"აჰა, გიტოვებთ პრემიერს" – რას უნდა ველოდეთ ივანიშვილის მემკვიდრისაგან

"მაგათ ხომ მოსწონდათ "ხერხემალი" ვანო, ჩვენც ჩვენი ღარიბაშვილი მოგვწონს"

როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით, კახი კალაძის გამჭრიახი პოლიტგზავნილის შემდეგ, პრემიერმა ივანიშვილმა თავის მემკვიდრედ მისივე აღზრდილი კადრი, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილი თავიდანვე ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა... შევეცადეთ გაგვერკვია, ქართული პოლიტსპექტრიდან ვინ როგორ აფასებს ამ პოლიტიკურ სიახლეს...

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, აწ კი ექსპერტ ელენე ხოშტარიასთვის პრემიერის წარდგენის ფორმაა მიუღებელი.

- სრულ სიმპათიას გამოვხატავ ხოლმე დავით უსუფაშვილის მიმართ, დღეს კი, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან შემრცხვებოდა მის მაგივრად, რადგან კონსტიტუციაში ნათლად წერია, თუ როგორ უნდა მოხდეს პრემიერის დანიშვნა, მაგრამ ამის ნაცვლად მივიღეთ ”საოცრად დემოკრატიული" პროცედურა - აჰა, გიტოვებთ პრემიერსო...

როგორც მოსალოდნელი იყო, ხოშტარიას სკეპტიციზმს არ იზიარებენ მისი პოლიტიკური ოპონენტები.

ლევან ბერძენიშვილი:

- მართალია, ამ ყველაფერს წინ უძღოდა მცირედი ინტრიგა, მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ პოსტისთვის ყველაზე რეალური ფიგურა, ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა.

- რატომ გქონდათ ასეთი მოლოდინი, ამ თანამდებობაზე განიხილებოდა ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკოც, რომელიც მისამართითაც ხელისუფლების მხრიდან არაერთი კომპლიმენტი მოგვისმენია...

- დიახ, მაგრამ ყველაზე წარმატებული მინისტრი მაინც ღარიბაშვილი გამოდგა - სრულიად ახალმა, უსამხრეო კაცმა, სამოქალაქო პირმა შეძლო და საპოლიციო უწყების სრული დეპოლიტიზაცია მოახდინა. მერაბიშვილის ხელში პოლიცია სრულიად პოლიტიკური სტრუქტურა იყო და ღარიბაშვილმა ამ ფონზე სერიოზულ წარმატებას მიაღწია. არადა, ძალიან დიდი განსაცდელის წინ იდგა: მაგალითად, შარშან, თებერვალში მომხდარ პროვოკაციას ძალიან კარგად გაართვა თავი, ასეთივე განსაცდელი მოუწყვეს მას 17 მაისს... კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მე მისი დასახელება არ გამკვირვებია, ეს არის დიდი ნდობა, რომელიც არსებობს მოქმედ პრემიერსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის.

- ბატონო ლევან, ოპოზიცია აცხადებს, მაშინ, როდესაც ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობად გამოაცხადა. არადა, დღეს თვითონვე გადადგეს იგივე ნაბიჯიო...

- ბარემ ისიც აღიარონ, რომ არასწორად მოიქცნენ მაშინ. ამით ხომ დაახლოებით იმას ამბობენ, თავის დროზე ჩვენ ასე რომ მოვიქეცით, შეცდომა დავუშვით და ახლა თქვენც იგივე არ გააკეთოთო, არა?.. ხომ მოსწონდათ ვანო და ხომ მიაჩნდათ, რომ "ხერხემლის" ამ პოსტზე დანიშვნით, სწორად მოიქცნენ, ჰოდა, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ჩვენც ჩვენი ღარიბაშვილი მოგვწონს და ისე ვიქცევით, როგორც სწორად მიგვაჩნია... არ მესმის, რა პოლიციური სახელმწიფო უნდა ჩამოაყალიბოს ირაკლი ღარიბაშვილმა, ხაზს ვუსვამ, კაცი სამოქალაქო პირია და პოლიციური სახელმწიფოსგან გაგვათავისუფლა. მინისტრები რომ დავიჭირეთ და ყველა დიდ გულზეა, დაგვიმტკიცეთ დანაშაული თუ ბიჭები ხართო, იმათ რომ დაიჭირეს ირაკლი ოქრუაშვილი, როგორ გგონიათ, პირველივე დღეს რატომ გატყდა?.. ჩვენც შეგვეძლო, ასე გაგვეკეთებინა და ვანო მერაბიშვილიც პირველივე დღეს კი არა, პირველივე წუთში გატყდებოდა... მაგრამ კარგად არის და ღმერთმა კარგად ამყოფოს. ისე კი, კარგად იმიტომ არის, რომ მას ცუდად არავინ ექცევა...

- საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა მისი ასაკის მიმართაც - 32 წლის არის, არა?

- დიახ, ახალგაზრდაა და რა არის ამაში ცუდი?.. პარლამენტის წევრად 21 წლის კანონმდებლები რომ გვყავდა, ის როგორ იყო?.. 28 წლის კაცი მოსამართლე იყო და 32 წლის კაცი პრემიერად არ შეიძლება?.. ”ნაციონალებს” ლოგიკაში არასდროს ულხინდათ, მაგრამ ახლა ნამეტანი გაჭირვებიათ... ახალგაზრდობა ნაკლი არ არის და მიხეილ სააკაშვილი ამის გამო არასდროს გამიკრიტიკებია. ამ ქვეყანაში, ადამიანი, რაც უფრო ახალგაზრდაა, უფრო მოსაწონია, რადგან მას უფრო ნაკლებად ახსოვს საბჭოთა კავშირი... იშვიათია, რომ ჩემი ასაკის კაცი ნორმალური იყოს, მე ნორმალური ვარ, მაგრამ მე გამონაკლისი ვარ, ჩემნაირები იშვიათია... ეს ნახევრად ხუმრობით ვთქვი, მაგრამ სიმართლეა.

როგორც აღმოჩნდა, ლევან ბერძენიშვილის პათოსს მეტწილად ექსპერტებიც იზიარებენ.

პეტრე მამრაძე:

- ირაკლის მაშინ შევხვდი, როდესაც ”ქართუ ფონდში” მუშაობდა და ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ვიცი, რომ ეს არის პატიოსანი და შრომისმოყვარე ადამიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მერაბიშვილის წასვლის შემდეგ, სამინისტროში მას დახვდა შეკრული ბანდა, რომელიც თანამშრომლებს აიძულებდა, დანაშაული ჩაედინათ. ღარიბაშვილმა ამ ჯგუფის გაკონტროლება შეძლო და უწყებაში პატიოსანი თანამშრომლები დატოვა, რომელთა დახმარებითაც იმ ურთულესი ერთი წლის განმავლობაში ბრწყინვალედ გაართვა თავი საქმეს. მას მთელი გუნდი პატივს სცემს, რადგან აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, - მას ბოლომდე ენდობა ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ბიძინა ბოლომდე მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ ქვეყნის უდიდეს ავტორიტეტად რჩება და ისეთ ადამიანს ტოვებს ამ მნიშვნელოვან პოსტზე, რომელიც მის მოსაზრებებს ყოველთვის ანგარიშს გაუწევს.

მამუკა არეშიძე:

- ირაკლი ღარიბაშვილმა გვაჩვენა, რომ მას შეუძლია ხელმძღვანელობა და სისტემის მართვა, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება არ ჰქონდა ამ მხრივ. მისი პროფესია არავითარ კავშირში არ იყო შსს-თან, მაგრამ ამ კაცმა მაინც შეძლო მუშაობა და საქმის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ მისი საკადრო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებდა და მევრი რამ დღემდე არ მომწონს, ასეა თუ ისე, ყოველგვარი ექსცესებისა და გართულებისთვის თავის არიდება შეძლო. თუმცა, მისი დადებითი თვისებების მიუხედავად, სხვა საკითხია, როგორი პრემიერი იქნება, - ერთი შეხედვით, ჩვენ, ქართული საზოგადობა როგორც მიჩვეული ვართ, ისეთ პრემიერობას ირაკლი თავისუფლად შეძლებს.

- როგორ პრემიერობას ვართ ”მიჩვეული?”

- სამეურნეო საქმის გაძღოლას ვგულისხმობ, მაგრამ ახალი კონსტიტუციით ეს სხვა ტიპის პრემიერია, მან ქვეყნის პირველი პირის ფუნქცია უნდა შეასრულოს. საქმე ის არის, რომ ის არც ტიპიური პოლიტიკოსი და არც გამოცდილი დიპლომატი არ არის და არ ვიცი, ამის შესრულებას როგორ შეძლებს.

- მინისტრად დანიშვნიდან მოყოლებული მის მთავარ დადებითი თვისებად იმას ასახელებენ, რომ მას ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე ენდობა, ეს ქართულ პოლიტიკაში წარმატებულობის განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა?

- პარადოქსალურია ჩემგან ამის თქმა, მაგრამ ივანიშვილის ნდობა წარმატების საწინდარი ნამდვილად არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად წარმატებული იქნება. ბიძინა ივანიშვილი სხვა მინისტრებსაც ენდობა, მაგრამ მისი ნდიობა ყველამ ვერ გაამართლა... ეტყობა, ივანიშვილი აკვირდებოდა მას და მასში მენეჯერის თვისებები აღმოაჩინა. ვიცი, რომ ივანიშვილს სხვა კანდიდატურებიც ჰყავდა, მათ შორის სერგეენკო, რომელმაც ,რამდენადაც მე ვიცი, უარი თქვა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ღარიბაშვილს არ უთქვამს უარი, ეტყობა მას აქვს იმედი, რომ ამ საქმის გაძღოლას შეძლებს. ქართული პოლიტიკური ცხოვრება იმდენად სახიფათოა, რამდენად გაართმევს ამას თავს ირაკლი, რთული სათქმელია.