რა საიდუმლო შეხვედრა შედგა ავლაბრის რეზიდენციაში 6 ნოემბერს, საღამოს 4-დან 6 საათამდე?!.

რა საიდუმლო შეხვედრა შედგა ავლაბრის რეზიდენციაში 6 ნოემბერს, საღამოს 4-დან 6 საათამდე?!.

"მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ევროპა მოიარა და როგორც ამბობენ, გარკვეულ წრეებში ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო (ამ გარანტიებს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს თუ არა, ეგ სხვა საკითხია), ავლაბრის ჯერჯერობით საპრეზიდენტო რეზიდენციაში ჩაიკეტა და თავისი ბანდის წევრებს ხვდება. ერთ-ერთი ასეთი საიდუმლო შეხვედრა მან 6 ნოემბერს გამართა "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებთან", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით მიხეილ სააკაშვილი იატაკქვეშა მუშაობას შეუდგა / რა საიდუმლო შეხვედრა შედგა ავლაბრის რეზიდენციაში 6 ნოემბერს, საღამოს 4-დან 6 საათამდე?!.

"საიდუმლო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საინფორმაციო გამოშვებების წამყვანები: გიორგი გაბუნია, ზაალ უდუმაშვილი და პაატა იაკობაშვილი. ასევე, საინფორმაციო გამოშვებების პროდიუსერები. როგორც "ალიას" სანდო წყარო უყვება, "რუსთავი 2"-ის წამყვანები და პროდიუსერები ფარულად შეიყვანეს შენობაში და ასევე ფარულად გამოიყვანეს. ამ პროცესს სააგენტოების ჟურნალისტებიც ადევნებდნენ თვალს, მაგრამ მათ მანქანების გარდა ვერავინ გადაიღეს. იგივე წყაროს თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი კარიერის დასასრულს მადლობა გადაუხადა თავის თანამებრძოლ ჟურნალისტებს 9-წლიანი ერთგულებისთვის და დაიწყო იმის მტკიცებაც, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის, ანუ ბრძოლა გრძელდება და "ნაცმოძრაობა" მალე დაბრუნდება ხელისუფლებაში", - აღნიშნავს გამოცემა.

"რაც შეეხება შეხვედრის საერთო პათოსს, აქ თურმე გაიჟღერა მოწოდებამაც დამთავრებული პრეზიდენტის მხრიდან, - ვინაიდან ბრძოლა გრძელდება და "რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომელი შესაბამისად ოპოზიციაში უნდა იყოს, აქ არ იქნება იძულებითი მუშაობა, ვისაც არ აწყობს ასეთ სიტუაციაში ყოფნა, შეუძლია, მიბრძანდეს. გადაწყვეტს თუ არა ვინმე ამ ტელეკომპანიიდან წასვლას, ამას უახლოეს დღეებში დავინახავთ, უფრო სწორად, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ", - განაგრძობს გამოცემა.

"რატომ იყო ეს შეხვედრა შედარებით მოკლევადიანი და რატომ არ მოილხინა მიხეილ სააკაშვილმა ძველებურად თავის თანამებრძოლ ჟურნალისტებთან ერთად? ჯერ ერთი, სააკაშვილს აღარც ეცეკვება და აღარც ემღერება და მეორეც - ახლა მას უკვე ეტყობა, რომ საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად დრო აღარ ჰყოფნის. დღეს მიხეილ სააკაშვილს "რუსთავი 2" ისე სჭირდება, როგორც არასდროს. მისი აზრით, აუცილებლად დადგება დრო, როცა ამ მედიასაშუალებით ისევე დაამხობს ხელისუფლებას, როგორც დაამხო შევარდნაძის ძირგამომპალი ხელისუფლება. თუმცა, ალბათ, ავიწყდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არც შევარდნაძეა და და არც ავთო ჯორბენაძე", - წერს სტატიის ავტორი.

"სხვათა შორის, როგორც "ალიას" ინკოგნიტო წყარო ატყობინებს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მომავალ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, "ნაცმოძრაობაში" პირდაპირ კედლებზე დაიწყეს სიარული. კი იცოდნენ, რომ ივანიშვილი ასე მოიქცეოდა, მაგრამ სადღაც მაინც ვარაუდობდნენ, რომ მომავალი პრემიერი სხვა იქნებოდა, შედარებით სუსტი ფიგურა. როგორც ამბობენ, ღარიბაშვილის დაწინაურებას ძალიან განიცდის მიხეილ სააკაშვილიც და სწორედ ამიტომაა, რომ სასწრაფოდ ადგენს საიდუმლო გეგმებს. კულუარული ინფორმაციის თანახმად, სწორედ "ნაცმოძრაობის" ლიდერების ინიციატივა იყო, რომ მათი პირველი კაცი შეხვდებოდა "რუსთავორელებს" და დაესახა სამომავლო გეგმა. "ალიას" წყაროს მტკიცებით, "რუსთავი 2" მალე დაიწყებს შეტევას ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ", - დასძენს გამოცემა.