უშიშროების ექსმინისტრის სკანდალური აღიარება

უშიშროების ექსმინისტრის სკანდალური აღიარება

"ალიას" ერთ-ერთ წინა ნომერში გამოქვეყნდა ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივნის, თამაზ ბაკურიძის ინტერვიუ, სადაც ის, როგორც პროცესების შემსწრე, ადასტურებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით თევზაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ვარდების რევოლუციის" სცენარი მთლიანად დაიწერა რუსეთში. რა ხდებოდა იმ პერიოდში? რა მოვლენები ვითარდებოდა სახელისუფლო კულუარებში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსაყვანად?

"ალიას" უშიროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია ესაუბრება:

- ბატონო ვალერი, როგორც გავიგე, თქვენ არ ეთანხმებით ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივნის, თამაზ ბაკურიძის მოსაზრებებს, "ვარდების რევოლუციასთან" დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ "ალიაში" და ასევე არ ეთანხმებით თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით თევზაძეს, რომელმაც მანამდე სკანდალური განცხადება გააკეთა.
- მე წავიკითხე თამაზ ბაკურიძის ინტერვიუ და ვიცი, რა განცხადება გააკეთა დავით თევზაძემაც. მე ასე თუ ისე, ჩახედული ვიყავი ამ მოვლენებში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს იყო შიდა პროცესები და გარედან ახდენდნენ მხოლოდ ზეგავლენას. ის, რომ რაღაცა პროექტი მოსკოვში დაიწერა ან ვაშინგტონში ვინმემ ხელი მოაწერა, ეს სიცრუეა. თამაზ ბაკურიძე ნატანჯი კაცია, ციხეშიც იჯდა, არ მინდა მას ემოციურად ვუპასუხო, მაგრამ ცდება, როდესაც აბმობს, თითქოს ყველაფერი რუსეთში დაიგეგმა, თურმე, ამ ყველაფერში მონაწილეობდა ასლან აბაშიძე... ასეთი განცხადებებით ყველა ჩემს ბოსტანში ისვრის კენჭს და მიანიშნებენ, თითქოს უშიშროების მაშინდელი მინისტრი მხართეძოზე იყო წამოწოლილი და არაფერი არ იცოდა, მე ძალიან კარგად ვიცოდი, რა ხდებოდა და ვფლობდი სიტუაციას, მაგრამ მოვლენებს ვერ ვმართავდი. მოდით, ჯერ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, მე არ ვიყავი პოლიტიკური პოლიცია და არ მქონდა არანაირი ვლადებულება, რომ პოლიტიკური პროცესები მემართა. დაშვებული იქნა მთელი რიგი შეცდომები და ყველაფერი ამისი შედეგი იყო.

- ერთ-ერთ ინტერვიუში მომიყევით, როგორ დადიოდით თქვენ და ლადო ჭანტურია სამეულთან მოლაპარაკებებზე. ახლა მინდა გკითხოთ, ამ მოლაპარაკებების დროს გრძნობდით რაიმე გარე ზეწოლას?
- გარე ძალების ზემოქმედება იგრძნობოდა მხოლოდ ერთი მიმართულებით. უცხოელებმა შევარდნაძის მიმართ დაიჭირეს აბსოლუტურად უარყოფითი პოზიცია და ამან მოახდინა დიდი გავლენა შევარდნაძის გადადგომაზე. რუსები ცდილობდნენ საქმის კურსში ყოფილიყვნენ, ამიტომ ჩამოვიდა ივანოვი, მაგრამ ბოლომდე ვერ გაერკვნენ სიტუაციაში, ვერ მოასწრეს. დანარჩენი იმართებოდა შიგნიდან.

- მაშინ, ჩვენ რატომ ვლაპარაკობთ ხშირად იმაზე, რომ სააკაშვილი ამერიკული პროექტი იყო?
- ამერიკამ დაუჭირა მხარი შემდგომში აქტიურად. მოდით, გავამარტივოთ სიტუაცია... შევარდნაძეს ამერიკელები სთხოვდნენ ერთი ამოცანის შესრულებას, მას უთხრეს, შენს ქვეყანაში კორუფციის დონე ძალიან მაღალია, ეს იწვევს განვითარების დამუხრუჭებას და იქნებ, რაღაც კამპანია მაინც წამოიწყო კორუფციასთან საბრძოლველადო... შევარდნაძეს ამის მცდელობები ჰქონდა. 1998 წელს ნუგზარ საჯაია ამერიკელებმა გაგზავნეს ჰონკონგში, ეს მოხდა მათი დაფინანსებით. საჯაიას უნდა შეესწავლა ამ ქვეყნის გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ალბათ, გახსოვთ, იქ სპეციალური სამსახური შეიქმნა ინგლისელების მიერ, მათ პრინციპში ჰონკონგში დაამარცხეს კორუფცია. საჯაიამ რაღაც მონახაზები ჩამოიტანა, მაშინ მე უშიშროების საბჭოში ვმუშაობდი და გადაწყდა შეგვემუშავებინა კანონპროექტი. ამ მიზნით იმავე ამერიკელებმა შემდგომში მეც გამაგზავნეს ჰონკონგში, ათი დღით ვიყავი, შევისწავლე მათი პრაქტიკა და ამერიკელ პროკურორ პიტერ სპრანგთან ერთად მოვამზადე კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა თედო ნინიძემ გაიტანა პარლამენტის სხდომაზე. წარმოიდგინეთ, მთავრობამ მოიწონა, შევარდნაძეს სურვილი ჰქონდა, მაგრამ მან ბოლომდე არ მიაყოლა ხელი. ამას მოჰყვა სასტიკი რეაქცია "მოქკავშირიდან", კერძოდ, ახალგაზრდული ფრთიდან და მიხეილ სააკაშვილისგან. მან პარლამენტში, ჩვეული დემაგოგიითა და უარგუმენტოდ "გააცამტვერა" ეს პროექტი და ჩააგდო. ამის შემდეგ სააკაშვილი ხდება იუსტიციის მინისტრი, გამოდის, რაღაც სურათებს აფრიალებს კორუფციასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში შევარდნაძე თვითონაც ვერ გაერკვა სიტუაციაში, ვერ გაიგო, რასთან ჰქონდა საქმე და ახლა რასაც მე ვიტყვი, ისიც მოყვა რამდენიმეჯერ, მაგრამ არასწორად; როდესაც ჟვანია მიხვდა, რომ "მოქკავშირი" კრიზისში შედიოდა, მან დაიწყო ახალი პიარსქემების ძებნა, რაღაც ახალის შემოტანა უნდოდა პოლიტიკაში. ამ თვალსაზრისით, მას ჰყავდა პიარჯგუფი დაქირავებული, სადაც იყვნენ რუსულენოვანი ამერიკელები, ერთობლივი ფირმა იყო რუსულ-ამერიკული. ამ პიარჯგუფის ოფისი გატეხეს და მოიპარეს კომპიუტერი. შემდგომში ეს ყველაფერი ზურაბ ჟვანიამ დააბრალა კახა თარგამაძეს. ამის გამო მათ შორის უფრო დაიძაბა სიტუაცია, რაც დამთავრდა იმით, რომ გადადგა ჟვანია და გადაიყოლა თარგამაძე. ალბათ, გახსოვთ, ჟვანიამ თქვა, იმ პირობით წავალ თანამდებობიდან, თუ კახა თარგამაძე გადადგებაო... ამ ყველაფერს წინ უძღოდა "რუსთავი 2"-ის ოფისში უშიშროების შესვლა. იმ კოპიუტერში იყო ასეთი სქემა: ზურაბ ჟვანიას უნდა გაემახვილებინა ყურადღება იმაზე, რომ ქვეყანაში არის კორუფცია, აეფრიალებინა ჩინოვნიკთა ქონების ფოტოსურათები და ამ ბრალდებით უნდა გასულიყო სახელისუფლებო სტრუქტურიდან. შექმნიდა ახალ პოლიტიკურ ძალას და დაიწყებდა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ზუსტად იგივე გაიმეორა სააკაშვილმა, როცა მას მიეცა შანსი. ის იყო 9 თვე იუსტიციის მინისტრი, კარგად იხუნტრუცა, სამინისტროს წინ დააყენა საპატიო ყარაული, სამინისტროში ყოველდღე გაშლილი იყო სუფრები ჟურნალისტებისთვის, გაყიდეს ჯართი, ამით საკმაოდ დიდი ფული იშოვეს.

მოკლედ, რაც ჟვანიას ჰქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი სააკაშვილმა განახორციელა, თავად ჟვანიამ ამ სქემით სარგებლობა ვერ გაბედა. ვერავინ ვერ იტყვის, ეს სქემა ამერიკელებმა შეიმუშავეს, ან რუსებმა. ეს კერძო პიარჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში, შეისწავლეს მდგომარეობა და აქედან გამოიტანეს დასკვნა. კიდევ ვიმეორებ, ეს იყო შიდა პროცესების ნაყოფი. პიარჯგუფის რეკომენდაციებში ზუსტად იყო გაწერილი, როგორ უნდა მოქცეულიყო ჟვანია, მაგრამ ვიმეორებ, ეს ყველაფერი გამოიყენა სააკაშვილმა, რასაც ხელი შეუწყო შევარდნაძის შეცდომებმა...

- კონკრეტულად რა შეცდომები დაუშვა შევარდნაძემ?
- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევარდნაძემ სააკაშვილს არ დაუთმო პარლამენტში 6 ადგილი, 36-ის ნაცვლად მისცა 30 მანდატი და ეს ყველაფერი ამან გამოიწვია, ეს იყო ბოლო წერტილი. შევარდნაძეს რომ მისთვის მიეცა 6 ადგილი და ფორმალურად მიენიჭებინა პირველი ადგილი, ამ შემთხვევაში ხელისუფლება აგროვებდა დაახლოებით 86 მანდატს, ასლან აბაშიძეს თავის მაჟორიტარებიანად ჰქონდა 40 მანდატი და სააკაშვილს გამოსდიოდა 36 მანდატი, მან ვერც ერთი მაჟორიტარი ვერ გაიყვანა და მხოლოდ პროპორციული სისტემით ჰქონდა პირველი ადგილი. ამის შემდეგ დაიწყო იწილო-ბიწილო ამ 6 მანდატთან დაკავშირებით, "აღორძინება" და "მოქკავშირი" ამ მანდატების გარეშე საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აგროვებდნენ, არადა, შევარდნაძეს უნდოდა ჰქონოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამ დროს ასლან აბაშიძემ ძალიან დიდი ციფრი გადმოაგდო, აჭარაში იმდენი მოსახლეობა არ იყო, რამდენსაც არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინა, ამან გამოიწვია ის, რომ სააკაშვილს დაეწია პროცენტული მაჩვენებელი და მას ნაცვლად 36-ისა, გამოსდიოდა 30 მანდატი. ამის შემდეგ წავიდა ვაჭრობა, მიდიოდა მოლაპარაკებები, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ მოლაპარაკებების საქმის კურსში არ იყო, იქ რაღაც ხმებს ითვლიდნენ და 22 დღე მოუნდნენ შედეგების გამოცხადებას. ამ დროს სააკაშვილი აყენებდა პირობას, - კი ბატონო, პირველ-მეორე ადგილზე გამიყვანეთ "მოქალაქეთა კავშირთან" ერთად, მაგრამ ჩემი მოთხოვნაა, ჟვანია არ შემოუშვათ პარლამენტშიო. თქვენ წარმოიდგინეთ, იყო ასეთი მოლაპარაკებაც, სადაც მონაწილეობდნენ ავთო ჯორბენაძე და თავად მიხეილ სააკაშვილი. იყო სხვა მცდელობაც, მაგალითად, ვაჟა ლორთქიფანიძეს "ახალი მემარჯვენეების" შემოყვანა უნდოდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის გაჭიანურებამ, აქეთ მოლაპარაკებებმა გამოიწვია ის, რომ ყველამ დაიწყო ფიქრი საკუთარი თავის გადარჩენაზე.

დავით თევზაძე ახლა იძახის, იმ პერიოდში შევარდნაძეს ვერ ვხვდებოდიო. რას ჰქვია, ვერ ხვდებოდა, ჩემთან ხომ ჰქონდა კონტაქტი? ეთქვა ჩემთვის, ასეთი ზარი განხორციელდა მოსკოვიდანო და ვეტყოდი, რა არასერიოზულობასთანაც გვქონდა საქმე. არ არის გამორიცხული, ვიღაც საშუალო დონის ჩინოვნიკმა თავისივე დონის ჩინოვნიკს დაურეკა საქართველოში და რაღაც უთხრა, ეს ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა საქართველოს შიდა პროცესებზე. ეს რომ ჩემთვის ეთქვა, მე მქონდა კონტაქტები მოსკოვში და უცებ გავარკვევდი, რა ხდებოდა. დავით თევზაძემ ეს ყველაფერი დღეს, ალბათ, სენსაციის გამო გამოაგდო და კარგად აღარ დაფიქრდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა. ახლა მე მივმართავ, - შე კაი დედმამიშვილო, თუ ასეთი ინფორმაცია გქონდა, თავის დროზე გეთქვა ჩემთვის, თუ მე არ მენდობოდი, მაშინ გეთქვა შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, თუ არც მას ენდობოდი, მაშინ იმასაც ვიტყვი, რომ 2003 წლის 23 ნოემბერს ჩემს თვალწინ შეხვდი შევარდნაძეს, ეს იყო მის გადადგომამდე და ყურში მაინც ჩაგეჩურჩულებინა?.. ახლა ასეთი განცხადებები და თამაზ ბაკურიძის საკუთარი "ლოგიკური" აზრები, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, - აი, ჩვენც გამოვჩნდით და ვფლობთ სენსაციურ ინფორმაციებსო. მაშინ ყველა ასე ყურადღებით რომ ყოფილიყო და ყველას თავისი საქმე ეკეთებინა, ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდით.

- ბატონო ვალერი, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სულ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ავთო ჯორბენაძემ უღალატა შევარდნაძეს. ეს სიმართლეა თუ უბრალოდ, სიტუაციამ განაპირობა?
- ავთო ჯორბენაძე... ისევ პოლიტჟარგონს ვიხმარ, ეთამაშებოდა მიხეილ სააკაშვილს და თითქოს, ცდილობდა მის განეიტრალებას. რაღაც ცუდი სიტუაცია შეიქმნა, ავთო ჯორბენაძე მიმაგრებული იყო სააკაშვილზე, გარკვეული თვალსაზრისით მე მქონდა ურთიერთობა "რუსთავი 2"-თან, რადგან ვთვლიდი, ამ ტელევიზიის "განეიტრალება" მნიშვნელოვანი საქმე იყო. მოდით, ნუ დავმალავთ, "რუსთავი 2"-მა იმ პერიოდში ძალიან დიდი როლი ითამაშა, შიდა პოლიტიკური პროცესების შექმნაში მიუძღვის ლომის წილი. ეს არის დაახლოებით 50 პროცენტი. სულხან პაპაშვილს ჟვანიასთან ჰქონდა ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ შორის არ არსებობდა კოორდინაცია. ავთო ჯორბენაძე ჩვენ გულახდლად არ გვეუბნებოდა იმ მოლაპარაკებების შესახებ, რასაც ის აწარმოებდა სააკაშვილთან. აქ მთავარი ის არის, რომ მაშინ შევარდნაძემ უარი განაცხადა ამ მოლაპარაკებების კოორდინაციაზე, ჩვენ მიგვყარა და თვითონ არ უნდოდა არაფერში ჩარევა. ეს იყო მისი ტაქტიკა, თუ საქმე კარგად წავიდოდა გამოვიდოდა და იტყოდა, ძალიან კარგად მოვიქეცითო, თუ საქმე გაუფუჭდებოდა, ყველაფერს ჩვენ დაგვაბრალებდა.

- ესე იგი, შევარდნაძე გაექცა პასუხისმგებლობას?
- ასე გამოდის და ამიტომაც აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში ავთო ჯორბენაძე. მაგათ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა და კერძოდ, ეროსი კიწმარიშვილი, გადააგდეს. მაშინ ეროსის ჰპირდებოდნენ, რომ მისცემდნენ "ოერტე"-ს სიხშირეს და "რუსთავი 2" გავიდოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიწმარიშვილის პირობა იყო ასეთი, - ის არჩევნების დროს დაიკავებდა ნეიტრალურ პოზიციას და ამის სანაცვლოდ, გარდა სიხშირისა, ითხოვდა მილიონ-ნახევარ დოლარს ვალების დასაფარად. ამაზე შევარდნაძემ თანხმობა მისცა, მაგრამ მერე ეროსი ჩვეულებრივად გადააგდეს. ეს ადამიანიც ადგა და მთელი თავისი მექანიზმი მიმართა ხელისუფლების წინააღმდეგ. იმ დროს "რუსთავი 2"-მა "ბრწყინვალედ" იმუშავა და შექმნა ის ფონი, რაც შემდეგ გადაიზარდა რევოლუციაში. ვიმეორებ, ეს მოლაპარაკებები იყო არაკოორდინირებული, დაიწყო ვაჭრობა და ძალიან ცუდი ფორმა მიიღო. ჯერ კიდევ ვერ ვამბობ ყველაფერს, ალბათ, მაგის დროც დადგება.

დავუბრუნდეთ კორუფციასთან ბრძოლის თემას. შევარდნაძეს ამერიკელები სთხოვდნენ რამდენიმე მინისტრის "თავი მაინც გაეგორებინა" სამაგალითოდ. ეს უნდა მოხმდარიყო კორუფციის ბრალდებით, ამის შემდეგ დასავლეთი დაგვიჭერდა მხარს. მაგალითად, მე მქონდა მცდელობა, ფაქტობრივად, ოპერატიული საქმე ძალიან კარგად ავაწყვე, ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე უკვე უნდა დაგვეჭირა, მაგრამ პროკურატურამ ინფორმაცია გაყიდა და ეს მინისტრის მოადგილე, რომელსაც ერთ-ერთ შეხვედრაზე თანხა უნდა აეღო, არ გამოცხადდა. ესე იგი რა გამოდის?.. პროკურატურა თავისთვის იყო, არაფერს აღარ ვამბობ მტრობაზე უშიშროების სამინისტროს მიმართ, ასევე უშიშროების სამინისტრო თავისთვის იყო, თუ მტერი არ ვიყავი ვინმესი, ასე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროც და ა.შ. მოკლედ, შევარდნაძემ მინისტრების თავები ვერ დააგორა და მე ადრეც გითხარით, კაბინეტში მეჯდა-მეთქი ამერიკელი რეზიდენტი, რომლისგანაც ვგრძნობდი ზიზღს პირადად შევარდნაძისადმი, ჩემდამი და საერთოდ, ხელისუფლებისადმი. ის აშკარად გამოხატავდა სიმპათიებს განდგომილი ჩინოვნიკების ბურჯანაძის, ჟვანიასა და სააკაშვილის მიმართ. უნდა გითხრათ, რომ მაშინ ბურჯანაძე უფრო ფავორში იყო, თითქმის, ამერიკის საელჩო მასზე დებდა ფსონს.

- ამბობენ, რომ მაგ პერიოდში სააკაშვილმა ჟვანიასა და ბურჯანაძეს ულტიმატუმი წაუყენა, - თუ მე არ გავხდები პრეზიდენტი, ყველაფერს ჩავშლიო...
- არ ვიცი, რა ულტიმატუმი წაუყენა თავის თანამებრძოლებს, მაგრამ მან შეძლო მიეთვისებინა რევოლუციის ყველა სახის შედეგი, ამ ადამიანს ამის უნარი გააჩნია. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, - ბურჯანაძე და ჟვანია, ფაქტობრივად, არჩევნებს გარეთ იყვნენ დარჩენილები. თუ გახსოვთ, მაშინ ერთად იყვნენ, ვერ გადალახეს ბარიერი, ამიტომ სააკაშვილი მართალი იყო მაგათთან. ფაქტობრივად, პოლიტიკური თვალსაზრისით მან გაიყოლა ეს ორი ადამიანი, ისინი ისევ აღმოჩნდნენ ზედა ეშელონებში. მეტსაც გეტყვით, ჟვანია არჩევნების შემდეგ იყო საშინელ აპათიაში, ჩალაგებული ჰქონდა ჩემოდნები და მიდიოდა ამერიკაში. ის შემოატრიალა ეროსი კიწმარიშვილმა. პირველი საპროტესტო გამოსვლა ბურჯანაძე-ჟვანიამ მოაწყვეს ფილარმონიაში, ამ მომენტში სააკაშვილი გაჩუმებული იყო, ის ელოდებოდა არჩევნების შედეგებს, თუ მას 36 ადგილს მისცემდნენ, იტყოდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ასე დატოვებდა ბურჯანაძესაც და ჟვანიასაც ბორტსგარეთ. ეროსი კიწმარიშვილმა უთხრა ჟვანიას, - ახლა რაღაც მომენტი დგება, მე მგონი სააკაშვილი ვერ მიაღწევს ხელისუფლებასთან გარიგებას და კარგი იქნება, თუ ამ ადამიანს გავიხდით ტორპედოდ, ის შეასკდება ხელისუფლებას და ამ მომენტში ჩვენ მშრალზე გამოვძვრებითო. თუ გახსოვთ, დასაწყისში ჟვანიამ დაიწყო პროცესი, თორემ სააკაშვილი დადუმებული იჯდა.

- შედმგომში სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ს ვალები ჩამოაწერა. შევარდნაძემ ამ ვალის დაფარვაზე მისცა თანხმობა?
- კი, ეს სწორედ ის თანხაა. აქვე უნდა ვთქვა, რომ იმ პერიოდში ძალიან ცუდი როლი ითამაშა მეორე წამყვანი ტელევიზიის მეპატრონემ...

- ბადრი პატარკაციშვილზეა ლაპარაკი?
- დიახ, მაშინ ცხონებული ბადრი პატარკაშვილი ჩართული იყო ამ პროცესებში, მან დაუშვა შეცდომა, როცა შევარდნაძეს უთხრა, - მოდი, ეროსი კიწმარიშვილი ფინანსურად გავანადგუროთ, ამის ბერკეტები გამაჩნიაო. ეს ბერკეტები კი გახლდათ ის, რომ ბადრი ყველა ბანკს შეუთანხმდა, კიწმარიშვილს სესხი არ მისცეთო.

- როგორც ვიცი, ეროსი კიწმარიშვილი ასლან აბაშიძეს სთხოვდა ფულს და რაღაც თანხა მიიღო კიდეც...
- ეროსი ფულს სთხოვდა ყველას, მე პირადად მაქვს ნანახი დოკუმენტი შევარდნაძის რეზოლუციით, სადაც ეწერა, - ამ ეტაპზე დავეხმაროთ "რუსთავი 2"-ს, მივცეთ "ოერტე"-ს სიხშირეო, ამ დახმარებაში იგულისხმებოდა მილიონ-ნახევარი დოლარის გადავადება, ან საერთოდ განეიტრალება. იმ ჩინოვნიკებმა, რომლებსაც მილიონები ჰქონდათ ნაშოვნი, სააკაშვილის მოსვლის შემდეგ სულ პანტაპუნტით მიიტანეს მასთან ფული. არადა, მათ "მოქალაქეთა კაშვირის" საარჩევნო კამპანიაც კი არ დააფინანსეს. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ მაშინ თანხების გარეშე ჩაატარა საარჩევნო კამპანია, ლოკომოტივის სტადიონზე ხალხი ვერ მიიყვანეს.

- საინტერესოა, კონკრეტულად ვინ გადააგდო და რატომ, ეროსი კიწმარიშვილი...
- ბადრი პატარკაციშვილმა გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო "ოერტე"-ს სიხშირე და ფინანსურად გაენადგურებინა "რუსთავი 2", მე ვთვლი, რომ ეს იყო ბადრის დიდი შეცდომა. ბადრი იყო ვაჟა ლორთქიფანიძის პირდაპირი ლობისტი, რომელიც მოიაზრებოდა პარლამენტის მომავალ თავმჯდომარედ. მათ ვერ გათვალეს, როგორი იყო ძალთა გადანაწილება. სხვათა შორის, ბადრის ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა ჟვანიასთანაც, მას ეხმარებოდა. მეტიც, ჩემი ინფორმაციით, ცოტა სააკაშვილსაც დაეხმარა. პატარკაციშვილი კაზინოს პრინციპით თამაშობდა, მას "ზეროზეც" კი დადებული ჰქონდა და სამწუხაროდ, ამ დროს, ყველაფერი წააგო.