ორიენტაციაშეცვლილები - “მიხეილის ციხის ამბები”

ორიენტაციაშეცვლილები - “მიხეილის ციხის ამბები”

რედაქციისგან: მაკა მოსიაშვილის ციხის დღიურის ეს ეპიზოდი, ვინმემ შესაძლოა, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდად ჩათვალოს, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ, რედაქციამ დღიურის გამოქვეყნება მაინც გადაწყვიტა, რადგან ის, რაზეც ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი საუბრობს, ციხის რეალობაა.

 

მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა _ “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს _ დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” აგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა _ “ამბები მიხეილის ციხიდან”...         

იქნებ, სხვისთვის არაფერია ციხის ტკივილი?

იქნებ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ციხეშიც კი ბედნიერები არიან?

და რატომ ვამბობ “იქნებ”, როცა ბევრი მინახავს, ვისთვისაც ციხე, მართლაც, საუკუნო ბედნიერებას ნიშნავს.

არიან ციხეში ადამიანები, რომელთა გარკვეული ნაწილი მეექვსედ, მეშვიდედ და, მგონი, მეთოთხმეტეჯერაც შემოსულა. მათთვის ციხე სანატორიუმია _ ცოტა ხნით ისვენებენ, მერე კი “დასვენებულნი” და გამოძინებულნი უბრუნდებიან გარესამყაროს, სადაც ჩვეულ საქმიანობას აგრძელებენ...

ახლა, ჰომოფობიაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ქალთა ციხეში დაბრუნებულთა უმეტესობა სექსუალურ ორიენტაციაშეცვლილია...

როცა გავიგე, თუ მერამდენედ “იჯდა” ნინო (სახელი შეცვლილია):

რატომ გიჭერენ? ვინმე გყავს „ზუბში”?

გაიღიმა და მომიგო, პიროვნულად არავინ, ჩემი თავი მყავს “ზუბში“, რადგან „სვაბოდაზე“ ჩემი ადგილი არ არის. მინდა, ყოველი სასჯელის დასრულების მერე, „მაყუთი ავწიო“ და საქართველოდან დავახვიო... ოდესღაც ოჯახი მყავდა _ დედა, მამა, ძმა, და, მაგრამ ოდესღაც... ახლა გარეთ აღარავინ დამრჩა და, ალბათ, ამიტომ ვარ ასეთი მშვიდი „სროკზე“...

- მაპატიე, არ ვიცოდი, რომ ყველა დაგეღუპა, ვწუხვარ!

ჩემს ნათქვამზე გაიღიმა, დამაკვირდა და მითხრა:

- ყველა ცოცხალია, უბრალოდ, მე გარდავიცვალე მათ ცნობიერებაში, ჩემი სურათი შავ ჩარჩოში ჩასვეს და 11 წლის წინ დამიტირეს, აი, ზუსტად ისე, “იმერულ ესკიზებში” რომაა _ გოგო გაუთხოვდება და მამა სურათს “გამოკიდებს”, დავტირი საყვარელ შვილსო... ერთი განსხვავებაა ჩემსა და იმ “ჩარჩოში ჩასმული” გოგოს ისტორიაში: მას კაცი შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა, მე კი, თანაკურსელი გოგო შემიყვარდა, გრძნობაზე მანაც მიპასუხა და მაშინ აღმოვაჩინე, რომ მთელი სიცოცხლე ქალი მეყვარებოდა და არა _ კაცი...

ნინოს ნათქვამმა ისე დამაბნია, შევხტი, მან კი, ხმამაღლა გადაიხარხარა და დამიყვავა:

- კაი, ნუ გეშინია, შენ არ “მევასები”, სხვა მყავს... უბრალოდ, ვიყოთ კარგი მეგობრები, იმედია, გამიგებ, არ ჩანხარ გაუგებარი, მოხვალ “აზრზე”, “ზონაზე” ამ ცხოვრების ათას მაჯლაჯუნას ნახავ და მერე შენთვისაც გასაგები იქნება...

- მაინც, არ მეუბნები, ციხეში ასე ხშირად რატომ ბრუნდები?

ისევ გაიცინა და შემპირდა, რომ ღამე, 12 საათის მერე დომინოს არ ითამაშებდა, “კალიდორში” “ჩავსხდებოდით” და ყველაფერს ამიხსნიდა და მომიყვებოდა, ანუ “გამიიასნებდა.“

„ზონაზე“ ვალი “მოსული პონტი“ ისევეა, როგორც _ „სვაბოდაზე“. უბრალოდ, „სვაბოდაზე“ ფულის ვალი გაქვს, „ზონაზე“ კი, სიგარეტი,  ან “სიჯისი ბარათი”, რომლითაც ტელეფონზე რეკავ... ქალთა “ზონის” მთავარი “ვალუტა” სიგარეტი “პირველი” იყო, რომლითაც შეგეძლო, ყველაფერი გეყიდა _ მაისური, ფეხსაცმელი, სახის კრემი, თმის საღებავი, ფრჩხილის ლაქი, წნევის აპარატი, “ციტრამონი”, “ბაკლოსანი” და, მეტიც, საკანი, ნარი, ნარის ქვედა სართული... გეყიდა ან დაგექირავებინა...

“ეტაპიდან“ ახალშემოსულს ადმინისტრაცია დაგაბინავებდა სადმე, „ბომჟების” ოთახში და დილით, როცა გადახედავდი სიტუაციას, მიხვდებოდი, რომ უკეთესი პირობებიც არსებობს, ანუ გჭირდებოდა პატრონი... აი, ამ დროს შეიძლებოდა, ვინმე ტიპთან მოგეგვარებინა საქმე _ ორი ბლოკი, ან ორი “პაჩკა” სიგარეტ “პირველის” სანაცვლოდ, სადმე, კარგი ოჯახის ქალებთან “გაგიჩითავდა” ნარს, ოღონდ _ მეორე სართულზე. თუკი დაიწუწუნებდი, პირველი სართული მინდა, ფეხები მტკივა და “ზევით” ვერ ავდივარო, აუცილებლად მოგთხოვდნენ 40 “პაჩკა” “პირველს” და ის ვიღაც ტიპები მეორე სართულიდან პირველი სართულის ნარზე ჩამოგაბრძანებდნენ _ ქანდარაზე აღარ მოგიწევდა ჯდომა და აღარც ასვლა-ჩამოსვლა გაგიჭირდებოდა...

მოკლედ, მთავარი იყო გქონოდა ფული, რომ გეყიდა “პირველი” და ნარიც გექნებოდა და ორი _ სანთებელაც...

ძირითადად ასეთ საქმეს _ ვალის “ამოღებას”, ნარების მოგვარებას თავისუფალი საზოგადოებიდან გამოქცეული “ღვაწლმოსილი ლეზბიანკა არესტანტები” აგვარებდნენ. ვერ ეტყოდი საყვედურს ორიენტაციაზე, ეტყოდი და გაგიგდებდნენ “წიხლქვეშ”, თან “აგიხსნიდნენ”, რომ შენი წონა „ბალანდა“ ჰქონდათ ნაჭამი და შენი დემაგოგია ფეხზე ეკიდათ.

შეძრწუნდით?

მეც, ოღონდ - თავიდან...

მერე კი, მივხვდი, ისინი ისეთები უნდა მიიღო, როგორებიც არიან... სხვებისაგან განსხვავებით, ისინი უბოროტოები იყვნენ, თუ არ შეეხებოდი, არ შეგეხებოდნენ, მაგრამ მათაც იცოდნენ ეჭვიანობა.

ოოო, მიმიქარავს ეჭვიანი ქმარი, მათ ეჭვიანობა იციან... დაალილავებდნენ თავის “მეორე ნახევარს”, თუ შეამჩნევდნენ, რომ “ნადძორი” მამაკაცისკენ გაიხედავდა...

მერე, ამ წყვილს ცემის გამო “გააკარცერებდნენ”, ჩასვავდნენ ერთ საკანში და იქ ყველაფერი გვარდებოდა, დაახლოებით, ასე: „ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო“?!

...როგორც შევთანხმდით, ღამე, ყავის პლასტმასის მწვანე ფინჯნებით ხელში, მე და ნინო ერთმანეთს „ტალანში“ შევხვდით და “ჩავიცუცქეთ”:

- რომ გახვალ „სვაბოდაზე“, დაწერ ამ ამბავს?

- კი, აუცილებლად...

- „ხარაშო“, ოღონდ პირობა მომეცი, რომ სახელს და გვარს არ ახსენებ...

- მე ისე ვწერ, რომ ადამიანების ღირსებასა და პატივს არ ვლახავ!

- ხოო, მითხრეს, რომ მაგარი ინტრიგანი ხარ, “ძაღლებს” არ “ევასები“, მაგრამ შენი პროფესიისა და “სვაბოდაზე“ რაღაც გაზეთებთან კონტაქტების გამო, გეფერებიან... ერთ რჩევას მოგცემ: რაც უნდა ნახო აქ, „სროკზე“, რაც უნდა გადაიტანო, არ გაბოროტდე, ამით თავს დაიღუპავ!..

მოკლედ, გაინტერესებს რატომ ვბრუნდები ასე ხშირად ციხეში? მოგიყვები:

სკოლა წარჩინებით დავამთავრე _ ჩემს სოფელში ჩემსავით არავინ სწავლობდა, მერე, უმაღლესში ჩავაბარე  და... ჩემი კურსელი შემიყვარდა... კაცთან ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი _ ძალა იხმარა. ეს ამბავი ჩემებს დავუმალე, შემეშინდა _ რომ გაიგებდნენ, რაც მოხდა, მომკიდებდნენ ხელს და სოფელში წამიყვანდნენ, გამათხოვებდნენ ვინმე ბერბიჭაზე, ან ქვრივზე და ასე ეცდებოდნენ ლაფის ჩამორეცხვას...

მოკლედ, იმ ძალადობის მერე, კარგი ხანი იყო გასული, უკვე მეოთხე კურსზე ვიყავი. თანაკურსელმა გოგოებმა დავლიეთ. ერთმა მითხრა, გლდანში ვერ გავალ და მოდი, შენთან დავრჩებიო. სამედიცინო უნივერსიტეტთან ვცხოვრობდი. დავთანხმდი... იმ ღამეს ჩემი თავი ვიპოვე _ ნასვამებმა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ, ორ ქალს ერთმანეთი გვიზიდავდა. რამდენიმე თვის მერე, ჩემთან, სოფელში წავიყვანე და... ბევრი, რომ არ გავაგრძელო, იქაც, ნასვამებს, აგვერია “მისამართი” და რაღაცები მივქარეთ. ყველაფერი ჩემმა დამ დაინახა და დედას უთხრა. დედას უპასუხია, ვიდრე ჩემი თვალით არ ვნახავ, არ დავიჯერებო...

ორი კვირის მერე, დილით, უთენია, დედაჩემი თბილისში თავზე დამადგა და ჩემს საწოლში ჩემი შეყვარებული გოგო რომ დაინახა, დარწმუნდა და მითხრა, მამაშენს ყველაფერს ვეტყვი და იცოდე, რომ ჩვენთვის მკვდარი ხარ. შენ აღარ არსებობ. გთხოვ, სხვა ბინა იქირავე, რადგან მამაშენი ჩამოვა და მოგკლავს, არ მინდა, შვილის მკვლელი გახდესო...

აი, ასე: სახლიც გამოვიცვალე, უმაღლესში რამდენიმეჯერ შევნიშნე მამაჩემი და ჩემი ძმა... მივხვდი, რომ მეძებდნენ. დავიმალე. ბოლოს, ისე შემეშინდა, რომ აღარც ლექციებზე მივლია და საუკეთესო სტუდენტმა, დიპლომიც ვეღარ ავიღე... მაღაზიაში მუშაობა დავიწყე,.. იქაც მომაგნეს ჩემმა ოჯახის წევრებმა და მეპატრონეს უთხრეს, თავი ასე და ასე მოგვჭრაო. მაღაზიის მეპატრონემ გამომაგდო.

მერე, სხვა მაღაზიაში დავიწყე მუშაობა და იქიდანაც მხოლოდ იმიტომ გამომიშვეს, რომ ქალი ვიყავი და ქალები მომწონდა!

მერე, ბარში ვიშოვე სამსახური...

მერე, ხან სად ვმუშაობდი და ხან _ სად...

ყველგან, აბსოლუტურად ყველგან, ერთსა და იმავე პრობლემას ვხვდებოდი _ ორიენტაციაარეულს მეძახდნენ და “მაიგნორებდნენ”.

აი, ასე...

მერე, მომშივდა, შემცივდა და ვიღაცა გავძარცვე...

ციხეში პირველად 10 წლის წინ მოვხვდი და რას ვხედავ? _ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც არ განგიკითხავენ, ლაფს არ გესვრიან, არ აქვთ უფლება, შენს პირადს შეეხონ...

ბევრი წვალება გამოვიარე, მაგრამ იმდენი ვერ ვიშოვე, რომ ამ ქვეყნიდან “დავახვიო” და ჩემთვის წყნარად ვიცხოვრო...

ახლაც, რომ გამიშვან, 6 თვეში უკან მოვალ _ გარეთ ვინ მელოდება?

ისევ აქაურები _ გავდივარ და “სროკის“ მეგობრები მხვდებიან „ვახტის” კართან!

შემოვდივარ და “სროკის” მეგობრები მხვდებიან „ვახტის” შიგნით“...

P.S. იმ ღამეს მე და ნინომ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. შევატყვე, დედა ენატრებოდა, თან _ ძალიან. მითხრა, ერთხელ, ნავთლუღში, ბაზარში დავინახე, ჩემი და ხილს ყიდდა, მაგრამ ვერ გავბედე, რომ მივსულიყავი... მერე, ავტობუსამდე ვდიე. დედაჩემი ავტობუსში იჯდა, ჩემს 4 წლის დისშვილთან ერთად... ჩემი სისხლისა და ხორცის დანახვით ბედნიერი ვიყავი და პირველად სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ძალიან, ძალიან მარტო ვარო... ბაზრიდან წამოსულ ნინოს ვიღაცისთვის “ცეპი” ჩამოუგლეჯია და... ისევ ციხეში დაბრუნდა, რადგან „სვაბოდა“ ეზიზღებოდა...

რამდენიმე თვის მერე...

ნინოს ადმინისტრაციამ დაუძახა და უთხრა, რომ “ნიუ ჰოსპიტალში” მომაკვდავი დედის სანახავად უნდა წაეყვანათ...

მომაკვდავმა დედამ ბოდიში მოუხადა, რომ ოდესღაც ქმარს ნინოზე სიმართლე უთხრა და ამით მთელი ოჯახის ცხოვრება დაანგრია...

დედის გარდაცვალების მერე, ნინო ყოველ შაბათს ფსალმუნის მე-17 კანონს კითხულობდა და დედისთვის ლოცულობდა...

ნინო ახლაც ციხეშია...