"ქართველი ხალხის ნება უფრო უზენაესია, ვიდრე ევროპელი ჩინოვნიკების განცხადებები"

"ძველი ანეკდოტია: "ბისმარკი გარდაიცვალა. რისი თქმა სურდა ამით მას?" რა კლიპს იღებენ ან რისი თქმა სურთ მართლაც "ნაციონალებს"? ვის მოუვიდა აზრად, რომ სახელმწიფო დროშა დროებით სხვა ალმით შეეცვალა? თუმცა "ნაციონალური მოძრაობისგან" არაფერია გასაკვირი. 17 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და სადაც უნდა, იქ მოიხმაროს თავისი პარტიული დროშა", - აცხადებს ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ქართველი ხალხის ნება უფრო უზენაესია, ვიდრე ევროპელი ჩინოვნიკების განცხადებები" / "ახალი მთავარი პროკურორი არ უნდა იყოს საბავშვო ბაღის ძიძა, ის უნდა იყოს ზოგჯერ ხისტი და ზოგჯერ ძალიან მკაცრიც. არ მინახავს არასოდეს, რომ კარგი ადვოკატისგან კარგი პროკურორი გამოსულიყოს".

"რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილი თავის შემცვლელს გულდასმით შეარჩევდა, ყველამ ვიცით, რამხელა როლი აკისრია ხელისუფლებაში შს სამინისტროს. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე წარმატებული მინისტრი იყოს. პროკურატურისგან მართლაც უფრო მეტ პროფესიონალიზმს ველოდით. ფაქტია, პროკურატურის მუშაობაში რაღაც შესაცვლელია. მე დიდ პატივს ვცემ არჩილ კბილაშვილს და დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო სექტორში წარმატებით იმუშავებს. ის წესიერი ადამიანია, მეც წესიერი კაცი ვარ, მაგრამ პროკურორად არ ვივარგებ. მართლაც, მოქალაქეთა ერთი ნაწილი უკმაყოფილო იყო პროკურატურის მუშაობით. მეორე მხრივ, კბილაშვილმა მოახერხა და პროკურატურა აპოლიტიკურ უწყებად გადააქცია. თუმცა, რა თქმა უნდა, პროკურატურა ჯერ შორს არის იმისგან, რაც უნდა იყოს. ხშირად მარცხენა ხელმა არ იცოდა, რას აკეთებდა მარჯვენა. პროკურატურას ცოტა ხისტი მართვა უნდა და იმედია, ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამ გაკვეთილებს გაითვალისწინებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე თვალჭრელიძე.

"ღარიბაშვილის ადგილზე კადრებს იმის მიხედვით შევარჩევდი, ვისთანაც კარგად ვიმუშავებდი. შესაბამისად, მომავალი პრემიერი, ალბათ, თანამდებობებზე ისეთ პირებს არჩევს, რომელთაც თვალდახუჭული ენდობა. ახალი მთავარი პროკურორი არ უნდა იყოს საბავშვო ბაღის ძიძა, ის უნდა იყოს ზოგჯერ ხისტი და ზოგჯერ ძალიან მკაცრიც. რაც მთავარია, მას პრინციპულობა და კანონების დაცვა მოეთხოვება. არ მინახავს არასოდეს, რომ კარგი ადვოკატისგან კარგი პროკურორი გამოსულიყოს. ისე, ოთარ ფარცხალაძე მომწონს, ახალგაზრდაა და, ალბათ, თავისი საქმე იცის", - განაგრძობს რესპონდენტი

"დიახ, ქონებაჩამორთმეულთა საქმის მკვდარი წერტილიდან დაძვრას უნდა ველოდოთ, ასეთია სოციალური დაკვეთა. წინ გველის ურთულესი და უმძიმესი პროცესი. მე და ჩემს მეგობრებს არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე. მართლაც რთული მდგომარეობაა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიიტაცეთ ვიღაცის ქონება და მომყიდეთ მე, ინვესტორს. ქონების ყიდვისას მე, ინვესტორს, სახელმწიფომ მითხრა, რომ ქონება "სუფთაა" და მეც ვიყიდე. მე ამ ქონებას ვერ წამართმევენ, სამაგიეროდ, პირველ რგოლს, ანუ ვინც მიიტაცა, უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ანუ ის წავა ციხეში. მატერიალური ზარალის ანაზღაურების მექანიზმები უნდა მოიძებნოს - იმან, ვინც ციხეში წავა, შესაძლოა, თავად იფიქროს ზარალის ანაზღაურების გზებზე და ამ გზით პასუხისმგებლობის შემსუბუქებაზე. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს - რიგითი მოქალაქე იქნება თუ პრეზიდენტი", - მიიჩნევს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

"ევროპაში არ უნდათ დაიჯერონ, რომ ვისაც წარმატებულ რეფორმატორად მიიჩნევდნენ, ის კანონებს არღვევდა და ბევრი გადაცდომა ჰქონდა. ვინც რა განცხადება უნდა გააკეთოს, უნდა გვახსოვდეს - ჩვენ ვართ სახელმწიფო, გვაქვს სახელმწიფო ინტერესები და ქართველი ხალხის ნება უფრო უზენაესია, ვიდრე ევროპელი ჩინოვნიკების განცხადებები - ილაპარაკეს, ილაპარაკეს ტიმოშენკოზე და რამე სანქცია დაუწესეს უკრაინას? ვილნიუსში ევროკავშირთან "დიდ ხელშეკრულებას" უკრაინა საქართველოსთან ერთად აწერს ხელს. ასე რომ, ნუ ვღელავთ, როცა დრო მოვა, ევროკავშირშიც შევალთ და ყველა იმ ორგანიზაციაში, სადაც გაწევრებას გადავწყვეტთ. დასავლეთში არავის უნდა უკვირდეს, რომ ქვეყნის მოქმედ თუ ყოფილ პირველ პირთან სამართალდამცველებს კითხვები აქვთ. მაგალითად, საფრანგეთის ერთ-ერთი ყოფილი პრემიერი ვერტმფრენით მიფრინავდა დაკითხვაზე, იქიდან გადმოვარდა და დაიღუპა (კაცმა არ იცის, გადმოვარდა თუ გადმოაგდეს). ჟაკ შირაკი სწორედ პრეზიდენტობის დროს დაჰკითხეს, ყოფილი პრემიერი ალენ ჟუპე ციხეში იჯდა იმისთვის, რომ სახელმწიფო ბინა შვილს დაუთმო..." - განმარტავს ექსპერტი.

"მთავარია, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ ბლოკს ხელი არ ახლოს - გიორგი კვირიკაშვილი და ნოდარ ხადური ძალიან კარგად მუშაობენ. რაც შეეხება ბიუჯეტში 600-მილიონიან გარღვევას - როცა "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, წინა ხელისუფლებას გადასახადების სახით 1 მილიარდ 500 მილიონი ლარი წინასწარ ჰქონდა აკრეფილი. ასევე, უკვე მოვიდა სააკაშვილის მმართველობის დროს აღებული დაუფიქრებელი საგარეო კრედიტების გადახდის დრო. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, თუ როგორ ახერხებდა წინა მთავრობა ვითომდა არადეფიციტური ბიუჯეტის მიღებას - ბიზნესს აყაჩაღებდა. პირადად ვიცნობ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ბიზნესჯგუფის წევრს, რომელსაც ლამის ინფარქტი დაემართა, რადგან 50 მილიონი მოსთხოვეს! მართალია, მან არ მისცა, მაგრამ ეს ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. ახლა ასეთი რაღაცები აღარ ხდება. არ ვამბობდი, მაგრამ ყველაფერი ზემოხსენებულის გამო მე საბიუჯეტო კრიზისს ვვარაუდობდი. ნოდარ ხადურმა კარგი ილუზიონისტივით აიცილა თავიდან საბიუჯეტო კრიზისი", - დასძენს ალექსანდრე თვალჭრელიძე და შეკითხვას - "ანუ პენსიები არ დაიგვიანებს და სამსახურებში შემცირება არ დაიწყება?"

"არავითარ შემთხვევაში. ნახეთ, რამდენი იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ყურძენი დროულად დაიკრიფა და დაბინავდა, სოფლის მეურნეობაში წინსვლაა. მოკლედ, ბევრი რამ გაკეთდა, უბრალოდ შედეგს მოგვიანებით ვნახავთ. ეკონომიკური მოსავალი დაითესა, უნდა დაღვინდეს და მერე უნდა მოიმკას".