ტაქსების რეფორმა რეგიონებშიც დაიწყება და მძღოლებს ლიცენზიის აღება იქაც დასჭირდებათ

ტაქსების რეფორმა რეგიონებშიც დაიწყება და მძღოლებს ლიცენზიის აღება იქაც დასჭირდებათ

„მინივენების“ და სხვა ტაქსების მიერ მგზავრების გადაყვანა დედაქალაქის შემდე, უკვე რეგიონებშიც დარეგულირდება. პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც აღნიშნულ საკითხს ახლებურად მოაწესრიგებს. ახალი რეფორმისადმი ჯერჯერობით კრიტიკა არ გაჟღერებულა, თუმცა სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ყველგან მისი განხორციელება საჭირო არ არის.

კანონპროექტის მიღების შედეგად ნებართვას დაექვემდებარება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსების საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას.

ნებართვა გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით, ნებართვის გაცემის უფლებამოსილება კი ენიჭება მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.

მუნიციპალიტეტებს (გარდა დედაქალაქისა) 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, რომ უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.

სანებართვო პირობების დარღვევით მგზავრების გადაყვანა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 და 200 ლარის ოდენობით. კანონპროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

თბილისის მერიამ ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მძღოლებს ავტომობილის ლიცენზიის აღება, ტექნიკური ინსპექტირების გავლა, მანქანის თეთრად გადაღებვა და სხვა ვალდებულებები დაეკისრათ. სავარაუდოდ, მსგავსი მიდგომა იქნება მუნიციპალიტეტების შემთხვევაშიც.

მთავრობის ამ ინიციატივას დადებითად აფასებს „საქართველოს ტაქსების ფედერაციის“ დამფუძნებელი. ზურა აგლაძის თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ტაქსის სფერო მსოფლიოში სრულად რეგულირებულია და უსაფრთხოების ყველა ნორმა, საქართველოს მასშტაბით სრულად უნდა იყოს დაცული.

„ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ეს სფერო მთელს მსოფლიოში რეგულირებულია იმის მიხედვით, რაც მოითხოვს უსაფრთხოებას, რაც მოითხოვს მომსახურების მაღალ დონეზე აწევას და ა.შ.“, - განაცხადა აგლაძემ.

ამის გარდა, ფედერაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ახალი კანონი მოაწესრიგებს მუნიციპალიტეტებში არსებულ სიტუაციას, რომ ყველა მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების გარკვეულ ნორმებს და იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც მგზავრთა გადაყვანისთვის აუცილებელია.

„ნიუ იორკში ტაქსის ლიცენზია ერთი პერიოდი ნახევარი მილიონი დოლარი ღირდა. საქართველოში ახლა 2000 ლარამდეა. თავად ლიცენზია დასაქმების კარგი საშუალებაა, არიან პროფესიონალები, რომლებიც მთელი ცხოვრება ამ განხრით მუშაობენ. ეს რეგულაცია, პირველ რიგში, უსაფრთხოებას და სერვისს გააუმჯობესებს. მომხმარებლის კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ისეთი რეგულაცია, რომელიც მუნიციპალიტეტებს სრულიად მოაწესრიგებს, მისაღებია“, - განუცხადა „ბიპიენს“ აგლაძემ.

ექსპერთა დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ სფერო მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელია, თუმცა რეფორმის გატარება ყველაგან საჭირო არ არის და გააჩნია, მუნიციპალიტეტის ზომას, სიდიდეს, მასშტაბს.

საავტომობილო სფეროს სპეციალისტი გელა კვაშილავას აზრით, დიდ ზოგადად ქალაქებში სატაქსო სფეროს რეგულირება საჭიროა, ასეთი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში.

„ჩვენთან, პირველ რიგში, საქალაქთაშორისო გადაყვანების მოწესრიგებაა მნიშვნელოვანი. თვითონ ქალაქის შიგნით კი მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, როგორი ტიპის რეფორმა გატარდება, მაგრამ მე მგონი, ყველგან აუცილებელი არ არის. ქალაქის სიდიდესაც გააჩნია.

საერთოდ, ზედმეტი რეგულაცია არ არის საჭირო, მაგრამ გააჩნია, მუნიციპალიტეტის ზომას, მოსახლეობის რაოდენობას, თუმცა საპარკინგე პოლიტიკა რომ მოსაწესრიგებელია ყველა მუნიციპალიტეტში, ამის ცალსახად თქმა უკვე შემიძლია“, - განაცხადა გელა კვაშილავამ და დასძინა, რომ მუნიციპალიტეტებმა რეფორმით მიღებული დამატებითი შემოსავალი შეიძლება გამოიყენონ ავტობუსების ან ქვეითთა ინფრასტრუქრის მოსაწესრიგებლად.