ამერიკა ყირგიზეთს აფრთხილებს, არ მიიღოს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, ჟაპაროვმა - თქვენს საქმეს მიხედეთო

ამერიკა ყირგიზეთს აფრთხილებს, არ მიიღოს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, ჟაპაროვმა - თქვენს საქმეს მიხედეთო

ყირგიზეთი უცხოეთის კოლონიალური მართვის მარწუხებიდან თავის დახსნას „მეხუთე კოლონის“ მოთოკვით ცდილობს და „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი პარლამენტში გამოიტანა, რასაც მალევე აგრესია მოჰყვა ამ კოლონიალური კონტროლის ცენტრებიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ყირგიზეთის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს მოუწოდა, არ დაამტკიცოს კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ.

წერილის თანახმად, ყირგიზეთის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია, არის ყველაზე ძლიერი რეგიონში და ყირგიზეთში დემოკრატიის ძირითადი ნაწილი, თუმცა შეშფოთებას იწვევს ყირგიზეთის პარლამენტის კანონპროექტი უცხოეთის წარმომადგენლების შესახებ. ბლინკენის წერილის მიხედვით, კანონის დამტკიცების შემთხვევაში, კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს მძიმე სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასჯელს დაუწესებს და საფრთხეს შეუქმნის ყირგიზეთის ერთ-ერთ უდიდეს აქტივს.

ენტონი ბლინკენის თქმით, ამჟამინდელი ფორმით, ეს კანონი საფრთხეს უქმნის ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ხელმისაწვდომობას სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა და განათლება იმ პროგრამების საშუალებით, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აშშ-ის მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.

„აშშ-ის ზოგიერთი პარტნიორი იმდენად შეშფოთებულია ამ კანონით, რომ ისინი განიხილავენ ყირგიზეთის რესპუბლიკაში თავიანთი ოპერაციების პრევენციულ შეწყვეტას. ჩვენ უკვე ვნახეთ მსგავსი კანონების მიღების შედეგები სხვა ქვეყნებში. თუ ეს კანონი დღევანდელი ფორმით მიიღება, შეიძლება, აღმოვაჩინოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თქვენს მოქალაქეებს მცირე მომსახურებას უწევენ. მე მოგიწოდებთ, აწონ-დაწონოთ ეს შეშფოთებები და განიხილოთ ისინი პარლამენტის ლიდერებთან“, - აღნიშნულია ენტონო ბლინკენის საგანგებო წერილში.

რეაქციამ არ დააყოვნა და აშშ სახელმწიფო მდივანს მალე წერილით მიმართა ყირგიზეთის პრეზიდენტმა. სადირ ჟაპაროვი აღნიშნავს, რომ წერილში არის ყირგიზეთის სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის ნიშნები.

„თქვენ წერთ, რომ „თქვენი სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია არის ყველაზე ძლიერი რეგიონში და ყირგიზეთში დემოკრატიის მთავარი ნაწილი“, დიახ, ეს ასეა. მე არა მხოლოდ ვიზიარებ თქვენს აზრს, არამედ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამართლიანობისა და თავისუფლების სურვილი ჩვენი ხალხის გენეტიკური კოდია.

რაც შეეხება თქვენს შეშფოთებას უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო შემდეგი - ეს კანონპროექტი ინიცირებულია ყირგიზეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ცვლილებებს ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქმედ კანონში „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ“, რომელიც ჯერ კიდევ 1999 წლის ოქტომბერშია მიღებული. აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთის პარლამენტის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტის კონცეფცია ახლოსაა 1938 წელს აშშ-ში მიღებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) კონცეფციასთან.

FARA ითვალისწინებს უცხოური აგენტის სტატუსს არა მხოლოდ მედიისთვის, არამედ სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისთვისაც, სადაც დარღვევები - რეგისტრაციის გაჭიანურება ან რეგისტრაციაზე უარის თქმა არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება არ გაჩნდეს კითხვა: მისტერ ბლინკენ, რატომ არის ეს თქვენთვის შესაძლებელი, ჩვენთვის არა? ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, არ ჩაერიოთ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში“, - წერს სადირ ჟაპაროვი.

წერილში ყირგიზეთის პრეზიდენტი წერს, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში გაჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციების „ფენა“, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან, რომლებსაც ყირგიზულ საზოგადოებაში „გრანტიჭამიებს“ უწოდებენ და მათმა ლიდერებმა ეს ფაქტობრივად „საოჯახო ბიზნესად“ აქციეს და უცხოელი სპონსორებისგან შემოსული ფულის „მოტეხვით“ არიან დაკავებულნი. ჟაპაროვი სთავაზობს ბლინკენს, რომ ჩატარდეს აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აუდიტი - სულ მცირე, ბოლო 10 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ამჟამად პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიზანია ყირგიზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში გამჭვირვალობის შეტანა და მოწესრიგება. საქართველოს მსგავსად არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ყირგიზეთის სახელმწიფო აპირებს გააკონტროლოს, საიდან მოდის ფული არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ვის მიერ, როგორ და რა მიზნებისთვის იხარჯება. კანონპროექტი ეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთის წარმომადგენლობის ფუნქციებს ასრულებენ და ითვალისწინებს მათთვის სახელმწიფო რეესტრის ორგანოს შემქნას.

კანონპროექტებმა აღშფოთება გამოიწვია იმ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებსაც ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელები აფინანსებენ. როგორც ჩანს, საქართველოს მსგავსად, ყირგიზეთშიც ეშინიათ ჩრდილიდან გამოსვლის და სახელმწიფოს მხრიდან რეალური საგადასახადო კონტროლის. კანონპროექტების კრიტიკას შეუერთდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, ეუთო, USAID, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების საელჩოები და ყირგიზეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის სხვა დონორები, უცხო ქვეყნების დეპუტატები და პოლიტიკოსები.

უახლოეს წარსულს თუ გავიხსენებთ, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, რასაც ქვეყანაში ქუჩის პროტესტი მოჰყვა, შესაბამისად, პარლამენტმა კანონპროექტი გაიწვია.

„ხალხის ძალა“, რომელიც კანონპროექტის ავტორია ამბობს, რომ ეს არის ამერიკული კანონის ქართული ვერსია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ იგი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და ამტკიცებენ, რომ ეს არის რუსული კანონი. მიუხედავად ოპოზიციის და ა-ო პროტესტისა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ხალხის ძალა“ პარლამენტის წინაშე კიდევ ერთხელ დასვამს ამ საკითხს.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ წელიწადნახევრიანი მოღვაწეობა გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული პოლიტიკისთვის.

„ვბედავთ და ვსაუბრობთ ქართულ ინტერესებზე. ვიზიარებთ რა პრინციპს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ჩვენ მათთან ღიად ვსაუბრობთ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ გამოწვევებზე. ფაქტია, რომ შინ თუ გარეთ ვამხელთ პოლიტიკურად არაკეთილმოსურნე ძალებს. ქართული პოლიტიკა ხალხთან უფრო ახლოს მივიტანეთ და ამიტომაც „ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელიც ეროვნული ენერგიის მობილიზებას ახდენს. აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც „ხალხის ძალას“ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოაქვს და ყოველი აუცილებლობის საჭიროება, რომელზეც ღიად საუბრობს, საბოლოოდ უტყუარი ფაქტებით დასტურდება“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იყო წამყვან ქვეყნებში აპრობირებული კარგად ნაცადი სამართლებრივი იარაღი, რომელიც სახელმწიფოს შიგნით ანტისახელმწიფოებრივი ძალების თავისუფალ მოქმედებას გამორიცხავდა.

„ეს კანონი არის სახელმწიფოების შიდა უსაფრთხოების გარანტი, სამართლებრივი საფუძველი ქვეყნის ფარგლებს გარედან მიღებული თანხები ბენეფიციარმა მიზნობრივად ხარჯოს და თანხის ათვისებისას მის მოქმედებებში ანტისახელმწიფოებრივი მიზნები გამოირიცხოს. მე არ ვიცი რა პოლიტიკური და სამართლებრივი მოცემულობა აქვს დღეს ყირგიზეთს, მაგრამ მას, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოს, სავსებით დასაშვებია ასეთი კანონის ამოქმედება უნდოდეს. ალბათ, არსებობს გარკვეული ეჭვები და შეინიშნება რისკები იმისა, რომ ყირგიზეთში მოქმედი არასამთავრობო სექტორი დონორიდან მიღებულ დიდ ფულს ანტისახელმწიფოებრივი მიზნით იყენებს, ან გამოიყენებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამთა მეგრელიშვილმა.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, გლობალური ძალების ინტერესშია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარეობდეს ანალოგიური პროცესები და ბატონებს მოსდით ზედმეტი. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ნებისმიერი კოლონიზატორის ინტერესშია ამა თუ იმ ქვეყანაში ჰყავდეს საკუთარი დასაყრდენი.

„ამიტომ ხდება ამათი დაფინანსება. მერე, როგორც კი გაუჭირდებათ, დაუძახებენ და ცხვრის ფარასავით გამოყრიან ქუჩაში. ეტყობა ყირგიზეთის ხელისუფლებას ნამეტანი ამოუვიდა ყელში. რომ ჩაატაროთ გამოკვლევა, ყველა პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგიური სიტუაციაა. რითია ეს გამოწვეული - ისინი, ვინც ამას აკეთებენ, ბოლოს ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ თავს. უფრო მეტი უნდათ და ისეთ ადამიანებს აფინანსებენ, რომელებსაც ძალიან საეჭვო წარსული აქვთ და ამიტომ არიან იმ ვითარებაში, რომელშიც არიან.

აგერ, ბატონო, ხიდაშელი აღიარებს, რომ დაფინანსებას ვიღებ ტაივანიდანო. მეტი საქმე არ აქვს ტაივანს, რომ ხიდაშელი დააფინანსოს, ვიცით სად მიდის კუდები. პირდაპირ მისი პირით ლაპარაკობენ ეს ადამიანები, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მტრები, მოღალატეები და ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც გროშების ფასად შეგვიძლია ადამიანები დავხოცოთო.

ამიტომ სწორად აკეთებს ყირგიზეთი, მაგრამ იცით რა მიკვირს? - ეს ყირგიზეთის პრეზიდენტია ევროპაში დაბადებული და გაზრდილი, თუ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული? მისაბაძი კაცი ყოფილა ყირგიზეთის პრეზიდენტი, რომელიც არ მოერიდა არაფერს და პირდაპირ უთხრა - გიცანიო. ნაცნობია ყველაფერი და ჩვენ ყველაფერი ვიცით უკვე“, - აცხადებს გვენეტაძე.

ანალიტიკოსის შეფასებით, დასასრულისკენ მიდის ის საშინელი პროცესი, რომელსაც ჰქვია ლიბერალიზმის ლიბერასტიზმში გადასვლა.

„ოქტმბრამდე ვერ მივიღებთ და უკვე არჩევნების შემდეგ ვფიქრობ, რომ პირველი თუ არა, მეორე სხდომაზე ეს მოთხოვნა იქნება გაჟღერებული. ეს კანონი უნდა მივიღოთ ყოველ მიზეზის გარეშე და უნდა დაერქვას სახელი ყველას და ყველაფერს. გაშიფრული უნდა იქნეს ყველა. კი ბატონო, აკეთონ მათი შავი საქმეები, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ესენი არიან უცხოეთიდან დაფინანსებული უცხოეთის აგენტები, რომლებიც არაქართულ საქმეს აკეთებენ და კი ბატონო, აიღონ ის ფული, რომელიც მათ თუ არა, მათ შვილებს და შვილიშვილებს ყელში გაეჩხირებათ და დაახრჩობს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

ლევკოთეა ამერიკა ყველას აფრთხილებს, ეგენი კი არიან ძაღლიშვილები, მაგრამ ჩემი ძაღლიშვილები არიან და ხელი არ ახლოთო.
2 თვის უკან
trampi გენაცვალეთ ჯიგარში!!!!
არა გევხააართ ამ ჩვენ ქვეშაჯვია მთავრობაას ?
კობახიძის მეშინია ....... მარიაჟ დემოკრატობაში ეს ევროპელები რაღაცას ცუდს გააკეთებინებენ---- ჩვენთვის საზიანო რამე დებილ კანონს მიაღებინებენ....
2 თვის უკან
ლაზი მეფე შიშველია. ის არ მიღებული კანონი, ბარეორ ფორმალურად არსებულ კანონზე უკეთ მუშაობს.
მარტის მოვლენების შემდგომ, ყოველდღე დასტურდება, რომ იმ კანონის მიღებას უკრძალავენ ყველა ქვეყანას სადაც ფორმირებული ჰყავთ, ან აყალიბებენ ადგილობრივ აგენტურას. ამ კანონის არ არსებობით, მათ უქმნიან ხელშეუხებლობის გარანტიას.
აბა დათვალეთ, რამდენი უცხო ქვეყნიდან დაფინასებადი ჯგუფია საქართველოში და დაინახავთ, რომ ეს საკმაოდ დიდი ძალაა, რომელსაც ქუჩიდან მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია საჭიროების შემთხვევაში.
გასათვალისწინებელია, რომ ამ ჯგუფებს მართავენ პოლიტიკურად საკმაოდ გამოცდილი საშუალო ხნის ადამიანები, ხოლო წევრებად აერთიანებენ გულუბრიყვულო ახალგაზრდებს, რომლებზეც, გარკვეულ მიზეზთა და პირობათა გამო, განუსაზღვრელი გავლენა აქვთ.
სახიფათოა ეს ყველაფერი.
2 თვის უკან