მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ცნობილია. აღიძვრება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე და რა შედეგების მომტანი იქნება ეს ქვეყნისთვის. ვესაუბრებით პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს, ადვოკატ ამირან გიგუაშვილს.
-ბატონო ამირან, იმ ფონზე, როდესაც მთავრობის მეთაური ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ხდება. გაიზარდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შანსები?
-არა მგონია, ამ შემთხვევაში ახალი პრემიერის წინა პოსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამ კრიტერიუმით ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრობისას უფრო შეეძლო შურისძიების აქტების განხორციელება ნაციონალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, თუმცა როგორც დავინახეთ მას ეს არ გაუკეთებია და პირიქით პოლიციის მაქსიმალური დეპოლიტიზაცია მოახდინა. თანაც სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურის პრეროგატივაა და არა მთავრობის მეთაურის. მე ვფიქრობ აქ უბრალოდ მოვლენების ბუნებრივ განვითარებასთან გვექნება საქმე და პროცესები მიხეილ სააკაშვილის მიმართ თავისთავად გააქტიურდება.
-ანუ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთი კომპრომატები არსებობს, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გარდაუვალია?
-ნუ დაგვავიწდება, რა სისტემასთან გვქონდა საქმე და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეს სისტემა ძალაუფლების ვერტიკალზე იყო ორიენტირებული. დღეს კი იძახის სააკაშვილი -ბოდიში, რომ ზოგიერთ ძალოვან მინისტრს ზედმეტად ვენდობოდიო, მაგრამ ვის სჯერა ამის?! ნაციონალური მმართველობის პერიოდი სავსეა დანაშაულებრივი ფაქტებით, რომელზე პასუხისმგებლობაც, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი, პირველ რიგში სწორედ მიხეილ სააკაშვილს ეკისრება. თუნდაც ბოლო შეწყალების აქტი ნახეთ. როგორ შეიძლება ერთი ადამიანი და მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტი მართლმსაჯულებაზე მაღლა აყენებდეს საკუთარ თავს და იმას ანიჭებდეს თავისუფლებას, ვისაც პირადად თვითონ თვლის საჭიროდ. ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ მას და მის გუნდს კანონთან მთელი ათი წლის მანძილზე. თუმცა მეორეს მხრივ, ვფიქრობ, პროკურატურას ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება პირდაპირ არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის შიდა პროცესებით და სასამართლომაც, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, უკვე არაერთი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ.
-ზუსტად ეგ არის მნიშვნელოვანი. შეძლებს თუ არა პროკურატურა ისეთი მტიცებულებების დადებას, რომელიც დაარწმუნებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომ ეს არის არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, არამედ სამართლებრივი დევნა?
-თქვენ სწორად აღნიშნეთ. მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, ერთის მხრივ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას უნდა სჯეროდეს, რომ ეს არის სამართლებრივი აქტი და ამასთან საერთაშორისო თანამეგობრობას არ უნდა მიეცეს საფუძველი დასკვნისთვის, რომ ეს პოლიტიკური რევანშია. როგორც ხედავთ, არჩევნების მეორე დღესვე, მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა და ამ ვიზიტს სრულიად კონკრეტული მიზანი ჰქონდა. ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებით თავის მოწონება, რომელსაც მე უფრო იძულებით დემოკრატიას ვუწოდებდი და უსაფრთხოების გარანტიების მიღება. ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზომ ღიად განაცხადა, რომ ევროპისთვის მიუღებელია შერჩევითი სამართალი. ასეთივე მესიჯები გააკეთა სენატორმა მაკკეინმა, გიორგი მარგველაშვილისთვის გამოგზავნილ მისალოც ტექსტში. თუ ბოლო დღეებში ევროპის და აშშ-ის გავლენიან მედია საშუალებებს გადახედავთ, აშკარაა, რომ გამადიდებელი შუშით გვაკვირდებიან, როგორ მოიქცევა ახალი პრეზიდენტი და ახალი პრემიერი ძალაუფლების სრულად ხელში აღების შემდეგ.
-მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, თუკი მისი ყოფილმა პრეზიდენტმა მართლაც ჩაიდინა დანაშაული. იმის გამო, რომ სენატორები და ევროპის მაღალჩინოსნები განაწყენდებიან, სამართლიანობამ უნდა დაისვენოს?
-რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს იგი და როგორი ლობისტებიც არ უნდა ჰყავდეს ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ. სამართლიანობის დასვენებას არც არავინ მოთხოვს დღევანდელ ხელისუფლებას, მით უმეტეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც თუ რამე გააჩნიათ ღირებული და მისაბაძი, სწორედ კანონის უზენაესობაა. აქ საუბარია ახსნადობაზე, ანუ ეს არ უნდა იყოს ისეთი ბრალი, რომელიც მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე და ირიბ მტკიცებულებებზე იქნება დამყარებული. იურიდიულ ტერმინოლოგიაში ამას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ეწოდება. ანუ ის მტკიცებულებები, რაც წარდგენილი იქნება ბრალდების მხარის მიერ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა უქმნიდეს განცდას, რომ სახეზეა აშკარა დანაშაულის ნიშნები. ამიტომაც მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება იდეა-ფიქსად კი არ უნდა იქცეს საზოგადოებისთვის, არამედ ფაქტად, რომელიც მხოლოდ უკიდურესი გარდაუვალობისას და დასაბუთებული ბრალდებისას შეიძლება დადგეს, რადგან თუ ამ ყველაფერს ემოციების გარეშე შევაფასებთ, საკუთარი პრეზიდენტის დაჭერა სულაც არ არის საამაყო, თავად ამ საზოგადოებისა და ქვეყნის იმიჯისათვის.