მიგრანტები მიდიან - სავაჭრო სექტორში ფიქრობენ, რომ წელს ვარდნას ვერ ასცდებიან

მიგრანტები მიდიან - სავაჭრო სექტორში ფიქრობენ, რომ წელს ვარდნას ვერ ასცდებიან

2023 წელს რუსეთიდან შემოსული მიგრანტების 17%-მა დატოვა საქართველო. გადინება გაგრძელდა 2024 წლის დასაწყისშიც. სამეზობლოდან შემოსულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დიდი გავლენა მოახდინეს სავაჭრო და მომსახურების სექტორებზე. მათი მეშვეობით რეალიზაცია მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ მოთხოვნის მკვეთ ზრდას ფასების მატებაც მოჰყვა. ახლა მდგომარეობა შეიცვალა - მოთხოვნა აღარ არის, მაგრამ ფასები ქვემოთ არ დაძრულა.

კვლევის ანგარიშში - „2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა“ - აღნიშნულია, რომ 2024 წელს მიგრანტების ნაწილობრივი გადინების მიუხედავად, ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდება და გაცვლითი კურსიც სტაბილური იქნება.

„2024 წელს მიგრანტების გადინება ტურიზმის გაძლიერებით და ადგილობრივი მოხმარების ზრდით დაბალანსდება. 2024 წელს მიგრაცია არ იქნება საცხოვრებელი უძრავი ქონების დინამიკის განმსაზღვრელი“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

მიგრანტების გადინებამ ყველაზე მეტად გავლენა სავაჭრო და მომსახურების სექტორზე იქონია. შესაბამისად, ამ სეგმენტში წელს კლებას ელოდებიან, რასაც ადასტურებს კიდეც „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე. როგორც მან აღნიშნა, სექტორმა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 95%-ით აღიდგინა პოზიციები, მაგრამ წელს ვითარება შეიცვლება.

„პანდემიამდელ პერიოდს თუ შევადარებთ, რითეილ სექტორში რეალიზაცია 95%-ით აღდგა, თუმცა ჩვენ კლებას ველოდებით. მიგრანტების გასვლა უკვე აისახა და 2024 წელს გაყიდვები დაახლოებით, 10-15%-ით არის შემცირებული. ეს შედეგი ჩვენ უკვე გასულ შემოდგომაზეც უნდა გვქონოდა, მაგრამ გამოვიყენეთ ე.წ. „შავი პარასკევი“ და შევძელით ვარდნა დაგვეკომპენსირებინა.

ამასთან, მოგეხსენებათ გლობალური პოლიტიკური ვითარებაც. წელს რამდენიმე ქვეყანაშია არჩევნები, ასეთ სიტუაციაში კი გრძელვადიანი პორგნოზების კეთება ბიზნესისთვის რთულია, ამას დავამატოთ ისიც, რომ საინვესტიციო ფული გაძვირდა. ამიტომ ვფიქრობთ, ეს წელი შარშანდელზე მძიმე იქნება, მაგრამ რამდენით ამის თქმა რთულია“, - აღნიშნა „პალიტრანიუსის“ ეთერში ხაზარაძემ.

დაახლოებით იგივე მოსაზრების არიან მომსახურების სფეროს წარმომადგენლებიც. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნესზე მიგრანტების ეფექტი, ფაქტობრივად, ამოიწურა და რესტორნები ახლა, ძირითადად, ადგილობრივ მომხმარებლებს ემსახურებიან.

„მიგრანტების ეფექტი შემცირებულია. შეიძლება ითქვას, რომ რეალურად რესტორნები, რომლებიც ბაზარზე არიან, ძირითადად, ადგილობრივ სეგმენტზე მუშაობენ. ვნახოთ წელს როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

თუკი ამა თუ იმ სექტორში მოთხოვნა ეცემა, შესაბამისად, პროდუქტზე (მომსახურებაზე) ფასიც უნდა შემცირდეს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარის აზრით, ახლა ნამდვილად არის იმის წინაპირობა, რომ ფასები ძველ ნიშნულზე დაბრუნდეს.

„ჩაცხრა აჟიოტაჟი და ამიტომ, პარარელურად, ფასებიც უნდა დაბრუნდეს ძველ ნიშნულზე. ინფლაციის მაჩვენებელს თუ შევხედავთ, მიზნობრივზე გაცილებით დაბალია და გამომდინარე აქედან, არ არსეობობს იმის საფუძველი, რომ ფასები მაღალ ნიშნულზეც შენარჩუნდეს.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ მოთხოვნა სხვადასხვა მიმართულებით ერთჯერადად მზარდი იყო და ის აუცილებლად დაუბრუნდებოდა ბუნებრივ კალაპოტს. დღეს სწორედ ეს მოცემულობა გვაქვს და რასაკვირველია, ის ერთჯერადი მოთხოვნიდან „წამოსული“ ფასები უნდა დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს“, - აღნიშნა ბაირახტარმა.

ცუგო- Სამაგიეროდ ფასები დაიწევს
10 თვის უკან