არჩევნების დასრულებიდან ზუსტად მეორე დღეს, პრეზიდენტმა მოსახლეობას „რუსთავი2“–ის ეთერიდან ხანგრძლივი გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა. მან თავის გაკეთებულ საქმეებსა და ბიოგრაფიულ წარსულზე ბევრი ისაუბრა და იმ დროს, როცა გვეგონა, რომ ტელეეკრანიდან მიხეილ სააკაშვილი გვესაუბრებოდა და საზოგადოების მთელი ყურადღებაც აქეთკენ იყო მიმართული, სწორედ ამ დროს ის და ქალაქის მერი გიგი უგულავა თბილისის აეროპორტში იყვნენ და საფრანგეთში გასაფრენად ემზადებოდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებმა შემთხვევით შეიტყვეს და როცა მოითხოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან კომენტარი, თუ რასთან დაკავშირებით იყო გამოწვეული მათი წასვლა, პასუხად მიიღეს, რომ ამის შესახებ განცხადებას ისინი მეორე დღეს გააკეთებდნენ, რადგან იმ დროისთვის მათ არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია. თუმცა, როგორც კი ერთ-ერთი ტელევიზიით პრეზიდენტისა და ქალაქის მერის საფრანგეთში გასაიდუმლოებული ვიზიტის შესახებ ამბავი გავრცელდა, მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა ამ გამგზავრების შესახებ ესაუბრა და მიზეზად ევროპაში დაგეგმილი სხვადასხვა ოფიციალური შეხვედრები დაასახელა. პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრების შესახებ ინფორმაცია კანონით საჯაროა და უცნაურია, მანამდე რატომ არ იყო ცნობილი ამის შესახებ საზოგადოებისთვის და რატომ იყო გასაიდუმლოებული.
საფრანგეთში ჩასვლისთანავე მიხეილ სააკაშვილი შეეცადა ამ ვიზიტის რეალური მიზეზის შეფუთვას და ევროპაში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაც მოაწყო, მაგრამ ნამდვილ მიზეზს ფარდა მაშინ აეხადა, როცა იქ მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტებმა ოპერატიულად გაარკვიეს, რომ აწ უკვე „ყოფილმა“ პრეზიდენტმა და გიგი უგულავამ საფრანგეთში ცნობილი ადვოკატი, ვინც მათ უფლებებს დაიცავს, დაიქირავეს.
მიხეილ სააკაშვილის და გიგი უგულავას ჩასვლიდან ორ დღეში, 31 ოქტომბერს, საფრანგეთის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმე განიხილა. ის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პოლიციამ ქართველი სამართალდამცავების თხოვნის საფუძველზე ქალაქ ნიცაში დააკავა. მისი საქმე იქაურმა სასამართლომ განიხილა და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. ცნობილია, რომ მისი საქართველოში ექსტრადიციის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ მასალები საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს უკვე გადაუგზავნა და, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ის საოლქო სასამართლოს გადასცემს და ამის მერე უკვე, 40 დღის შემდეგ განიხილება კეზერაშვილის ექსტრადიციის საქმე. აი ეს არის თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმის ოფიციალური ვერსიის მოკლე ფაბულა. ასევე, არსებობს საინტერესო კულუარული ინფორმაცია ქვეყნის ყოფილი მეთაურისა და ქალაქის მერის გიგი უგულავას ევროპული ტურნეს რეალურ მიზეზებზე, თუ რატომ დაიქირავეს ფრანგი ადვოკატი და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს დავით კეზერაშვილის დაკავებასთან?
ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მოსვენება დაკარგა და მისი ქმედება კონტროლს არ ექვემდებარებოდა,– აცხადებენ მასთან დაახლოებული ადამიანები. დავით კეზერაშვილი პრეზიდენტთან ყველაზე დაახლოებული პირი რომ იყო, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა და შესაბამისად, მისი ყველა შავ-ბნელი საქმეებისა თუ მაქინაციების შესახებ, მისთვის ცნობილი იყო. როგორც მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ყველა საბანკო ანგარიშები „ოფშორულ ზონაში“, უძრავი ქონებისა თუ წილობრივი მონაცემების გრძელი ნუსხა. ქართველმა სამართალდამცავებმა საფრანგეთის პოლიციას მიაწოდეს დავით კეზერაშვილზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესახებ რამდენიმე ინფორმაცია და ის სწორედ ამ მტკიცებულებების გამო დააკავეს. მისმა დაჭერამ მიხეილ სააკაშვილს სერიოზული საფრთხე შეუქმნა და მან საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრი დაიწყო. არსებობს საფუძვლიანი ეჭვიც და ინფორმაციაც, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი „საფლავში“ არ ჩაყვება მას და ყველაფერს „დაფქვავს“ პრეზიდენტის უკანონო გზით მოპოვებული ქონების შესახებ; მათი უმეტესობა ხომ კეზერაშვილის სახელზეა გაფორმებული. ხოდა, გიგი უგულავამაც ურჩია მიხეილ სააკაშვილს საფრანგეთში წასვლა და ადვოკატის დაქირავება. მათი მთავარი მიზანი დაკავებულ დავით კეზერაშვილთან კომუნიკაციის დამყარება იყო და სწორედ ამის გამო თავიანთი უფლებების დასაცავად მის ადვოკატთან დაახლოებული პირი დაიქირავეს. მთავარი მოსაგვარებელი საკითხი იყო, რომ სააკაშვილს კუთვნილი ქონება, რომელიც დავით კეზერაშვილის სახელზე ჰქონდა, გენერალური მინდობილობის საფუძველზე სხვა ნდობით აღჭურვილი პირისთვის გადაეცა. ფრანგული კანონმდებლობით პატიმრობაში მყოფ პირს არანაირ იურიდიულ დოკუმენტზე ხელის მოწერის უფლება არ აქვს. ეს ინფორმაცია ცნობილი იყო მიხეილ სააკაშვილისთვის და ამიტომაც კეზერაშვილის საშველად საფრანგეთში სასამართლომდე ორი დღით ადრე ჩავიდა. ის მრავალ უცხოელს შეხვდა დახმარების თხოვნით, თითქოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ახალი ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის და მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მიშას ამ „დითირამბებმა“ევროპელ დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან არ გასჭრა. საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, ეშველა თავისი „პარტნიორი“ ყოფილი მინიტრისთვის, უშედეგო გამოდგა. დიდი ალბათობაა და არსებობს ინფორმაცია, რომ დაკავებული ქართველ სამართალდამცავებთან ითანამშრომლებს და ყოფილ სახელმწიფო მეთაურს ყველა იმ უკანონო ქმედებაში ამხელს, რაც მას თავისი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ჩაუდენია. ეს კარგად უწყის სააკაშვილმა, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებისგან ამ ბრალდებებთან გასამკლავებლად მან და ქალაქის მერმაც ფრანგი ადვოკატი დაიქირავეს. მოკლედ, 17 ნოემბრამდე დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა შეუძლებელია და ამ დღეს კი საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი. ინაუგურაციის დღესვე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილებას კარგავს და ადვილი შესაძლებელია ის პროკურატურამ დააკავოს. ეჭვს გარეშეა, რომ ის ამ პროცესს არ დაელოდება და ქვეყანას დატოვებს. სავარაუდოდ, მას ქვეყნის დატოვებაში, როგორც ამას ექსპერტთა უმეტესობა აცხადებს, ამერიკელები დაეხმარებიან. ცხადია, ეს ვარაუდებია, მაგრამ რეალურად რა მოხდება, ამას 18 ნოემბერს შევიტყობთ უკვე– ექს-პრეზიდენტი საქართველოში იქნება, თუ საზღვარგარეთ?!...