„ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს იყიდოს თუ არა ფასიანი ქაღალდები ხაზარაძე-ჯაფარიძისგან!“ - ბიზნესმენ-პოლიტიკოსები მანიპულაციებში იხლართებიან

„ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს იყიდოს თუ არა ფასიანი ქაღალდები ხაზარაძე-ჯაფარიძისგან!“ - ბიზნესმენ-პოლიტიკოსები მანიპულაციებში იხლართებიან

მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძის დაკავშირებულ უმსხვილეს კომპანიას უკვე საერთაშორისო მასშტაბით შეუდგა წყალი. Scope Ratings-მა უძრავი ქონების ქართული დეველოპერის „ლისი ლაიქ დეველოპმენტის“ რეიტინგი B+დან B მინუსამდე შეამცირა, პროგნოზი კი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურზე“ შეცვალა. Scope Ratings-მა ასევე შეამცირა პრიორიტეტული არაუზრუნველყოფილი ვალის რეიტინგი BB- დან B-მდე. რეიტინგის დაქვეითება გამოწვეულია 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში ოპერაციული მაჩვენებლების გაუარესებით, რამაც გამოიწვია საკრედიტო მაჩვენებლების გაუარესება, ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები და მართვის პრობლემები.

პროგნოზის „ნეგატიურით“ შეცვლა ასახავს გაურკვევლობას, რომელიც შექმნილია არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების რეფინანსირების გარშემო, რომელთა დაფარვაც 2024 წლის დეკემბერში უნდა მოხდეს; აგრეთვე მოკლევადიანი ვალდებულებების დასაფარად აქტივების გაყიდვაზე დამოკიდებულებას.

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული კომპანიის რეიტინგის შემცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი რეპუტაციული ფაქტორი მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ საქმიანობაზე ისედაც ასახულია, 2%-თან ახლოს მდგომი რეტინგით. მეტიც, ფანტასტიკის სფეროს უფრო მიეკუთვნება იმის დაშვება, რომ „ლელო“ საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

„მოსალოდნელიც იყო, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH შეამცირებდა, თან მნიშვნელოვნად სს Lisi Lake Development (LLD)-ის, როგორც ემიტენტის რეიტინგს და გადახედავდა პროგნოზს „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“. აქვე დავამატებდი, რომ Scope-მა ასევე კიდევ უფრო მეტად შეამცირა წინა არაუზრუნველყოფილი ობლიგაციური ვალის რეიტინგი BB+დან B-მდე. მოგეხსენებათ, რომ მანამდე კომპანიის საქმიანობაში სერიოზული ხარვეზები ასევე ცნობილმა აუდიტორული კომპანია „Ernst & Young“-ის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, კერძოდ, EBIDTA -ს დამახინჯებული ანგარიშგების გამო (გამოთვლილია, როგორც საოპერაციო მოგებას გამოკლებული საოპერაციო ხარჯები, მაშინ როცა იგი გამოითვლება წმინდა შემოსავლის მაჩვენებელზე პროცენტის, გადასახადების, ამორტიზაციის და ცვეთის ხარჯების დამატებით), რითაც ეს მეტად მნიშვნელოვანი საინვესტიციო პარამეტრი თითქმის განახევრდა და 3,217.000 აშშ დოლარით შემცირდა. ამასთან, კომპანიას ფინანსური დანახარჯები 645.000 აშშ დოლარით გაეზარდა, რაც დანახარჯების თითქმის 58%-იან ზრდას უდრის და ასევე, 2021 წლის მოგება შემცირდა 2.159.000 აშშ დოლარით.

მთელი ამ ფინანსური მანიპულაციების დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც EBITDA-ს მანიპულირებით, თაღლითური ფინანსური ანგარიშგების ამოცანა გამოიყენება შემოსავლების გასაბერად, ხოლო პროცენტები, გადასახადები, ამორტიზაცია და ცვეთა ამოღებულია ან ხელოვნურად შემცირებულია, თითქმის ნებისმიერი კომპანია შეიძლება მომგებიანად და ინვესტორთათვის მეტად მიმზიდველად შეიძლება გამოიყურებოდეს. თუ რა მიზანს ემსახურებოდა მთლი ეს ფინანსური მანიპულაცია Scope-ის ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რამაც რეიტინგის გაუარესება გამოიწვია.

არასდროს მჯეროდა, რომ ბატონი ხაზარაძე ანაკლიის პროექტის ამწევი იყო, ხოლო ასეთი რეპუტაციული ფაქტორი მის პოლიტიკურ საქმიანობაზე ისედაც ასახულია, 2%-თან ახლოს მდგომი რეტინგით. მეტიც, ფანტასტიკის სფეროს უფრო მიეკუთვნება იმის დაშვება, რომ „ლელო“ საარჩევნო ბარიერს გადალახავს, რადგან ამომრჩეველი, პირველ რიგში, ნდობის კრედიტს გასცემს ხმის მიცემისას!“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

იგივე მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილიც, რომელიც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფის“ პროგნოზს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიის რეიტინგის ორი პოზიციით შემცირების მიზეზიც, სუსტი მენეჯმენტი და ინვესტორებთან გაურკვევლობის არსებობაა.

„ნებისმიერი ინვესტორი, ნებისმიერი მოქალაქე კარგად უნდა დაფიქრდეს იყიდოს თუ არა ფასიანი ქაღალდები ხაზარაძე-ჯაფარიძისგან! არა, აქ მათ წარსულ „მოღვაწეობაზე“ არ არის ლაპარაკი, არამედ სულ ახლანდელ გამომჟღავნებულ ამბებზე - სუსტმა მენეჯმენტმა და ინვესტორებთან თუ უბრალოდ, ფიზიკურ პირებთან ხშირ შემთხვევაში გაურკვევლობამ შექმნა ეს რეალობა! საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფმა“, რომელსაც „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“, ხანდაზმული თაღლითების კომპანიისთვის ჰქონდა B+ რეიტინგი მინიჭებული, 2 პოზიციით შეუმცირა რეიტინგი! სხვათა შორის, მანამდე „ლისი დეველოპმენტი“ ობლიგაციების მფლობელთა შეცდომაში შეყვანას აღიარებდნენ და ობლიგაციების ვადამდე განაღდებას სთავაზობდნენ. რადგან ამ ამბების უკან ისევ ხანდაზმული თაღლითები ხაზარაძე და ჯაფარიძე დგანან, სავარაუდოდ, დიდი თაღლითური სქემაა დალაგებული“. - დაწერა ლევან ნიკოლეიშვილმა.