რა კავშირი ჰქონდა კოდორის სპეცოპერაციის დროს სააკაშვილს ტარიელ ონიანთან

რა კავშირი ჰქონდა კოდორის სპეცოპერაციის დროს სააკაშვილს ტარიელ ონიანთან

2006 წლის 27 ივლისს, კოდორის ხეობაში შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა და, როგორც იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, კოდორში საქართველოს იურისდიქციის გავრცელებას ხელს 1994 წელს ჩამოყალიბებული სამხედრო ფორმირება ,,მონადირე” უშლიდა, რომელსაც ხეობის რწმუნებული ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობდა... სამშობლოს ღალატსა და ამბოხში დადანაშაულებული ემზარ კვიციანი ხეობის დაკარგვაზე პასუხისმგებლობას სააკაშვილის გუნდს აკისრებს და იმასაც ამბობს, რომ კოდორის რუსებისთვის ჩაბარების დავალება აშშ-ის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე” მისცა. როგორც კვიციანი ამტკიცებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2001 წელს ხეობაში გილაევის რაზმის შეყვანა, 2002 წელს კი, რუსული დესანტის გადასხმა, რაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან იყო შეთანხმებული. 2002 წლის აგვისტოს დასაწყისში მარუხის უღელტეხილის ოცდაათკილომეტრიანი ხაზის დათმობასაც ყოფილი რწმუნებული მთავრობას აბრალებს... ,,ქართული სიტყვა” 2006 წლის 27 ივლისის სპეცოპერაციის შემდეგ დაპატიმრებულ ემზარ კვიციანის დას, ნორა კვიციანს ესაუბრა, რომელმაც საპატიმრო ზუსტად ერთი წლის წინ დატოვა.

- ქალბატონო ნორა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს თქვენი საქმის - ,,ნორა კვიციანი საქართველოს წინააღმდეგგანხილვა ჯერაც არ დაუწყია. მართალია, საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდით, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ პოლიტპატიმრის სტატუსი არ მოგანიჭათ...

- 2006 წლის 27 ივლისიდან 2012 წლის 6 ნოემბრამდე საპატიმროში ვიყავი. სასჯელის სრულად მოხდამდე მხოლოდ ორი თვე მქონდა დარჩენილი. ხმამაღლა ვაცხადებდი: უდანაშაულო ვიყავი, არც “უდო” მჭირდებოდა და შესაწყალებელიც არაფერი მქონდა, მაგრამ პოლიტპატიმრის სტატუსი რატომღაც დღემდე არ მიმიღია. ჩემი საქმე საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზეა გამოძიებული, ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიებაც, მაგრამ არ ვიცი, რეაბილიტაცია რატომ ყოვნდება. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მითხრა, საქმეს სტრასბურგიდან გამოვითხოვო, მაგრამ თუ სამართალს ვერ ვიპოვი, რა მნიშვნელობა აქვს, საქმე სად იქნება? არც პროკურატურაში შემიტანია განცხადება, რადგან იგივე მოსამართლეები სხედან და განაჩენს საკუთარ თავს ხომ არ გამოუტანენ?

- განაჩენი ვინ გამოგიტანათ?

- სამხედრო პროკურორმა დავით ლორიამ და ზუგდიდის მოსამართლე დავით კეკენაძემ. სამი მუხლით - უკანონო ფორმირების შექმნა, იარაღის უკანონო შენახვა და სახელმწიფო საკუთრების გაფლანგვა-მითვისება - გამასამართლეს.

- რა მიითვისეთ, ქალბატონო ნორა?

- მაშინ აჟარის გამგებელი ვიყავი და ჩემს გამგებლობაში ასამდე ოჯახი იყო. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაწესდა და მას შემდეგ, ყოველ წელს, ხეობა საპრეზიდენტო ფონდიდან საზამთროდ სასურსათო და საწვავის მარაგს იღებდა. 2005 წელსაც, ჯვარში სურსათით დატვირთული მანქანა ჩამოვიდა და სურსათს ჩემი ხელით, სოფელ-სოფელ, კარდაკარ ვარიგებდი. სადაც მანქანები არ უდგებოდა, ტვირთი ცხენებითა და ვირებით მიგვქონდა. საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი - სიას ვადგენდი, პასპორტის ნომრებს ვიწერდი, უკანონოდ ერთ გრამს არავის ვაძლევდი. კაპიტანი ვარ და ჩხალთის, აჟარისა და მთლიანად ხეობის ჯანდაცვა და დასაქმებაც მებარა. ყველაფერზე ვზრუნავდი და პასუხს ვაგებდი. არასოდეს მელეოდა მარაგი. კანცელარიიდან, კეთილსინდისიერად შესრულებული დავალების გამო, მადლობის წერილიც მივიღე, მაგრამ უსაფუძვლო საჩივრები იწერებოდა. ამიტომ, სიების ქსეროასლი გავაკეთე. მოგვიანებით, სწორედ ამ ქსეროასლით გაბათილდა ჩემს მიმართ წაყენებული ბრალდება...

- მართალია, თავის დროზე სამხედრო ფორმირება ,,მონადირე”  მონადირეთა კავშირის საფარქვეშ დალის ხეობის დაცვის მიზნით შეიქმნა, მაგრამნაციონალურმახელისუფლებამ ბრალი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში დაგდოთ...

- 1994 წელს, თავდაცვის სამინისტრომ სამშვიდობო ძალებთან ხელშეკრულება დადო, რომ ხეობაში, ,,მონადირის” გარდა, სხვა ფორმირება არასოდეს იარსებებდა. მაშინ თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე გახლდათ, მერე, - დავით თევზაძე. ბატალიონში, კაცებთან ერთად, ქალებიც იყვნენ გაერთიანებულნი. სოფლების გარშემო, საგუშაგოებზე განუწყვეტლივ იდგნენ მორიგეები და ხეობა მუდმივად საომარ მზადყოფნაში იყო. ბატალიონის მეთაური და ხეობის რწმუნებული ჩემი ძმა, ემზარ კვიციანი გახლდათ, რომელმაც მამის საფლავზე ფიცი დადო, რომ დალის ხეობას (სწორედ ასე ჰქვია კოდორის ხეობას და სხვა სახელწოდებას ვერასოდეს მივიღებ), არასოდეს მიატოვებდა. 2006 წლამდე იქაურობა, მართლაც, არ მიგვიტოვებია - მეგონა, უჩემოდ დაიქცეოდა, თან როცა ხეობას აუცილებლობის შემთხვევაში ვტოვებდი, ხალხი პანიკდებოდა. ეს ნდობა ჩემთვის სტიმული იყო. წლები განგაშში, თავდასხმის მოლოდინსა და მზადებაში ვცხოვრობდით. ბევრი უახლოესი ნათესავი დავკარგე, ჩემმა დამ ქმარ-შვილი საფლავში ერთად ჩაასვენა. ჩემი ვაჟი სამჯერ დაიჭრა და კანტუზია მიიღო. სანაცვლოდ, ემზარს სამშობლო დაატოვებინეს, მე კი, ექვსი წელი საპატიმროებში გავატარე. გაერო-ს დამკვირვებლებს უკვირდათ, როგორ ვცხოვრობდით, ,,იმ ქვაბში”, მაგრამ ის “ქვაბი” ჩვენი სამშობლო იყო, აფხაზეთის ნაწილი და ვიცოდით, ვიდრე დალის ხეობა ჩვენი იყო, აფხაზეთი დაკარგულად არ ჩაითვლებოდა. მერე, რა ქნეს? - ჯერ რუსებმა დაარქვეს ხეობას ,,კოდორი”, შემდეგ, ჩვენმა ხელისუფლებამ - ,,ზემო აფხაზეთი” და იმ დღიდან დავკარგეთ კიდეც. გააკეთეს გზა, დაიწყეს კონცერტების ჩატარება - ასე აბრიყვებდნენ ხალხს.

- ვინ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას?

- თვითმფრინავის ხმა რომ შემომესმა, ვიფიქრე, რუსები დაგვესხნენ-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ გმირ ხეობაში ქართველები ასე შემოვიდოდნენ?! იმდენი ხე არ იდგა, რამდენი ჯარისკაციც შემოვიდა, მათ ირაკლი ოქრუაშვილი მოუძღოდა, ახლა რომ თავი მამა აბრამის ბატკნად მოაქვს. დაბომბვის დროს ობოლი შვილების დედა დაიღუპა... ჩემთან ერთად, კიდევ ერთი ქალი დააპატიმრეს,Uჩემი ძმა გააქციეს, ტყეს შეფარებული ჩემი შვილი კი, დაბომბვის დროს უფალმა დაიფარა. რძალი და შვილიშვილი, ჩემი პატიმრობის პერიოდში, აფხაზებმა შეიფარეს - სოხუმში ჰყავდათ და პატრონობდნენ. თოთხმეტი წელი ვიცავდი ხეობას, მეგონა, გმირობად ჩამეთვლებოდა, მათ კი, ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ წელიწადში, მტერს ჩააბარეს! ჩემი ტანჯვა არაფრად მიღირს, ოღონდ აფხაზეთი არ დაკარგულიყო. აფხაზეთის აღიარება სწორედ დალის ხეობის ჩაბარების მერე მოხდა!

სხვათა შორის, ერთხელ, ხეობაში შემოსვლა აფხაზეთის მხრიდან სცადეს, მაგრამ ემზარმა წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ, შეთანხმდნენ, რომ პირობასა და საზღვარს ერთი მხარეც არ დაარღვევდა. აფხაზები დალის ხეობაში არასოდეს შემოვიდოდნენ.

- ახლა დალის ხეობაში რა ხდება?

- ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება, თორემ დანარჩენი ყველაფერი კარგადაა - ხეობის სოფლებში ასამდე ქართული ოჯახი ცხოვრობს, აფხაზებისა და რუსების საცხოვრებელი კორპუსები, “გაროდოკები” აშენდა. მათ მოსახლეობასთან კარგი დამოკიდებულება აქვთ. გასვენებაში ვიყავი და ვნახე, როგორ უსამძიმრებდნენ და ეხმარებოდნენ პროდუქტით ქართველებს... ვიდრე ჯარს შემოიყვანდნენ, ჩემი ბიჭი აფხაზ ახალგაზრდებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ურთიერთობებს ამყარებდა, სამომავლო შერიგების საქმეს აკეთებდა. ამათ კი ეს, თურმე, არ უნდოდათ... დღეს ჩემი შვილი, ცოლ-შვილით, საკუთარ სახლში ცხოვრობს, სადაც თავის დროზე ჯარი იდგა და ყველაფერი განადგურებული და გაოხრებული დაგვხვდა, მაგრამ მაინც სახლია.

- უკანონო იარაღს, ქალბატონო ნორა, მართლა ინახავდით?

 - 2004 წელს, ხეობაში შს იმჟამინდელი მინისტრი, გიორგი ბარამიძე ამოვიდა და დიდძალი იარაღი ამოიტანა, თან განაცხადა, საშიშროება გველის, პროვოკაციის მოწყობას აპირებენო და იმუქრებოდა, ყველას, ვინც ამას გაბედავს, კბილებს ჩავუმტვრევო. დაგვპირდა, რომ ზამთარს ჩვენთან ერთად გაატარებდა. ყველა მოსახლეს ტაბელური იარაღი ჩამოურიგა. ბარამიძე შს მინისტრობიდან წავიდა და ოქრუაშვილმა თბილისიდან ლანძღვა დაგვიწყო, ,,მონადირე” გააუქმა და ჩვენ კი, ხელთ იარაღით სავსე საწყობები შეგვრჩა! დავიწყე რეკვა პარლამენტში, ვკითხულობდი, რას ემსახურებოდა ეს აქტი, პროვოკაცია რომ მომხდარიყო და თავი დაგვეცვა, გამოვიდოდა, რომ უკანონო ფორმირება ვიყავით. პასუხი არსაიდან მიმიღია. თურმე, ყველაფერი ეს იმისათვის ხდებოდა, რომ ხეობა ჩაებარებინათ, ჩვენ კი, მოღალატეებად შევერაცხეთ.

მოკლედ, ბატალიონი გააუქმეს, მებრძოლები აიყვანეს, ორი მათგანი კი, საპატიმროში ცემით მოკლეს.

- ქალბატონო ნორა, ქალთა კოლონიაში, ბუნტის დროს თქვენი ლიკვიდაცია მართლა იგეგმებოდა?

- დიახ, ბუნტის დროს ჩემი და მაია თოფურიას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ციხეში ეკლესიურად ვცხოვრობდი... აღდგომის წინა დღე იყო, ვემზადებოდი. როცა ხმაური მომესმა, გოგოები გავაფრთხილე, ადგილიდან არ დაძრულიყვნენ. ბუნტის დაგეგმვისას ფიქრობდნენ, რომ ციხიდან გაქცევის მოთავე გავხდებოდი. თავიანთი ხალხი ჰყავდათ ანკესზე წამოსაგებად. დილით ჯერ შეწყალება გამოაცხადეს, მერე, უარყვეს, ამით ჩვენი გაღიზიანება უნდოდათ. ციხის გარეთ პოლიციის ქვედანაყოფები, არასამთავრობოები, პატიმართა ახლობლები, ჟურნალისტები იდგნენ. წარამარა რეკავდნენ, სპეცრაზმი ხომ არ შემოვიდაო. ვამშვიდებდი, ნუ გეშინიათ, რისთვის უნდა შემოვიდეს სპეცრაზმი, არავინ არაფერს აშავებს-მეთქი. გაიყვანეს ,,ნადზორი” და ციხის ჭიშკარი ღია დატოვეს. კიდევ კარგი, ჭკუა ეყოთ და გარეთ არავინ გავიდა. სოზარ სუბარი მაშინ სახალხო დამცველი იყო, წყალი გადაასხეს, ფეხი მაინც არ მოიცვალა, მის თვალწინ კი, უკანონობა ვერ გაბედეს. ამ ამბებს ჩემი ძმა, თურმე, ტელევიზიით ისმენდა და მაშინვე მიმხვდარა, ალიაქოთი ჩემს გამო რომ იყო. სიმწრისგან თავს კედელს ურტყამდა... მალე ,,ნადზორი” მოვიდა და ბადრაგმა რუსთავში გადაგვიყვანა.

- როგორც ვიცი, პატრიარქს თქვენდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა...

M- ის, რამაც იმ მძიმე მდგომარეობაში ცოცხალი გადამარჩინა, უფლის წყალობა მგონია! ციხეში პატრიარქი სტუმრად მოვიდა. თავისთან მიმიხმო,Mმივედი, დავიჩოქე, გულში ჩამიკრა, ცრემლები მოსდიოდა. რამდენიმე ხნის მერე, მითხრეს, საპატრიარქოდან საჩუქარი გამოგიგზავნესო. დიდი შეკვრა იყო, გავხსენი და ფუთაში მამაკაცის პალტო, სვიტერი, შარფი, წმინდა გიორგის კულონი, საბანი და თეთრეული დამხვდა. მეორე დღეს მამა გიორგი მეწვია და მაცნობა, პატრიარქმა საკუთარი ნივთები გამოგიგზავნაო. გავვოცდი, რადგან  ღმერთმა ასეთი წყალობის ღირსი გამხადა! უწმინდესი ჩემთვის, თურმე, პარაკლისებს იხდიდა. არ ვიცოდი, სიხარულისგან რა მექნა. სამადლობელი წერილი დავწერე... იმ ღამეს უწმინდესის საბანში გახვეულს ბედნიერს დამეძინა. უწმინდესის ნივთებმა ციხე ბუნტის დროს დაიფარა და უბედურებისგან იხსნა.

წელიწადი და ოთხი თვე რუსთავის “კრიტში” გავატარე და პატრიარქი საჩუქრებით იქაც მეწვია.

- ციხეში როგორ გექცეოდნენ?

- ვერ ვიტყვი, რომ ცუდად მექცეოდნენ, ბორკილიც არ დაუდვიათ, იცოდნენ, რომ უდანაშაულოდ ვიჯექი.

- მიგაჩნიათ, რომ თქვენი ძმის გამო, “ნაციონალურიხელისუფლების მძევალი იყავით?

- დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, ჩემმა ადვოკატმა მითხრა, რომ შს სამინისტრო გთავაზობს გათავისუფლებას, თუკი შენი ძმა და შვილი ჩაბარდებიანო. დავიჩოქე და ღმერთს შევთხოვე, ძალა მოეცა... შვილისა და ძმის გამო ყველა სასჯელზე წავიდოდი! დღემდეც ამის გამო ვარ გაჩერებული. ემზარი მოსკოვშია. საბუთებიც არ აქვს, რომ დაბრუნდეს. არც ის ვიცით, იძებნება თუ არა. მივმართავ ხელისუფლებას: ან შემოუშვი ემზარ კვიციანი, ან დაიჭირე და მიეცი საშუალება, სასამართლოზე დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?

- ქალბატონო ნორა, თავის დროზე იმასაც ამბობდნენ, რომ კოდორის ხეობა ნარკოტრასა იყო, რომელზეც ოქრუაშვილს საკუთარი კონტროლის დაწესება უნდოდა...

- არანაირი ნარკოტრასა არ ყოფილა. ჩვენ ხეობას რუსი დესანტისგან, აფხაზებისგან ვიცავდით.

- “ნაციონალებმა ემზარ კვიციანი თავიდან გუბერნატორად დატოვეს. რა გახდა მათი კონფლიქტის მიზეზი?

- კი, ცოტა ხნით დატოვეს. მათ ემზარის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის უნდოდათ. ის კი ხეობას არ თმობდა, იქ სხვა ფორმირების შეშვება არ უნდოდა. ინფორმატორებსაც გაჰქონდათ და გამოჰქონდათ ტყუილ-მართალი.

- კვიციანის დაპატიმრების მიზანი კოდორის ჩაბარება იყო?

- რაც დრო გადის, ამაში უფრო ვრწმუნდები.

- არსებობდა თუ არა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების იმჟამინდელ ხელმძღვანელს, ირაკლი ალასანიასა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება?

 - არა. როცა ჯარი შედიოდა, ემზარმა ალასანიას ჰკითხა, რატომ აბარებ ხეობას და ვინ იქნება პასუხისმგებელი, რომ ჯარი პროვოკაციისთვის არ შემოდისო. ალასანია დაპირდა, მე ვიქნებიო, მაგრამ ის მალე გაათავისუფლეს, რადგან ხეობაში ჯარის შეყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. სხვათა შორის, ემზარმა ირაკლი გააფრთხილა, შენც არ გაგახარებენო. ამ დროს, ტარიელ ონიანი ემზარს არწმუნებდა, ხეობას აბარებენო.

- ანუ, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ კოდორის მოვლენების დროს ტარიელ ონიანი სააკაშვილის მეკავშირე იყო?

- ასე გამოდის.

- კვიციანი ონიანს რატომ უჯერებდა?

- მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ, როცა ხეობას უჭირდა, ტარიელი ეხმარებოდა - პროდუქტს უგზავნიდა.

- ქალბატონო ნორა, მაინც, ვის მიმართ გაქვთ პრეტენზია?

- პირველ რიგში, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, რომელმაც “მონადირე”  გააუქმა. ოქრუაშვილი მხოლოდ დავალებას კი არ ასრულებდა, არამედ, სააკაშვილის გეგმებს იზიარებდა, რომელიც ქვეყნის დანგრევისკენ იყო მიმართული.

- ესე იგი, ოქრუაშვილის ოპოზიციაში გადასვლა ბლეფი იყო?

- არ ვიცი... ერთი ადამიანი ვარ, ერთი გული მაქვს, ერთდროულად კარგის და ცუდის გაკეთება არ შემიძლია. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძესთან მქონდა საუბარი, ვკითხე, შენ ხომ იცოდი ყველაფერი, ჩემგან რა გინდოდათ-მეთქი. ტირილი დაიწყო, არ ვიცოდი, საქმე ასეთ ნაძირალებთან თუ მქონდაო...

- რა ამის პასუხია და, სააკაშვილი სვანებს რატომ ვერ იტანდა?

- მას პატრიოტები, ვაჟკაცები არ უყვარს, სძულს.

- სოხუმის დაცემის შემდეგ, ჭუბერის გზაზე ლტოლვილთა ნაკადი მოედინებოდა. ავი ენები ამბობენ, უმწეო ხალხს სვანები ძარცვავდნენო...

- ძალიან მიჭირს იმ დღეების გახსენება. მსგავსი ჯოჯოხეთით არც სიზმარი მინახავს და არც - კინო. მაშინ ბიბლიოთეკის გამგე ვიყავი, შენობა ჯარმა დაიკავა და მალე იქაურობა ნასახლარს დაემსგავსა. საშინელ დღეში ვიყავით, დღე და ღამე პურის ცხობას ვერ ავუდიოდით, რომ საცოდავი, დამშეული ხალხისთვის მიგვეწოდებინა. როცა ხეობას ქართული ჯარის ნარჩენები და ტანკები მოადგნენ, კივილი დავიწყე, სად გარბიხართ, ვის უტოვებთ აფხაზეთს, ლტოლვილებს მაინც მიხედეთ და ნორმალურად გამოუშვით, დაეხმარეთ-მეთქი. მებრძოლები მპასუხობდნენ, ღალატია და ჩვენ ვერაფერს შევცვლითო. მაშინ ემზარმა, ღვთის ანაბარა მიტოვებულ ლტოლვილების საშველად, ბიჭები შეაგროვა და გვირაბებთან გაგზავნა, რომ მძარცველებისგან დაეცვა. მალე ხმა გავარდა, ხალხს უღელტეხილზე ძარცვავენო. ემზარმა ჩემს ვაჟს დაავალა, სასწრაფოდ ხალხი შეეგროვებინა და მოროდიორები ადგილზე დაეხვრიტა. თუ სადმე არაკაცი და ქურდბაცაცა იყო, ყველამ თავი სვანეთში მოიყარა, სოხუმიდან ,,ნაკოლები” მოდიოდა და ხალხს გზაზე ხვდებოდნენ. ისინი, ვინც უბედურებას ჩადიოდნენ, მერე, ინფორმატორებად ჰყავდათ... ჩემმა შვილმა და ემზარმა არა ერთ ოჯახს დაუბრუნეს წართმეული ქონება, ალალი იყოს, თან გადავყევით იმ ლტოლვილებს, არც უნდა ვიხსენებდე ამ სიკეთეს, მაგრამ მაინც მოგვეჭრა თავი. ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ უფალმა იცის, ვინ არის მტყუანი და ვინ - მართალი. ხეობაში 14 წელი ჩვენ ფულისთვის არ ვმდგარვართ, ჩემი ოჯახის უღალატობამ და სისუფთავემ გვიხსნა სიკვდილისაგან. უამრავი შანტაჟი, ბრალდება გადავიტანეთ: გაერო-ს თანამშრომლების გატაცება, მაღალი ძაბვის გადამცემების დაზიანება... თურმე, მტერი შინ გვყოლია, ჩვენ კი, გარეთ ვეძებდით. ხელისუფლების მიერ ხეობაში შემოგზავნილი ხალხი ელექტროგადამცემ ხაზებს ჭრიდნენ, მერე, მუქარის წერილებს ავრცელებდნენ, სადაც ეწერა, რომ თუკი ვინმე მიეკარებოდა ხაზებს აღსადგენად, დახვრეტდნენ, ააფეთქებდნენ. რა ადამიანი უნდა იყო, რომ ისედაც გაჭირვებულ ქვეყანას, შენს ხალხს შუქი ჩაუჭრა?! ვრეკავდი, ენერგეტიკის მინისტრს დახმარებას ვეხვეწებოდი, როცა ყურად არ იღებდნენ თხოვნას, ხელოსნებთან ერთად, ხაზებს აღდგენას ვახერხებდი.

- რა მიზნით ხდებოდა ყველაფერი ეს - ვინმე ფულს აკეთებდა?

- ვერ გეტყვით, ფულს ვინ აკეთებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ ხეობაში სპეცრაზმის შემოყვანის საბაბი ჰქონოდათ. პროვოკაციას არ ერიდებოდნენ, გაერო-ს დამკვირვებლების გატაცებებიც სპეციალურად იყო მოწყობილი. როცა რუსებმა ხეობაში ჯარი შემოუშვეს, ჩვენთვის გასაგები იყო, რომ ჩაბარება გადაწყვეტილი ჰქონდათ.

- რატომ არ აღდგა სვანეთი თქვენს დასაცავად? მოღალატეები იქაც არიან?

- ამაზე მეც მწყდება გული, 21-ე საუკუნეში მეომარი ქართველი ქალი ტყვედ ვიყავი. ახალი ხელისუფლების პირობებშიც ვერ ვეღირსე რეაბილიტაციას. ჩემი საქმე კარგა ხანია, შესწავლილია, არც კომპენსაცია მიმიღია, არც ბინა მაქვს, ოფიცერი, კაპიტანი ვარ და პატრიოტობისთვის დავისაჯე. როგორც ჩანს, არიან დარჩენილი ძველი კადრები, ვინც ყველაფერი იციან და არ აწყობთ ჩემი ძმის დაბრუნება.

განა, მარტო სვანებმა, ერმა გამწირა! ხმა რატომ არავინ ამოიღო? - ამდენი უბედურება ხომ არ იქნებოდა, აფხაზეთის აღიარებასაც ვერ გაბედავდნენ. გული მწყდება, რომ შიშმა დათრგუნა მართლმადიდებელი ერი. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ამან გადამარჩინა. მადლობელი ვარ ირაკლი ღარიბაშვილის, რომელმაც ემზარის ოჯახს თავშესაფარი მისცა.

- დღეს რომ სააკაშვილს, ოქრუაშვილს, ან მერაბიშვილს შეხვდეთ, რას ჰკითხავთ?

- რატომ გააუქმეს ბატალიონი, რომელიც წლების განმავლობაში ხეობას იცავდა და ამ საქმეს ისევ გააგრძელებდა? იდგა თუ არა საქართველოს  მთლიანობის პრობლემა დალის ხეობაში ისევე, როგორც სამაჩაბლოში?

სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ, ოქრუაშვილმა ჩემი სახლის თავზე დროშა ასწია - მაშინ თავი კოდორის გმირად მიაჩნდა. ერთი თქვას, რა იზეიმა? ჩეჩნები შემოგვისიეს, რომ რუსებს ხეობა დაებომბათ. ჩააბარეს ხეობა და თბილისში ზეიმი გამართეს, ჭუბერზე კი, თავიანთი გასაქცევი გზა გაიკეთეს.

დიდი ტანჯვა კი გამოვიარე, მაგრამ სააკაშვილი მეცოდება. მას არც წარსული აქვს, არც - მომავალი. იგი საკუთარ ქვეყანას სხვისი დავალებებით მართავდა და დააქცია კიდეც.

მატროსოვის ციხეში მეოთხე “კამერაში” ვიჯექი, მერაბიშვილი კი, მეხუთეში ზის. ამას ვინ წარმოიდგენდა? რამდენჯერაც ემზარმა განცხადება გააკეთა, იმდენჯერ რკინის კარი ჩამისვეს. სწორედ ეს კარი დახვდა “მატროსოვზე” ვანო მერაბიშვილს!

საქართველოსთვის, აფხაზეთის შენარჩუნებისთვის ვიბრძოდი და დამაპატიმრეს, თვითონ კი, ამდენი უბედურება ჩაიდინეს და თავს პოლიტპატიმრებად ასაღებენ. ერთი აუგის მთქმელი არ მყავს და კრიმინალი დამარქვეს, ეგენი კი “ერისთვის  წამებულნი” არიან?!

- ქალბატონო ნორა, კოდორს დავიბრუნებთ?

- ...კოდორს მხოლოდ აფხაზეთთან ერთად დავიბრუნებთ!