ეს ამბავი რომ მოვისმინე, თავი მამლუქის პერსონაჟი მეგონა... გავოგნდი, გავოცდი, თუმცა, როცა სტატიას ვამზადებდი, გაოცების თავიც აღარ მქონდა. წერილში პერსონაჟთა სახელები შეცვლილია, რათა მათი ღირსება და პატივი არ შეილახოს! სხვათა შორის, ამ თემაზე რადიო “ჰერეთმა” გამოძიება ჩაატარა... მოკლედ, მე-17 საუკუნის მერე, ასეთი ტრაგედია, ალბათ, არ დატრიალებულა. მაშ ასე, “ქართული სიტყვა” 21-ე საუკუნის ტყვეობაზე გიამბობთ. ისე, ჩვენში დარჩეს და, ამ ამბის მოსმენის შემდეგ, ბევრი შეკითხვა მიჩნდება ბოლო დროს გახშირებულ გოგონების უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით...
სოფელ კაბალში მცხოვრებ ზეინაბის უფროს ქალიშვილს ბიძა გაყიდვას უპირებდა. ზეინაბ ალიევა საკუთარმა მაზლმა, მაზლის მეუღლემ და სამმა ადამიანმა უმოწყალოდ სცემეს და, როგორც მეზობლები ამბობენ, დაზარალებული საშველად მათთან გაიქცა. სწორედ მეზობლების გამოჩენამ დააფრთხო მაზლი და მისი თანხლებნი... ღამის პირველ საათზე ზეინაბი სიკვდილისაგან მეზობლებმა იხსნეს.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ზეინაბის არასრულწლოვანმა შვილმა ყური მოჰკრა, როგორ მივიდა ბიძა დედამისთან მოსალაპარაკებლად, ქალიშვილი მიფეშქაშეო. გოგონას გავყიდიო, ამბობდა ბიძა... ქალიშვილი დამშვიდდა, როცა დედამ მაზლს სასტიკი უარი უთხრა...
შუაღამისას გოგონას დედის კივილი შემოესმა. ლოგინიდან წამოდგა... მეორე ოთახში საშინელი სცენა დაინახა - ბიძა და მისი თანხმლებნი უმოწყალოდ სცემდნენ დედას...
მოზარდი მიხვდა, რომ თავს მხოლოდ გაქცევით უშველიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წაიყვანდნენ და, როგორც ნივთს, ისე გაყიდდნენ...
ამ ამბავში ყველაზე შემზარავი ისაა, რომ სოფელში მომხდარით არავინ გაოცებულა... ადგილობრივთა თქმით, ზეინაბის მაზლს დიდი ვალი აქვს და გოგონას გაყიდვით პრობლემებს მოაგვარებდა...
სოფელში იმასაც ამბობენ, რომ ბიძას მათ, ვისი ვალიც აქვს, მოსთხოვეს, ან ფულს მოიტან, ან ცოლს მოიყვანო...
მოკლედ, ქმარმა ცოლის ღირსების გადარჩენა ძმისშვილის გაყიდვით გადაწყვიტა!
როგორც ირკვევა, 31 წლის ზეინაბი ქმრის ოჯახისაგან ძალადობის მსხვერპლი ადრეც გამხდარა: ჯერ მეუღლემ მიატოვა, მერე, - ვალებში ჩავარდნილ მაზლს მისი ბინა გაუყიდია და ახლა ზეინაბი, შვილებთან ერთად, უცხო ადამიანთანაა შეკედლებული.
როგორც ზეინაბმა რადიო “ჰერეთის” ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, მაზლმა უთხრა, შესთავაზა:
- გოგონას გაყიდვაში ჯერ მხოლოდ 5 ათასი ლარი მაქვს აღებული და, დანარჩენს რომ მომცემენ, ფულს გაგიყოფო....
ვიდრე გათენდებოდა, სოფელი ფეხზე დადგა - ზეინაბი სოფლის ერთობამ გადაარჩინა, თუმცა ლაგოდეხის პოლიციის განყოფილება ამ ფაქტით დღემდე არ დაინტერესებულა...
პოლიციის განმარტებით, ზეინაბს, როგორც დაზარალებულს, სხეულზე მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული და, შესაბამისად, მაზლის მიმართ პასუხისმგებლობაც, სს კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირდა?!
პოლიცია თვლის, რომ ეს მხოლოდ ნათესავებს შორის დავააა, თუმცა როგორც ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა რადიო “ჰერეთს” უთხრა, გოგონა ვინმე ლეილას უნდა ეყიდა, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს და, ძირითადად, თურქეთში “მოღვაწეობს”...
რაც შეეხება პოლიციისგან “იგნორს”, ამას ზეინაბის მკურნალი ექიმიც ადასტურებს - ზეინაბ ალიევა საავადმყოფოში ტკივილებითა და მკვეთრი დაზიანებით შეიყვანეს. ექიმმა პოლიციას გადასცა შეტყობინება, თუმცა ადგილზე არავინ მისულა...
სასამართლო კვლავ მიმდინარეობს, ბრალდებულები გირაოთი არიან გათავისუფლებულნი...
თემიდა ჭეშმარიტებას, ალბათ, დაადგენს...
თემიდის ჭეშმარიტებამდე “ქართული სიტყვა” რადიო “ჰერეთის” ჟურნალისტური გამოძიების პროექტის კოორდინატორს, გიორგი ედიშერაშვილს ესაუბრა:
- რადიო “ჰერეთის” კორესპონდენტებმა, რომლებიც კახეთის რეგიონში ჟურნალისტურ გამოძიებათა ციკლს აწარმოებენ, კაბალში იმყოფებოდნენ და ამ ტრაგედიის შესახებ სწორედ მაშინ შეიტყვეს. ტრეფიკინგზე ყურადღებას ამახვილებდა როგორც დაზარალებული, აგრეთვე, სოფლის მოსახლეობა...
ცხადია, ამ ამბავს გვერდს ვერ ავუვლიდით. ჟურნალისტებმა ამ თემაზე მოამზადეს საგამოძიებო რეპორტაჟი, სადაც დაზარალებულები პირობითი სახელებით იყვნენ მოხსენიებულნი, რათა მათი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო. ჟურნალისტური გამოძიების დროს, ლაგოდეხის რაიონში იმ ქალბატონსაც მივაგენით, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, ბავშვს მეზობელ სოფელში უპირებდა გაყიდვას, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
- გიორგი, თქვენი ინფორმაციით, რა გააკეთეს ძალოვანმა სტრუქტურებმა 13 წლის გოგონას დასაცავად?
- დაზარალებული ოჯახი და სამეზობლო საპატრულო პოლიციის გვიან მოსვლის შესახებაც საუბრობს. ჩვენ ეს ინფორმაცია ლაგოდეხის საპატრულო პოლიციაში გადავამოწმეთ, სადაც ყველაფერი უარყვეს. ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, საკითხი განხილვისთვის გურჯაანის პროკურატურას გადაეცა, თუმცა საქმე ბავშვის გატაცების კი არა, სხეულის მსუბუქი დაზიანების მცდელობის მუხლით აღიძრა, რასაც დაზარალებული ქალბატონი და მისი მეზობლები არ ეთანხმებიან. ჟურნალისტური გამოძიების პერიოდში, რამდენადაც არასრულწლოვანის გატაცების მცდელობაზე იყო საუბარი, საქმის კურსში სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც ჩავაყენეთ...
მოკლედ, ასეა თუ ისეა, თანამედროვე საქართველოში აზერბაიჯანელი გოგონას ტრაგედიამ ხვიჩას და გოჩას ისტორია გააცოცხლა... მართალია, 13 წლის ალიევა არც ეგვიპტელია, არც - ვენეციელი და არც - ქართველი, მაგრამ ადამიანია, ადამიანის ფუნდამენტური უფლება კი, საკუთარი ღირსებისა და პატივის დაცვაა!
ვინ დაიცავს გოგონას? - ეს რიტორიკული შეკითხვაა.