"მგონია, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია... სულ ქუჩაში 125 ადამიანია დახვრეტილი!"

"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობის საბოლოოდ დატოვებამდე 250 მდე პირი შეიწყალა, რომელთა შორის არიან მძიმე კატეგორიის დამნაშავეები, მათ შორის ძებნილებიც - ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილე და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, თინა ბურჯალიანის მეუღლე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და ზურაბ ადეიშვილის ძმა, კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე დავით ადეიშვილი. უმრავლესობამ პრეზიდენტის `კუდის მოქნევა~ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად და სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევად შეაფასა... "10 წელია თავმჯდომარე ვარ და ვამბობ, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა პრეზიდენტი ძებნილებს იწყალებს", - აცხადებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "შესაწყალებელთა რიცხვის დასახელებას პრეზიდენტი მიკრძალავდა" / "ქუჩაში სულ 125 ადამიანია დახვრეტილი".

"ამ 8 წლის განმავლობაში მუდმივად მაფრთხილებდნენ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ნუ დაასახელებ პატიმართა რაოდენობას, რომელსაც კომისიამ მისცა რეკომენდაციაო - პრეზიდენტის რეზიდენციიდან მითვლიდნენ, რომ ეს იყო პრეზიდენტის თხოვნა. ამიტომაც ამ რიცხვს არასდროს ვაზუსტებდი. როცა მეკითხებოდნენ, ვამბობდი - შესაძლოა კიდევ გაიცხრილოს-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ გაცხრილვა ხდებოდა შიგნით, პრეზიდენტის რეზიდენციაში. არ ვამტკიცებ, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამას აკეთებდა პროკურატურა. 1200 საქმიდან შეიძლება 23 კაცი დაეტოვებინათ სიაში. როცა ვხედავდი, რომ შეწყალებით გამოდიოდა 200-300 პატიმარი და როდესაც ოქმში ჩემ მიერ რეკომენდებულთაგან 45 კაცი ხვდებოდა, ვკითხულობდი, სად იყვნენ დანარჩენები, იცით, რას მპასუხობდნენ? - დანარჩენები თქვენს სიაში არ იყვნენო!", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელენე თევდორაძე.

"ვისთან უნდა გამეპროტესტებინა, როცა პრეზიდენტის მიერ დანიშნული თავმჯდომარე ვარ? სულ ვფიქრობდი, პროტესტის ნიშნად პოსტი დამეტოვებინა, მაგრამ ახლობლები მეუბნებოდნენ, რამდენიმე გათავისუფლებული ადამიანიც საქმეაო. ჩემთვის ერთი ადამიანის ბედიც მნიშვნელოვანია და ეს მაკავებდა. ქუჩაში სულ 125 ადამიანია დახვრეტილი. მე რომც გამეხმაურებინა, ნამდვილად ვერ შევძლებდი ამ პროცესის შეჩერებას. ხომ ნახეთ, როცა გავახმაურე ბოკერიას ნათქვამი - პატიმრების რიცხვი უნდა გავზარდოთ, ფული რომ მივიღოთ ციხეების ასაშენებლადო, თქვა, ელენე თევდორაძე ბოდავსო", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ზურაბ ჟვანიას საქმეზეც მინდა გკითხოთ. მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გამოძიების ვერსია სრულად "ამოყირავდეს". თქვენ, როგორც მისი მეგობარი, რას იტყვით, თუ მოკლულია, ვის აძლევდა ხელს ჟვანიას მოშორება?" - პასუხობს:

" მოგახსენებთ. ჯერ ერთი, ზურა დიეტაზე იყო და დედამისისგან ვიცი, იმ პერიოდში კომპოტის გარდა არაფერს სვამდა. არადა, ვნახეთ, იმ ბინაში მაგიდაზე რა იდო. მეორეც, ისეთი აზიზი იყო, გაზეთზე გაშლილ სუფრას არ მიუჯდებოდა. ჩემთვის საინტერესო და საეჭვოა იუსუპოვის ფაქტორიც. იმ საბედისწერო დღეს რაული ჩემთან იყო მოსული დღის 12 საათზე და მითხრა, რომ ჟვანიასგან მოდიოდა (კანცელარიაში აპირებდა მუშაობის დაწყებას). აქედან გამომდინარე, საღამოს რატომღა გახდა საჭირო მასთან ხელმეორედ შეხვედრა? მესამეც, ზურა "მწვანე" იყო და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო გაზის გამათბობელთან? ეგ კი არა, ფანჯარას ზამთარშიც არ ხურავდა. გარდა ამისა, მიშასთვის ზურა დიდი ავტორიტეტი იყო და რაც არ უნდა უთანხმოება ჰქონოდათ, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას ზურასთან შეთანხმებით იღებდა. შიდა სამზარეულოს კარგად ვიცნობდი და ვიცი, რომ სააკაშვილის გარემოცვას ეს საკმაოდ აღიზიანებდა. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია და ეს მიშასთვისაც დიდი დანაკარგი იყო. მაქვს კონტაქტი მის მეუღლესთან და როგორც ვიცი, კმაყოფილია გამოძიებით".