"საქართველო მოსიარულე ძეგლებთან ერთად, მოსიარულე შენობების ქვეყნადაც იქცა, პრეზიდენტებთან ერთად ადგილს იცვლიან საპრეზიდენტო რეზიდენციებიც. ოთხი პრეზიდენტიდან ამ ტრადიციისთვის არც ერთს არ უღალატია. ჩანს, იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ წინამორბედის პოლიტიკურ მემკვიდრეობასთან ერთად, მათ უძრავ მემკვიდრეობაზეც ამბობენ უარს. "ქართული ოცნების" გუნდი თავიდანვე აცხადებდა, რომ ავლაბრის სასახლისთვის საპრეზიდენტო რეზიდენციის სტატუსის შენარჩუნებას არ აპირებდა -საქართველოს ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო ღუზას ათონელის ქუჩაზე მშენებარე საპრეზიდენტო სასახლეში ჩაუშვებს. პარალელურად, აქტიურად განიხილება ავლაბრის სასახლის სამომავლო ფუნქცია, საუბარია შენობაში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ასევე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განთავსებაზე, ორივე იდეას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით შენობების ომი - გადავყაროთ თუ არა მილიონები.
"ამ შენობის ავტორი, არქიტექტორი ვარ; თავიდანვე დაპროექტებული მქონდა, როგორც "საქართველოს სახლი", ის პრეზიდენტის რეზიდენციად თანდათან, პროექტირების პროცესში იქცა. ამ შენობაში თავმოყრილი უნდა ყოფილიყო ჩვენი ეროვნული პოტენციალი - ძველი ხელნაწერები, ხელოვნების ნიმუშები, წიგნსაცავი და ა.შ. ასევე, საგამოფენო, საკონცერტო დარბაზები, ჩვენი სულიერი და მატერიალური განძის გამოსაფენად; ვფიქრობ, შენობას პირვანდელი ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს; ამ ადგილზე, საიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულივით ჩანს, უნდა იყოს "საქართველოს სახლი", როგორც ოსაკაში - იაპონიის სახლი, ჰელსინკში - ფინეთის სახლი, პარიზში - პომპიდუს ცენტრი. ტყვიაგაუმტარი შუშა შეიცვლება, კარებიც მოიხსნება, პრეზიდენტს რომ ჰქონდა დიდი აბაზანა, იქ საზოგადოებრივი დანიშნულების სველი წერტილი იქნება, სადაც ყველა სტუმარი შევა. შენობის ფუნქციის შეცვლასთან ერთად, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, ამ სასახლის თითოეული კედელი, კოლონა ხუთი თითივით ვიცი, ისიც, რისი ხელისხლება შეიძლება და რისი არა. პირდაპირ გეტყვით, ავლაბრის რეზიდენციის შენობა უნივერსიტეტისთვის, სასწავლო დაწესებულებისთვის ნამდვილად გამოუსადეგარია, ამის საშუალებას არც სატრანსპორტო ქსელი იძლევა, რით უნდა მივიდეს იქ ამდენი სტუდენტი? ამიტომ პოლიტიკოსებმა, სანამ იდეებს წამოაყენებენ, სჯობს, კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარონ",- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი.
"ათონელის ქუჩაზე ჯერ მშენებლობა მიმდინარეობს, პრეზიდენტის რეზიდენცია ორი ბლოკისგან შედგება: ძველი, `ა~ ბლოკი გარემონტდება, უკანა მხრიდან ზუსტად მის სიმაღლეზე ამოვა `ბ~ ბლოკი, სადაც ასევე ადმინისტრაცია განთავსდება; წინა ხელისუფლების მიერ ნაყიდი მასალა მონტაჟდება, მასალის დაახლოებით 30 პროცენტის ყიდვამ ჩვენ მოგვიწია. ეს იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული შენობა. პრეზიდენტი აქ არ იცხოვრებს - აქ იქნება სამუშაო ოთახები მინიმალური მოთხოვნებით, არც სტანდარტს დავარღვევთ და არც ფეშენმოთხოვნაზე იქნება გათვლილი. უსაფრთხოების დაცვის კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ზომები დაცული იქნება, აუცილებელი და არა განსაკუთრებული. წინა ხელისუფლების მიერ ნაყიდი მასალა საკმაოდ ძვირადღირებულია, რაც ნაყიდი იყო, დამონტაჟდება, შესყიდვებს სახელმწიფო კანცელარია აწარმოებდა, ამ მშენებლობას გრიფი "საიდუმლო" ედო, ახლა ჩვენმა სამინისტრომ უნდა დაასრულოს სამშენებლო სამუშაოები", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია.
"მიუხედავად ხელისუფლების განცხადებისა, რომ ავლაბრის რეზიდენცია ბიზნესმენებისგან წართმეული ფულითაა აშენებული და ხალხს უნდა დაუბრუნდეს, ვთვლი, რომ მისი ასე ხელაღებით დაცლა გაუმართლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ სამთავრობო რეზიდენციის ყველა ნორმის დაცვითაა აშენებული, ჩატარებულია გამაგრებითი სამუშაოები, ჯავშნიანი მინებით არის დაცული, სპეცკავშირით, სპეციალური საჰაერო ფილტრებით, სხვა ძვირადღირებული საჰაერო ტექნიკით აღჭურვილი; ხელისუფლებამ ის სამთავრობო მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს, შესაძლოა, მინისტრთა კაბინეტიც განთავსდეს და არა უნივერსიტეტს გადასცეს, მით უმეტეს, თვითონ შენობის ინტერიერი, კაბინეტების განლაგება არ შეესაბამება უნივერსიტეტს, მას დიდი აუდიტორიები, ლაბორატორიები სჭირდება და არა სპეცაპარატურა, რაშიც მილიონებია დახარჯული. თუ საუბარი იმაზეა, რომ მოპარული ფულით არის აშენებული და ხალხს უნდა აჩუქონ, მაშინ უპრიანი იქნება, მიყიდონ ინვესტორს და თანხა იმ ბიზნესმენებს დაუბრუნონ, ვისაც ქონება წაართვეს, ზარალი აუნაზღაურონ. ამ ლოგიკით, წართმეული ფულით არის ნაყიდი პრეზიდენტის ახალი თვითმფრინავი, მისი მანქანები და ა. შ. და ეს ყველაფერიც ვინმეს უნდა გადასცენ. მოკლედ, ნუ ვყრით მილიონებს წყალში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი კახა კახიშვილი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნისას ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში პრემიერის რეზიდენციის განთავსება იყო დაგეგმილი. ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ცალკე საპრეზიდენტო და ცალკე საპრემიერო რეზიდენციები ქვეყნისთვის დიდი ფუფუნებაა. "სჯობს, ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობა გაიყიდოს და შემოსული თანხები მშენებლობის ხარჯებსაც ამოიღებს და დარჩება კიდეც პრეზიდენტი კი ავლაბარში დარჩეს", _ აცხადებენ ექსპერტები. ალბათ, მართლაც დროა, საქართველოში დასრულდეს "შენობების ომი" და ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის პირველი პირი (ის მიშა იქნება, გიორგი, პეტრე თუ პავლე) ერთ კონკრეტულ ადგილას დაბინავდეს", - მიიჩნევს სტატიიის ავტორი.