მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ პროფკავშირების საკანონმდებლო ინიციატივას ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. მისი კანონად ქცევის შემთხვევაში მინიმალური ანაზღაურების ზღვარი დღევანდელი 20 ლარიდან ერთბაშად 740 ლარამდე მოიმატებს, თანაც იგი საშუალო მაჩვენებელზე მიბმული იქნება. შესაბამისად, სამომავლოდ რაიმე ფიქსირებული ნიშნული არ განისაზღვრება.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკანონმდებლო წინადადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს იმ დათქმით, რომ მანამდე მოხდეს მისი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე გატანა და განხილვა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ითვალისწინებს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით. 2022 წლის მონაცემებით, 40% შეადგენდა 636 ლარს, როცა საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი ქვეყანაში 260 ლარით ნაკლები იყო. 2023 წელს კი საქართველოში საშუალო ხელფასი 1855 ლარამდე გაიზარდა, რომლის 40%-ს 742 ლარი შეადგენს.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის შეფასებით, ქვეყანაში მინიმალური ხელფასის შემოღება სამუშაო ადგილების შემცირებას და ინფლაციას არ გამოიწვევს. მისივე ინფორმაციით, 12 555 ადამიანს ხელფასი 100-ლარზე ნაკლები აქვს.
„მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების ინიციატივა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, რომელიც სიღარიბის ზღვარზეა. 100-ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს 12 555 ადამიანს. 277 ფიზიკური პირი ფლობს იგივე შემოსავალს, რასაც 300 ათასი მოქალაქე. ბაზრის თავისუფლებამ, დერეგულაციამ ვერაფერი სასიკეთო ვერ გააკეთა და 2004 წლიდან 2024 წლამდე სიღარიბის მაჩვენებელი მხოლოდ 1,9%-ით არის შემცირებული.
მინიმალური ხელფასი არის 20 ლარი და რაც არ უნდა იძახონ, რომ ეს არის სიმბოლური და 20 ლარად ვერავის დაიქირავებ - დიახ, ეს ასეა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად, ბიუჯეტის ძარცვა, ბიუჯეტისთვის თანხის არ გადახდა იმიტომ, რომ მე შემიძლია კონვერტით გადაგიხადოთ ხელფასი, თუმცა რეალურად, რასაც კანონი მთხოვს, იმდენი დაგიწეროთ და იმის შესაბამისი საგადასახადო გადავიხადო. ამას დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს?! ჩვენ ვითხოვთ საშუალო ხელფასის 40%-ის დაწესებას, რაც დღეს 720 ლარი გამოდის“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი აზრით, დღევანდელ ბიზნესს არანაირი პრობლემა არ აქვს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, რასაც გარკვეულწილად ეთანხმება „მაგემეს“ დამფუძნებელი ქეთი დოლიძე. მას მიაჩნია, რომ მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესება კარგი ინიციატივაა და ამას ცუდი არაფერი მოჰყვება. თუ ბიზნესს უნდა კვალიფიციური კადრი ჰყავდეს, მას ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა ჰქონდეს.
„თუ გინდა, რომ გუნდში გყავდეს კვალიფიციური კადრი, მას შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, ამიტომ მე მგონია, რომ ლოგიკურია და ცუდი არ არის, თუკი ხელფასის მინიმალური ზღვარი დაწესდება. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში კვალიფიციური კადრის პოვნა ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე დადგენილი ზღვარი. სულ არარსებობას სჯობს, ეს ფორმულა იყოს“, - აღნიშნა დოლიძემ.
არსებობს დიამეტრალურად საპირისპირო პოზიცია. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ივა ჭყონიას ვარაუდით, მინიმალური სახელფასო ზღვრის დამტკიცებამ შესაძლოა, მცირე ბიზნესი დააზარალოს ან სრულიად გააქროს ბაზრიდან.
„ეს არასწორია, რადგან ბაზარი თვითონ განსაზღვრავს სახელფასო პოლიტიკას. დემოკრატიულ სახელმწიფოში და თავისუფალ ეკონომიკაში მინიმალური და მაქსიმალური ზღვარის დამტკიცება ან დაწესება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. უმჯობესია ბაზარმა ყველაფერი თვითონ დაარეგულიროს.
საბოლოო ჯამში, თუ ამის აუცილებლობა დადგა, ვფიქრობ, მცირე ბიზნესი დაზარალდება, სადაც სახელფასო განაკვეთები დაბალია, თუმცა ბევრი ლავირების საშუალებაცაა. მცირე კომპანიები არსებობის შესანარჩუნებლად ალტერნატიულ გზებს გამონახავენ. რაც შეეხება საშუალო და მსხვილ ბიზნესს, ისინი მოახერხებენ თავი გაართვან მსგავს პოლიტიკას. ვფიქრობ, რაც მეტი თავისუფლება ექნება ბიზნესს, მით უფრო მეტი წინსვლა გვექნება ქვეყანაში“, - განაცხადა ჭყონიამ.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ცალსახა შეფასება - თუ რა გავლენა ექნება აღნიშნულ ინიციატივას დასაქმების მაჩვენებლებზე, რთული სათქმელი, თუმცა მინიმალური ხელფასის ზრდა მცირედით, მაგრამ მაინც შეამცირებს სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანების წილს. „აისეტის“ კვლევითი ცენტრის მაკროეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელი დავით კეშელავა ამბობს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა გამორიცხულია, რადგან ღარიბი ადამიანების ძირითადი ნაწილი ან საერთოდ არ არის დასაქმებული, ან თვითდასაქმებულია.
„ჩვენ გვაქვს კვლევა, რომელიც გვიჩვენებს მინიმალური ხელფასის სხვადასხვა დონით განსაზღვრის პირობებში რამდენით შეიძლება შეიცვალოს სიღარიბის მაჩვენებლები. ეს კვლევა აჩვენებს, რომ თუ მინიმალური ხელფასი განისაზღვრება, მაგალითად, 250 ლარის ოდენობით, ეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილს დაახლოებით 0.2%-ით შეამცირებს. თუ მაგალითად მინიმალური ხელფასი იქნება 350 ლარი, თითქმის 1%-ით შემცირდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი.
ის, რომ სიღარიბის მაჩვენებლებზე ამას ძალიან დიდი გავლენა არ აქვს, იმით არის განპირობებული, რომ ღარიბი ადამიანების ძირითადი ნაწილი ან საერთოდ არ არის დასაქმებული, ან თვითდასაქმებულია, შესაბამისად, ეს ინიციატივა მოსახლეობის ამ ნაწილს შედარებით ნაკლებად შეეხება“, - აღნიშნა კეშელავამ.
საქართველოში ოფიციალური მინიმალური ხელფასი 1999 წელს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით განისაზღვრა და ის დღესაც 20 ლარს შეადგენს.