„მანდატებისთვის მიდის ბრძოლა და გაერთიანებასაც სწორედ ეს უშლის ხელს - პარტიამ, რომელმაც საეჭვოა 5%-იანი ბარიერი დაძლიოს, საერთოდ არ უნდა იყაროს კენჭი ამ არჩევნებში“

„მანდატებისთვის მიდის ბრძოლა და გაერთიანებასაც სწორედ ეს უშლის ხელს - პარტიამ, რომელმაც საეჭვოა 5%-იანი ბარიერი დაძლიოს, საერთოდ არ უნდა იყაროს კენჭი ამ არჩევნებში“

ბოლო პერიოდში, უფრო მეტად აქტიურდება საუბარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ, რაც თავის მხრივ შეამცირებს ოპოზიციური ხმების გაყოფის შესაძლებლობას და გაზრდის მის გამარჯვების შანსს. თუმცა, ოპოზიციურ სპექტრში მსგავსი კონსენსუსის მიღწევა ამ დრომდე ვერ შედგა, რაც გარკვეულ ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა შეფასებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან რაც მეტი პარტია იყრის კენჭს არჩევნებში, მით მეტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსიც.

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი, ნინო ლომჯარია თვლის, რომ ამომრჩეველს ბიულეტენში ბევრი არჩევანი არ უნდა დახვდეს, რადგან ეს ოპოზიციურ ხმებს გაფანტავს. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება დიდი ხანია არსებობს, თუმცა, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების რაიმე კონტურები ამ დროისთვის არ იკვეთება. ექსპერტთა ნაწილი ამის მიზეზად ძალაუფლების ხელში ჩაგდების და სადეპუტატო მანდატების მოპოვების დიდი სურვილით ხსნიან.

ნინო ლომჯარიას თქმით, არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრების გამსხვილების ნაცვლად ახალი პარტიების შექმნას არ უნდა ვხედავდეთ.

„რაღაც ტიპის დაჯგუფებით უნდა დასრულდეს პოლიტიკურ სპექტრში შექმნილი გაუგებრობა. პირდაპირ ვერავის ვერ ვეტყვი ვინ სად წავიდეს, ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ ჩაატარონ კვლევები, შეხედონ ამ სურათს ამომრჩევლის თვალით. უკვე მალე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილებები იმიტომ, რომ ბევრი დრო არ დარჩა და ამომრჩეველს ბიულეტენში არ უნდა დახვდეს ბევრი არჩევანი იმიტომ, რომ ეს ხმებს გაფანტავს“, -  განაცხადა ლომჯარიამ ერთ-ერთ გადაცემაში.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილი სახალხო დამცველის სიტყვას ფასი არ აქვს, რადგან ის საზოგადოებაში დიდი ნდობით არ სარგებლობს.

„ნინო ლომჯარია, როგორც ჩანს, გადამეტებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მიაჩნია, რომ დანარჩენ პარტიებს მენტორული ტონით რჩევები უნდა მისცეს. რას წარმოადგენს ნინო ლომჯარია, საზოგადოების მაღალი ნდობით ან რეიტინგით სარგებლობს?! - ის არის დასავლურ გრანტებზე გამოზრდილი ადამიანი, რომლის მიმართაც არავითარი ნდობა და პატივისცემა არ გააჩნიათ, მისი ვიწრო წრის გარდა. შესაბამისად, მის სიტყვას და მოსაზრებას არ მგონია რაიმე ფასი ჰქონდეს. ვერც ლომჯარია და ვერც სხვები, ასე, ხელოვნურად ვერ განსაზღვრავენ, რამდენი პარტიის სახელი დახვდება ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენში“, - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციური სპექტრის შესაძლო გაერთიანებას, მისი შეფასებით, ამის პერსპექტივა დღეს არ არსებობს.

„ოპოზიცია ძირითად დროს ატარებს ერთმანეთთან კინკლაობასა და პაექტობაში. დღეს ოპოზიციის ფლანგზე ვერ ვხედავ რაიმე სერიოზული გაერთიანების ჩამოყალიბების პერსპექტივას. ეს პერსეპქიტა შეიძლება გაჩნდეს 1-2 თვეში, როდესაც ოპოზიციური პარტიები უფრო მკაფიოდ გაიაზრებენ მდგომარეობას და რაღაც კომპრომისებზე წავლენ, თუმცა ეს ჯერჯერობით არ იკვეთება. ოპოზიურ ფლანგზე არის სრული გაურკვევლობა. ოპოზიციური პარტიები თითქოს რაღაც მომენტს ელოდებიან და წინასწარ არ უნდათ თავიანთი საბოლოო გადაწყვეტილების გამხელა. ელოდებიან, რომ სხვა, რომელიმე პარტია წამოვა კომპრომისზე და ითხოვს გაერთიანებას. არ უნდათ, რომ თვითონ გამოჩნდნენ მთხოვნელის როლში.

ასევე, ვხედავთ სალომე ზურაბიშვილის მცდელობას, რომელიც დიპლომატიურად ცდილობს, რომ მისი პერსონის ირგვლივ მოხდეს რაღაც გარკვეული პროდასავლური ხმების კონსოლიდაცია, რაც ცალკე პრობლემაა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიცია დეპუტატის მანდატების მოპოვებაზეა ორიენტირებული. მისი შეფასებით, ოპოზიციურ სპექტრს არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები და სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული ოპოზიციური პარტიები გაერთიანდებიან, მათი შანსები გაიზრდება.

„რთული სათქმელია, ჯერჯერობით, რადგან ყველა თავის თამაშს თამაშობს. ამომრჩეველთა 3 დიდი ჯგუფია: „ნაციონალური მოძრაობა,“ „ქართული ოცნება“ და ე.წ. შუაშისტები, - აქ უნდა მოხდეს კონცენტრირება. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მელია, რომელიც ახალ პარტიას ქმნის, არავინ იცის, ვინ იქნება მასთან, მაგრამ მელია, ძირითადად, ხმებს გაუყოფს „ნაციონალურ მოძრაობას.“ იქნება „შუაშისტური“ ხმები, თუმცა, მიზერული რაოდენობით. თუ მელია გაერთიანდება ხოშტარია-ჯაფარიძესთან, საკმაოდ ძლიერი ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება იმაზე მეტი ხმა წაართვას, ვიდრე 50%-ია. არ ვიცით, რას იზამს გვარამია, რომელსაც ყველა მოსწონს, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ჩამოყალიბდა.

რაც შეეხება „შუაშიტურ“ ფლანგს, ორი პოლიტიკური ჯგუფია გამოკვეთილი: „ლელო“ და გახარია, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან, რადგან ისინი ერთ ამომრჩეველზე მუშაობენ. ეს ორი ჯგუფი თუ გაერთიანდა და დაემატება ელისაშვილი, დოლიძე და ხვიჩიას „გირჩი“, - ეს იქნება ის ჯგუფი, რომელიც შუაშისტური ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობის ხმებს აიღებს, მაგრამ ასეთ მზაობას ვერ ვხედავ.

აქ არის ერთი პრობლემა: ყველას უნდა მანდატი და „ლელოს“ ძალიან დიდი ჯგუფი ჰყავს, რომელიც „ლელოში“ იმისთვის არის, რომ დეპუტატის მანდატები მოიპოვოს. მანდატებისთვის მიდის ბრძოლა და გაერთიანებასაც სწორედ ეს უშლის ხელს. ყველა ცდილობს თავისი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს და ქვეყნის ინტერესები არავის აინტერესებს. პარტიამ, რომელმაც საეჭვოა 5%-იანი ბარიერი დაძლიოს, თუ მართლა ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს, საერთოდ არ უნდა იყაროს კენჭი ამ არჩევნებში, თუ არ უნდათ, რომ ხმები გადანაწილდეს. ის მოსაზრება, რომ 3-4 პარტია დარჩეს, ასე არ იქნება. „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტმა პარტიამ იყაროს კენჭი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.