"24 ნოემბერს პოლიტიკური მოძრაობა "ქართული ოცნების" ყრილობაა დაგეგმილი, სადაც ბევრი ისეთი რამ გაცხადდება, რაზეც ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ არა აქვს წარმოდგენა. რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ კოალიციის კულუარებში, ამაზე "ალიას" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრება", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ქართულ ოცნებაში" წმენდა იწყება.
"2 ნოემბერს ჩვენ გვქონდა უმრავლესობის შეხვედრა, მანამდე იყო კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, გულწრფელად გეუბნები, მე ამ შეხვედრებზე ვერავინ ვნახე ისეთი, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამდა ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების გამო. ირაკლისთან ასოცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარი ცვლილებები, ფაქტობრივად, პოლიცია დღეს დეპოლიტიზებულია. "ნაციონალები" გამოდიან და ლაპარაკობენ, - ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი ერთგულების ნიშნით წარმოადგინაო. ვერ გავიგე, აბა, რა ნიშნით უნდა წარმოედგინა, სააკაშვილის ერთგულების ნიშნით? ოღონდ რამე თქვან და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მაგათი აზრით, ირაკლის მინუსი არის ის, რომ ივანიშვილის ერთგულია", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე.
"ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ახალი შემოსულია და ბუნებრივია, პირველ რიგში, იმ ადამიანებს დაეყრდნობა, ვისაც თვითონ იცნობს. ამ შემთხვევაში უხერხულს ვერაფერს ვხედავ, მომავალი პრემიერ-მინისტრი უნდა დაეყრდნოს ერთგულ ადამიანებს. მთავარია, მთავრობაში პატიოსანი ადამიანები მოიყვანოს. კარგა ხანი იყო გაცხადებული კოალიციაში, რომ ირაკლი იქნებოდა მომავალი პრემიერ-მინისტრი, სხვა ვარიანტს ჩვენ არც კი ვუშვებდით. რაც შეეხება იმას, ყველას გაუხარდა თუ არა, კოალიციაში ირაკლის გაპრემიერება, როგორც ვიცით, ადრე იყო რაღაც წყენა ერთ-ერთი პარტიის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ირაკლი არ არის ის კაცი, რაღაცებს გამოეკიდოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ლორთქიფანიძე.
"როდესაც არმაზ ახვლედიანი ამბობს, პარტია უნდა გათავისუფლდეს შემოერთებული პოლიტიკოსებისგანო, არ ვიცი ამ პოლიტიკოსებში ვის გულისხმობს, მაგრამ არის, ალბათ, კულუარებში ლაპარაკი ასეთ ადამიანებზე, მართლაც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" გამარჯვების პირზე შემოუერთდნენ, მაგრამ რამდენად კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ჩემთვის გაუგებარია. ამ შემთხვევაში მე ვიზიარებ არმაზ ახვლედიანის პოზიციას. დროა, ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სასწორზე დადეს თავიანთი სიცოცხლე და ოჯახები. როგორც ჩანს, პარტიის გაწმენდა უკვე მომწიფებულია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"აქამდე "ქართული ოცნება" სულ სხვა კონფიგურაციისა იყო, მას არ ჰყავდა თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა იყო საპატიო თავმჯდომარე და მას მართავდა პოლიტსაბჭო, რომელიც შედგება 21 კაცისგან. მათ შორის არიან პარლამენტის წევრები და და საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებებიც. ახლა ჩამოყალიბდება თვისობრივად ახალი ძალა, უკვე აუცილებელია, პარტია გაძლიერდეს, თვითმმართველობის არჩევნები კარზეა მომდგარი და ვფიქრობ, ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ. ჩემი ინფორმაციით, შემოღებული იქნება პარტიის თავმჯდომარის ინსტიტუტი, ასევე შემოღებული იქნება გენერალური მდივნის ინსტიტუტი თავისი სამდივნოთი, "ქართული ოცნება" 24 ნოემბრიდან, ანუ ყრილობის შემდეგ, ახალ ცხოვრებას დაიწყებს", - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.
"ჩემი ინფორმაციით, მოხდება პოლიტსაბჭოს გადახალისებაც, იქაც შეიცვლებიან წარმომადგენლები, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა არ იქნება ადამიანების გამოხშირვა უარყოფითი ნიშნით. აუცილებელია "ქართული ოცნება" იყოს ცოცხალი და აქტიური ორგანიზმი. გაწმენდა აუცილებელია. ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, არსად არ მიდის და ზოგიერთ ე.წ. ლიდერს, ფუნქციები ჩამოერთმევა. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი პოლიტიკიდანაც წავიდეს. ვნახოთ, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. სამწუხაროდ, ბევრს არ აღმოაჩნდა იმის უნარი, რომ კოლეგიალობაზე ეფიქრა და სიტუაცია დაელაგებინა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "გადაწყდა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის საკითხი? რატომღაც ბევრი აღნიშნავს, რომ კალაძე იქნება..." - პასუხობს:
"კახას კანდიდატურა არ განიხილებოდა, ეს მცდარი ინფორმაცია იყო. თვითონ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, მომავალი მინისტრი ისევ სისტემიდან იქნებაო. ეს საკმაოდ დიდი სისტემაა და ბევრი ღიტრსეული ადამიანი მუშაობს, მინისტრის გამოძებნა არ უნდა გაჭირდეს. რაც მთავარია, კითხვის ნიშნებიანი კაცი არ უნდა იყოს, ირაკლიმ უმრავლესობის სხდომაზეც თქვა შინაურობაში, რომ აუცილებლად სისტემაში მოვძებნიო. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ამ მხრივ რაღაც შეიცვალოს და სულ სხვა ვინმე წარმოადგინონ. აქ მთავარია, ბიძინა ივანიშვილმაც გამოუცხადოს იმ ადამიანს ნდობა".