საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კატასტროფული სტარტი აიღო, შესაბამისად, ალეკსანდარ ჯიკიჩსაც კოშმარული დებიუტი ჰქონდა.
ქართველი კალათბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპზე მთავარ კონკურენტ დანიის ნაკრებთან სტუმრად დამარცხდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიელებს მთავარი ვარსკვლავი შილდსი აკლდათ.
საქართველომ თამაში კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 23:12 მოიგო. თითქოს, თამაში ასე უნდა გაგრძელებულიყო, დანია ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და ვერც ვერაფერს აჩვენებდა. თუმცა, ეს ერთადერთი პერიოდი გამოდგა, რომელიც საქართველომ არ წააგო.
მეორე მეოთხედში დანიელებმა ორი ქულით იმძლავრეს, ხოლო მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებს შანსი უბრალოდ არ მისცეს. მესამე და მეოთხე პერიოდი კოშმარული გამოდგა - 16:22, 16:25.
საბოლოოდ, დანიამ, რომელიც რეიტინგში 58-ე ადგილზეა, 75:69 მოიგო. ამ წაგებით საქართველოს ნაკრებმა ძალიან გაირთულა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი გზა.
დებიუტი ჰქონდა ახალ ლეგიონერს, ჯო ტომასონს, რომელმაც ვერ ვიტყვით, რომ იდეალური შთაბეჭდილება დატოვა. ყველაზე კარგი დებიუტი გიორგი ოჩხიკიძეს გამოუვიდა, რომელმაც 11 ქულა ჩააგდო.
საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო 26 წუთში დაგროვილი 27 ქულით, 6 მოხსნით და 3 პასით. ტომასონს სადებიუტო მატჩში 16 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. მან 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. მხოლოდ 4 ქულა შესძინა გუნდს გიორგი შერმადინმა, ხოლო გიორგი ცინცაძე ბოლოსწინა სანაკრებო შეხვედრაში 7 ქულით, 3 მოხსნით და 4 პასით გამოირჩა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 თებერვალს, თბილისში, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.