ნადირობა ქართველების მკვლელებზე?! - როგორ უწიათ ცოდვამ სეპარატისტებს: რას ჰყვება მამუკა არეშიძე ამბებზე, რომელიც ბევრმა არ იცის

ნადირობა ქართველების მკვლელებზე?! - როგორ უწიათ ცოდვამ სეპარატისტებს: რას ჰყვება მამუკა არეშიძე ამბებზე, რომელიც ბევრმა არ იცის

1993 წლის სექტემბერში სოხუმი დაეცა და საომარი მოქმედებები შეწყდა, თუმცა ომი არ დასრულებულა, ის დივერსიებითა­ და სპეცსამსახურების სპეცოპერაციებით დიდხანს გაგრძელდა - წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების გატაცებაში, წამებასა თუ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობებში­ მხილებული არაერთი ბოევიკი მოკლეს, ზოგ შემთხვევაში ეს შიდა გარჩევებს ჰგავდა,­ არცთუ იშვიათად კი "ქართული შურისძიების" აშკარა კვალიც იკითხებოდა. ამიტომაც თითქმის ყველა გახმაურებული მკვლელობის დროს, თუკი მოკლული ქართველებისადმი სასტიკ მოპყრობაში იყო მხილებული, სოხუმის რეჟიმი ხელს თბილისისკენ იშვერდა და აცხადებდა, რომ "ეს არის საქართველოს სპეცსამსახურების მოწყობილი ტერორისტული აქტი".

ბოლო წლებში ქართული დივერსიების­ შესახებ ინფორმაცია სოხუმში იმდენად აქტუალური აღარ არის, თუმცა შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებების დროს ქართველთმოძულე აფხაზის ლიკვიდირების არცთუ ცოტა შემთხვევა გახმაურებულა. სისასტიკით გამორჩეული მოკლული აფხაზებიდან ყველაზე ცნობილი რამდენიმე პირია: ოლეგ პაპასკირი, რომელიც 2000-იან წლებში ქართველმა პარტიზანებმა­ ჩაცხრილეს (რატომღაც ის "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაშია", როგორც ინტერპოლით ძებნილი); ოთარ ტურნანბა - 2006 წლის დეკემბერში გალში საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს (ისიც მოხვდა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"); ალიკ ხიშბა­ - გალში მოკლეს ტურნანბას მკვლელობის მეორე დღეს; ედუარდ ემინ-ზადე - 2008 წელს ნაქირავებ სახლში მოკლული იპოვეს; ვოლმერ ბუთბა და თამაზ კვეკვესკირი - 2011 წელს ენგურის ხიდთან მოკლეს; ვიტალი როდონაია - 2012 წელს სიდედრთან სტუმრობისას ჩაცხრილეს. ეს არის მცირე სია იმ პირებისა, ვისი ლიკვიდაციაც სხვადასხვა დროს მოხდა და სოხუმში "საქართველოს სპეცსამსახურებს"­ დაუკავშირეს.

ოლეგ პაპასკირი, დაურ კირთაძე, ზურაბ აჩბა - პარტიზანების 3 ცნობილი მსხვერპლი

ოლეგ პაპასკირმა, ბანდიტური ჯგუფის წევრმა, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად 1993 წლის 27 სექტემბერს ტყვედ აყვანილი ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და მამია ალასანია დახვრიტა. პაპასკირზე შური ქართველმა პარტიზანებმა იძიეს 2000-იან წლებში. მიუხედავად ამისა, ის რატომღაც 2018 წელს შექმნილი "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" ჩაწერეს, როგორც ინტერპოლით ძებნილი დამნაშავე.

გასული საუკუნის 90-იან წლებში პარტიზანებმა მოკლეს ასევე საშიში დამნაშავე და ბანდიტური დაჯგუფების ხელმძღვანელი დაურ კირთაძე, რომელიც ომის შემდეგ გალის ქართველ მოსახლეობას იტაცებდა გამოსასყიდის სანაცვლოდ. გალის მოსახლეობა იხსენებს, რომ მას მკერდზე ჰქონდა წარწერა: "მოვკალი 35 ქართველი".

პარტიზანების შურისძიების მსხვერპლი გახდა ზურაბ აჩბაც, რომელიც აფხაზური სახალხო ფრონტ "აიდგილარას" ლიდერი­ და სეპარატისტების ერთ-ერთი იდეოლოგი­ იყო. მას 2000 წლის 15 აგვისტოს ესროლეს, როცა სოხუმში გვიან ღამით სახლში მიდიოდა. სოხუმის რეჟიმი მაშინვე ქართველი პარტიზანების კვალზე ალაპარაკდა, თუმცა მაშინ მედიაში გამოითქვა ვარაუდიც, რომ შესაძლოა აჩბა დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას კლანთან დაპირისპირებას შეეწირა.

ქართული პარტიზანული მოძრაობა 1993 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, მალევე დაიწყო. თავდაპირველად რამდენიმე პატარა ჯგუფი ქაოსურად მოქმედებდა.­ ისინი აფხაზეთში აწყობდნენ დივერსიულ აქტებს: წვავდნენ ხიდებს, აფეთქებდნენ ობიექტებს, იყო შეტაკებები აფხაზებთან. ხოცავდნენ რიგით მილიციელებსაც, ასევე იმ ქართველებს, რომლებიც სეპარატისტებთან თანამშრომლობაში იყვნენ მხილებული. 1998 წლის გალის მოვლენების შემდეგ პარტიზანებმა მოსახლეობაში პოპულარობა ნელ-ნელა დაკარგეს. ნაწილი კრიმინალურ ბიზნესსაც მიეკედლა,­ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი რაზმები დაიშალა.

ოთარ ტურნანბა, ალიკ ხიშბა - 2006 წლის 2 მკვლელობა 2 დღეში

2006 წლის 25 დეკემბერს გალის სოფელ ჭუბურხინჯში ადმინისტრაციულ ხაზთან მანქანაში ააფეთქეს გალის ე.წ. მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნანბა. მძიმედ დაშავდა მანქანაში მსხდომი ორი პირი - პროკურორი ბესიკ კოღონია და მილიციელი ოთარ თოფურია, რომელიც მოგვიანებით მძიმე ჭრილობების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა (მიუხედავად იმისა, რომ ეს მკვლელობა ძალიან გახმაურებული იყო, ტურნანბას გვარი რატომღაც "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეიტანეს).

ამ სპეცოპერაციიდან მეორე დღეს განმუხურში, ასევე ადმინისტრაციულ ხაზთან, სამოსამსახურო მანქანაში­ ჩაცხრილული იპოვეს სოფელ ოტობაიის მილიციის უფროსი ალიკ ხიშბა. აფხაზურმა­ მხარემ ბრალი საქართველოს სპეცსამსახურებს დასდო. ქართულ შურისძიებაზე არაოფიციალურად თბილისშიც ლაპარაკობდნენ.

ოთარ ტურნანბა გალის მოსახლეობას წლების განმავლობაში აყაჩაღებდა და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. აწყობდა რეიდებს, ჩადენილი ჰქონდა არაერთი მკვლელობა. გალის მილიციის მაღალჩინოსნად დანიშვნის შემდეგ სწორედ ის აკონტროლებდა გამოსასყიდის მიზნით ადამიანთა გატაცებას, ასევე თხილის, ციტრუსისა და ნარკოტიკების ბიზნესს. მასთან ერთად რეკეტში ჩართული იყო ალიკ ხიშბაც. ამ მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, თებერვალში, ტურნანბას ხელმძღვანელობით დაარბიეს გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლები, ცეცხლი გაუხსნეს ხალხს, რის შედეგადაც ერთი კაცი დაიღუპა.

რომან აშუბა, ედუარდ ემინ-ზადე, მილიციელი და მებაჟე...

2008 წლის 23 ოქტომბრის დილას გალში, ნაქირავებ ბინაში, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, გენერალი ედუარდ ემინ-ზადე მოკლული იპოვეს. მას ტყვია თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ჩხრეკის შედეგად იპოვეს სახლის მეპატრონის, მილიციელ ელდარ შამუგიასა და ემინ-ზადეს ნდობით აღჭურვილი პირის, მებაჟე ზაურ კვეკვესკირის ცხედრებიც, რომელიც მდინარე ენგურზე, საგუშაგოდან 500 მეტრში იყო დაგდებული. ემინ-ზადე გალში ბოლო დროს მომხდარი რამდენიმე აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებით იყო ჩასული. ეს იყო ემინ-ზადეზე თავდასხმის მეორე ფაქტი. მანამდე, 2008 წლის ივნისში, სოხუმის რკინიგზის სადგურთან ემინ-ზადეს მანქანას ნიღბიანმა პირებმა ლურჯი "ჟიგულით" გზა გადაუკეტეს და ცეცხლი გაუხსნეს. მაშინ ემინ-ზადე გადარჩა, მეორე თავდასხმა კი მისი ლიკვიდაციით დასრულდა.

ემინ-ზადე 2004 წლამდე აჭარაში ცხოვრობდა და ასლან აბაშიძის გარემოცვის წევრი იყო. აბაშიძის საქართველოდან იძულებითი წასვლის შემდეგ ის აფხაზეთში გადავიდა და ბაღაფშის უახლოეს თანამოაზრედ იქცა. ემინ-ზადე აქტიურად იყო ჩართული გამოსასყიდის სანაცვლოდ გალის მოსახლეობის გატაცებაში. მის სახელს უკავშირდება არაერთი აფეთქების ორგანიზება ზუგდიდში.

ემინ-ზადეს მკვლელობიდან 2 დღეში, 24 ოქტომბერს, გალის რაიონის სოფელ დიხაზურგაში მოკლეს ტყვარჩელის ერთ-ერთი სოფლის დე ფაქტო ადმინისტრაციის თანამშრომელი რომან აშუბა. მანქანა, სადაც აშუბა და კიდევ ორი პირი ისხდნენ, სამმა უცნობმა ნიღბიანმა გააჩერა, აშუბა მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს და მოკლეს, მისი თანამგზავრებისთვის კი ხელი არ უხლიათ. ყველა ეს მკვლელობა "ქართულ დივერსიულ ჯგუფებს" დაჰბრალდათ.

ვოლმერ ბუთბა, თამაზ კვეკვესკირი - როგორ მოკლეს ბათუმის ტერაქტის ორგანიზატორები 2011 წელს

2011 წლის 29 დეკემბერს გალში, ოკუპანტების ერთ-ერთ ბაზასთან, თხრილში იპოვეს აფხაზეთის საველე მეთაურისა და პირველი დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას დაცვის ყოფილი უფროსის, პოლკოვნიკ ვოლმერ ბუთბას ცხედარი.­ მას თავში საკონტროლო ტყვია ჰქონდა ნასროლი­. ბუთბასთან ერთად მოკლეს მისი მეგობარი თამაზ კვეკვესკირიც. მისი ცხედარი ცოტა მოშორებით, სასაფლაოსთან ნახეს. ბუთბას ჯიპი კი არცთუ ისე შორს, ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ საბერიოში იპოვეს. დე ფაქტო პროკურატურამ მკვლელობაში საქართველოს სპეცსამსახურებს დასდო ბრალი და ძებნა გამოაცხადა ზუგდიდის სოფელ ფახულანის მკვიდრ ბადრი სამუშიაზე. ბადრი სამუშია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართველმა სამართალდამცავებმა­ დააკავეს. მაშინ მან თავად გაავრცელა წერილი,­ სადაც წერდა, თუ როგორ მოიპოვა ბუთბას ნდობა და როგორ მოკლა.

ვოლმერ ბუთბა ორგზის "აფხაზეთის­ გმი­რი" და აფხაზეთში გავლენიანი პირი­ იყო. ომის შემდეგ გალის რაიონი ებარა.­ ბუთბა 1998 წელს მონაწილეობდა ქართველი­ მოსახლეობის განმეორებით გენოციდში. მისი მეთაურობით გადაწვეს გალის ორი სოფელი. ბუთბას ჰყავდა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით იტაცებდა ქართველებს. იყო შემთხვევები, როდესაც გატაცება მკვლელობით მთავრდებოდა, თუ ოჯახი საჭირო თანხას დროულად არ შეაგროვებდა. გასატაცებლად ზუგდიდშიც გადიოდნენ. ეს რაზმი აკონტროლებდა თხილისა და ციტრუსის ბიზნესს, ასევე ნარკოტრაფიკს. ბუთბას მარჯვენა ხელი იყო თამაზ კვეკვესკირი, რომელიც ქართველების მიმართ სისასტიკით გამოირჩეოდა.

საქართველოს შსს-ს ცნობით, ბუთბას დაჯგუფების წევრებმა 2010 წლის 5 მაისს ბათუმში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი კორძაძე. კორძაძე 2007 წლის 20 სექტემბერს კოდორის სპეცოპერაციისას ქართული სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო. ამ ოპერაციის დროს 2 რუსი ინსტრუქტორი მოკლეს, რამდენიმე აფხაზი კი დაიჭრა და სწორედ ამის გამო დაიგეგმა კორძაძის მკვლელობა­. კორძაძის აფეთქების შემდეგ, როგორც აფხაზური მედია წერდა, ბუთბა ქართულ შურისძიებას მუდმივად ელოდა.

ვიტალი როდონაია - შურისძიება ქართველზე, რომელიც აფხაზებთან მუშაობდა?!

2012 წლის 9 იანვარს გალის სოფელ გაგიდაში მოკლეს ვიტალი როდონაია, ეროვნებით ქართველი, რომელიც გალის დე ფაქტო მილიციის განყოფილებაში მუშაობდა. როდონაია სიდედრთან სტუმრად იყო, როცა ღამის 2 საათზე სახლში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა და გალის პოლიციის თანამშრომელი გარეთ გაიყვანა. ის სახლიდან 150 მეტრის მოშორებით მოკლული იპოვეს - სხეულზე 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სოხუმის რეჟიმის მტკიცებით, ეს იყო ოფიციალური თბილისის შურისძიება, რადგან ქართული სპეცსამსახურები ეროვნებით ქართველებს აფხაზებთან მუშაობას არ პატიობენ.

მკვლელობები ამით არ დასრულებულა. იმავე დღეებში აფხაზმა ძალოვანებმა გალში აღმოაჩინეს 2 მილიციელისა და დანით მოკლული 3 რუსი სამხედროს ცხედრები სოხუმის სოფელ შრომაში.

დავით სიგუა - კიდევ ერთი ქართველი, რომლის გაუჩინარებაშიც "ქართულ კვალს" ხედავენ

2007 წელს აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო­ არჩევნები იყო, გალის რაიონის ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეთნიკურად ქართველი დავით სიგუა იყო. 3 თებერვლის დილით 5 შეიარაღებული პირი სიგუას სახლში შეიჭრა და ის ზუგდიდისკენ გაიტაცა. ამის შემდეგ კვალი იკარგება. "ეს ქართული მხარის შურისძიებაა აფხაზეთის ხელისუფლებასთან სიგუას თანამშრომლობის გამო", - განაცხადა მაშინ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. ქართულმა მხარემ გატაცებასთან კავშირი უარყო. ამის შემდეგ სეპარატისტული რეჟიმი ჟენევის შეხვედრებზე წლების განმავლობაში ითხოვდა, რომ ამ გატაცებისა და მკვლელობის ფაქტი ეღიარებინა თბილისს, თუმცა ოფიციალური თბილისი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. სიგუას გაუჩინარებაზე დღემდე არაფერია დადგენილი.

„ეს აფხაზი სეპარატისტების დასჯა კი არ იყო, არამედ ხალხის დამწიოკებლების დასჯა"

"ხალხს იცავდნენ და ამან იმუშავა. ამგვარი ოპერაციების გამო ორ-სამჯერ დაფიქრდებოდა ნებისმიერი აფხაზი ბანდიტი, თავს დასხმოდა თუ არა გალის მოსახლეობას", - ამბობს "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე. ის გვიამბობს, თუ როგორ დაიწყო და წლების განმავლობაში გაგრძელდა ქართველთმოძულე აფხაზების ლიკვიდაციები ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

- მას შემდეგ, რაც სოხუმი დაეცა და აფხაზეთის კონფლიქტის აქტიური ფაზა დამთავრდა, ბევრისთვის ომი არ დამთავრებულა. ომის შემდეგ დაიწყო ფარული მოქმედებები, ის, რაც საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ დაიწყო პარტიზანული მოძრაობები, შემდეგ უკვე სპეცსამსახურებიც ჩაერთვნენ. აფხაზეთში მოქმედი პარტიზანული ჯგუფებიდან ცნობილი იყო ორი რაზმი­ - "თეთრი ლეგიონი" და "ტყის ძმები".­ ორივე ადგილობრივი­ მოსახლეობით­ იყო დაკომპლექტებული. მათი ამოცანა იყო იმ პირების ლიკვიდაცია, ვინც ქართველების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოიჩინა თავი, ან მათი, ვინც გალის მოსახლეობას ავიწროებდნენ. გალში დარჩენილი ქართველების შევიწროება, გატაცება და ძარცვა კი ზოგიერთი აფხაზის ყოველდღიური ნორმა იყო.

- ვინ იყვნენ გალის მოსახლეობის დაწიოკებაში მხილებული აფხაზი კრიმინალები, ვინც პარტიზანებმა მოკლეს?

- ასეთი ბევრი იყო. მათ შორის იყო დაურ კირთაძე, ბოროტმოქმედი ქართული გვარით, რომელიც აფხაზობდა. ის სამი წლის განმავლობაში ავიწროებდა მოსახლეობას და შემდეგ ის პარტიზანებმა მოკლეს. ამ მხრივ გამორჩეული იყვნენ "ტყის ძმები". მათ არაერთი აფხაზი მოკლეს, მათ შორის ისეთებიც, ვინც მოსახლეობის შევიწროებით არ გამოირჩეოდნენ, მაგალითად, ნადირობდნენ მილიციელებზეც. ძალიან დიდი დრო გავიდა და ყველა დეტალი, ვინ როგორ მოკლეს, არ მახსოვს. იყო შემთხვევა, როცა დათო შენგელიამ მოტყუებით გადმოიყვანა რამდენიმე აფხაზი თითქმის ქართულ მხარეს და ხიდთან დახოცა.

- დაურ კირთაძის მსგავსად იყო სხვა ეთნიკურად ქართველი, ვინც ქართველების მიმართ სისასტიკით გამოირჩეოდა?

- ომის დამთავრების შემდეგ აფხაზეთის გმირის წოდება მიიღო 16-მა კაცმა,­ რომლებსაც პასპორტში ეროვნებად ქართველი ეწერათ. დაურ კირთაძეს არ ეწერა ქართველი, ის აფხაზობდა. გააფხაზებული ქართველები ცოტანი, მაგრამ ახლაც არიან.