საქართველოს მომავალი პრეზიდენტის – გიორგი მარგველაშვილის მიერ დაანონსებული „კოჰაბიტაციის დასასრული“, როგორც ჩანს, ის დაპირებაა, რომელსაც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ შესრულებულთა სიაში ჩაიწერს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ „კოჰაბიტაციაზე განაწყენებულთა“ უკმაყოფილება ახსენა დღეს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადამდგარმა არჩილ კბილაშვილმა ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას, ხოლო კოალიციის წევრებმა, რომლებიც კბილაშვილის „კოჰაბიტაციისადმი მიდრეკილებას“ აქამდე ალბათ, „გულში იკლავდნენ“, დღეს ერთმანეთის მიყოლებით არ დაინდეს აწ უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი და ღიად გაკიცხეს კბილაშვილი „ზედმეტად ადვოკატური ბუნების“, „სიმკაცრის დეფიციტის“ და „სამართლიანობის აღდგენის“ ნელი ტემპის გამო.
თავად კბილაშვილი, როგორც ირკვევა, ასევე უკმაყოფილო იყო ტემპით, მაგრამ არა „სამართლიანობის აღდგენის“, არამედ რეფორმების. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მმართველ გუნდში რეფორმები და „სამართლიანობის აღდგენა“ ურთიერთსაპირისპირო თუ არა, შეუთავსებელ მიზნებად მიაჩნიათ და, შესაბამისად, იმას, რომ კოალიციაში „სამართლიანობის აღდგენა“ ზუსტად ისევე ესმით, როგორც ადამიანებს, რომლებიც უკვე ახალი შს მინისტრისა და მომავალი პრემიერის – ირაკლი ღარიბაშვილის ხელში მყოფმა პოლიციამ არაერთხელ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე თავდასხმების გამო დააკავა, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუმცა უკვე დღეს კოალიციის არაერთი წევრის მხრიდან ღიად გამოითქვა იმედი იმისა, რომ ახალი გენერალური პროკურორი ბევრად უფრო მკაცრი და გაბედული იქნება „სამართლიანობის აღდგენაში“.
დასახელდა რამდენიმე სავარაუდო კანდიდატიც, მათ შორის – მთავარი პროკურორის ამჟამინდელი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილიც, რომელიც, როგორც მან თავადაც და პრემიერმა ივანიშვილმაც აღიარეს, „როგორც გამოცდილი კადრი, ხშირად ეხმარებოდა ადვოკატის გამოცდილების მქონე კბილაშვილს გადაწყვეტილებების მიღებაში“. კულუარულად დასახელებული კიდევ ერთი კანდიდატი პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი კახა კახიშვილია. მასთან საუბარი, ბუნებრივია, სწორედ ამასთან დაკავშირებული კითხვით დავიწყეთ.
– ბატონო კახა, არაოფიციალურად მთავარი პროკურორის პოსტზე არჩილ კბილაშვილის ერთ–ერთ სავარაუდო შემცვლელად დაგასახელეს. თუ გქონიათ შესაბამისი შემოთავაზება და საუბარი ამ თემაზე?
– არანაირი შემოთავაზება და შეხვედრა კოალიციის ხელმძღვანელობასთან, ან სხვა უმაღლკესი თანამდებობის პირებთან არ მქონია.
– და თუ მიიღებთ მსგავს წინადადებას?
– არჩილმა განცხადება მხოლოდ დღეს გააკეთა და ეხლა ამ თემაზე საუბარი უკიდურესად არაკორექტულად მიმაჩნია.
– საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, მალე ახალი პრემიერ-მინისტრიც გვეყოლება. როგორ ფიქრობთ, რა ახალი პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას მმართველი გუნდი და რამდენად შეძლებს დაკისრებული მოვალეობისთვის თავის გართმევას?
– ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად და მომავალ პრემიერ-მინისტრად ისეთი კადრები შეარჩია, რომლებიც წარსულში კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერები ან აქტივისტები არ იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პირველი პირები, მომავალში მკვეთრად პოლიტიზირებულები და გადაწყვეტილების მიღებისას რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ორენტირებულები არ იქნებიან. ეს, ერთი შეხედვით, კარგია, მაგრამ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სულ სხვა რეალობის წინაშე დავდგებით. დღეს კოალიციას გადაწყვეტილების მიმღები გარანტირებული პირი ჰყავს ბიძინა ივანიშვილის სახით. კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ კოალიციას ეყოლება რამდენიმე ლიდერი და ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე ლიდერის პირობებში გადაწყვეტილების მიღების პრობლემა დაუდგება.
– ბატონო კახა, ამჟამად მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ თუ არა ახალი პრემიერ–მინისტრის პირობებში მნიშვნელოვან სახელისუფლებო ცვლილებებს?
– ხელისუფლება რომ ერთპარტიული იყოს, მაშინ პრემიერ-მინისტრის მხრიდან მოსალოდნელი იქნებოდა საკადრო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ როდესაც მინსიტრთა კაბინეტში მოქმედი მინისტრების უკან გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები და მათი ინტერესები დგას, ასეთ მრავალპარტიულ კოლექციაში ძალიან რთულია გარკვეული საკადრო ცვლილების განხორციელება. ერთი მინისტრის გადაყენებას შესეძლოა, პოლიტიკური პროცესების გამწვავება მოჰყვეს კოალიციაში, ამიტომაც ირაკლი ღარიბაშვილი ამ საკითხთან მიმართებაში ფრთხილი იქნება.
– ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველ ეტაპზე მის მიერვე დატოვებულ მინისტრებს კონსულტაციას გაუწევს. ხომ არ არის ეს იმის მანიშნებელი, რომ ქვეყნის არაფორმალურ ლიდერად ისევ ის დარჩება, ან მნიშვნელოვან გავლენას მაინც იქონიებს ხელისუფლების მუშაობაზე?
– ბიძინა ივანიშვილს, ბევრისგან განსხვავებით, გავლენა და ავტორიტეტი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ მოუპოვებია. მისი ავტორიტეტი საქართველოში იგრძნობოდა შევარდნაძის მთავრობის დროსაც. მასთან აუდიენციას პატივად თვლიდა „ერთიანი ნაციონალური მორაობის“ თავმჯდომარე მიშა სააკაშვილიც. მან ეს ავტორიტეტი შეინარჩუნა პოლიტიკაშიც და არც პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დაკარგავს. როგორც მიხეილ სააკაშვილს აქვს და ექნება გავლენა „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ასევე ბიძინა ივანიშვილსაც ექნება გარკვეული გავლენა ხელისუფლებაზე და ეს არცაა გასაკვირი.
– ბატონო კახა, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ტელემიმართვა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებას მისი აქტიურობისგან დაასვენებდა. თქვენი აზრით, როდის უნდა ველოდოთ მიხეილ სააკაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და რამდენად შეძლებს ის სამომავლოდ პოზიციების გამყარებას?
– თუ მიხეილ სააკაშვილის საქმე არ იქნება შესწავლილი შესაბამისი ორგანოების მხრიდან და საზოგადოებას არ ეცოდინება, რა ბერკეტებით მართავდა ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, ის აქტიურად გააგრძელებს თავის მიღვაწეობას. მიხეილ სააკაშვილი არის ნიჭიერი პოლიტ-ტექნოლოგი და მეტ-ნაკლებად თავის თავს დაამკვიდრებს პოლიტიკურ სინამდვილეში. შესაძლოა, ეს მოხდეს ერთი წლის შემდეგ, მაგრამ მოხდება.
– ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ თუ არა მიხეილ სააკაშვილის პასუხისებლობის საკითხის დაყენებას?
– მიხეილ სააკაშვილს დანაშაული რომ დაუმტკიცონ, ამისთვის უნდა დამდგარიყო კონკრეტული შემსრულებლების პასუხისგებლობის საკითხი, რომელთა ჩვენებების საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებლობის საკითხის დაყენებაც. ვინაიდან ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ეს ვერ გააკეთა და ვერ გამოკვეთა სისტემური დანაშაულის ნიშნები, ხოლო ჯგუფი, რომელმაც დანაშაულები ჩაიდინა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში თავისუფლბაზე ვიხილოთ, ვფიქრობ, რამდენჯერმე პროკურატურამ შესაძლოა, დაკითხოს კიდეც სააკაშვილი, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ ხალხის დასანახად, – აი, პრეზიდენტი დაკითხვაზე დავიბარეთო, თუმცა სამართლებრივი შედეგი არ დადგება.
– რიგი დასავლელი ლიდერები ამჟამინდელ ხელისუფლებას სააკაშვილის გასამართლებას არ ურჩევენ და აცხადებენ, რომ ეს საქართველოსთვის დემოკრატიის თვალსაზრისით საზიანო იქნება...
– ქვეყნისთვის დემოკრატიული თვალსაზრისით ზიანის მიყენება მოსალოდნელი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა ქვეყანაში შერჩევითი სამართალი დამკვიდრდება. როცა ძეხვის და ქათმის ქურდს პასუხისგებაში აძლევ და მილიონების ქურდების მიმართ კითხვებსაც კი არ სვამ, მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერები ან წევრები იყვნენ, ეს პირდაპირ მიანიშნებს შერჩევით მართლმსაჯულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალებს ქვეყანას დემოკრატიის თვალსაზრისით. არც ერთ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ ერიდება თანამდებობის პირთა გასამართლებას, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს.
– შს და თავდაცვის ექს–მინისტრ ბაჩო ახალაიასთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანას საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს. პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი უახლოეს მომავალში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასა და პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას არ გამორიცხავს...
– სამწუხაროდ, პროკურატურამ ვერ გამოკვეთა სისტემური დანაშაულის ნიშნები. ხსენებული რამდენიმე მაღალჩინოსანი არის პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ მათი საქმეები გამამართებელი განაჩენით სრულდება. თუ ასე გაგრძელდება, ისინი ალბათ, მალე მართლაც ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესებში და ამჯერად – გისოსებს აქედან, თუმცა ციხეში ყოფნის პერიოდშიც აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში და გარკეული გავლენა აქვთ მხარდამჭერებსა და საზოგადოებაზეც.
– სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დიდი ადგილია ახალი ოპოზიციური ძალისთვის“. რამდენადაა დღეს საზოგადოების მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ ძალაზე და მოსალოდნელია თუ არა მისი გამოჩენა?
– საზოგადოება სამ სეგმენტად გაიყო: „ნაციონალური მოძრაობის“ მოტივირებული ამომრჩეველი, რომელიც ყველა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი იქნება, „ქართული ოცნების“ ამორჩეველი, რომელიც ასევე ნებისმიერ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს და კატეგორია, რომელიც არასდროს გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ვინაიდან თავის დროზე იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მაგრამ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო რჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა, რადგანაც „ქართული ოცნების“ ზოგიერთი გადაწყვეტილება არ მოეწონა. ეს უკანასკნელი ის კატეგორიაა, რომელმაც არც ერთ ზემოთხსენებულ პოლიტიკურ ძალას არ დაუჭირა მხარი, თუმცა ნინო ბურჯანაძემაც ვერ მიიზიდა მათი ხმები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად, თან ძალიან მალე პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდება ახალი პოლიტიკური პარტია ან კოალიცია, რომელიც დაიწყებს იმ ელექტორატთან მუშაობას, რომელმაც ღია მხარდაჭერა არც ერთ წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტაის არ გამოუცხადა.
– არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ასპარეზზე უნდა გამოჩნდეს, ნინო ბურჯანაძეზე მკვეთრად გამოხატული პრო–რუსული ორიენტაცის მატარებელი იქნება და მისი დასაყრდენი ის 10%-იანი ელექტორატი აღმოჩნდება, რომელმაც 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერი იყო?
– პრო-რუსული ძალა საქართველოში ძალიან პირობითია. მე თუ მკითხავთ, საქართველოში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტად პრო-რუსული ძალა არც ერთი არ იყო. მათი მხოლოდ „ნატო-ნატოს!“ ძახილი არ ნიშნავდა იმას, რომ მაინცდამაინც პრო-ევროპულები იყვნენ, ვინაიდან მთლიანობაში მათი მმართველობის სტილი არ აჩენდა ევროპულობას. ის სარგებელი, რაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს მისცა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და ხელისუფლებას არ მიუცია. უბრალოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე კარგად ააგო პიარ-კამპანია ოპონენტების წინააღმდეგ და ვიღაცას პრო-რუსულის იარლიყი მიაწება, ვიღაცას – რადიკალური ოპოზიციის, ვიღაცას კი – მასთან ასოცირებულ პოლიტიკური ძალის.
– მოძარაობა „ეროვნულების“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკურ გარიგებაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ „მან ის მილიონი ლარი აინაზღაურა, რომელიც წინასაარჩვენო პერიოდში დახარჯა და თავისი პოლიტიკური ორგანიზაცია კვალიფიციურ სუბიექტად აქცია“... თვლით თუ არა, რომ ნინო ბურჯანაძემ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკურ თამაშში მიიღო მონაწილეობა.
– არ მივიჩნევ, რომ ნინო ბურჯანაძე რაიმე სახის გარიგებაზე წავიდა. მან დააფიქსირა 10%-იანი შედეგი იმ პირობებში, როდესაც მისი მმართველობის ქვეშ არ იყო არც ერთი გუბერნატორი, ადგილობრივი თვითთმართველობები და საარჩევნო ადმნისტრაციაში კომისიის წევრიც კი არ ჰყავდა. ეს შედეგი სერიოზულ მიღწევად შეიძლება, ჩაითვალოს. მან ამ შედეგით დაუსაბუთა ხელისუფლებას, რომ ის არის პოლიტიკური ძალა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
– ბატონო კახა, რამდენად აქტუალურად და კანონზომიერად მიიჩნევთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეას?
– ნინო ბურჯანაძე რომ მეორე ადგილზე გასულიყო, ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ძალიან მალე დადგებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა, მაგრამ არსებულ რეალობაში, როცა მეორე ადგილს „ნაციონალური მორაობა“ იკავებს, გაჭირდება დასაბუთება იმისა, თუ რატომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მით უმეტეს, როდესაც ეს არჩევნები არც „ქართულ ოცენებას“ აწყობს და არც „ნაციონალურ მორაობას“. -