მოხსნის თუ არა ახალი პრეზიდენტი ფოტოგრაფების, “ენვერისა” და ვახტანგ მაისაიას საქმეებს გრიფით “საიდუმლოს”

მოხსნის თუ არა ახალი პრეზიდენტი ფოტოგრაფების, “ენვერისა” და ვახტანგ მაისაიას საქმეებს გრიფით “საიდუმლოს”

“საქართველოში უცხოურ სპეცსამსახურებთან მუშაობის გამოცდილება არ არსებობს. დამოუკიდებლობის დღიდან, ხელისუფლება რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ვერც ერთმა მოახერხა შეემუშავებინა ისეთი რეფორმა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ არ დააყენებდა... არჩევნები საუკეთესო დროა უცხოური სპეცსამსახურების გააქტიურებისათვის. ისეთი გაურკვეველი ვითარებაა, რომ არ არის გამორიცხული, უცხო ქვეყნის აგენტებმა ხელისუფლების ოთხივე შტოში დასაყრდენი ადვილად გამოძებნონ. მეტიც, შესაძლებელია ისინი მაღალ თანამდებობებზეც დაინიშნონ”, - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას უშიშროების საკითხების ექსპერტი ბესო ალადაშვილი.

- ბატონო ბესო, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პოლიციის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს. როგორც პროკურატურა ამბობს, ისინი ხურჩის ცნობილ ტერაქტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდნენ. რა იყო ეს - წინასაარჩევნო ფანდი, რომ “ნაცმოძრაობას” ხმები დაეკარგა თუ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი?

 

- ხურჩის ტერაქტი და მალე, ალბათ, განმუხურის ინციდენტამდეც მივალთ, იმ სტილში ჯდება, რაც “ნაციონალების” მართვისთვის იყო დამახასიათებელი. ამ საქმის არჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე წინა პლანზე წამოწევა გარკვეულ შეკითხვებს აჩენს, თუმცა ამ ინციდენტმა თავის დროზეც ძალიან ბევრი შეკითხვა დაბადა, რადგან ძალიან ცუდად იყო დადგმული. მერე ქვეყანაში იმდენი რამ მოხდა, რომ ეს ტერაქტი გადაფარა... ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, როდის, რომელ საქმეზე დაამთავრებს პროკურატურა გამოძიებას...

- რამდენად გამართულია ის მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურამ გამოაქვეყნა?

- არ ვიცი. საერთოდ, ეს ძნელად გამოსაძიებელი საქმე არაა, რადგან არსებობენ თვითმხილველები... თუ ნორმალური მიდგომა იქნება, ეს ადამიანები, ალბათ, იტყვიან, რომ ყველაფერი დავალება იყო.

- ბატონო ბესო, ეს საქმე ორი ჩინოვნიკის დაკავებით დასრულდება თუ პროკურატურა დამკვეთებზეც გავა?

- “ობობის ქსელი”, რომელიც “ნაცებმა” “მოქსოვეს”, სადღაც ყოველთვის წყდება, თუმცა საგულისხმოა, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე, ბიძინა ივანიშვილის პირადი კომპიუტერის გატეხვა და იქიდან ინფორმაციის გატანა, ბოლომდე გამოუძიებელია. არადა, თავის დროზე, თუ გახსოვთ, მისი კვალი საპრეზიდენტო სასახლემდე მივიდა - ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა თქვა, რომ მინისტრის მოადგილემ მასალა რეზიდენციაში წაიღო. იქ კი რა მოხდა, ან ვინ იყო იმ შენობაში დავალების გამცემი, დღესაც არავინ იცის. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ სპეცამსახურებშიც არსებობდა ორხელისუფლებიანობა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამ შეკითხვებს პასუხი, ალბათ, გაეცემა.

- წეღან განმუხური ახსენეთ, ანუ ელოდებით, რომ ამ ინციდენტის გამოძიებაც დაიწყება?

- არ ვიცი, პროკურატურას რესურსი ეყოფა თუ არა, რომ ყველა ასეთი საქმე ეფექტურად გამოიძიოს. ყველაფერს დრო სჭირდება. არაა აუცილებელი, მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ და სასწრაფოდ გამამტყუნებელი განაჩენი დავდოთ. მართალია, განმუხურის ცნობილი სპექტაკლი იდეოლოგიურ ფონზე დაიდგა, მაგრამ პარალელურად, გაცილებით მნიშვნელოვანი დანაშაულები მოხდა, თუმცა ბევრი მაშინდელი ხელმძღვანელი დღესაც თანამდებობაზეა. ავიღოთ, თუნდაც, ფოტოგრაფების, “ენვერის”, ვახტანგ მაისაიას საქმეები - მათი “შპიონაჟი” თეთრი ძაფითაა ნაკერი და თუ ეს ასე არ არის, მაშინ უნდა ვთქვათ, რატომ არ ხდება ამ საქმეების გასაჯაროება. ჩემი აზრით, ამ კუთხით ოპერატიული საიდუმლოება აღარ არსებობს. მით უმეტეს, რომ რუსი ჯაშუშები გაუშვეს. მოკლედ, ამ შემთხვევაშიც საპრეზიდენტო არჩევნებს ველოდებით.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დოკუმენტი სააკაშვილის მიერ გასაიდუმლოებულია და მათი გასაჯაროების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს - კანონი საჯაროობის შესახებ პრეზიდენტს გასაიდუმლოებაზე დადებული ვადის დარღვევის უფლებას აძლევს, ანუ ყველაფერი ახალი პრეზიდენტის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

- ამ დღეებში კიდევ ერთი გახმაურებული საქმის - ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. თითქოს ნათელია, რა მოხდა ლაფანყურში - ამაზე არაერთხელ დაიწერა და ითქვა. ამ ფონზე ასეთი კომისიის შექმნა რაღა საჭიროა?

- მივესალმები, რომ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ხდება - ეს მსოფლიო პრაქტიკაა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, პარადოქსი ისაა, რომ სახალხო დამცველი, რომელიც სახელმწიფო ფიგურაა, თვითონ ქმნის საზოგადოებრივ კომისიას. ეს გვიჩვენებს კანონმდებლობის უსუსურობასა და შეუსაბამობას, ანუ გამოდის, რომ სახალხო დამცველის კანონიერი გავლენა სადღაც მთავრდება. საზოგადოება ამორფულად, მაგრამ მაინც ამბობს, რომ ლაფანყურში მოხდა დანაშაული - დაიღუპა ხალხი და ითხოვს ინფორმაციას, თუ რა დონეზეა გამოძიება. ითხოვს, მაგრამ პასუხს არავინ სცემს. ამიტომ, სახელმწიფოს ის შტო, რომელიც ადამიანის უფლებების კონსტიტუციური გარანტია, იძულებულია, შექმნას საზოგადოებრივი კომისია, მაგრამ ამ კომისიას ხელ-ფეხი შეკრული ექნება და ამაზე ის მიგვანიშნებს, რომ ამ ოპერაციის სულისჩამდგმელები დღესაც თანამდებობებზე არიან... კომისიას დოკუმენტებთან არავინ მიუშვებს.

- პარადოქსებზე ვსაუბრობდით და სააკაშვილის ერთ-ერთი ბოლო განცხადებაც პარადოქსად ხომ არ გეჩვენებათ, როცა თბილისის გარშემო მდებარე თავდაცვითი ნაგებობები გაასაჯაროვა?

- ამ ადამიანში პიროვნულის სახელმწიფოზე წინ დაყენების ნიჭს, როგორც ჩანს, საზღვარი არ აქვს და მხოლოდ იმიტომ, რომ არსებული, ან არარსებული ნაკლი აჩვენოს, მზადაა, ეროვნული ინტერესები და ქვეყნის უსაფრთხოება არაფრად ჩააგდოს და სახელმწიფო საიდუმლოება გამოამზეუროს, თუმცა თბილისის გარშემო თავდაცვითი ფონტიფიკაციების მშენებლობა არანაირ საიდუმლოებას არ წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერია საქართველოში შემოვიდა, თბილისის აღების უამრავი სქემა დაიხაზა. ჩვენს დროში, კოსმოსური დაზვერვიდან მშვენივრად ჩანს, თუ სად რა შენდება... მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი დგას - შეიძლება თუ არა, ქვეყნის პრეზიდენტი, საკუთარი ინტერესებისთვის, ქვეყნის ასეთ პროვოკაციაზე წავიდეს?

- ბატონო ბესო, საარჩევნო პერიოდი ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც რთულია. ამ მხრივ ქვეყანაში დღეს რა მდგომარეობაა?

- სამწუხაროდ, კვლავ თავისუფალი ვარდნის რეჟიმში ვართ. ეროვნული უსაფრთხოება გაცილებით გლობალურია - ესაა ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, სპეცსამსახურების ეფექტური მუშაობა. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. ეკონომიკური უსაფრთხოების დოქტრინა არც გვქონია და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯსაც ვერ ვხედავ. ასევე, არ ჩატარებულა სპეცსამსახურების რეფორმა და ამის გამო ჩვენ კვლავ შს სამინისტროს იმედად ვართ. ამ სამინისტროში რაც უნდა წესიერი ადამიანები მუშაობდნენ, მონოპოლიის ძალიან დიდი საფრთხე არსებობს.

სხვათა შორის, საქართველოში უცხოური სპეცსამსახურების წინაღმდეგ მუშაობის გამოცდილება არ არსებობს. ხელისუფლება ე.წ. ჯაშუშური საქმეების გამოძიებას რომ მიჰყოლოდა, ძალიან ბევრ პრევენციულ ღონისძიებამდე მივიდოდა. “ნაცების” დროს უცხოური სპეცსამსახურები გალაღებულად მოქმედებდნენ. ვშიშობ, დღეს ეს ადამიანები სახელმწიფო სტრუქტურებში არ დაინიშნონ.

- ამის შანსი არსებობს?

- როცა ხელისუფლება იცვლება, უცხოური სპეცსამსახურების ინტერესშია, ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ. ასეთი სიტუაცია შარშანდელი ოქტომბრის არჩევნების დროს ნამდვილად იყო. სპეცსამსახურების ინტერესებშია, თავიანთი  პოზიციები ხელისუფლების ოთხივე შტოში გაამყაროს. ამ შემთხვევაში ლაპარაკი მხოლოდ რუსეთზე არაა... ბოლოს და ბოლოს, უნდა გავარკვიოთ ლუსტრაციისა და უშიშროების არქივების საკითხები. ყველაფერი თავის ადგილას მხოლოდ ამის მერე დადგება!