"როდესაც პოსტზე დაინიშნა, ვერაფერი გააკეთა" - რას გადააყოლეს მთავარი პროკურორი?

გენერალური პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადადგომამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუმცა, ბოლო დროს მისი უწყების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება მართლაც თვალშისაცემი იყო. ექსპერტი მამუკა არეშიძე პროკურატურაში არსებულ აქამდე უცნობ პრობლემებზე საუბრობს.

- ითქვა, ამ გადაწყვეტილების საფუძველი ის იყო, რომ კოალიციაში არჩილ კბილაშვილს, როგორც სუსტ პროკურორს, ისე აფასებდნენო...

- მისცეს საშუალება, ძლიერი რომ ყოფილიყო?!. კი, ობიექტურად შემიძლია ვთქვა, რომ ის ბუნებით მორიდებული ადამიანია, განსაკუთრებით მთავარი პროკურორის თანამდებობისთვის. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, კბილაშვილი ისეთ ჩარჩოში ჩასვეს, გაქანების საშუალება არც ჰქონდა.

- რომელ ჩარჩოზეა ლაპარაკი?

- კოჰაბიტაციის ჩარჩოზე. თუმცა, შესაძლოა, ასეთ ჩარჩოშიც კი, სხვა უფრო მოქნილი და აგრესიული ყოფილიყო, ყოფილმა გენპროკურორმა კი მხოლოდ ერთხელ გამოაჩინა ბრჭყალები, როდესაც ბედუკაძის საქმეზე ივანიშვილის პოზიციისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო... არჩილს შეეძლო, უფრო აგრესიული ყოფილიყო, მაგრამ სიმშვიდე არჩია. გარდა ამისა, ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილიც მისი მუშაობით მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო. ეს მან ჩვენთან, ექსპერტებთან შეხვედრის დროსაც გაგვიმხილა და ეს აზრი დაახლოებით ასე იყო ფორმულირებული, - პროკურატურას კბილაშვილი ხელმძღვანელობს, მაგრამ ზოგიერთ დავალებას ლაშა ნაცვლიშვილი ასრულებსო. ეს არაჯანსაღი მიდგომაა, რადგან ყველა საკვანძო დავალებას კბილაშვილი უნდა ასრულებდეს. იმიტომ, რომ ის არის ამ უწყების ხელმძღვანელი. ასეა თუ ისე, კბილაშვილის წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან სახელისუფლებო წრეებში არსებული განწყობა ამის საფუძველს იძლეოდა.

- რამდენად სავარაუდოა, რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურებას გადააყოლეს?

- შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ კბილაშვილს თავის განცხადებაში უწერია, რომ მისი და ივანიშვილის ხედვები პროკურატურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსხვავდება. ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რაც აქამდე არავისთვის მითქვამს, როდესაც არჩილ კბილაშვილი დაინიშნა, იმავე დღეს, საღაც შუადღისთვის, ”ქართული ოცნების” ოფისის დერეფანში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ვკითხე, რას შვები აჩიკო-მეთქი, - მითხრა, მამუკა, აი შენ ნახავ, როგორ საცერში გავატარებ ყველა იმ პროკურორს, რომელიც 2005 წლიდან 2012 ჩათვლით მუშაობდაო. ასეთი განწყობა ჰქონდა, მაგრამ როდესაც ამ პოსტზე დაიწყო მუშაობა, ვერაფერი გააკეთა.

- როგორ ფიქრობთ, ვინ შეცვლის არჩილ კბილაშვილს?.. რამდენიმე ადამიანი სახელდება - კახა კახიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი...

- პერსონალიებზე აზრის გამოთქმა რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, ისეთი ადამიანი უნდა დაინიშნოს, ვინც პრემიერს ათქმევინებს, რომ პროკურატურას ხელმძღვანელობს პეტრე და ყველაფერს ის პეტრე აკეთებს... ასეთი ადამიანები ქართულ იურიდიულ სივრცეში ნამდვილად არიან. მაგალითად, ასეთი ადამიანია კახიშვილიც. ის არის ადამიანი, რომელიც სამართლიანობისთვის ხმალამოღებული იბრძვის, ჰოდა თუ იბრძვის, თვითონ აღადგინოს სამართლიანობა. მიუხედავად იმისა, რომ კოაბიტაციის რეჟიმში მოუწევს მუშაობა... ისე კი, შანსი ყველას აქვს, კახისაც, ლაშასაც, ზაქარიასაც და ეკა ბესელიასაც კი.

- ფიქრობთ, ყველა მათგანი შეძლებს მთავარ პროკურორობას? მაგალითად, ეკა ბესელია?

- ზუსტად ეკა ბესელიასნაირი პერსონა სჭირდება ახლა პროკურატურას, ქვას ქვაზე რომ არ დატოვებს. შესაძლოა, ისიც მოაქციონ კოაბიტაციის ჩარჩოში, მაგრამ ქვის ქვაზე არ დატოვებას მაინც შეძლებს.

- ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი საზოგადოებას პირდებოდა, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ, კოაბიტაცია დასრულდებოდა...

- დიახ, მარგველაშვილი ამბობდა და დასრულდა კიდეც, ოღონდ ”ევროპული გაგებით”, ”ქართული გაგებით” კი - ისევ გრძელდება. ქართულად ამ პროცესის დასრულება ავტომატურად სამართლიაობის აღდგენას ნიშნავს. სხვათა შორის, არჩილ კბილაშვილის ერთ-ერთი სერიოზული შეცდომად იმას მივიჩნევ, რომ მან რიგითი პროკურორების დონეზეც კი სიტუაცია ვერ შეცვალა... ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პროფესია დეგრადირებული ყოფილიყო, ახლა ჩვენ გვყავს დეგრადირებული პროკურორები, რომელთაც პროკურორობა მოსამართლემდე ამბის მიტანაღა ჰქონიათ...