ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1977 წელს დაბადებული იუსუფ ბ. და 1991 წელს დაბადებული მურათ ქ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და „სუბოქსინი“-ს აბის 2 ნატეხი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით სულ ამოღებულია 5,9 გრ ჰეროინი და 0,0066 გრ ბუპრენორფინი.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავებისას მურათ ქ. ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის და მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).