სკანდალური ინფორმაციები სააკაშვილის პარიზულ ვოიაჟზე

სკანდალური ინფორმაციები სააკაშვილის პარიზულ ვოიაჟზე

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე "ალიას" იმ კულუარულ დეტალებს უმხელს, რატომ იყო მიხეილ სააკაშვილი პარიზში; რატომ შეხვდა ყოფილ პრეზიდენტ სარკოზის და რატომ ამბობენ უარს ცნობილი ფრანგი ადვოკატები კეზერაშვილის დაცვაზე... რეალურად, რა იმალება კეზერაშვილის სკანდალური საქმის მიღმა?

დეტალებზე "ალიას" გიორგი ფოფხაძე ესაუბრება...

- თქვენი ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილი კონკრეტულად რისთვის იყო ჩამოსული და რატომ შეხვდა სარკოზის?
- ის რამდენიმე დღე პარიზში დარბოდა, ქართველების დასანახად, თითქოს წიგნებს ყიდულობდა, დარბოდა ბიბლიოთეკაში. ჯერ ერთი, ყველაფერს აქვს თავისი წესი, მათ შორის, წიგნების ყიდვას. ეს ზღაპარი მოუყვეს ბებიამისს - მზიას... ამას თავი დავანებოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეხვდა სარკოზის.

მოდით, დავიწყოთ სარკოზის თემით. როდესაც მან არჩევნები წააგო, თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა. მეტიც, ის თავისი პარტიის ბოლო ორ ყრილობას არ დასწრებია. სარკოზიმ თქვა, აღარ მაინტერესებს პოლიტიკა, გადავდივარ ადვოკატურაშიო. სარკოზი საკონსტიტუციო საბჭოდანაც კი გამოვიდა, მან დააარსა საადვოკატო ფირმა, სადაც ძალიან წარმატებით მუშაობს. ახლა მოდით, ვთქვათ, რა უნდოდა სააკაშვილს სარკოზისთან, რომელი დიდი პოლიტიკოსი სარკოზია, ან რომელი დიდი მეგობარია მიხეილ სააკაშვილის? არც ერთია და არც მეორე...

სააკაშვილის მეგობარი რომ ყოფილიყო, ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემდა. ასევე მახსოვს, რომ სარკოზიმ საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილს მოსთხოვა პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის განთავისუფლება და ეს სურვილი არ შეუსრულა. სარკოზი იყო ის პრეზიდენტი, რომელიც სააკაშვილს ყველაზე მეტ აპერკოტს ურტყამდა. ასე რომ, ისინი მეგობრები არ არიან და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ტყუილია იმის თქმა, რომ სარკოზი მისი განუყრელი მეგობარია.

ახლა კი გეტყვით, რატომ შეხვდა სარკოზის სააკაშვილი... რატომღაც, ქართული მედია კეზერაშვილთან დაკავშირებულ თემას ან ვერ აშუქებს და ან არ აშუქებს... მხოლოდ ერთხელ გააშუქეს კეზერაშვილის თემა, ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაციით შემოიფარგლნენ და იქ დასრულდა ეს ამბავი. ახლა უფრო კონკრეტულ დეტალებს გეტყვით... საქართველოსა და საფრანგეთს შორის იურიდიული დახმარების შესახებ ხელშეკრულება არ არსებობს, ანუ ის ფაქტი, რომ შსს-მ საფრანგეთს გამოუგზავნა მოთხოვნა და ამ მოთხოვნის საფუძველზე დააპატიმრეს კეზერაშვილი, ეს არის ზღაპარი. აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთში ადამიანს იჭერენ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, არამედ პროკურატურის. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, კბილაშვილის პროკურატურამ, რომელმაც საქართველოს სასამართლოში ვერ დაუმტკიცა ბაჩო ახალაიას დანაშაული, ამ კანტორამ გაგზავნა მოთხოვნა საფრანგეთში, დაუმტკიცა საფრანგეთის პროკურატურას კეზერაშვილის დანაშაული და კეზერაშვილი დააპატიმრეს?! ეს ხომ ზღაპარია. აქვე მეორე საკითხს გეტყვით, კეზერაშვილი ინტერპოლით არ იძებნებოდა. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთი არ დააპატიმრებდა. ეს ყველაფერი კი იცით, რას ნიშნავს? კეზერაშვილს საფრანგეთის ტერიტორიაზე აქვს დანაშაული ჩადენილი...

- სავარაუდოდ, რა დანაშაული აქვს მას ჩადენილი, რას წერს ფრანგული პრესა?
- მე გეტყვით "ფრანს პრესის" ინფორმაციას, რომელიც წერს: კეზერაშვილი დააკავეს მაშინ, როცა ის ნიცის აეროპორტიდან მიფრინავდა პრიშტინაში (კოსოვოს ადმინისტრაციული ცენტრი. - რედ.). ის ეჭვმიტანილია კონტრაბანდასა და იარაღით უკანონოდ ვაჭრობაში. იქვე წერია, რომ კეზერაშვილი ასევე იძებნება საქართველოში ფულის გათეთრების გამო და უკვე ცნობილი ბრალდებების გამო. შეგახსენებთ,
პრიშტინა რამდენჯერმე ამოტივტივდა იარაღის შესყიდვების სკანდალში. ბაჩო ახალაიას დროს მათ შემოიტანეს უამრავი ტყვია-წამალი, რომელიც უვარგისი იყო. პრიშტინადან შემოდის ევროპის ყველა ქალაქში არალეგალური იარაღი. მოკლედ, ალბანეთია არალეგალური იარაღის წყარო, საიდანაც თითქმის მთელი მსოფლიო მარაგდება. თუ კეზერაშვილი დაპატიმრებულია საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის და ის არის ეჭვმიტანილი საერთაშორისო დანაშაულში, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილს ეშინია კეზერაშვილი პირს გააღებს და დაამღერებს იმას, რაც არ უნდა დაამღეროს... და მეორე, აქ საქმეში გარეულია ალბათ თვითონ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი.

ჩემი ინფორმაციით, საფრანგეთში მიხეილ სააკაშვილი ძალიან სერიოზულ ადვოკატს ეძებს, რომელიც კეზერაშვილს დაიცავს. წარმოიდგინეთ, ორი სასამართლო პროცესი გაიმართა და თავდებით კეზერაშვილი არ გაათავისუფლეს, ეს ნიშნავს, რომ მას ძალიან სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი. თქვენ წარმოგიდგენიათ? საფრანგეთში დაპატიმრებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ეს არის ნონსენსი, როცა მას იმუნიტეტი ვეღარ იცავს, ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან სერიოზულ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ირაკლი ოქრუაშვილს სწორედ მისმა სტატუსმა უშველა და საფრანგეთის მხრიდან ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ ოქრუაშვილი იყო ყოფილი გენპროკურორი, ყოფილი მინისტრი და ის არსად არ გაიქცეოდა.

სააკაშვილი ეძებს ძალიან სერიოზულ ადვოკატს და ამისთვის იყო ჩამოსული, მას მოლაპარაკებები ჰქონდა საფრანგეთში ყველაზე ცნობილ ადვოკატთან, ბატონ ერიკ დიუპონ-მორეტისთან. ეს არის მაღალი დონის ადვოკატი და უარი თქვა კეზერაშვილის დაცვაზე. როცა გავიკითხე, რა საქმეს არ ჰკიდებს ხელს ერიკ დიუპონ-მორეტი-მეთქი, მიპასუხეს, რომ ის არ იღებს ტერორისტის საქმეს და ასევე იარაღით ვაჭრობის საქმეს. დაზუსტებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებას აწარმოებს ბატონ ჯოელ ლევისთან. ეს არის იმდენად ცნობილი ადვოკატი, ცოცხალი ლეგენდა ამ სფეროში, რომ მასზე ფილმებს იღებენ. ის იყო ერთ-ერთი უცნობილესი ყაჩაღის ადვოკატი და როგორც ინფორმაცია მქავს, კეზერაშვილის საქმეს ლევი არ ჰკიდებს ხელს. მიხეილ სააკაშვილმა ამ ადვოკატთან გაგზავნა შუამავლები და უთხრეს, - ოთხჯერ იმაზე მეტს გადაგიხდით, ვიდრე იღებ ასეთ საქმეებშიო. აქვე გეტყვით, რომ ჯოელ ლევი რომ დაგთანხმდეს და საქმეს გაეცნოს, ეს პროცედურა 10 ათასი ევროდან იწყება. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი მინიმუმ 40 ათას ევროს იხდიდა, ლევის კეზერაშვილის საქმისთვის რომ ხელი მოეკიდა და თანხმობა განეცხადებინა. ლევი არის სარკოზის მეგობარი, ძალიან ახლობლობენ, ახლა კი ნათელია თქვენთვის, რა მიზნისთვის იყო სარკოზისთან ჩამოსული პარიზში სააკაშვილი. შეგახსენებთ იმასაც, რომ თავად სარკოზი არის ადვოკატი, მას აქვს საადკოვატო ბიურო და მას აქვს გავლენები მთავრობაში და სასამართლოზე.

- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, სპეცრეისით გამოძახებული პარტაქტივი რისთვის დასჭირდა სააკაშვილს. საუბარია, რომ საფრანგეთში ჩაიყვანა ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც კარგად ფლობს ფრანგულ ენას, ასევე რამდენიმე "ნაციონალი", ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილს კეზერაშვილზე სურდა იდეოლოგიური ფონის შექმნა ფრანგულ მედიაში?
- არა, იდეოლოგიური ფონის შესაქმნელად არ სჭირდებოდა ჩიორა, მართლაც რომ კარგი ფრანგულენოვანია, ის სჭირდებოდა ერთგულ თარჯიმნად, არ ენდობა არავის და თუ დასჭირდებოდა ადვოკატთან მისვლა და საუბარი, ჩიორას გაგზავნიდა. მას სჭირდება თავისი ერთგულები, რომლებიც კეზერაშვილის საქმეზე ირბენენ, ამ საქმეში არასანდოს ცხვირს არ ჩააყოფინებს, სააკაშვილი და მისი გუნდი დღეს ჩიხშია. არ იცით, რა უთხრა სააკაშვილმა სარკოზის პირად საუბარში, არ გამოვრიცხავ მუხლებში ჩაუვარდა და შეეხვეწა, - შენი ჭირიმე, დამეხმარე, არ დამღუპოო. მართალია, სარკოზის შენარჩუნებული აქვს გავლენები, მაგრამ არც ისეთი ყოვლისშემძლეა, აიღოს ტელეფონი და საფრანგეთი ფეხზე დადგეს მის ზარზე. სარკოზის ამდენი რომ შეძლებოდა, ჟურნალისტმა მისი ცოლის წიგნი გამოუქვეყნა, რასაც ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვა და მაშინ სასამართლო წააგო ჟურნალისტთან. როგორ ფიქრობთ, მიშა სააკაშვილს ახლა რამეს გაუკეთებს სარკოზი?.. უბრალოდ, ის კარგი ადვოკატის მოძებნაში ეხმარება, რომელიც კეზერაშვილის საქმეს ხელს მოჰკიდებს. სააკაშვილს არც ბაჩო ახალაიას გამო და არც ვანო მერაბიშვილის გამო თავი ასე არ გაუგიჟებია, მეტიც, დათა ახალაიაზე თქვა, არც კი ვიცნობ, სადღაც, ერთხელ მინახავსო, კეზერაშვილისთვის კი ყველაფერს აკეთებს, რომ დაიხსნას საფრანგეთის ციხიდან.