“ბუტას გეფიცებით, თუ სააკაშვილს არ დასჯიან, ცხოვრებას არ დავაცდი, თუნდაც მისი ლიკვიდაცია მომიწიოს!”

“ბუტას გეფიცებით, თუ სააკაშვილს არ დასჯიან, ცხოვრებას არ დავაცდი, თუნდაც მისი ლიკვიდაცია მომიწიოს!”

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მაიზერ ლიპარტელიანის შეწყალების შეფასებისას, ბუტას მამა, სოსო რობაქიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტის გამოთხოვებამდე კუდი მოიქნია და ისინი შეიწყალა, ვინც ქილერებად ჰყავდა გაზრდილი. სოსო რობაქიძე სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის და ყველა იმ პირის სამუდამო პატიმრობას ითხოვს, რომლებმაც სიცოცხლეს არაერთი ახალგაზრდა გამოასალმეს:

- ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზეა, ლიპარტელიანისნაირი ადამიანების გასამართლება არ უნდა მომხდარიყო. ფირცხალავა და მისნაირი ადამიანები გასამართლებას იმიტომ ჩქარობდნენ, რომ საყვარელი პრეზიდენტისგან შეწყალება გარანტირებული ჰქონოდათ. მაიზერ ლიპარტელიანიც, რომელიც სააკაშვილის  პირადი ქილერი გახლდათ, ამ სიაში მოხვდა. სხვათა შორის, ამ კაცს, მართლაც, სასაცილო ბრალდება წაუყენეს, რაც ჩვენების შეცვლას გულისხმობდა და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სააკაშვილმა მაიზერ ლიპარტელიანი იმიტომ შეიწყალა, რომ მის ყველა შავ საქმეს ასრულებდა.

- რას გულისხმობთ?

- ბუტას სიკვდილის შემდეგ, ლიპარტელიანი დააწინაურეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის პატრულის უფროსად გადაიყვანეს. სწორედ მაგის ხალხი გვცემა ზუსტად ზუგდიდში მე და ბიძინა გუჯაბიძეს, ნეკნები რომ დაგვიმტვრიეს და ტვინის შერყევა “აგვკიდეს”. მას აქვს ძალიან ბევრი დანაშაული ჩადენილი. რომელი მხრიდან უნდა მივუდგე სამართლიანობის აღდგენას? როცა მაიზერ ლიპარტელიანი არის საზოგადოებისათვის საშიში ადამიანი, ბავშვების მკვლელები გამოდიან ციხიდან. მე 9 წელი ფეხდაფეხ დავდევდი ყველას, ვინც კი რამე იცოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. ლიპარტელიანს ჩემი შვილის მკვლელობას არ ვაბრალებ, მაგრამ პასუხი იმაზე უნდა აგოს, საქმე რომ გააყალბა, მაგრამ სააკაშვილმა თავზე ხელი გადაუსვა. ამ ხალხს კისერზე ბევრი ცოდვა ადევს... ყველა გასვრილია. ამიტომაც, როცა საუბრობენ, ერთმანეთს თვალებში ვერ უყურებენ - ერთს შეუძლია, მეორე ჩაუშვას, მეორემ - მესამე და ა.შ. ლიპარტელიანმაც ჩვენება ამის გამო შეცვალა, თორემ ერთი თვის განმავლობაში ორჯერ ჰქონდა ჩვენებაში ნათქვამი, მკვლელობის ადგილას იარაღი არ იყოო. ვიდეოჩანაწერის გამოჩენის შემდეგ კი, განაცხადა, ახლა გამახსენდა, მანქანაში იარაღი იყოო. მაიზერ ლიპარტელიანი ოცეულის უფროსი იყო, შემთხვევის ადგილზე ათი წუთის შემდეგ მივიდა, 9 წელია, ამ თემაზე მიდის ლაპარაკი და ვიდეოჩანაწერით გახსენება რად უნდოდა?!

- ლიპარტელიანის ადვოკატის, გოგა ონიანის თქმით, თქვენმა ოჯახმა თითქოს იცოდა, რომ ლაპარაკი იარაღის გავარდნაზე იყო...

- მაიზერ ლიპარტელიანის ადვოკატი გიორგი ონიანიც სვანია, მეგობარს იცავს და ისეთ სისულელეებს ბოდავს, რომ თვითონ ვერ ხვდება. ეს კაცი პროფესიონალი ადვოკატი არაა და უკეთესი იქნებოდა, მესტიაში შეშა რომ დაეჩეხა... მაქვს დოკუმენტაცია, სადაც ბაშალეიშვილი აღიარებს, რომ ბუტას დამიზნებით ესროლა!

- ბუტას საქმის ხელახალი გამოძიება რა ეტაპზეა?

- ბუტას საქმის ხელახალი გამოძიება ძალიან სპონტანურად დაიწყეს. სამი საქმე იყო ჩასმული - სანდროსი, ბუტასი და ჟვანიასი. პირველად ბუტას მკვლელობის გამოძიება დაიწყეს. ვიდრე სასამართლო კუბლაშვილის გარეშე არ იქნება, არაფერს ეშველება - სამართლიანობის აღდგენას სწორედ კუბლაშვილის სასამართლო აფერხებს. არ მესმის, რატომ არ აყენებს პარლამენტი მისი იმპიჩმენტის საკითხს და რატომ ეფერება? “სასამართლო კუბლაშვილის გარეშე!” - ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება იყო. მყისიერად შეიძლება, ეკონომიკა ვერ აღდგეს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა მყისიერად უნდა მომხდარიყო, მაგრამ რომელი საქმეა ბოლომდე მისული?

- მართალია, ბევრი საქმე ისევ თაროზეა შემოდებული, მაგრამ მთავარ პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ სამართლიანობა აუცილებლად აღსდგება...

- ყველაზე დიდი დამნაშავე სააკაშვილია. „ოცნების“ მტერი არ ვარ, მაგრამ ჩემთვის „ოცნებაზე“ ფიქრი იქ დამთავრდა, როცა „ნაცმოძრაობა” დამნაშავედ არ გამოცხადდა, ისევ პარლამენტში ზის და სახელმწიფო მშენებლობაში მონაწილეობს. საქართველოს პრეზიდენტი საზღვარგარეთ თავის ქვეყანას ლანძღავს და, მიუხედავად ამისა, აეროპორტში¬ვერ აკავებენ და ეს სამართალია? აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა ქვეყანაში აშშ-ს რომ აგინოს, როგორ გგონიათ, მისი იმპიჩმენტი არ მოხდება? არ გახსოვთ, რისთვის გადააყენეს ნიქსონი და რატომ არბენინეს სასამართლოში კლინტონი? - მათი ცოდვები მიშასთან ვერ მოვა. სააკაშვილს, სხვა თუ არაფერი, ის ეყოფა, ჰარამხანები რომ ჰქონდა გახსნილი. ეს ცნობილი ფაქტია და ჰაერზე არ ვლაპარაკობ.

ყველა შვილმკვდარი მშობელი სააკაშვილმა, თავისი პრეზიდენტობის ბოლოს, კიდევ ერთხელ გაგვამწარა და დაგვცინა. ჩვენ ცხოვრებას სასაფლაოებთან ვატარებთ. არაფრის გამო 19 წლის ხელაწეული ბიჭი დამიხვრიტეს. თავის დროზე საზოგადოებას ხმა ისე რომ ამოეღო, როგორც საჭირო იყო, დღეს 125 ბიჭი არ იქნებოდა დახვრეტილი! როგორ შეიძლება, რომ მიხეილ სააკაშვილის გასამართლების საკითხი არ დადგეს? - მან ქართველ ხალხს გენოციდი მოუწყო! ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ქუჩაში 125 ბიჭი დახვრიტეს და ამაზე პასუხი არავის აგებინეს. ყველაზე მტკივა გული, ვინც რეპრესირებულია, დამიჯერეთ, მხოლოდ ბუტასთვის არ მიბრძოლია! ჩემს მიერ მოძიებული 67 მოკლული ახალგაზრდა შევიდა ცნობილ ფილმში - „ქალაქში მკვლელია“. ყველას ოჯახში ნამყოფი ვარ, ყველას მშობელს შევხვდი და ყველა დეტალი მაქვს შეკრებილი, როდის, სად, რომელ საათზე მოკლეს ესა თუ ის ადამიანი. საერთოდ, მიშა ორუჯრედიანი კაცია, რომელსაც ბევრი ბოროტი საქმე აქვს გაკეთებული და ამის მერე უნდა, თავისუფლად იაროს? ხომ ხედავთ, უკვე რესტორანშიც ვეღარ სადილობს. რაც დაიმსახურა, აუცილებლად მოიმკის!

- თუ სწორად გავიგე, ბატონო სოსო, სააკაშვილს ანგარიშსწორებით ემუქრებით, არა?

- ბუტას მკვლელები რომ დაიჭირონ და დახვრიტონ, ვიდრე “ნაცმოძრაობა” პარლამენტში იქნება და არ გასამართლდება მიხეილ სააკაშვილით დაწყებული გიორგი ღვინიაშვილით დამთავრებული, რომელიც მაშინ ქალაქის პროკურორი იყო, არ ვიტყვი, რომ საქართველოში სამართლიანობა აღსდგა! ვფიცავ ბუტას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ცოცხალია, არ მოვასვენებ! ნახავთ, 2-3 წელში ან დაიჭერენ, ან „ტრუპს“ ნახავენ. მანამ მიწაში წასვლას არ ვაპირებ, სანამ სააკაშვილი საბრალდებო სკამზე არ მოხვდება, არ გავჩერდები! სხვა თუ არაფერი, სააკაშვილი იმიტომ უნდა დააპატიმრონ, რომ თქვა, აფრასიძეების ლიკვიდაციის ბრძანება გავეციო. იმ სვანებსაც რა ვუთხარი, მაგას „აბაროტს“ რომ არ აუღებენ!

კიდევ ერთხელ ვამბობ: თუ სააკაშვილი საბრალდებო სკამზე არ დასვეს, წყნარად ცხოვრებას არ დავაცდი, თუნდაც მისი ლიკვიდაცია მომიწიოს! ჩემს ბუტას ვფიცავ, ამას შეიძლება, რამდენიმე წელი დასჭირდეს, მაგრამ მაინც გავაკეთებ. რაც მითქვამს, ყოველთვის გამიკეთებია და პირობას არც ახლა დავარღვევ!