„ჭირვეულის მორჯულება“ - კობახიძემ ოპოზიციას მოქმედების საშუალება არ დაუტოვა

„ჭირვეულის მორჯულება“ - კობახიძემ ოპოზიციას მოქმედების საშუალება არ დაუტოვა

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ირაკლი კობახიძემ, რომელსაც ქართული ოპოზიცია „გავრილოვის ღამის“ შემოქმედს უწოდებდა, საკმაოდ საინტერესო სვლა გააკეთა - საპარლამენტო განხილვისას, ოპოზიციასთან პირდაპირი დიალოგით, ოპონენტებს მოქმედების საშუალება არ დაუტოვა.

ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში საქართველოს მე-6 პრემიერ-მინისტრის დამტკიცება კონსტრუქციულ ფორმატში წარიმართა. თუმცა მთავრობის დამტკიცებაში ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო. ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ 84-მა დეპუტატმა 10-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. სხდომას კი 105 დეპუტატი ესწრებოდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იქ, სადაც ოპოზიცია არის სუსტი და ფაქტების ნაცვლად ზოგად აღქმებზე, აბსტრაქციაზე საუბრობს, თავად უნდა გააკონტროლოს საკუთარი თავი და უწყებების საქმიანობა.

„ოპოზიცია არის ძალიან სუსტი. თქვენ უსმენდით ამ დღეების განმავლობაში, ოპოზიცია საუბრობს არა ფაქტებით, არამედ ზოგადი წინადადებებით, რაც, ბუნებრივია, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეფექტიანი კონტროლი განხორციელდეს მთავრობის საქმიანობაზე სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, იგივე კორუფცია, ეფექტიანობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ა.შ. ასეთ ვითარებაში ჩვენ თვითონ უნდა გავაკონტროლუთ საკუთარი საქმიანობა, საკუთარი უწყებების საქმიანობა და ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვსაუბრობდი თვითკონტროლზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეცვლილი ტონი რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებაში და ოპოზიციის საპარლამენტო დებატები, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება სულ სხვანაირად წავიდეს სიტუაცია, ვიდრე ვარაუდობდნენ, რომ ამ ოპოზიციიდან არაფერი არ გამოვა და იყო ახალი ძალის მოლოდინი. პოლიტოლოგის განცხადებით, შეიძლება კობახიძიემ ხელი შეუწყოს იმას, რომ ოპოზიციამ დაიწყოს პროდუქტიული და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ თავიდანვე დააანონსა, რომ 9-პუნქტიანი დათქმის განხილვაში არ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ პარლამენტში განვითრებულ პროდუქტიულ დებატებს, არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიცია დაჯდეს მრგვალი მაგიდის გარშემო, სადაც სწორედ მთავარი განხილვის თემა დეპოლარიზაცია იქნება.

„არის ამის შესაძლებლობა და პრინციპში, ორ დღეში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ასეთი მრგვალ მაგიდად ქცევის ტენდენციას ვაკვირდებით თითქოს, რაც სასურველია. იმიტომ, რომ ფაქტია, არ იბადება ახალი ძალა. საერთოდ, დღევანდელ პოლიტიკაში ძნელია ახალი რამის გაკეთება და მაშინ იქნებ ძველებმა ქნან რაიმე. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი გზა იქნება „ოცნების“ ორად გაყოფა, მაგრამ თუ ორად არ გაიყოფა, მაშინ იქნებ ოპოზიცია გააქტიურდეს და ამით გაჩნდეს ოპოზიციური ალტერნატივა. არ არის გამორიცხული ივანიშვილის ის პასაჟი, რომ უოპოზიციოდ ყოფნა არ შეიძლება, შეიძლება მაგ პასაჟის ერთგვარი ანარეკლია ის კონსტრუქციულობა, რასაც ვაკვირდებოდით საქართველოს პარლამენტში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ოპოზიციის პოლიტიკურ ფერიცვალებას უცხოელი პარტნიორების კარნახით ხსნის ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე, რომლის განცხადებით, დაინახეს, რომ საქართველოში საზოგადოება ისეთი გახდა, სადაც ლანძღვა-გინება არ ჭრის და პირიქით, მათ უბრუნდებათ როგორც ბუმერანგი და სასიკვდილო დარტყმებს აყენებს ეს ლანძღვა-გინება.

„შეხედეს, რომ ის სიმყრალე, რომელიც ამ ოპოზიციის პირიდან გამოდის - ზოგი მერხებზე დახტუნავდა, ზოგი სკამებზე, ზოგი სად და ზოგი სად - უკუშედეგებს იძლევა. ამიტომ, პატრონებმა დაუკვეთეს ეს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამათ დამოუკიდებლად მოქმედების არანაირი უნარი არ აქვთ. ეს არის ე.წ. ტაქტიკური სვლა, როგორ გაამართლებს და ამის მიხედვით პატრონების დაკრულებზე იმოქმედებენ.

იმ დონეზე მივიდნენ, რომ ტელევიზიაში გამოჰყავთ პატარა გოგო-ბიჭები და აძახებინებენ, რომ სისხლი უნდა დავღვაროთო. ამის შემდეგ შეიძლება მათი დაჯერება? ესენი არიან გიენები, რომლებიც ჩასაფრებული არიან და სისხლის სუნზე დაიწყებენ ქმედებებს. არც ერთი შემთხვევაში არ შეიძლება ამათი ნდობა და ამიტომ, ახლა საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია თითქოს საკმაოდ კრიტიკული იყო. ყველა ის პრობლემა, რა პრობლემაზეც არის ზოგადად საუბარი, დააყენეს კობახიძის წინაშე, რომელიც ასევე იყო კონსტრუქცული თავის გამოსვლაში და არ იყო ლანძღვა-გინება. ძაბირაძის განცხადებით, დისკუსიის ასეთ სტილში წარმათვას პირველ რიგში, თავად კობახიძემ მისცა საფუძველი, რადგან მისი გამოსვლაც იყო საკმაოდ მოზომილი, იყო რაღაცა გადახრები, მაგრამ ეს ყველაფერი ჯდებოდა კონსტრუქციულობის ფარგლებში.

„ოპოზიციის კონსტრუქციულობას ტონი მისცა კობახიძემ და ანალოგიური რეაქციაც მოჰყვა ოპოზიციიდან. ხელისუფლება აძლევს ტონუსს ამგვარ დებატებს. სხვაგვარად ეს არასდროს არ ყოფილა. როდესაც ხელისუფლება არის კონსტრუქცული, ოპოზიცია იშვიათი შემთხვევის გარდა, ჯდება იმ კალაპოტში, რასაც ხელისუფლება სთავაზობს. გადავა თუ არა ახალ როლში ოპოზიცია, ისევ და ისევ, გააჩნია, როგორ მოიქცევა ხელისუფლება. ოპოზიციას მისცემს ახალ სალაპარაკო თემას, თუ ისევ გააგრძელებს საუბარს რადიკალიზმზე, მოღალატეებზე და უსამშობლოებზე, აი, ეს იქნება გადამწყვეტი ჩაჯდება თუ არა ოპოზიცია კონსტრუქციულ ფორმატში.

თუ ხელისუფლება მშვიდად წარმართავს საარჩევნო პროცესს, ოპოზიციაც იგივეს გააკეთებს, რადგან არ ექნება არანაირი ხელმოსაჭიდი არგუმენტი, რომ სხვაგავარად მოიქცეს. მთელი 30 წელია ვაკვირდებით, რომ ყოველთვის ხელისუფლება იძლეოდა ტონს, როგორი უნდა ყოფილიყო არჩევნები, სად უნდა ყოფილიყო რადიკალური დაპირისპირება და სად არა. სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება გვაქვს. ან იქნება ასეთი ვითარება, რაც გვაქვს, ან ნორმალურად წარიმართება პროცესი. ეს ქნება ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.