"თუ ყველა დამნაშავეს არ გავასამართლებთ, ხალხი ჩვენ გაგვასამართლებს!"

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა დაასახელა და პოლიტიკური საბჭოს თანხმობა მიიღო, ხუმრობენ, რომ "ქართული ოცნების" ოფისიდან "თეთრი კვამლი" ამოვიდა. როგორ აფასებს განვლილ ერთ წელს, რა იქნება ხვალ, კვამლივით გაქრება თუ აღსრულდება "ქართული ოცნების" მთავარი საარჩევნო დაპირება - სამართლიანობის აღდგენა, აგებენ თუ არა სააკაშვილი და მისი გუნდი პასუხს უკანონო ქმედებებზე, ამ და სხვა საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო დავით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილებოდა.
- ფორმატი ასეთი იყო: თუ მოქმედი პრემიერის დასახელებული პირველი კანდიდატურა გამოიწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, მაშინ სხვა კანდიდატების განხილვა იქნებოდა აუცილებელი. პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა საუკეთესოდ მიიჩნია და განხილვა აღარ გაგრძელებულა.
მანამდე ლაპარაკი იყო დავით სერგეენკოზე, ეკონომიკის მინისტრ კვირიკაშვილზე...

- შს მინისტრი ვინ იქნება?
- ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება ახალ პრემიერ-მინისტრს გადაულოცა.

- ლაპარაკი იყო შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურზე..
- ძალიან საინტერესო კანდიდატურაა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ვინ იქნება ამ თანამდებობაზე.

- მინისტრთა კაბინეტში ვინ დარჩება და ვინ წავა?
- არც ამაზე ყოფილა ლაპარაკი. ახალი პრემიერი თვითონ წარადგენს გუნდს, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება.

- თქვენ, როგორც მრავალი არჩევნების მონაწილე და ხშირად გამარჯვებულიც, როგორ ფიქრობთ, როგორი იყო საპრეზიდენტო არჩევნები: ცუდი, კარგი, იდეალური თუ იდეალურთან მიახლოებული?
- ყველაფერი ფარდობითია და წინა არჩევნებთან შედარებით ეს იყო ნამდვილად იდეალურთან მიახლოებული. მიმაჩნია, რომ წინა წლებში არჩევნებში კი არა, ომში ვიყავით, სადაც მოწინააღმდეგე ყველა ხერხს იყენებდა: ძალადობას, ხალხის დაშინებას, საარჩევნო უბნებიდან ყუთების გატაცებას, ნიღბიანების ძალას და ა.შ. ამჯერად ამომრჩეველი გაოცებული იყო, რომ არავინ აიძულებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის ხმის მიცემას, მხარდამჭერთა სიების მიტანას, არავინ ემუქრებოდა სამსახურიდან გაგდებით ან ოჯახის წევრების დასჯით, ამიტომაც ხალხი თითქოს დაბნეულიც კი იყო.

- თუმცა, ამ არჩევნებში იყო დაბალი აქტივობა...
- შარშან საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალი იყო, რადგან გადამწყვეტი ეტაპი ედგა სახელმწიფოს. შარშანდელთან შედარებით ელექტორატის აქტივობა 12%-ით დაბალი იყო, რაც იმან გამოიწვია, რომ სიები ხელოვნურად გაბერილი არ იყო. ჩვენ მკვდარი სულებისგან თითქმის გავწმინდეთ სიები. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგისტრირებულია აქ, მაგრამ ცხოვრობს უცხოეთში. დაბალი აქტივობა იყო ქვემო ქართლშიც, სადაც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებს საარჩევნო ხმების ბეღელს ეძახდნენ. იქ ბევრი ამომრჩეველი კი არ მიდიოდა არჩევნებზე, მათ ხმებს აყალბებდნენ. წელს არჩევნები არ გაყალბდა და აქტივობაც, წინა წლებთან შედარებით, დაბალი გამოჩნდა.

- "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა კახა ლომაიამ, ფაქტობრივად, წყევლა შემოგითვალათ, მიშა არსად წასულა და ის დაწერს თქვენს პოლიტიკურ ნეკროლოგსო.
- თუ იცით, ყვავის ფრთა ხომ არ დაუწვავს, როდესაც იწყევლებოდა? მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას ფანატიკურად უყვარს სააკაშვილი, მიშიზმი და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა დასრულდა. დასასრული ორგვარი შეიძლება იყოს - ერთი, როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ და ყველას ანადგურებ, ისე, როგორც ეს "ნაციონალებმა" გააკეთეს, დარჩნენ მხოლოდ თვითონ და შევარდნაძის გუნდის წევრები ან დაიჭირეს, ან სხვა ხერხებით გაანადგურეს და მეორე: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მარგინალურ ძალას კულტურულად, არჩევნების გზით აძლევ ყოფნა-არყოფნის შესაძლებლობას, შენ კი ატარებ რეფორმებს. ბუნებრივია, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ვერაფერი კეთილად დასამახსოვრებელი ვერ დაუტოვა საზოგადოებას, თანდათან ქრება. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ არჩევნების დროს ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, "ნაციონალური" ნარჩენების გვერდით გვიწევდა არჩევნებისთვის მზადება, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ ქალაქის მერები, საკრებულოები, გამგებლების დიდი ნაწილი.

- ბოლო დროს საზოგადოება მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილს და მის რეჟიმს არ გაასამართლებთ, დაბრუნდება და თვითონ გაგასამართლებთ.
- ეგ ვერ გაგვასამართლებს, მაგრამ თუ ყველა დამნაშავეს პასუხს არ ვაგებინებთ და არ გავასამართლებთ, ხალხი ჩვენ გაგვასამართლებს.
უნდა მოეკითხოს ყველა იმ ადამიანს, ვინც ბინძურ საქმეებშია გარეული, მაგრამ თუ სამართლებრივი საფუძველი მტკიცე არ იქნება, ანგარიშსწორებას დაემსგავსება.