ამერიკაში სასწავლებლად წასული დეპუტატი მარიამ საჯაია საქართველოში ხელფასთან ერთად სატრანსპორტო მომსახურებისათვის 400 ლარსაც იღებს. საერთო ჯამში კი დეპუტატს ყოველთვიურად 4190 ლარი ერიცხება - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაცია იმითაც ინტერსდება, თუ რატომ არ აყენებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი არასაპატიო გაცდენებისთვის საჯაიასთვის ხელფასის დაქვითვის საკითხს.
მარიამ საჯაია სასწავლებლად ამერიკაში სექტემბერში გაემგზავრა. დეპუტატი ვაშინგტონში ერთწლიანი კურსის გავლას გეგმავს და შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობას ვერ განახორციელებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ამ საკითხზე პარლამენტს ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს მიმართა წერილობით. როგორც აღმოჩნდა, დეპუტატი საჯაია იმ ორი კომიტეტის მიერ, რომლის წევრიც არის, ივლის-ნოემბერში გამართული 35 სხდომიდან მხოლოდ ერთს დაესწრო, თუმცა კუთვნილ ხელფასს მაინც იღებს. გაცდენის მიზეზად დეპუტატი მართლაც ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს, მაგრამ გაუგებარია, უცხო ქვეყანაში სასწავლებლად ყოფნა ამ კატეგორიაში როგორ ხვდება. პარლამენტი დეპუტატს გაცდენის ამ მიზეზს საპატიოდ უთვლის, თუმცა მას სამი არასაპატიო გაცდენა მაინც დაუგროვდა, რაც ხელფასის 10%-ის დაქვითვას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ეს საკითხი დღის წესიგში ჯერ არ დაუყენებია. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ დეპუტატისთვის ყოველთვიურად დარიცხული 4190 ლარიდან, წესისამებრ, 1790 ლარი განკუთვნილია სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო 400 ლარი - სატრანსპორტო მომსახურებისთვის, თუმცა გაუგებარია ქვეყანაში არმყოფ ადამიანს დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებული რა სატრანსპორტო ან სხვა სახის ხარჯი უნდა ჰქონდეს და რატომ უნდა ეძლეოდეს ამისთვის თანხა",-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"- ში მიაჩნიათ, რომ იკვეთება დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ პარლამენტის რეგლამენტის შესაძლო დარღვევის ფაქტი. პარლამენტმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება საჯაიასთვის ხელფასის დაქვითვის კუთხით.
"სასწავლებლად წასვლა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ვერ ჩაითვლება გაცდენის საპატიო (ოჯახური მდგომარეობის გამო) მიზეზად. შესაბამისად, პარლამენტმა ამ საკითხზეც უნდა იმსჯელოს. ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათთვის მინიჭებულ მანდატს და კეთილსინდისიერად აღასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები",-
განმარტავენ ორგანიზაციაში.
31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა წევრები დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ სხდომების სისტემატურად გაცდენის საკითხით დაინტერესდნენ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დეპუტატის მიერ წარმოდგენილ განცხადებებში სხდომების გაცდენის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა სახელდება, თუმცა მათი ინფორმაციით, გაცდენების რეალური მიზეზი მარიამ საჯაიას სასწავლო მიზნით საზღვარგარეთ ყოფნაა.