სტუმრობდა, რომელიც "ალიასთან" ინტერვიუში აცხადებდა, რომ დავით კეზერაშვილისა და იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის კავშირებზე მასაც სმენია. არის ვერსია, რომ დავით კეზერაშვილის დაკავშირება უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების გახმაურებულ მოსმენებს, საიდანაც სპეცსამსახურები კეზერაშვილის კვალზე გავიდნენ", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა საიდუმლო მისიით წავიდა ღარიბაშვილი საფრანგეთში?

"დავით კეზერაშვილს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტთან კავშირი რომ ჰქონდა, ამას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვამბობდი. იარაღის უკანონო ბიზნესი იყო ერთ-ერთი შემოსავლიანი წყარო სააკაშვილის რეჟიმისთვის, მე ვიტყოდი, რომ ეს იყო კეზერაშვილისა და სააკაშვილის ბიძის - თემურ ალასანიას ერთობლივი შავი ბიზნესი, რომლებიც უშუალოდ გადიოდნენ იარაღით საერთაშორისო მოვაჭრე ვიქტორ ბუტთან, ბუტი კი კავშირში იყო იგორ სეჩინის ე.წ. ჩეკისტების დაჯგუფებასთან მოსკოვში. იარაღის ბიზნესს რუსეთში აკონტროლებს ე.წ. ჩეკისტური დაჯგუფება, რომელსაც ხელმძღვანელობს იგორ სეჩინი. აი, სწორედ ამ ჯგუფთან იყვნენ კავშირში თემურ ალასანია და კეზწერაშვილი", - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი და არასამთავრობო ორგანიზაცია "გეოსტრატეგიისა და ევროატლანტიკური ორგანიზაციის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი ვახტანგ მაისაია.

"თემურ ალასანია იყო მეკავშირე ვიქტორ ბუტსა და იგორ სეჩინის შორის, ბუტის სამხედრო თვითმფრინავები გამოიყენებოდა კეზერაშვილის მიერ იარაღის გადაზიდვისთვის. ფაქტობრივად, ქართული მხარე ვიქტორ ბუტისგან ქირაობდა სატრანსპორტო საშუალებებს და ხდებოდა იარაღის გადაზიდვა ბუტის მიერ შემოთავაზებულ მარშრუტებზე. ცენტრი იყო აბუ დაბი, საიდანაც შავი იარაღი მიდიოდა ავღანეთში. ვიქტორ ბუტი ემსახურებოდა თალიბების რეჟიმს, ასევე აბუ დაბიდან შავი იარაღი მოედინებოდა კავკასიაში, საქართველო გამოიყენებოდა, როგორც ტრანზიტული დერეფანი. მეორე ჰაბი იყო ბულგარეთი, კერძოდ ბურგასი, საიდანაც იარაღი შედიოდა ევროპაში, კონკრეტულად ბელგიაში, ბელგიიდან ხდებოდა იარაღის გადანაწილება ლათინურ ამერიკაში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"ვიქტორ ბუტს აბუ დაბიში ჰქონდა თავისი კომპანიის ფილიალი, სადაც ინტენსიურად ჩადიოდნენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლების ყოფილი ხელმძღვანელები. როგორც ჩანს, ამ სქემაში მონაწილეობდა ცნობილი იარაღით მოვაჭრე - ადნან ხაშოკი, რომელიც თავის დროზე უსამა ბინ ლადენის კორპორაციის წარმომადგენელი, ბინ ლადენის ოჯახთან იყო ახლო კონტაქტში. ის გახლავთ 4 მილიარდი დოლარის მფლობელი და მან სწორედ იარაღით უკანონო ვაჭრობით გაითქვა სახელი. არ არის გამორიცხული, რომ კეზერაშვილი და მისი დაჯგუფება თამაშობდნენ პროდასავლურს, სააკაშვილი იყო კონტაქტებზე გარკვეულ ჯგუფებთან, კონკრეტულად ამერიკის ძალოვან სტრუქტურებთან და არ არის გამორიცხული, რომ შესაძლოა, კეზერაშვილი დასავლეთის მარშრუტებით ახორციელებდა არალეგალური იარაღის ბიზნესს. შემთხვევითი არ იყო, რომ საფრანგეთის მთავრობამ დააკავა კეზერაშვილი, რაც საეჭვოდ დაემთხვა აშშ-ს შპიონაჟის სკანდალს. არ არის გამორიცხული, რომ მასშტაბური მოსმენების დროს ამოტივტივდა კეზერაშვილის გვარი. სავარაუდოდ, კეზერაშვილის დაკავება იყო აშშ-სა და საფრანგეთის ერთობლივი ოპერაცია. სხვათა შორის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ დაწერა 2012 წელს, რომ საქართველო დაფიქსირებულია, როგორც იარაღით უკანონო ვაჭრობის ქვეყანა, რომელიც ხორციელდებოდა თავდაცვის სამინისტროს ხაზით. როგორც ჩანს, ამერიკელებს ჰქონდათ ამ საკითხზე სერიოზული ინფორმაცია და სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერიდებოდა მიხეილ სააკაშვილთან უშუალო კონტაქტებს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მე ვარ ნატოს ანტიტერორისტული სამუშაო ჯგუფის წევრი, სადაც იკრიბებიან მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის უძლიერესი სპეციალისტები. ალბანეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა საინტერესო მოხსენება წარმოადგინა, სადაც პირდაპირ ეწერა, - ალბანეთი გადაიქცა ერთგვარ ჰაბად, სადაც ხდება უკანონო იარაღის შემოსვლა და მებრძოლეების სირიაში გადასმა. კეზერაშვილს სწორედ პრიშტინასთან ჰქონდა კავშირები. ჩემი ინფორმაციით, კეზერაშვილი მონაკოში ფულს ათეთრებდა. მე ვფიქრობ, რომ შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა დავით კეზერაშვილის საკითხი იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ საფრანგეთის გამოძიება გავიდა ქართულ კვალზე და როგორც ჩანს, ქართული ხელისუფლების მონაწილეობაც გახდა აუცილებელი. სააკაშვილის როლი ამ სქემაში აუცილებლად ამოტივტივდება. როგორც ჩანს, კეზერაშვილზე სერიოზული მტკიცებულება დევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გირაოთი გამოუშვებდნენ", - დასძენს ვახტანგ მაისაია.