სირიის ომის

სირიის ომის "კავკასიური" შტრიხები

"5 ოქტომბერს ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა ალტაი მეხდიევმა განაცხადა, რომ რუსეთისგან გაბალის რადიოლოკაციური სადგურის მიღება საბოლოოდ დასრულდა და ახლა მას აზერბაიჯანის მხარე სრულად აკონტროლებს; "ამჟამად ავღანეთიდან ISAF-ის ტვირთის 30% აზერბაიჯანის გავლით მოემართება", - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არაზ აზიმოვმა; 2014 წლიდან რუსეთი აზერბაიჯანისთვის დამრტყმელი სარაკეტო კომპლექსების Уран-Э-ს მიწოდებას დაიწყებს. კომპლექსებით ეროვნული სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები აღიჭურვება. კონტრაქტის ღირებულება 75 მლნ დოლარია", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი სტატიაში სათაურით ფაქტები, მოვლენები, შემთხვევები...

"თურქეთის თავდაცვის სამინისტრო უახლოეს რამდენიმე წელიწადში საკუთარი კონსტრუქციის გამანადგურებლის, TF-X-ის შექმნა-შესყიდვაზე 31-33 მლრდ
დოლარს დახარჯავს. თუ გაგრძელდება ამერიკული გამანადგურებლების F-35 Lightning II-ის შესყიდვები, მაშინ ავიაციის საერთო ხარჯები 50 მლრდ დოლარს გადააჭარბებს; ახალი კანონის მიღების გამო, რომელიც სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას ეხება, შეიარაღებული ძალებიდან 280 ათასი სამხედრო მოსამსახურე დემობილიზდება. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა თურქეთის შეიარაღებულ ძალებში 15-დან 12 თვემდე შემცირდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა უკვე მიიღო "ცივილიზაციური" ელფერი და სრულმასშტაბიან ლოკალურ ომში გადაიზარდა... სირიის ომში იკვეთება "კავკასიური" შტრიხებიც. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში სირიის ფაქტორმა, უფრო სწორად, მოსკოვისა და დამასკოს სტრატეგიულმა თანამშრომლობამ დიდი როლი ითამაშა, რუსეთის ფედერაციის მაშინდელი ხელისუფლების მიერ ე.წ. კავკასიური პოლიტიკის შემუშავებაში. მაგალითად, სირიის სამხედრო დაზვერვის მონაწილეობა 1992-1993 წლის აფხაზეთის ომში, პრიმაკოვის პირადი კონტაქტები ასადის რეჟიმის ხელმძღვანელებთან, აჰმად და რამზან კადიროვების ადმინისტრაციაში სირიელ მრჩეველთა ჯგუფის აქტიური მონაწილეობა ვინმე სისანის მეთაურობით და ა.შ. ეს საკითხი ცალკე განხილვის საგანია. ამჯერად საინტერესოა ყურადღების გამახვილება იმ გარემოებაზე, რომ დღევანდელი მონაცემებით უკვე ასობით თუ ათასობით დაქირავებული მებრძოლი თუ იდეოლოგიურად მოტივირებული ისლამისტი კავკასიის რეგიონიდან სირიის ლოკალური ომის მონაწილეა. კავკასიელი ისლამისტების ფაქტობრივი ლოზუნგი, ალბათ, ასეთია: "ყველა კავკასიელო ისლამისტო, გაერთიანდით სირიაში", - წერენ მამუკა არეშიძე და ვახტანგ მაისაია "არსენალში" გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით სირიის ომის "კავკასიური" შტრიხები / საქართველოს ახალი გამოწვევა ელის.

"ჯერ კიდევ 2013 წლის ივნისში კავკასიის სივრცეში, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მოქმედმა "კავკასიის ისლამური ემირატის" მეთაურმა დოკუ უმაროვმა თავის ერთ-ერთ ვიდეოგამოსვლაში განაცხადა, რომ კავკასიელი მოჯაჰედები გლობალურ ჯიჰადს, ანუ "ალ-ქაიდას" საერთაშორისო ტერორისტულ ქსელს შეუერთდებოდნენ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ სირიაში კავკასიური წარმოშობის ისლამისტი მებრძოლები ჩავიდნენ და ისლამური წინააღმდეგობის ფრონტის სამხედრო დაჯგუფებათა რიგებში იბრძვიან. არსებული მონაცემებით მათ შორის სამ ათეულამდე ქისტია... კავკასიელი ისლამისტები ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში ისა უმაროვსა და მოვლად უდუგოვს გადაჰყავდათ. დოკუ უმაროვის (ამჟამინდელი "კავკასიის ისლამური ემირატის" მეთაური და კავკასიელ ისლამისტთა ლიდერი) ძმა, ისა უმაროვი, თავის ძმა აჰმად უმაროვთან ერთად ფიგურირებდა 2012 წლის ზაფხულში ე. წ. "ლოპოტის ოპერაციის" მომზადებაში, ხოლო მოვლად უდუგოვი "კავკასიის ისლამური იმარათის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად ითვლება და ამჟამად კატარის დედაქალაქ დოჰაში საზღვარგარეთ მოქმედი კავკასიის ემირატის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს ხელმძღვანელობს", - ნათქვამია სტატიაში.

"სირიაში მოქმედ იმ ისლამისტურ დაჯგუფებათა რაოდენობა, რომელთა რიგებშიც კავკასიელი მოჯაჰედები იბრძვიან, ბევრი არ არის, მაგრამ ისინი დიდი გავლენით სარგებლობენ და კარგი მებრძოლები არიან... ისლამისტურ დაჯგუფებათა საველე მეთაურებიც დიდი გავლენისა და მაღალი სამხედრო-პოლიტიკური ლიდერის სტატუსის მქონე პირებს წარმოადგენენ. მათგან გამოიყოფა სამი საველე მეთაური, ანუ ამირა: - ამირ აბუ ომარ ალ-შიშანი (სავარაუდოდ თარხან ბათირაშვილი) - წარმოშობით ქისტია და "ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს" ჩრდილოეთ ფრონტის სარდალია; - ამირ აბუ ალ-ბანატი - წარმოშობით დაღესტნელია (სახელი და გვარი უცნობია) და ადრე დაღესტნის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმში მსახურობდა; - ამირ სეიფულა შიშანი - წარმოშობით ჩეჩენი (სავარაუდოდ, საიდულაევი). იგი იყო "კავკასიის ისლამური ემირატის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამორჩეული საველე მეთაური. სწორედ მან გამოაცხადა 2007 წელს ამ ისლამისტური გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა. ზემოთ დასახელებულ სამ საველე მეთაურს შორის ურთიერთობა არცთუ მარტივია, მაგრამ ისინი სტრატეგიული მოკავშირეები არიან და "კავკასიის ისლამურ ემირატთან" მჭიდრო კავშირი აქვთ", - აღნიშნავს გამოცემა და დასძენს:

"ბოლო პერიოდში ამირ აბუ ომარ ალ შიშანს სხვა მეთაურებმა ე.წ. "ლოპოტის ოპერაციაში" ისლამისტური მებრძოლების ღალატი და საკუთარი მებრძოლების უყურადღებოდ მიტოვება დააბრალეს. ეს ფაქტი ყურადსაღებია, შეიძლება დავასკვნათ, რომ იმ ოპერაციაში სირიაში მყოფი მებრძოლებიც მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, "ლოპოტის ოპერაციის" ერთ-ერთი მიზანი იყო ე. წ. "სატრანზიტო კორიდორის" გაჭრა საქართველოს გავლით ჩრდილოეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის საბოლოო პუნქტით სირიაში. ლონდონში მოქმედი იჩქერია-ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის (ხელმძღვანელი აჰმედ ზაკაევი) მიერ შექმნილი სპეციალური საგამოძიებო კომისიის დასკვნით, რუსეთის სპეცსამსახურებმა ვანო მერაბიშვილის მეშვეობით მოახერხეს ამ ოპერაციის ჩაშლა. თუმცაღა სატრანზიტო კორიდორის საკითხი დროებით გადაიდო, სირიის ლოკალური ომის უფრო ინტენსიურად წარმართვის შემთხვევაში "კორიდორის" ამოქმედება კვლავ აქტუალური გახდება, რასაც ხელს უწყობს სირიის მიმართულებით "ალ-ქაიდასა" და "თალიბანის" გააქტიურება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველო კვლავ ახალი პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგება".