რატომ სცემეს ციხის ყოფილ უფროსს?

რატომ სცემეს ციხის ყოფილ უფროსს?

ათასობით ადამიანს პროკურატურაში საჩივარი შეტანილი აქვს და თითქმის წელიწადია, ისინი კონკრეტული პირების დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას ელიან, მაგრამ გამოძიების პროცესი ჭიანურდება. როგორც ჩანს, ამის გამო ნელ-ნელა მათი მოთმინების ფიალა ივსება. ადამიანები სხვადასხვა გზით ცდილობენ სამართლის აღსრულებას, განაწყენებულები უკვე ყოფილ ძალოვანებს ქუჩაში ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

ბოლო დროს რამდენიმე ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. "ნაციონალების" აქტივისტს, პოლიციის ყოფილ ლეიტენანტს, ავდო მახარამოვს ქუჩაში ისე სასტიკად სცემეს, რომ "არამიანცის" საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდა საჭირო. მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. მახარამოვის მტკიცებით, ის ქორწილიდან ბრუნდებოდა, როცა თანასოფლელებმა, ძმებმა ფაშაევებმა ქუჩაში შეაჩერეს. "ისინი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იხდიდნენ სასჯელს და ამნისტიით გამოვიდნენ. მითხრეს, შენს დროს დაგვიჭირეს, ახლა თქვენი დრო წავიდაო და სახეში იარაღის ტარი ჩამარტყეს. რომ წამაქციეს, კიდევ მირტყამდნენ. თან ყვიროდნენ, - ახლა ხომ გაიგეთ, ბოზებო, თქვენი დრო წავიდაო!.. იქაურობას რომ არ გავცლოდი, ალბათ ცემით მომკლავდნენ. მათ ქორწილიდან გამოსული ხალხი აკავებდა. ამ მომენტით ვისარგებლე, ფეხზე ძლივს წამოვდექი და გაქცევა მოვახერხე... მერე პატრულს დავურეკე. თვალები მტკიოდა. შუბლი გახეთქილი მქონდა და სულ დასისხლიანებული ვიყავი. "ნაციონალების" აქტივისტი რომ ვარ, ამიტომ მცემეს... დამნაშავეები პოლიციამ დაკითხვის შემდეგ გარეთ გამოუშვა, ეს არის სამართალი?! იმედი მაქვს, ადვოკატების დახმარებით, სიმართლეს ვიპოვი და დამნაშავეები დაისჯებიან", - ამბობს დაზარალებული.

მახარამოვის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, ძალოვანებმა დასახელებული პირები დაჰკითხეს, მაგრამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პატიმრისგან შევიტყვე, თურმე თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, მერაბ ბაღათურიაც შურისძიების მოტივით უცემიათ. "მე ყოფილი პოლიციელი ვარ და მიშას ხელისუფლებამ ორჯერ უდანაშაულოდ დამიჭირა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ "აფუჭებდნენ" და ანადგურებდნენ ისინი ადამიანებს. იქ უამრავი უდანაშაულო იჯდა. ყოფილი ძალოვანები "მატროსოვის" ციხეში ვიყავით. წარმოიდგინეთ, ორ კვირაში პატიმრების რაოდენობა 400 კაციდან 1200-მდე ავიდა. ოთახში სუნთქვა არ შეიძლებოდა. იმდენი ვიყავით, ერთმანეთს ვეჯახებოდით. იმდენი გამწარებული ხალხია გამოსული ციხიდან, რომ არ გაგიკვირდეთ, შური იძიონ მათზე, ვინც ისინი ასეთ დღეში ჩააგდო. თუ ხელისუფლება დამნაშავეებს არ დასჯის, მართლა თავად დაიწყებს ხალხი სამართლის აღსრულებას. მე სხვასთან შედარებით, მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ვინც დამიჭირა, ის ერთ თვეში ციხეში "შემომიგდეს" და გვერდით მომისვეს. იქვე გავარკვიე მასთან ყველაფერი... თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მერაბ ბაღათურიამ მაშინ ბევრი ადამიანი "გააფუჭა": წამალს უგდებდნენ ხალხს და ისე იჭერდნენ, უთითხნიდნენ ბრალდებებს. როგორც ვიცი, ყოფილმა პატიმრებმა მასზე შური უკვე იძიეს, სადარბაზოსთან დახვდნენ და მაგრად სცემეს, საავადმყოფოშიც იწვა. არ ვიცი, მან შეიტანა თუ არა საჩივარი ამ ფაქტზე. ვფიქრობ, ასე გაგრძელდება, თუ დროზე არ დასჯიან დამნაშავეებს", - მითხრა მან და ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
ამ ინფორმაციის გადამოწმება მერაბ ბაღათურიასთან ვცადე, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ შევძელი. ამ ფაქტზე არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუვრცელებია ინფორმაცია - შესაძლოა, ყოფილ ჩინოსანს არც უცნობებია მათთვის მომხდარი.

კიდევ ერთი ფაქტი საბერძნეთში მოხდა: ნაცემია ყოფილი ძალოვანი, დავით ჩხიტუნიძე... კიდევ ერთი შემთხვევის - რუსთავის მე-17 დაწესებულების ყოფილი უფროსის, ლაშა ბრეგვაძის ცემაზე ინფორმაცია პირველად ბაჩო ახალაიას ცოლმა "ფეისბუკით" გაავრცელა. ანი ნადარეიშვილი წერდა: "ნადირობა ქურდებთან მებრძოლებზე გრძელდება! ციხის ყოფილი დირექტორი,
ლაშა ბრეგვაძე გაიტაცეს კრიმინალებმა, სასიკვდილოდ სცემეს და ეუბნებოდნენ, რომ შეეგინებინა ბაჩოსთვის. გადაუღეს ფოტოები და ვიდეო. მისივე თვალწინ გაუგზავნეს ერთ-ერთ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს. ასევე უთხრეს, რომ კანონიერი ქურდების უპატივცემულობას სისხლად ამოანთხევინებდნენ ყველას, მათ შორის - ბაჩოსაც".

ამის შემდეგ "ნაციონალებმაც" საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნეს მომხდარს. ფაქტს ციხიდან ბაჩო ახალაიაც გამოეხმაურა და ქურდებისკენ გაიშვირა ხელი. ორგანიზატორად ვატო ყიფიანი დაასახელა. აკაკი მინაშვილის განცხადებით, ბრეგვაძის ცემაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი, გიორგი გუდაძე, ვატო ყიფიანთან და ე.წ. კანონიერ ქურდთან, "წრიპასთან" დაახლოებული პირია. მისივე თქმით, მოძალადეებმა ბრეგვაძის ცემის ამსახველი ფოტოები გაუგზავნეს სოსო ჯოხაძეს იმის დასადასტურებლად, რომ ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს ასე გაუსწორდნენ.

მომხდართან ყიფიანის ყოველგვარ კავშირს უარყოფს მისი ადვოკატი, მარიკა ფხალაძე:
- სოციალურ ქსელში თვითონ კრიმინალმა ჯალათმა, ბაჩო ახალაიამ გააკეთა განცხადება, რომ ქურდულმა სამყარომ ვატო ყიფიანის მეთაურობით, გაბედა და კვლავ ასწია ხელი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. საინტერესოა, ასე ოპერატიულად საიდან გახდა ბაჩო ახალაიასთვის ეს ცნობილი? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ორგანიზებული იყო თვითონ მის მიერ, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაესვარათ ვატო ყიფიანის სახელი და დაჰბრალებოდა სრულიად გაუგებარი დანაშაული... ჩვენ აუცილებლად შევიტანთ განცხადებას პროკურატურაში და მოვითხოვთ ბაჩო ახალაიას დაკითხვას. მან უნდა დაადასტუროს მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ან არა და, პროკურატურისგან მოვითხოვთ, პასუხი აგოს ყიფიანის შეგნებულად, ცრუ დასმენისთვის.
მარიკა ფხალაძის თქმით, იმ დაწესებულებაში, სადაც ლაშა ბრეგვაძე იყო დირექტორი, ვატო ყიფიანი საერთოდ არ მჯდარა. "ყიფიანი სასჯელს იხდიდა მხოლოდ მე-7 დაწესებულებაში, საიდანაც ის გამოუშვეს ერთადერთი მიზნით, რომ აუცილებლად დატოვებდა საქართველოს. მე ვესაუბრე ლაშა ბრეგვაძეს. მან კატეგორიულად უარყო ყიფიანთან რაიმე სახის ნაცნობობა. კატეგორიულად გამორიცხა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებში რაიმე წვლილი ჰქონდეს ყიფიანს", - ამბობს ფხალაძე.

ცხადია, ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტს ძალოვანების ოპერატიული რეაგირება მოჰყვა და სასამართლომ 3 ბრალდებულს: ლევან კვარაცხელიას, გიორგი ჩხეიძესა და გიორგი გუდაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარის ირგვლივ ჩვენება ჯერ არ მიუციათ ბრალდებულებს. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ და წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. მათი ადვოკატის, გიორგი სამუშიას თქმით, ისინი უახლოეს დღეებში გამოძიებას მომხდარზე ჩვენებას მისცემენ. ადვოკატი ჯერჯერობით არ ამზეურებს საქმის დეტალებს, თუმცა ჩვენ სხვა წყაროებით, მომხდარზე გარკვეული ინფორმაციის მოძიება მაინც შევძელით.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წაუყენეს - სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

ჩვენი ინფორმაციით, საქმე ბრეგვაძის ჩვენების საფუძველზე აღიძრა. ბრალდებულებსა და დაზარალებულს ერთმანეთთან დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ. იმასაც ამბობენ, ციხის ცნობილი სკანდალური კადრების შემდეგ, ციხის ყოფილი უფროსის, ბრეგვაძის მორალურ რეაბილიტაციას მისი მეგობარი გიორგი ჩხეიძე ცდილობდაო. შეგახსენებთ, ლაშა ბრეგვაძე ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ, ე.წ. ჯალათების სიაში იყო მოხსენიებული. მის წინააღმდეგ პროკურატურაში უამრავი საჩივარია შესული. ბრეგვაძე ჯერ კიდევ 2006 წელს მოხსენიებული იყო სახალხო დამცველის ანგარიშში, როდესაც "წითელი ჯვრის" თანამშრომლებმა რუსთავის დაწესებულებაში კარცერში შეყრილი შიშველი პატიმრები აღმოაჩინეს. ბოლო დროს აგორებული სკანდალის შემდეგ, თურმე ჩხეიძემ ყოფილი წყალბურთელი ბრეგვაძე თავისთან, წყალბურთელთა გუნდში წაიყვანა. ისინი ქუჩაში ერთად, ხშირად დადიოდნენ. ამბობდნენ, ჩხეიძე ცდილობდა, მისთვის რეპუტაცია აღედგინაო, მაგრამ ბრეგვაძემ ეს ვერ დაინახა, მეგობრების გარემოცვაში ციხის ყოფილი უფროსი თურმე ხშირად ჰყვებოდა საშინელ ამბებს და არც იმის მოყოლას ერიდებოდა, როგორ ექცეოდნენ ციხეში მისულ პატიმრების ცოლებს. ამის გამო მეგობრებისგან ლაშა ბრეგვაძეს შენიშვნა რამდენჯერმე მიუღია და უთქვამთ, ასეთი ამბები მას არ მოეყოლა.

იმ დღეს კი ბრეგვაძეს, კვარაცხელიას ბინაში სცემეს. თავად ბრეგვაძე თურმე ჩვენებაში ამბობს, რადგან არ ვმუშაობდი, მათთან ერთად ხშირად ვიყავი და მოტოციკლითაც ერთად დავდიოდით თბილისის ქუჩებში, ასე ვერთობოდითო. - ერთ დღეს ჩხეიძემ მოტოციკლით ქალაქში გასეირნება შემომთავაზა, დავურეკეთ ლევან კვარაცხელიასაც. მან გვითხრა, მოტო გაფუჭებული ჰქონდა, იქნებ ჩემთან ამოხვიდეთ და ნახოთ, რა სჭირსო. ბრეგვაძის მტკიცებით, ისინი არაყიშვილის ქუჩაზე, კვარაცხელიას სახლში მივიდნენ. მას იქ დახვდა გიორგი გუდაძე, რომელიც იცნო, რადგან გუდაძე ყოფილი პატიმარია და 10 წელი აქვს მოხდილი ციხეში, მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის (იგი ცნობილი მსახიობის შვილიშვილის, გიორგი შავგულიძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა. შეგახსენებთ, შავგულიძე გუდაურში მოკლეს და მისი ოჯახი დიდხანს ცდილობდა ამ საქმეში ბრალდებულების დასჯას).

გუდაძე გარკვეული პერიოდი თურმე ბრეგვაძესთანაც იხდიდა სასჯელს. დაზარალებული ამბობს, - გუდაძე ვიცანი, მაგრამ ის სხვა გვარითა და სახელით გამაცნესო. ირწმუნება, კარი ჩამიკეტეს, მერე მითხრეს, - აბა, ახლა მოჰყევი, რასაც აკეთებდი ციხეშიო, - და ამის გამო მცემეს, უმოწყალოდ მირტყამდა სამივე, თან სურათებს მიღებდნენ და მას ჩემი თანდასწრებით, ინტერნეტით ვიღაცასთან გზავნიდნენო. ბრეგვაძეს 12 ოქტომბერს სცემეს. მან სავარაუდოდ, პოლიციაში იმავე დღეს შეიტანა საჩივარი, თუმცა ბრალდებულების აყვანა 16 ოქტომბერს მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, პოლიცია უსმენდა ეჭვმიტანილების სატელეფონო საუბრებს და საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად ეს მოსმენებიც იქნება. ბრალდებულებისთვის წაყენებული მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროცესზე ადვოკატებმა ბრალდებულთა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვეს, ალტერნატივის სახით, თითოეულისთვის 3.000-ლარიანი გირაოს შეფარდება ითხოვეს, მაგრამ პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ისინი გამოძიებას დაემალებოდნენ.

ამ მოსაზრებას არ დაეთანხმნენ ბრალდებულები. განაცხადეს, რომ შემთხვევის შემდეგ მიმალვისთვის ოთხი დღე ჰქონდათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. დაკავებულებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტი ბრეგვაძესთან ამოწურულია. ერთ-ერთმა დაკავებულმა - გიორგი გუდაძემ ისიც აღნიშნა, რომ ციხეში მან ათწლიანი სასჯელი მოიხადა და საქართველოს თითქმის ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ არაერთხელ შეხვდა სხვადასხვა ციხის უფროსსა და თანამშრომლებს, მაგრამ მათთან კონფლიქტი არ ჰქონია და მათ მიმართ შურისძიება არ ამოძრავებდა. გუდაძემ ისიც დასძინა, ინციდენტიდან 15-20 წუთის შემდეგ ბრეგვაძე ფალიაშვილის ქუჩაზე ვნახეთ და ეს ვიდეომასალა ბრალდებას შეუძლია ამოიღოს, რადგან სადაც შევხვდით, იქვეა სკოლა და ასევე, სამედიცინო დაწესებულება, სადაც სათვალთვალო კამერები აყენიაო.

ის, რომ ინციდენტი მოხდა, ფაქტია. კულუარებში ამბობენ, სუფრასთან ისხდნენ და ნასვამმა ბრეგვაძემ ისეთი საშინელი ამბები გაიხსენა, ბიჭებმა რამდენჯერმე უთხრეს, გაჩუმებულიყო, მაგრამ რომ გააგრძელა სიამაყით მოყოლა, ვეღარ მოითმინეს და სცემესო. როგორც ჩანს, დაკავებულები არ ელოდნენ, ბრეგვაძე მათ პოლიციაში თუ დაასმენდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, თითქოს სამივე ბრალდებული ადრე ნასამართლევი იყო, მაგრამ ეს არ დასტურდება. კვარაცხელია და ჩხეიძე არასოდეს ყოფილან პასუხისგებაში მიცემული, რაც შეეხება გუდაძეს, ის საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა პროცესზე განაცხადა, რომ ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს: ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ციხიდან გათავისუფლებულებს ნასამართლობა მოუხსნა და როგორც ჩანს, მათ რიგში მოხვდა გუდაძეც.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს ფაქტი სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა გააპროტესტეს. პროცესი აქციის ფონზე ჩატარდა. შეკრებილები ბრალდებულთა გათავისუფლებას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ქალბატონი მისი პატიმარი შვილის სიკვდილშიც ადანაშაულებდა ციხის ყოფილ უფროსს. დაზარალებული პროცესს არ დასწრებია. ამ დღეებში მის წინააღმდეგ საჩივარი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა გიორგი გაბედავამაც შეიტანა. 565 პატიმრის ხელმოწერილი 2 საჩივარი შევიდა მთავარ პროკურატურაში. ერთ საჩივარს ხელს აწერს 454 პატიმარი ქსნის N16 დაწესებულებიდან, ხოლო მეორეს - 120 პატიმარი რუსთავის N17 დაწესებულებიდან. ისინი კონკრეტული ფაქტების გამოძიებას ითხოვენ. თითოეული ხელმომწერი აცხადებს, რომ ნაცემი იყო ლაშა ბრეგვაძის მიერ და პროკურატურა რატომღაც, აღნიშნული პირის მიმართ საქმეების გამოძიებას არ აწარმოებს. გიორგი გაბედავას თქმით, პატიმრები იმასაც აპროტესტებენ, რომ ბრეგვაძის ცემისთვის რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. თუ არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა, იძულებული ვიქნებით, ჩვენ თვითონ გავუსწორდეთ მათ, ვინც გვაწამებდაო, - ასეთია პატიმრების პოზიცია.

ვცადეთ, პროკურატურისგან უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო, მაგრამ განგვიმარტეს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.