“ამ კაცზე აშშ-ში საქმეა აღძრული, მანდ კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ნიშნავენ”, - განაცხადა ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ “ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე მოხეტიალე” გიორგი სიგუამ, საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში, ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული სფერო, ტურიზმი ჩაიბარა.
ემიგრაციაში წასვლამდე, სიგუამ საზოგადოებას თავი ბევრი რამით დაამახსოვრა. ასე, მაგალითად, დაჩი ცაგურიასთან ერთად, აწ განსვენებული მიშა ქურდიანი “საუკუნის რექტორად” აირჩია; საზღვარგარეთ წასვლისას კი, ცაგურიას გასამგზავრებული ფული “ხელს გააყოლა” და გზიდან ბოდიში მოიხადა, რა ვქნა, ფული მჭირდებოდა და ავიღეო. მერე კი, აშშ-ში, პრისტოლის უნივერსიტეტში სააკაშვილთან გამართული პოლემიკითა და, როგორც ზემონახსენები ემიგრანტი ვაჟა აფშინაშვილი ამბობს, ქართველი ემიგრანტების მიერ შეგროვილი ნახევარი მილიონი დოლარის “გაქრობითაც” გახდა ცნობილი.
ერთი სიტყვით, “გასახსენებელი” ნამდვილად ბევრია, მაგრამ ამ თემაზე უამრავი რამ დაიწერა და ითქვა. შესაბამისად, ამ ამბების ხელახლა გახსენება არ ღირს, მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენი ინტერესი ტურიზმი და მისი განვითარებაა და არა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას წარსული.
თანამდებობაზე 2013 წლის 6 ივნისს დაინიშნა და განაცხადა: “გეგმები დიდი გვაქვს, გასავითარებელია შიდა ინფრასტრუქტურა და სერვისის დონე, ასევე, უნდა შევქმნათ, რაც შეიძლება, მეტი ტურისტული ადგილი, სადაც ადამიანები ღამეს გაათევენ. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ რამდენიმე წელიწადში, მინიმუმ, გავაორმაგოთ ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, რომელიც დღეს 6,37% შეადგენს”. ამ განცხადების შემდეგ, სიგუამ რამდენიმე ინტერვიუ მისცა არა ტურიზმზე, არამედ, მასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე და დაიკარგა...
არ გეგონოთ, სადმე წავიდა. უბრალოდ, მოგზაურობს ისევ “ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე” და უკვე რამდენიმე თვეა, “ქართული სიტყვაც” დაეძებს - მუდამ მივლინებაშია, თუმცა არასოდეს ემთხვევა მისი პრესსამსახურის მიერ ნათქვამი მივლინების ადგილი თავად გიორგი სიგუას ნათქვამს.
პრესსამსახურის თანამშრომელი თამთა ამბობს, რომ “ბატონი გიორგი ქუთაისშია მივლინებით” (ისე, ესეც კარგია, საქართველოში მაინც ყოფილა). დავურეკავთ ბატონ გიორგის და გვეუბნება, რომ გერმანიაშია.
ბოლოს, ჩვენს შორის კომუნიკაცია ორი დღის წინ შედგა. თავდაპირველად გიორგი სიგუას დავურეკე, რომელმაც მითხრა, რომ შვებულებაშია (ნეტა, ჩვენი შრომის კოდექსი თუ ითვალისწინებს თანამდებობაზე დანიშვნიდან ხუთ-ექვს თვეში შვებულებას?!), თუმცა ინტერვიუზე თანახმაა და “შეხვედრის დრო შევათანხმოთ თამთასთან, რადგან ჩემი გრაფიკი უფრო კარგად იცის”. დავურეკე თამთას, მან კი მითხრა, რომ ბატონი სიგუა ჯერ გერმანიაში მიდის მივლინებით, იქიდან - ინგლისში და თბილისში 10 ნოემბრამდე არ იქნება. ერთი სიტყვით, დამაბნიეს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით. არადა, ამდენი ხნის განმავლობაში გიორგი სიგუას “დევნა” ერთმა “უწყინარმა” სურვილმა გამოიწვია - მინდოდა, გამეგო, რა ხდება, სიგუას თქმისა არ იყოს, “ეკონომიკის ამ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში”, ანუ ტურიზმში.
წლევანდელმა ზაფხულის სეზონმა აჩვენა, რომ საქმე კარგად სულაც არაა. ტურიზმის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ზამთრის სეზონი კარსაა მომდგარი. არის კი მზად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მის დასახვედრად? არ მგონია, მზად იყოს. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ირწმუნება: “ბატონი სიგუა გაშლილ სუფრაზე მივიდა და თითი თითზე არ დაუდვია საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის. თავისთავად საინტერესოა, რომ ეს ადამიანი ამაყობს ქუთაისის აეროპორტის გაზრდილ მგზავრთა რაოდენობით, როცა “ქართული ოცნება” დღენიადაგ აკრიტიკებდა როგორც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად გადაქცევის პროექტს, ასევე, საქართველოში ტურიზმის განვითარებას”.
არც ტურიზმის ექსპერტად გამოვდგები და, მით უმეტეს, - არც ბატონ გიორგისავით 14 ათას ევროიანი სპეციალური მომზადება გამივლია, რითიც ასე ამაყობს, მაგრამ იმის დანახვა კი შემიძლია, რომ წელს, მაგალითად, აჭარა, ტურისტების ნაკლებობას განიცდიდა...
ბათუმი, როგორც ამბობენ, საქართველოს ტურისტული ცენტრია. ტურიზმის დეპარტამენტმა წლევანდელი “ჩავარდნა” ცუდ ამინდებს დაუკავშირა, იმაზე კი არაფერი უთქვამს, რომ ბათუმი ამ სეზონზე ძველ ბათუმს არ ჰგავდა. ახალმა ადნისტრაციამ მთლიანად “დაიკიდა” ახალი ბულვარი, მოხსნა იქიდან სათამაშო ატრაქციონები, აქაოდა, დაცვას ფულს ვერ ვუხდითო, გათიშა გარე განათება და ქალაქის ეს ნაწილი ერთ დიდ უკუნეთს დაამსგავსა. ესეც წვიმების ბრალია? მეტსაც გეტყვით, ძველი ბულვარი ხომ წინა ხელისუფლების დამსახურება არ იყო, რატომ იდგა ამ ბულვარში ნაგვის გროვები და რატომ არ ექცეოდა სათანადო ყურადღება მის ინფრასტრუქტურას?
ბატონ გიორგის რომ შევხვედროდი, რომელმაც თავი საზოგადოებას ჯერჯერობით სტალინის ჩინეთში იმპორტით დაამახსოვრა, უამრავ შეკითხვას დავუსვამდი.
სიმართლე გითხრათ, მაინტერესებს, რატომ არ აბარებს ანგარიშს საზოგადოებას და იმ ადამიანებს, რომლებიც თავს ტურისტული ბიზნესით ირჩენენ? რა პროექტები განახორციელა მოსვლის დღიდან და რას გეგმები აქვს? ახლა, არ მომიყვანოთ საზამთრო კურორტის მაგალითი გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2200 კმ-ზე მდებარეობს და ამ სეზონზე დამთავრდება. ეს კურორტი გიორგი სიგუამ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ისე “მიისაკუთრა”, რომ წარბიც არ შეუხრია. არადა, ყველამ იცის, რომ მისი მშენებლობა ტურიზმის დეპარტამენტის ძველი ადმინისტრაციის დროს დაიწყო.
“ქართული სიტყვის” შეხვედრა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მაშინ შედგა, როცა რეპორტაჟს თბილისში მომრავლებულ აზიელ, ე.წ. ჩადრიან ქალებზე ვამზადებდი. იმის გამო, რომ ამ უწყებას პასუხი არ ჰქონდა, თუ საიდან შემოდიან საქართველოში გაურკვეველი წარმომავლობისა და საქმიანობის ქალები, გიორგი სიგუამ განმიცხადა, რომ ძალიან დაკავებულია და პრესასთან 15-წუთიან შეხვედრასაც ვერ დაგეგმავს, არადა, მაშინ, როცა ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის, შალვა დარბაიძის პრეტენზიების შესახებ აკეთებდა კომენტარს, განაცხადა, იმის მაგივრად, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ვსაუბრობდე, უსამართლო ბრალდებებზე მიწევს პასუხის გაცემაო. ყველაფერი ეს იმას ხომ არ მიანიშნებს, რომ ხმა, რომელიც მის გარშემო მუდმივად ტრიალებს, სიმართლესთან ახლოსაა?!
“ტურიზმის ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია კავშირები”, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი სიგუამ და, მგონი, ეს ყველაზე დიდი სიმართლე თქვა მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდა. სიმართლეა იმიტომ, რომ მის ამბავს ხან ევროპის რომელიმე ქვეყნიდან ვიგებთ და ხანაც - ზამბიიდან თუ ზიმბაბედან. ტურიზმის დეპარტამენტის “მოგზაური შეფი” ჩივის, რომ მისი უწყების დაფინანსება ძალიან მწირია და მხოლოდ ექვს მილიონ ლარს შეადგენს. გეთანხმებით, ბატონო გიორგი, ეს თანხა თქვენი ადმინისტრაციის შენახვასა და მივლინებებს არ ეყოფა და ასეთ დროს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია!
P.S. მიუხედავად იმისა, რომ “ასე გაგვაბრაზა”, იმედს ვიტოვებთ, ოდესმე, როცა საქართველოში დაბრუნდება, ჩვენს შეკითხვებს პასუხს აუცილებლად გასცემს - რაც უნდა იყოს, საჯარო მოხელეა და პრესასთან ურთიერთობა ევალება.