რუსეთმა ბენზინის ექსპორტი ისევ შეზღუდა. საქართველოს იგივე ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, როგორიც 2023 წლის შემოდგომაზე, თუმცა ამჯერად ადგილობრივ ბაზარზე არანაირი შეშფოთება არ შეინიშნება. ეს გზა ერთხელ უკვე გავლილია, ამიტომ იმპორტიორებმა უკვე იციან როგორ იმოქმედონ. რაც შეეხება ფასს, ბენზინი ნამდვილად გაძვირდება, მაგრამ არა ისე, როგორც ამ 5 თვის წინათ.
გაზაფხულსა და ზაფხულში საწვავზე მოთხოვნის ზრდის დარეგულირების მიზნით, რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალავს. შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, მონღოლეთსა და უზბეკეთს. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს.
რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა დროებითი შეზღუდვის მიზეზებიც განმარტა და განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტისათვის“.
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მეზობელი ქვეყნის მხრიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა საქართველოში ბენზინის გაძვირებას გამოიწვევს. ასეთი შემთხვევას უკვე ჰქონდა ადგილი გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში. თუმცა, ამჟამად ვითარება ნაკლებად დრამატულია და საწვავის ფასიც დიდად არ მოიმატებს.
„სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ მაშინ ადგილობრივმა ნავთობიმპორტიორებმა გადაწყობა სხვა ბაზრებზე მარტივად შეძლეს.
„ვფიქრობ, დღეისათვის, როცა ეს პროცესი ერთხელ უკვე გავლილი გვაქვს, გადაწყობა მოხდება და რუსეთი სხვა ქვეყნებით ჩანაცვლდება. აქედან გამომდინარე დიდი პრობლემა არ უნდა წარმოიშვას. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლითაც შესაძლოა ჩანაცვლება - ესენია ბულგარეთი, რუმინეთი, თურქმენეთი, საიდანაც საწვავის მიღება იქნება შესაძლებელი“, - ამბობს იაკობიძე.
ნავთობიმპორტიორი განმარტავს, რომ მათ რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მომწოდებლების მხრიდან ამ დროისთვის არ აქვთ, თუმცა აკრძალვის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოში საწვავი 10-20 თეთრით გაძვირდება. იმპორტიორების ფასების დაკორექტირებას აკრძალვიდან დაახლოებით 10 დღეში დაიწყებენ.
„რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზრიდან საწვავის შემოტანა, სხვა ბაზრებთან შედარებით, შეღავათიან ფასად ხდება. გარდა ამისა, ფასის ფორმირება დამატებით ფაქტორებზეა დამოკიდებული როგორიცაა საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების ცვლილება და ასევე იმაზე, რამდენად მყარი იქნება საქართველოში ლარის კურსი. თუ ეს ორი ფაქტორი არ შეიცვლება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ბენზინი 10-20 თეთრით გაძვირდება“, - აღნიშნა ზაალ იაკობიძემ.
დაახლოებით იგივე პოზიციას იზიარებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილიც, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს უკვე ჰქონდა მსგავსი გამოცდილება და ქვეყანას საწვავის იმპორტი ბევრი ქვეყნიდან შეუძლია. ამიტომ განსაკუთრებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
„რუსეთიდან საწვავის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა საქართველოზეც იგივე გავლენას მოახდენს, რაც ყველა სხვა ქვეყანაზე. გახსოვთ, რომ შარშანაც გააკეთა მიშუსტინმა ანალოგიური და თან პოლიტიკური განცხადებაც მოაყოლა, რომ თუ ვინმეს სურს იაფი რუსული საწვავი, ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს.
ჩვენ ასეთი გამოცდილება გვაქვს და მას შემდეგ, რაც შემოდგომაზე რუსეთმა ასეთი აკრძალვა დააწესა, ძალიან სწრაფად დავიწყეთ საწვავის ევროპული ქვეყნებიდან შემოტანა. არ შექმნილა დეფიციტი და არც არასდროს შეიქმნება. ამიტომ ჩვენს ბაზარს საფრთხე არ ემუქრება.
ფასები შეიძლება ცოტათი, უმნიშვნელოდ შეიცვალოს, თუმცა ამაზე ზუსტად ვერ ვისაუბრებთ, რადგან არ ვიცით, რა იქნება შესასყიდი ღირებულება. მთავარია ის, რომ რუსეთის აკრძალვა ქვეყანაში საწვავის დეფიციტს ვერ შექმნის“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს საწვავის იმპორტი შეუძლია რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან.
აქამდე საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები რუსეთიდან შემოდიოდა. ამას ცხადყოფს, როგორც წლიური, ისე 2024 წლის იანვრის ოფიციალური სტატისტიკაც.
მიმდინარე წლის იანვარში საქართველომ 80.3 მლნ დოლარის ღირებულების 98 944 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. იმპორტირებული პროდუქციის 46.1% სწორედ რუსულ ნავთობზე მოდიოდა.