დღეს ახალი პოლიტიკური კითხვა ხდება თანდათან აქტუალური - ვინ იქნება თბილისის ახალი მერი? თვითმმართველობის არჩევნებამდე ლამის ერთი წლით ადრე, სოციალურ ქსელებში უკვე აქტიურად დაიწყო მსჯელობა უფუნქციოდ დარჩენილი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე, კერძოდ - გამოიყენებს თუ არა სააკაშვილი თბილისის მერის ტრიბუნას მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკაში დასარჩენად.
რამაზ საყვარელიძე: "სააკაშვილისგან არაფერი გამიკვირდება, ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ თბილისის მერის არჩევნებში იყაროს კენჭი".
ნიკა ჩიტაძე, ექსპერტი: "თბილისის მერის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა თეორიულად შესაძლებელია. თანაც ის პრეზიდენტობამდე წელიწად-ნახევარი საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ამ თანამდებობით სერიოზული პოლიტიკური ქულები დაიწერა. თუმცა არსებობს მეორე საკითხი: თბილისი ყოველთვის იყო "ნაციონალური მოძრაობის" სუსტი წერტილი.
ვფიქრობ, თბილისის მერობის კანდიდატად "ნაციონალები" ისევ გიგი უგულავას წარადგენენ. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი არ დათანხმდება ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას.
სავარაუდოდ, სამთავრობო გუნდი თავის კანდიდატად დაასახელებს თბილისის საკრებულოს რომელიმე წევრს "ქართული ოცნებიდან", ან შესაძლოა ეს სულაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია იყოს, რადგან მან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში რაღაც გამოცდილება მიიღო და ამ მხრივ გარკვეული წონა შეიძინა.
იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი: "მიხეილ სააკაშვილის მერის არჩევნებში მონაწილეობას არც მე გამოვრიცხავ, რადგან მან განაცხადა, რომ ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკაში დარჩენას აპირებს, თუმცა, ვფიქრობ, ასეთ რისკზე არ წავა. სააკაშვილს ძალიან აშინებს პოლიტიკაში ისევ არჩევნების გზით შემოსვლა, მით უმეტეს, რომ თბილისში არჩევნების მოგება მისთვის განსაკუთრებით მძიმე იქნება. ვფიქრობ, ის პოლიტიკაში დაბრუნებას პარლამენტის გზით გადაწყვეტს. მერობის კანდიდატად კი "ნაციონალები" უფრო სხვა კატეგორიის ფიგურას წარადგენენ. შესაძლოა ეს დავით ბაქრაძე იყოს, ან სხვა რომელიმე მისი მსგავსი კანდიდატი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა და მერის არჩევნებში მონაწილეობას თუ გადაწყვეტს, ალბათ - დამოუკიდებელ კანდიდატად. იმის გათვალისწინებით, რომ "ნაციონალები" საზოგადოების ოპოზიციურ
შიმშილს ვერ აკმაყოფილებენ, სალომე ზურაბიშვილს გარკვეული შანსები ექნება.
ვაჟა ბერიძე, პოლიტოლოგი: "ქართული ოცნების" კანდიდატზე მსჯელობა ძალიან რთულია, მის ვინაობას ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ვფიქრობ, დავით ბაქრაძის ან სააკაშვილის დასახელება მათთვის მომგებიანი ვერ იქნება - სააკაშვილის მიმართ ხალხის განწყობა ცნობილია, ბაქრაძემ კი საპრეზიდენტო არჩევნებზეც წააგო თბილისში.