მთავრობის დადგენილებით, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე 250-ლარიანი გადასახადი 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ამით წისქვილკომბინატების პრობლემა ნახევარი წლით მოიხსნა, მაგრამ ადგილობრივი მოსავლის რეალიზაციას ბოლომდე მაინც ვერ ეშველა. მიზეზი მარცვლეულის დაბალი ფასია.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დადგენილება 2023 წლის 12 ივნისიდან ამოქმედდა და „ძალაშია 2024 წლის 1 სექტემბრამდე“. დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია გადაწყვეტილებით კმაყოფილია, მაგრამ მაინც მეტის მიღწევა სურს. მათი განცხადებით, იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადი იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ფქვილსა და ხორბალზე რუსეთის მიერ დაწესებული მცურავი ფასი არსებობს.
როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა, საიმპორტო გადასახადმა დადებითად იმუშავა, რადგან მის გარეშე საქართველო შესაძლოა, მისულიყო იქამდე, რომ წისქვილკომბინატები გაჩერებულიყვნენ.
„წისქვილკომბინატები და მეხორბლეები იყვნენ არათანაბარ მდგომარეობაში ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ რუსეთმა შემოიღო მცურავი ფასი ხორბალზე და იგივე გადასახადი ფქვილზე. გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთი გეოგრაფიულად ახლო მეზობელია და იქიდან მოდის ხორბალიც და ფქვილიც, შესაბამისად, ამ პირობებმა გამოიწვია ის, რომ ფქვილის სასარგებლოდ მივიღეთ გადაწყვეტილება. ამან გამოიწვია ის, რომ 2023 წლის ივნისში ფქვილის ყოველი მე-5 პარტია რუსეთიდან შემოდიოდა საქართველოში, რაც იყო ძალიან მძიმე პრობლემა. ეს პრობლემა რომ გაგრძელებულიყო, შეიძლება მივსულიყავით იქამდე, რომ წისქვილკომბინატებსაც ვერ ემუშავათ და ხორბლის ჩაბარებაც ვერ მომხდარიყო.
დადგენილების მიხედვით გადასახადი გრძელდება სექტემბრის თვემდე. რაც შეეხება ასოციაციის პოზიციას, დადგენილება უნდა გაგრძელდეს, სანამ იარსებებს მცურავი ფასი ხორბალზე, რომელსაც აბალანსებს ფქვილის საიმპორტო მოსაკრებელი. თუ მანამდე მოიხსნა მცურავი ფასი, უნდა მოიხსნას ფქვილის საიმპორტო ფასიც“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისი შეფასებით, იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებამ დადებითად იმუშავა და სექტორში სტაბილურობა შეინიშნება. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ის, რომ პურის ფასიც დასტაბილურდა.
„დადგენილებამ სერიოზულად იმუშავა და დღეს ბაზარზე არის სტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე, დადგენილების გახანგრძლივება აგრძელებს ამ სტაბილურ მდგომარეობას, მათ შორის, ფერმერებისთვის ივნისის მოსავლის ჩაბარების კუთხით, წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობისთვის. დღეს პურის ფასი სტაბილურია და არაფერი ემუქრება“, - განაცხადა სილაგავამ.
განსხვავებული პოზიცია აქვს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძეს. იგი გამოსავალს მაინც სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაში ხედავს, რაც ადგილობრივი მარცვლეულის ფასის სტიმულირებას მოახდენს.
„ფქვილი მეზობელი ქვეყნებიდან მაინც საკმაო რაოდენობით შემოდის და სათანადო ზომები თუ არ მიიღეს, იმპორტი ისევ გაიზრდება. მოსაკრებელი დიდად ვერ იცავს. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ჩვენმა ფერმერებმა რა ხორბალიც მოიყვანეს, იმასაც ვერ ყიდიან. ფასი 0,55 ლარი იყო და ისიც შემცირდა, 2 კვირის წინ წინ 0,50 ლარი გახდა. მეორე წელია, თვითღირებულებას ვერ მივუახლოვდით. მოსავლის რაოდენობამ 2022 წელს და 2023 წელსაც 150 000 ტონა შეადგინა. ფართობები გაიზარდა, მაგრამ მოსავლიანობა ქვეყნის მასშტაბით დაბალი იყო“, - განაცხადა ბენიაიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებას გასულ წელს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები ითხოვდნენ. ისინი მიზეზად რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადს ასახელებდნენ, რაც მათი აზრით, კონკურენციის არათანაბარ პირობებს ქმნიდა.