მკვლელი გარემო:

მკვლელი გარემო: "54-ათასზე მეტი მეწყრულ-გრავიტაციული კერა გვაქვს, 3 ათასზე მეტი კი - ღვარცოფული. თბილისში სერიოზული მეწყრული ზონებია და ამ ადგილებში მაინც აშენებენ სახლებს, რაც დაუშვებელია"

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, საქართველოში, ყოველწლიურად, 10 ათასამდე ადამიანს უსვამენ კიბოს დიაგნოზს. გაზრდილია სხვა სახის დაავადებათა რიცხვიც. ამის მიზეზად, ტოქსიკურ გამონაბოლქვს, დაბინძურებულ ჰაერს, უხარისხო საკვებს და სხვა ფაქტორებს ასახელებენ...

რამდენად დაცულია გარემო, რომელშიც 21-ე საუკუნის ქართველები ვცხოვრობთ? - ამ საკითხზე სასაუბროდ, "მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები"-ს თანათავმჯდომარეს - ნინო ჩხობაძეს მივმართეთ:

- ინტერვიუ ყველაზე მტკივნეული თემით უნდა დავიწყოთ, რომელიც ბევრს აინტერესებს - როგორია რადიაციული ფონი საქართველოში?

- ჩვენი ქვეყანა ერთიან საერთაშორისო სისტემაშია ჩართული, შესაბამისად, რადიაციის დონე საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად კონტროლდება. შემიძლია მკითხველი დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ამჟამად, რადიაციული დაბინძურება საქართველოში აღარ არის. წლების წინ, აქ სერიოზული დაბინძურების კერა იყო: ჩერნობილის ავარიის შემდეგ, ჩვენს ტერიტორიაზე ორი დიდი რადიაციული ტალღა შემოვიდა და დაილექა. რა შედეგი მოიტანა რადიაციულმა დაბინძურებამ? - ჩერნობილის ავარიის შემდეგ ამბობდნენ, რომ ბევრი დაავადება 30-35 წლის შემდეგ იჩენდა თავს, სამწუხაროდ, ეს პროგნოზი გამართლდა და ჩვენს თაობაში გამოვლინდა. დღესდღეობით, რადიაციული დაბინძურების პრობლემა არა გვაქვს, მაგრამ წლების წინ მომხდარი კატასტროფის შედეგებს დღემდე ვიმკით!

- ქალბატონო ნინო, რამდენიმე წლის წინ, სპეციალისტებმა, 200-ზე მეტი ჭა შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ წყალი თითქმის ყველა ჭაში დაბინძურებული იყო, ეს რით აიხსნება?

- ალბათ, ეს სულ სხვა ტიპის დაბინძურება იყო: არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ წყაროზე (ოღონდ, არა ჭის წყალში) მომატებული იყო რადონი, მაგრამ დღეს ეს ნივთიერებაც არ არის საგანგაშო ზღვარზე. მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ საქართველოში გაცილებით დიდი პრობლემაა წყლის მიკრობიოლოგიური დაბინძურება: ჩვენს ქვეყანაში 26 ათასი მდინარე და 4 ათასი დასახლებული პუნქტია, გამწმენდი ნაგებობა კი, სულ ექვსი გვაქვს. ამიტომ, ჩვენი უმთავრესი პრობლემა სწორედ წყლის დაბინძურებაა. საქართველოში ვეღარ იპოვით სუფთა მდინარეს, რომელშიც თამამად ბანაობა შეიძლება. ძალიან ბევრ დაბასა თუ ქალაქში საკანალიზაციო სისტემებიც არა გვაქვს, რის გამოც მდინარეებია დაბინძურებული. ეს მარტო ჯანმრთელობაზე კი არა, პროდუქციის ხარისხზეც აისახება. ამ პრობლემას თუ არ მოვაგვარებთ, ევროპულ ბაზარზე ვერასოდეს გავიტანთ ჩვენს პროდუქციას, რადგან მასში მიკრობიოლოგიურ დაბინძურება იქნება. ყველაზე ნათელი მაგალითია თაფლი, რომლის ევროპაში გატანის უფლება მოგვცეს, მაგრამ ქართული თაფლის პირველივე შემოწმების შემდეგ, სერტიფიკატში შავით თეთრზე ჩაგვიწერეს - თქვენი სკები ჩეჩმებს მოაცილეთო (!) მიკრობიოლოგიური დაბინძურება ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა და ამ მიმართულებით, ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. მოსახლეობას, ჯერ ერთი, სუფთა წყალი უნდა მივაწოდოთ და მეორე - თანამედროვე, ნორმალური საკანალიზაციო სისტემები უნდა გვქონდეს, მხოლოდ ექვსი გამწმენდი ნაგებობა ამ საკითხს ვერ მოაგვარებს.

- რას ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს?

- როგორც ვიცი, ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მარტო გამწმენდი ნაგებობები ამ საქმეს ვერ უშველის, რადგან საზოგადოების ცნობიერებაც უნდა ამაღლდეს: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მდინარეში ნარჩენები არ უნდა ჩაყაროს, რომ საკანალიზაციო სისტემა მდინარეზე არ უნდა მიუშვას - ჩვენდა სამწუხაროდ, ეს პრობლემა ბევრ ქალაქშია. მაგალითად: ბათუმში გამწმენდი ნაგებობა კი ააშენეს, მაგრამ ამ სისტემაზე მთელი ქალაქი შეერთებული არ არის. ჩვენი დედაქალაქის გამწმენდი ნაგებობა ტერიტორიულად, გარდაბანში მდებარეობს, მაგრამ მასზე ჯერჯერობით, მხოლოდ ძველი უბნებია შეერთებული, წავკისსა და სხვა დასახლებებში, რომლებიც დედაქალაქს ბოლო ხანებში შეუერთდა, მსგავსი სისტემები არ არსებობს. მსგავს სურათს ევროპის მოწინავე ქვეყნებში ვერსად ნახავთ. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ წყლის ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით იკისრა.

არანაკლებ სახიფათო მოვლენაა ჰაერის დაბინძურება, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ჩვენ ვიცით, სად არის ჰაერის დაბინძურება ყველაზე სახიფათო ნიშნულზე - ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ღია და ხელმისაწვდომია. ჰაერის დაბინძურება ძირითადად, ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან მოდის და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში სერიოზული პრობლემაა. ამის გამო, ადამიანის ორგანიზმში ილექება ნივთიერებები, რომელიც სერიოზულ დაავადებებს იწვევს. ეს პრობლემა თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ტრანსპორტის სიმრავლით არის გამოწვეული. გამონაბოლქვის გამო ჰაერი მძიმე მეტალებით ბინძურდება, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის. როგორც ვიცი, ბოლო ხანებში, მონიტორინგის სადგურების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - ჰაერის დაბინძურებაზე უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს, რადგან ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

- ბოლო თვეებში მეწყერმა და სხვა სტიქიურმა მოვლენებმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა! ქალბატონო ნინო, რატომ ვერ ხერხდება სახიფათო ზონებში წინასწარი გაფრთხილების სისტემების ამუშავება?

- სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ერთ დღეში მოსული ნალექის რაოდენობა შეიძლება ერთი თვის ნორმას გაუტოლდეს. ჩვენ 54-ათასზე მეტი მეწყრულ-გრავიტაციული კერა გვაქვს, 3 ათასზე მეტი კი - ღვარცოფული. კლიმატის ცვლილების ფონზე ეს პროცესები ძალიან გააქტიურდა. მყინვარის დნობის გამო სარისკო ზონაა ცენტრალური კავკასიონი, სერიოზული პრობლემები გვაქვს მცირე კავკასიონზე, ასევე - აჭარა-თრიალეთის ქედზე, სადაც სერიოზული მეწყრული ზონები ვითარდება. ასეთი ზონა თბილისშიც ბევრია და ახლა მუშაობენ პრევენციის და მონიტორინგის სისტემის აწყობაზე. რატომ არ გვაქვს წინასწარი გაფრთხილების სისტემა? - იმიტომ, რომ პასუხისმგებელი სტრუქტურები აღარ არსებობს. ამ საკითხზე გეოლოგიის დეპარტამენტი გვქონდა, რომელიც გააუქმეს და ახლა სწორედ ამის ნაყოფს ვიმკით: წლების წინ, მარტო დაკვირვების სისტემაზე 3-4 ათასი კაცი მუშაობდა, რაც დღეს 20 კაცამდეა დასული... არც ამ დარგის სპეციალისტები გვყავს და ხალხიც აღარ გვყოფნის. მართალია, სერიოზულად მუშაობენ და ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ ააწყონ წინასწარი გაფრთხილების სისტემა, მაგრამ არ ვიცი, ამხელა პასუხისმგებლობას თავის თავზე ვინ აიღებს - ეს ძალიან დიდი სამუშაოა.

- და ბოლოს, რამდენად საშიშია მეწყრული ზონები, რომელიც თბილისში გვაქვს?

- თავდაპირველად, ვაშლიჯვრის მეწყერი უნდა ვახსენოთ, სადაც თავდაცვითი ღონისძიებები ჩატარდა - ფერდობები გაამაგრეს და პროცესს მუდმივად აკვირდებიან, ვნახოთ, ეს რა შედეგს გამოიღებს. თბილისში წლების განმავლობაში, ათზე მეტი მოძრავი მეწყერი ჩამოყალიბდა. სერიოზული მეწყრული ზონაა ცირკის მოპირდაპირე მხარეს არსებული ტერიტორია, ასევე - მთაწმინდაზე, წყნეთში, გლდანში, კონიაკის დასახლებაში და მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც მეწყრული პროცესები შეუიარაღებელი თვალითაც კარგად მოჩანს. მიუხედავად ამისა, ამ ადგილებში მაინც აშენებენ სახლებს და კორპუსებს, რაც დაუშვებელია. რატომ? - საერთოდ, მეწყრის შეჩერება ძნელია, ეს ძვირადღირებული სამუშაოა, ამიტომ, ყველაზე გონივრული და იოლი გამოსავალია, რომ მდინარის კალაპოტში, ან მეწყრის არეალში დასახლებები არ იყოს - ამას ქართველი სპეციალისტები გამუდმებით ვიმეორებთ, მაგრამ არავინ გვისმენს. როცა გეუბნებიან, რომ ამ ადგილას მშენებლობა არ შეიძლება, ესე იგი, არ შეიძლება! სწორედ ამის გამო დატრიალდა ტრაგედია შოვში, სადაც თავის დროზე, კოტეჯები ყველაზე სახიფათო ადგილას - ბუბას ხეობაში ააშენეს.

თუ გვსურს, რომ ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს, უნდა ვიცოდეთ, რომ ბუნებასთან ბრძოლა არ შეიძლება! - ეს მარტივი ჭეშმარიტება ჩვენმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ და საეჭვო ადგილებში სახლებს არ აშენებდნენ.