ვის

ვის "გაწირავს" ღარიბაშვილი?

ბიძინა ივანიშვილის არჩევანმა - თავის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი დაესახელებინა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის პოლიტიკიდან რეალურად შორს არ მიდის. ხშირად საუბრობენ, რომ პრემიერის წყალობით გაპრეზიდენტებული გიორგი მარგველაშვილი და მისივე რჩეული, 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი, სწორედ სამოქალაქო სექტორში გადაბარგებული ივანიშვილის გავლენით მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ყოველ შემთთხვევაში, დასაწყისში მაინც.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთავრობაში არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა რამდენიმე გადაადგილება ალბათ მოხდება - უმნიშვნელოვანესია, თუ ვინ დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თანამდებობაა და მასზე ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოებაა დამოკიდებული. ბუნებრივია, ყველაზე რეალურია, რომ მინისტრის სავარძელი ამჟამად ღარიბაშვილის მოადგილემ, ხოლო არცთუ შორეულ წარსულში ივანიშვილის დაცვის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დაიკავოს.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს, "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივან არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ახალმა პრემიერ-მინისტრმა შესაძლოა, რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელოს. "ქართულ ოცნებაში" კულუარულად ადასტურებენ იმასაც, რომ მინისტრების შეცვლასთან დაკავშირებით მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. მოდით, ჯერ ვისაუბროთ, ვის სავარძელს არ "დაემუქრება" ღარიბაშვილის პრემიერობა, სავარაუდოდ, ესენი არიან: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია - ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მის კანდიდატურას დაასახელებს ივანიშვილი თბილისის მერის პოსტზე; ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თუმცა მას რიგი ექსპერტები შინაგან საქმეთა მინისტრობასაც უწინასწარმეტყველებენ; სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პენიტენციარული სისტემის მინისტრი სოზარ სუბარი.

ყველაზე ბევრი კითხვა ღარიბაშვილისა და ირაკლი ალასანიას შემდგომი ურთიერთობის შესახებ ისმის. ამის თაობაზე თავისი მოსაზრება აქვს პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილის. მისი თქმით, მომავალ პრემიერს შეუძლია თავდაცვის მინისტრიც შეცვალოს, თუმცა ამაზე საუბარი არ არის და არც მოსალოდნელია, რომ იყოს. "საიდან ვიცი, რომ მოსალოდნელი არ არის?! - როდესაც ივანიშვილმა უმრავლესობას ღარიბაშვილი წარუდგინა, ღარიბაშვილმა განცხადა: მე კოალიციას ზიანს არ მივაყენებ და მის წინააღმდეგ არ ვიმოქმედებო. ყველას შესანიშნავად ესმის, რა მოხდება ირაკლი ალასანიას შეცვლის შემთხვევაში". - ამბობს ბერძენიშვილი. ირაკლი ალასანიას წასვლამ მთავრობიდან შესაძლოა, სერიოზული ბზარი გააჩინოს კოალიციაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე ღარიბაშვილს ამ ნაბიჯისგან თავს შეიკავებს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ექსპერტთა განცხადებებით, ალასანიას ამ თანამდებობაზე დასავლელი პარტნიორების დიდი მხარადაჭერა აქვს. მთავრობიდან მის გაშვებას საფუძვლიანი დასაბუთება დასჭირდება, მით უფრო, დასავლელი პარტნიორების კითხვებზე პასუხის გაცემისას. ამიტომ ამ ეტაპზე ძნელად წარმოსადგენია, რომ ალასანია სადმე გაუშვან.