კახეთში ადეიშვილების აჩრდილი დადის, ანუ როგორ “დაითრიეს” თელავის აგრარული ბაზარი ძმებმა და აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას დავით ადეიშვილი
მიხეილ სააკაშვილმა, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი შეიწყალა, რომელიც მსჯავრდებულია და იძებნება.
დავით ადეიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია მხილებული, რის გამოც 2013 წლის 2 სექტემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ, დაუსწრებლად, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა...
სააკაშვილის ხელისუფლების “ტვინად” მონათლული და იუსტიციის ყოფილი მინისტრის მამა, შალვა ადეიშვილი აცხადებს, რომ მართალია, დათო შეწყალებულია, მაგრამ საქართველოში მაინც არ ჩამოვა, რადგან ახალი მთავრობა მას ისევ დაიჭერს. ორი ძებნილი შვილის მამის შიში საფუძვლიანია _ კახეთში დათო ადეიშვილის “რეკეტიორობაზე”, როგორც იტყვიან, ლეგენდები დადის...
დათო და ზურა ადეიშვილები ყვარლის რაიონ სოფელ მთისძირში დაიბადნენ და არასრული საშუალო განათლებაც იქვე მიიღეს. სოფელში ამბობენ, რომ ზურა ბავშვობიდან ჭკვიანი და ბეჯითი იყო, თუმცა ძმისგან განსხვავებით, ბევრი მეგობარი არ ჰყავდა, ანუ იუსტიციის მომავალი მინისტრი კომუნიკაბელურობით არ გამოირჩეოდა, რასაც მის ძმაზე, დათოზე ვერ ვიტყვით _ თანასოფლელებს ახსოვთ, რომ თანაკლასელებსა თუ ენისლელ ბიჭებთან კინკლაობისას ძმა ზურას როგორ იცავდა.
„დათო ფიზიკურად უფრო ძლიერი იყო, ზურა კი, _ სუსტი”, _ უთხრა “ქართულ სიტყვას” დათო ადეიშვილის თანატოლმა, რომელმაც, სიფრთხილის გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა...
რისი ეშინია ხალხს, ნუთუ, კახეთში ადეიშვილების აჩრდილი დადის?
თელავში კარგად ახსოვთ ყველაზე გახმაურებული სპეცოპერაცია, როცა თავად ზურა ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი, სპეცდანიშნულების რაზმით, შოთა დემინაშვილის გაზგასამართ სადგურს მიადგნენ. მოგვიანებით, სპეცრაზმი დემინაშვილის სახლშიც შეიჭრა და მამა, შვილებთან ერთად, დაჟანგებული იარაღის გამო დაიჭირეს. მაშინ ითქვა, რომ იარაღი “ჩაუდეს”... მამა მალევე გაანთავისუფლეს, შვილებმა კი სასჯელაღსრულების დაწესებულება მას შემდეგ დატოვეს, როცა შოთა დემინაშვილმა ქონების დიდი ნაწილი ადეიშვილ-მერაბიშვილის სასარგებლოდ დათმო.
თელავ-ქალაქში ყველამ იცის, რომ აღნიშნული დაპირისპირება მას მერე დაიწყო, რაც კახეთის გუბერნატორის იმჟამინდელმა მოადგილემ, დათო ადეიშვილმა დემინაშვილისაგან ბიზნესის დიდი წილი ვერ მიიღო...
მოგვიანებით, როცა დემინაშვილის პრობლემა მოგვარებულად ჩათვალეს, ძმებმა ადეიშვილებმა ბრძოლა თელავის აგრარული ბაზრისთვის დაიწყეს...
სწორედ მაშინ დააპატიმრეს თელავის გამგებლის მოადგილის, ჯუბო დარჩიაშვილის მამა, რომელიც არ აპირებდა, აგრარული ბაზარი, რომლის მეპატრონედაც სახელდებოდა, დაეთმო...
დავით ადეიშვილის წინააღმდეგ კახეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება 2012 წლის 25 დეკემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმეს საფუძვლად თელავის აგრარული ბაზრის ყოფილი შრომითი კოლექტივის განცხადება დაედო. გამოძიებით დადგინდა, რომ 1998 წელს, გამგეობამ გადაწყვიტა, ბაზარი აუქციონის წესით გაეყიდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბაზრის თანამშრომლებს ჰქონდათ შესყიდვის უპირატესობა, ობიექტი თენგიზ დარჩიაშვილმა, სავარაუდოდ, ჯაბრაილ ხანგოშვილის ფულით შეიძინა. ბაზრის თანამშრომლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც პროცესი მოიგეს და ბაზრის შესყიდვის უფლება მოიპოვეს, თუმცა ბაზარი მაინც თენგიზ დარჩიაშვილის მფლობელობაში იყო. ამის გამო თანამშრომლებსა და ბაზრის მფლობელს შორის დავა გაგრძელდა. 2004 წელს კი, ნასყიდობის ყველა ხელშეკრულება გაუქმდა და, ცეკავშირის გადაწყვეტილებით, ბაზარი 15 თანამშრომელს 140 000 ლარად უნდა შეესყიდა, თუმცა თენგიზ დარჩიაშვილი თანამშრომლებს ბაზარში მაინც არ უშვებდა. მოწმეთა თქმით, აღნიშნული თანხის გადახდის პრობლემა არ ჰქონდათ.
საქმეზე დაკითხულ მოწმეთა მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ 2005 წელს, დავით ადეიშვილმა სამსახურებრივი უფლება-მოსილება ბოროტად გამოიყენა _ ბაზრის თანამშრომლები მუქარით აიძულა, ბაზრის შესყიდვის მინდობილობა მისი ნდობით აღჭურვილ პირზე, ჯაბრაილ ხანგოშვილზე გაეცათ. ამასთან, დავით ადეიშვილმა ბაზრის თანამშრომლებს თავისი ძმის სამსახურიც შეახსენა.
მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ბაზრის მფლობელებმა ადეიშვილის მუქარა რეალურად აღიქვეს და, გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს მათი ოჯახები რომ არ გაენადგურებინა, მინდობილობა ჯაბრაილ ხანგოშვილზე გასცეს.
ჩვენებების მიხედვითვე, ბაზრის გაყიდვის შემდეგ, ჯაბრაილ ხანგოშვილმა ბაზრის 100%-იანი წილიდან 20% ბაზრის თანამშრომლების სახელზე ფორმალურად დაარეგისტრირა, თუმცა მფლობელებს, წლების განმავლობაში, მოგება არ მიუღიათ.
თელავის ბაზრის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელის, ზურაბ ჯგუთაშვილის უფლებამონაცვლემ, გიორგი ჯგუთაშვილმა გამოძიებას განუცხადა, რომ დავით ადეიშვილის მუქარისა და ბაზრის გასხვისებიდან რამდენიმე თვეში, ნერვიულობის ნიადაგზე, ზურაბ ჯგუთაშვილი გარდაიცვალა.
რაც შეეხება თენგიზ დარჩიაშვილს, იგი ბაზრის ტერიტორიიდან მას შემდეგ გავიდა, რაც მისი ვაჟი, გამგებლის მოადგილე ჯუბო დარჩიაშვილი უკანონოდ დააპატიმრეს და, შვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მოსთხოვეს, ბაზარი მხოლოდ ჯაბრაილ ხანგოშვილის საკუთრებაში დარჩენილიყო...
მოკლედ, ბრალი ერთია, ფაქტი კი, _ უამრავი...
ზურა ადეიშვილმა 2005 წელს თავისი ძმა კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მხოლოდ იმისთვის მოავლინა, რომ რეგიონს ადეიშვილების ხელი დასტყობოდა და დაეტყო კიდეც: თელავის ბაზარი, გაზგასამართი სადგურებისა და ღვინის ქარხნების უმრავლესობა, მევენახეები, ფერმერები... ყველა „გრევს“ დათო ადეიშვილს აძლევდა...
თელავში მოღვაწეობის დროს, დათო ადეიშვილი ვანო კევლიშვილთან ცხოვრობდა. ეს ის ვანო კევლიშვილია, რომელზეც “ქართული სიტყვა” უკვე წერდა... მას ადგილობრივები ადეიშვილის აზნაურსაც ეძახიან...
სასაცილოა, როცა პრეზიდენტი “რეკეტიორს” იწყალებს... ისე, მართალია შალვა ადეიშვილი, როცა ამბობს, ჩემი შვილი საქართველოში არ ჩამოვა, ისევ დაიჭერენო, ანუ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმე გამოსაძიებელი და დაუსრულებელია...