„სააკაშვილის უნდა ეშინოდეს „ლელოს,“ რადგან ხაზარაძე იყო მიშას ხაზინადარი - გახარიასაც უნდა ჰქონდეს სააკაშვილის შიში“

„სააკაშვილის უნდა ეშინოდეს „ლელოს,“ რადგან ხაზარაძე იყო მიშას ხაზინადარი - გახარიასაც უნდა ჰქონდეს სააკაშვილის შიში“

ამნისტიის პროექტს, რომელიც „გირჩმა“ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ამნისტია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება, ოპოზიციური პარტიების ნაწილი აქტიურად განიხილავენ მის შესაძლო ამნისტირებას, რასაც უშუალოდ „გირჩის“ წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ ლიდერები მტკიცედ უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლების დღის წესრიგში საყოველთაო ამნისტიის აქტის მიღება არ დგას.

„მიხეილ სააკაშვილი ისეთი მუხლით არის გასამართლებული, რომელ მუხლზეც ამნისტიის გავრცელება სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევად აღიქმება - ასეთი კატეგორიის მუხლებთან დაკავშირებით ამნისტიის გამოყენება არ შეიძლება! მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული!“ - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტზე საუბრისას განაცხადა, რომ „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ. თაკო ჩარკვიანის თქმით, გაუგებარია, რატომაა ამნისტიის წინააღმდეგი „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში ექსპრეზიდენტის შესაძლო ამნისტირებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მმართველ პოლიტიკურ პარტიას კონკრეტული გეგმა აუცილებლად ექნება, რაც სააკაშვილის საქართველოდან დეპორტაციას გულისხმობს.

„ეს ინიციატივა ძირითადად მიმართული იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც „გირჩის“ ინტერესებში შედიოდნენ, როგორც მისი ელექტორალური რესურსი. საუბარია იმ ხალხზე, რომლებიც მცირე დოზის ნარკოტიკის მოხმარებაზეა დაკავებული. თუ სააკაშვილი ციხიდან გამოვა, ის შეეცდება პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთოს, მაგრამ რამდენად მოახერხებს ამას, ეს მეორე საკითხია. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისთვის საქართველოს მოქალაქეობა არავის აღუდგენია და არც ამის ნიშნები იკვეთება. შესაბამისად, მას კანონით არ აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში ან პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თუ დავუშვებთ, რომ მას ამნისტია შეეხო და გათავისუფლდა, ხელისუფლება ყველაფერს იღონებს მოახდინოს ქვეყნიდან მისი დეპორტაცია, თუნდაც უკრაინაში. ხელისუფლებას, ალბათ, მოფიქრებული ექნება ვარიანტები, თუ ასეთი მოცემულობა დადგა“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, ოპოზიციის ნაწილის ინტერესებში არ არის მიხეილ სააკაშვილის გამოშვება.

„სააკაშვილი, რა თქმა უნდა, კონკურენტი იქნება სხვა ოპოზიციური ლიდერების და მისი გარეთ გამოსვლა არც გახარიას უნდა აწყობდეს, არც ხაზარაძეს. ერთადერთი, ვისაც შეიძლება აწყობდეს, ეს არის „ქართული ოცნება,“ რომელიც ამით მოახდეს საკუთარი ამომრჩევლის უფრო მეტ მობილიზებას. თუმცა, არარეალისტურად მეჩვენება ის სცენარი, რომ სააკაშვილი გარეთ გამოვიდეს და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაებას. ხელისუფლება მას ამის საშუალებას არ მისცემს“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის შიში ხაზარაძეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რადგან სააკაშვილის მიერ შექმნილი რეჟიმის მონაწილე თავადაც იყო.

„მიხეილ სააკაშვილს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან ის მოქმედებს ისეთ მუხლებზე და დანაშაულებებზე, რომლებიც შედარებით მსუბუქია. ყველას კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის დანაშაულებები. მან ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი. ამნისტია რომც შეეხოს, მას ისეთი ბრალდებები აქვს კიდევ წაყენებული, რაზეც სასამართლოს ჯერჯერობით განაჩენი არ გამოუტანია.

სააკაშვილის ნამდვილად უნდა ეშინოდეს იმ პარტიას, რომელსაც ჰქვია „ლელო“, რადგან ხაზარაძე იყო მიშას ხაზინადარი. იმ უკანონი წართმევას, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა, ხაზარაძე აფორმებდა. სააკაშვილმა თუ მოაღო პირი, ხაზარაძეც ვერ დარჩება სასჯელის გარეშე. რაც შეეხება გახარიას, მასაც უნდა ჰქონდეს სააკაშვილის შიში, რადგან მას არაერთხელ წამოაძახეს „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომ „თქვენ ჩვენთან თანამშრომლობთ“. ქართველებს გვაქვს ასეთი ანდაზა „ეშმაკი ჩიტი ორივე ფეხებით გაება მახეში“, - ასეთ სიტუაციაშია გახარია“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის აქტი ვრცელდება პირებზე, რომლებსაც თავისუფლების უვადოდ აღკვეთა აქვთ მისჯილი. მათ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებათ თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით. აღნიშნულ ვადას უკვე მოხდილი წლები გამოაკლდება. ამავე პროექტით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც „სისხლის სამართლის კოდექსის“ 273/1-ე და 265-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. გარდა ამისა, სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, სამოხელეო და ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული დანაშაული. ¼-ით შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს.