როგორ დაგვის ახალი ცოცხი?

როგორ დაგვის ახალი ცოცხი?

არაერთი ქართველი პოლიტიკოსის კარიერის ქვაკუთხედს თავის დროზე ჩადენილი ღალატი წარმოადგენს. ირაკლი ღარიბაშვილმა, მათგან განსხავებით, არჩევანი ერთგულების სასარგებლოდ გააკეთა და ძალზე შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია. ის საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა მმართველი გახდა მონარქიის გაუქმების შემდგომ პერიოდში და ამ მხრივ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ კანდიდ ჩარკვიანისა და ლავრენტი ბერიას რეკორდები მოხსნა.

საზოგადოების უმრავლესობა არ აღიქვამს ირაკლი ღარიბაშვილს (და მით უმეტეს მართვის რეალური ბერკეტების არმქონე გიორგი მარგველაშვილს) ქვეყნის პირველ პირად, იმ უზარმაზარი უფლებების მიუხედავად, რომელიც მას საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ექნება. ასეთად ბიძინა ივანიშვილს განიხილავენ, ხოლო ორ ხსენებულ ახალგაზრდას მხოლოდ და მხოლოდ მისი ნების უსიტყვო გამტარებლებად, უხეშად რომ ვთქვათ, _ მარიონეტად. საინტერესოა, რომ ივანიშვილის მიერ მათი მართვის პროცესი ხშირად წარმოუდგენიათ, როგორც მუდმივი ინსტრუქტაჟის რეჟიმი. არადა, დიდი ალბათობით, ეს ასე არ იქნება.

ალბათ, გასაგებია, საიდანაც მოდის ეს მცდარი წარმოდგენები _ მიხეილ სააკაშვილი მუდამ ერეოდა მიკრომენეჯმენტში, პერმანენტულად იჭრებოდა არა მხოლოდ მინისტრების, არამედ დაბალი რგოლის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის სფეროში და (ფრიად ქაოტურად, უსისტემოდ) მათი ფუნქციების ნაწილს საკუთარ თავზე იღებდა. წარმოდგენები «მარიონეტის ფენომენზე» საქართველოში იმ სავარაუდო როლის გათვალისწინებით ყალიბდებოდა, რომელსაც სააკაშვილისთვის დავით ბაქრაძე შეასრულებდა, თუ «ნაციონალები» 2012-ში საპარლამენტო და შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, ანუ საუბარი მიდიოდა თოჯინაზე, რომელიც მართვის პროცესში მხოლოდ სიმბოლურად მონაწილეობს. ივანიშვილის შემთხვევაში პროცესი, სავარაუდოდ, სხვაგვარად წარიმართება _ ის სტრატეგიის შემუშავებით დაკავდება, მიკრომენეჯმენტს არ მიეკარება, ხოლო დეტალურ ინსტრუქციებს ღარიბაშვილს განსაკუთრებულ შემთხვევაში მისცემს, სავარაუდოდ, მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მძიმე შეცდომებს დაუშვებს (თუ დაუშვებს). ახალ პრემიერს დამოუკიდებელი ტაქტიკური მოქმედებისთვის და ინიციატივის გამოვლენისთვის საკმაოდ დიდი სივრცე ექნება.

საერთოდ, იმ სისტემის ანალოგის მოძებნა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ქმნის, არამხოლოდ საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ისტორიაშიც რთულია. ბოლო დროს ქართულ მედიაში გახშირდა დენ სიაოპინისა და ლი კუან იუს ხსენება, მაგრამ ერთიც და მეორეც, კულისებში გადასვლამდე, ერის არაფორმალური ლიდერის როლის მორგებამდე, ოფიციალურ თანამდებობებს წლების და ათწლეულების განმავლობაში იკავებდნენ; მოსახლეობამ და ელიტამ ასე თუ ისე იცოდა, რას წარმოადგენენ ისინი, როგორია მათი მსოფლმხედველობა, რა მიზნებს ისახავენ, მართვის რა ტექნოლოგიებს იყენებენ და ა. შ. საქართველოში საქმე სხვაგვარადაა. არაერთმა მოქალაქემ ჯერაც ვერ გაარკვია, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს, ახლა კი იმის დადგენა-ამოცნობა მოუწევს, რას წარმოადგენს ირაკლი ღარიბაშვილი, რა სტილში მართავს სახელმწიფო მანქანას და რა ურთიერთობა ექნება ამ ორ პიროვნებას, ამდენი იქსი და იგრეკი აინშტაინის ხელნაწერებშიც არ მოიძებნება.

სხვათა შორის, იმ წლებში, რომელთაც კომენტატორები, ლი კუან იუს შემთხვევაში, ხშირად შეცდომით «გადადგომის შემდგომ პერიოდად» მოიხსენიებენ, მას თავისი შვილის, ლი სიანლუნის, მინისტრთა კაბინეტში სპეციალურად მისთვის შექმნილი უნიკალური, «მინისტრ-მენტორის» თანამდებობა ეკავა (2004-2011). ეს, ერთი შეხედვით, საპატიო ფორმალობაა, მაგრამ, შესაძლოა, ამ ჟესტით სინგაპურის რეფორმების მთავარმა არქიტექტორმა, სხვა ყველაფერთან ერთად, აჩვენა მოსახლეობას, რომ კვლავინდებურად იზიარებს პასუხისმგებლობას იმ პოლიტიკაზე, რომელსაც მისი მოწაფეებისგან შემდგარი მინისტრთა კაბინეტი ატარებს.

რაც შეეხება დენ სიაოპინს, ის ოფიციალურ პოსტებს მხოლოდ 1989 წლის ივნისში, 84 წლის ასაკში დაემშვიდობა. ამ დროისთვის მას უკვე ჩამოყალიბებული (და ნაწილობრივ რეალიზებული) ჰქონდა თავისი ლეგენდარული რეფორმების სტრატეგია და საკმარისზე მეტი თანამოაზრე ჰყავდა. საინტერესოა, რომ დენის გადადგომის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებაში მისმა ოპონენტებმა იმძლავრეს და 1992-ში მას პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩარევა და სერიოზული ბრძოლის გადატანა მოუხდა. მაგრამ ყოველივე ამის შემდეგ, დიდების მწვერვალზეც კი, დენ სიაოპინს აზრადაც არ მოსვლია, საჯაროდ ეთქვა, რომ უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერმინისტრი ან (სიტყვაზე) შანხაის მერი, მას არასოდეს დაუყენებია თავი პარტიაზე და კოლექტიური ხელმძღვანელობის პრინციპზე მაღლა. საერთოდ, ნებისმიერ პარალელს საქართველოსთან ამ შემთხვევაში მხოლოდ ზედაპირული ხასიათი თუ ექნება, ჩინეთში (და სინგაპურში) პრინციპულად განსხვავებული სიტუაცია იყო. ასე რომ, ალბათ, აჯობებს, დავუბრუნდეთ ამხანაგ ძიან ძემინს, უფრო სწორად ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და იმ უნიკალურ სიტუაციას, რომელიც საქართველოში შეიქმნა.

თუ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში წარმოდგენილ იდეოლოგიურ აჯაფსანდალს ორ პირობით პოლუსამდე (ლიბერალები _ კონსერვატორები) დავიყვანთ, სავარაუდოდ, მივალთ დასკვნამდე, რომ ახალი პრემიერი, დეკლარირებული ნეიტრალურობის მიუხედავად, მეორესთან გაცილებით ახლოს დგას. ამასთანავე, «ლიბერალურ პოლუსის» სიახლოვეს კონცენტრირებული ქართველი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ვაშინგტონის პოზიციაზე კრიტიკულად დამოკიდებული არ არის (რაც არ ნიშნავს, რომ მისი გათვალისწინება საერთოდ არ მოუწევს). უკვე დღეს არაერთი კომენტატორი წინასწარმეტყველებს დიდ დაპირისპირებას ღარიბაშვილსა და ალასანია-რესპუბლიკელებს (და მათთან ფარულ ალიანსში მყოფ «ნაციონალებს») შორის, ეს გამორიცხული ნამდვილად არაა, თუმცა ეს დაპირისპირება რეალური არა იდეოლოგიის ან საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის ნიადაგზე, არამედ გავლენის სფეროების ბანალური გადანაწილების გამო მოხდება.

რაც უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს ღარიბაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, სულ უფრო გააძლიერებს პარტია (და არა კოალიცია) «ქართულ ოცნებას», მით უფრო შევიწროებულად იგრძნობენ თავს ალასანიას ჯგუფი და რესპუბლიკელები. რაღაც მომენტში ალასანიას წინდაუხედავმა ამბიციურობამ, რესპუბლიკელების ამბიციურმა წინდაუხედაობამ ან კიდევ ღარიბაშვილის სიხისტემ და პოლიტიკურმა გამოუცდელობამ შეიძლება დიდი კრიზისისთვის დეტონატორის როლი შეასრულოს. თუმცა პრობლემის სათავე ამ თვისებებში როდია; უბრალოდ, გარდამავალ პერიოდში ალასანიამ და რესპებმა გავლენის უფრო დიდი სფეროს დაკავება მოინდომეს, ვიდრე შენარჩუნება ძალუძთ. ეს სავარაუდო დაპირისპირება, დიდი ალბათობით, შეფუთული იქნება, როგორც იდეოლოგიასთან თუ ორიენტაციასთან დაკავშირებული კონფლიქტი, თუმცა, ალბათ, იმთავითვე უნდა გავაცნობიეროთ, რომ იდეოლოგია ამ შემთხვევაში მეათეხარისხოვანია. ალასანია-რესპუბლიკელების იდეურ არამდგრადობას თავი დავანებოთ _ თუ ბიძინა ივანიშვილი ურჩევს ირაკლი ღარიბაშვილს, პლატფორმა შეცვალოს, ის, დიდი ალბათობით, ორიოდე დღეში ჩამოყალიბებულ ლიბერალად ან (რჩევას გააჩნია) ტრადიციონალისტად, ან სულაც სოციალისტ-რევოლუციონერად თუ ანარქისტ-ინდივიდუალისტად მოგვევლინება (გეოპოლიტიკური ორიენტაციით ნებისმიერ ქვეყანაზე, ზიმბაბვეს ჩათვლით).

იმის მტკიცება, რომ ეს დაპირისპირება აუცილებლად უკიდურესად მწვავე ფორმებს მიიღებს, არ შეიძლება, მაგრამ, თუ ასე მოხდება, უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმას, რა ფორმით ჩაერთვება ბიძინა ივანიშვილი მის დარეგულირებაში. ირაკლი ღარიბაშვილი, ყველა პლუსის მიუხედავად, პოლიტიკურად გამოუცდელია და შეიძლება ზედმეტად ხისტი ნაბიჯები გადადგას, მითუმეტეს, რომ საზოგადოების ნაწილი, პრინციპში, თანახმაა, კარტ-ბლანში მისცეს. მან ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ოპონენტებმა არადემოკრატიულობაში არ დაადანაშაულონ, თუმცა დღეს ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, რომ ეს გამოუვა. ამ ჰიპოთეტური დაპირისპირების ფინალი შეიძლება მისი ოპონენტების მხრიდან ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების მცდელობა გახდეს, რის შემდეგაც ბრძოლა საქართველოსთვის ესოდენ ნაცნობ სიბრტყეში «ან ჩვენ, ან ისინი» გადავა. იმედია, ბიძინა ივანიშვილს ამ სავარაუდო საფრთხეების ნეიტრალიზების ტაქტიკა შემუშავებული აქვს. ისე კი, გამორიცხული არაა, ოპონენტებმა ღარიბაშვილს დაუყოვნებლივ შეუტიონ, რათა პოზიციების გამაგრება-გაფართოების შესაძლებლობა არ მისცენ.

ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი მინუსი კომუნიკაციის სფეროში მდგომარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, მან «ლაპარაკი არ იცის», უფრო ზუსტად კი, კითხვაზე პასუხის გაცემას ჩქარობს და ამ დროს ხშირად სერიოზულ შეცდომებს უშვებს (მაგალითად, იურიდიულად არაკორექტულ ფორმულირებებს იყენებს, უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და ა. შ.). მისმა გულშემატკივრებმა შეიძლება თქვან, რომ მჭერმეტყველება მისი საქმე არ არის და ხელისუფლებას ამისთვის გიორგი მარგველაშვილი ჰყავს, რომელსაც მეტ-ნაკლებად ტკბილად მოუბარი ენა აქვს და შოპენგაუერი დედანში თუ არ წაუკითხავს, მოკლე შინაარსი მაინც იცის. კი, ბატონო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პრემიერმინისტრი ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს ვერ დაემალება და ამ მხრივ სერიოზული მუშაობა მოუწევს.

ხელისუფლების სათავეში ყოფნა ახალგაზრდა ადამიანისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან დიდ ცდუნებას უკავშირდება. მნიშვნელობა არ აქვს, კარგი მენეჯერია თუ ცუდი, სად სწავლობდა და რამდენი წიგნი წაიკითხა, სულიერი სიმტკიცის გარეშე მასთან გამკლავება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც უამრავი ადამიანი გარდამავალი პერიოდის მომქანცველი გაუგებრობის შემდეგ «მკაცრ ხელს» და მარტივ გადაწყვეტილებებს, ავტორიტარულ სიცხადეს მოითხოვს. რა დასამალია, ნამდვილად აქვს ქართულ საზოგადოებას ეს ჩვევა _ ნებისმიერი წარმოდგენილი მასალისგან დიქტატორი შექმნას, თავზე დაისვას, რათა გარკვეული დროის შემდეგ განრისხებული შეებრძოლოს მას (უნიკალურები ამ მხრივ ნამდვილად არ ვართ, ყველა ღარიბ და ჩამოუყალიბებელ სახელმწიფოში იგივე ალგორითმის დაფიქსირება შეიძლება).

ხელისუფლებისა და საზოგადოების ათწლიანი ომის და შესაბამისი ურთიერთდამოკიდებულების დამკვიდრების შემდეგ შეიძლება ოდნავ ერეტიკულად გაიჟღეროს, მაგრამ ჩვენ, ალბათ, უნდა დავეხმაროთ ახალ პრემიერმინისტრს, რათა ურთულესი მისიის შესრულება მოახერხოს. მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ კარგ წამოწყებაში, მაგრამ დაუყოვნებლივ მივუთითოთ შეცდომაზე, იმ შემთხევაში, თუ ზღვარს გადალახავს. ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ნაცვლად ამას არ გააკეთებს. და საერთოდ, არ შეიძლება საზოგადოებისა და ირაკლი ღარიბაშვილის მომავალი ურთიერთობის განხილვა მხოლოდ საზოგადოებისა და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობის კონტექსტში; რამდენადაც უნდა იყოს დამოკიდებული ღარიბაშვილი ივანიშვილზე, მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობის სფეროდან გამომდინარე, მას საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა მთელ რიგ საკითხებზე დამოუკიდებლად მოუწევს, შესაბამისად, მასთან განსაკუთრებული (იმედია, ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი) ურთიერთობა ექნება.