"იმედია, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი მონსტრი დაიშლება"
"არც კბილაშვილი ყოფილა წულუკიანის შერჩეული და არც ახლა ჰკითხეს ფარცხალაძის შესახებ აზრი"
"კბილაშვილმა საჭირო დროს ვერ აიღო ინიციატივა ხელში"
გასულ კვირას პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ მთავარი პროკურორის შემცვლელი ოთარ ფარცხალაძე, შემდეგ კი შს მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძე დაასახელა. რატომ დატოვა თანამდებობა მთავარმა პროკურორმა, რას გვიქადის მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები, ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება:
- კბილაშვილი წესიერი ადამიანი და კარგი ადვოკატი გახლდათ, მაგრამ ის არ იყო სისხლის სამართლის სპეციალისტი, ერთი საქმეც კი არ ჰქონდა გამოძიებული. ადვოკატისთვის დამახასიათებელ პრიზმაში განიხილავდა საქმეებს და არა სახელმწიფო ბრალდების თვალსაზრისით. ვფიქრობ, როცა მთავარ პროკურორად დაინიშნა, არ ჰქონდა პროკურატურის როლი კარგად გათვითცნობიერებული.
მხოლოდ დაპატიმრება არ არის პროკურატურის საქმე, ის სხვადასხვა უწყებას საპროცესო ზედამხედველობას უწევს, ამავდროულად, სასამართლოში ბრალდების მხარდამჭერად გამოსვლა ევალება. კბილაშვილმა საჭირო დროს ვერ აიღო ინიციატივა ხელში, ვერ მიიღო სათანადო გადაწყვეტილება და სწორედ ამ დროს დაიწყო მისი ხელქვეითების "თვითშემოქმედება".
- ლაშა ნაცვლიშვილთან მისი დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას გულისხმობთ?
- არა მარტო ნაცვლიშვილი, თვითონ პროკურატურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რაიონების, ოლქის პროკურორები კბილაშვილს აღარაფერს ეკითხებოდნენ. შედეგად, პროკურატურამ კბილაშვილის პროკურორობის პერიოდში საზედამხედველო ფუნქცია დაკარგა, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა შსს-სა და ფინანსურ პოლიციაში დაწყებული საქმეების გამოძიებაში. ფაქტობრივად, პროკურორმა ამ დაწესებულებებში ავტორიტეტი დაკარგა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას ძალზე რთულ პერიოდში მოუწია მუშაობამ...
- ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე დაასახელა. თქვენი აზრით, ის რა ნიშნით შეარჩიეს?
- ისევ იმ პრობლემასთან გვაქვს საქმე - არც ღარიბაშვილს აქვს პროკურატურის ფუნქციები გათვითცნობიერებული. ფარცხალაძე ახალგაზრდა კაცია, წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ვფიქრობ, ის მეგობრობა-ახლობლობის ნიშნით არის შერჩეული.
- ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსია, რომლის სახელს გახმაურებული საქმეების გამოძიება უკავშირდება.
- დიახ, ტელეკომპანია "იმედის", რიყის გასხვისების საქმეები, ასევე, რასმუსენის ვიზიტისას მერიის თანამშრომლების დაკავება და შემდეგ მათი მობოდიშებით გათავისუფლება, რაც აშკარად ახალი მთავრობის დისკრედიტაცია იყო... მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილებაც ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება. ის საზოგადოებისთვის მთლად უცნობი პერსონა არ ყოფილა.
- თქვენი აზრით, მისი კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილთან არ იყო შეთანხმებული?
- არა მგონია, ივანიშვილს შეერჩია მისი კანდიდატურა. ალბათ, უთხრეს, ეს იქნება მთავარი პროკურორიო და აღარ ჩაერია.
- იუსტიციის მინისტრისთვისაც მოულოდნელი იყო ამ პოსტზე ფარცხალაძის დასახელება. თუმცა, თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ პროკურატურა მომავალში უკეთ იმუშავებს. ეს ხომ არ ნიშნავს ყოფილი მთავარი პროკურორის მუშაობით უკმაყოფილებას?
- უმჯობესი იყო, თეა წულუკიანს ეს ადრე გამოეხატა, ვიდრე კბილაშვილი გადადგებოდა. თუმცა მის განცხადებებში შეფარულად ადრეც იგრძნობოდა უკმაყოფილება. საზოგადოდ, იმას, რომ იუსტიციის მინისტრი წარადგენს მთავარ პროკურორს, მხოლოდ ფასადური ხასიათი აქვს - არც კბილაშვილი ყოფილა წულუკიანის შერჩეული და არც ახლა ჰკითხეს ფარცხალაძის შესახებ აზრი. დღეს პროკურატურა საკმაოდ გაუგებარ მდგომარეობაშია თავისი სტატუსით...
- და მაინც, საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას, გახმაურებული საქმეების გამოძიების დასრულებას ელოდება. თქვენი პროგნოზით, ამ საქმეებს ფარცხალაძე ჩაფარცხავს თუ საზოგადოების იმედს გაამართლებს?
- რას ჩაფარცხავს და რას არა, დრო გვიჩვენებს. მისი პირველი გადაწყვეტილებები ძალიან ინფორმაციული და მნიშვნელოვანი იქნება. მთავარია, ის პოპულისტური ნაბიჯებით, ქუჩის ან ტელედაჭერებით არ გაერთოს. ერთი მხრივ, ეს საზოგადოებას გაახარებს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ წაყენებულ ბრალზე სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, ეს კვლავ მთავრობის დისკრედიტაციას გამოიწვევს. მით უფრო, რომ კოაბიტაცია უკვე დასრულებულია. ამიტომ პროკურატურას დიდი მუშაობა მართებს, კარგად გააზრებული მოქმედებები სჭირდება.
- პრემიერობის კანდიდატმა შს მინისტრობის კანდიდატად ალექსანდრე ჭიკაიძე დაასახელა. რა იცით მის შესახებ?
- მრავლისმეტყველი ბიოგრაფია ნამდვილად არა აქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის მამა თავის დროზე შსს-ში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ შსს-ს რეფორმა არ სჭირდება, ძალიან ცდება. ის, რომ ეს უწყება პოლიტიზებული არ არის, შს მინისტრის ნების დამსახურებაა და არა რეფორმის, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მაგრამ ხომ შეიძლება შეიცვალოს შს მინისტრი და მისი ნებაც? არ უნდა დავუშვათ, რომ უწყება პოლიტიზებული, ერთი პარტიული ძალის მსახური…გახდეს. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ვინმეს გუნება-განწყობილებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. კარგად გვახსოვს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება შსს-სა და უშიშროების ერთმანეთისგან გამოყოფის თაობაზე. ცხადია, ასეთ გადაწყვეტილებას ორხელისუფლებიანობის დროს ვერ მიიღებდნენ, მაგრამ ახლა იმედია, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი მონსტრი დაიშლება.