მიხეილ სააკაშვილი ასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას. მისი როგორც რევოლუციონერის, სახელმწიფო მოღვაწისა და ხელმძღვანელის როლი, რომელსაც მოუწია თავისი პატარა ქვეყნის რუსეთის პოლიტიკური ორბიტიდან გამოყვანა, დიდი ხანია ცნობილია. თუმცა, სააკაშვილის თითქმის ათწლიანი მმართველობის ბოლოს, ისევ ცდილობენ ამ 45 წლის მმართველის და იმ კვალის შეფასებას, რომელსაც ის ქვეყნის ისტორიაში დატოვებს.
ზოგიერთები მიუთითებენ შენობების ეფექტურ ფასადებზე, რომელმაც გარდაქმნა საქართველოს დედაქალაქის, თბილისის და შავი ზღვის საპორტო ქალაქის, ბათუმის იერსახე. სხვები აქებენ პოზიციას, რომელიც მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაიკავა, როდესაც რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, მმართველმა პარტიამ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) ხელისუფლება მშვიდობიანად, საყოველთაო არჩევნების შედეგად დათმო. ზოგიერთები იხსენებენ 2008 წლის დამანგრეველ ომს რუსეთთან, რომელსაც, საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკების – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის – სავარაუდოდ საბოლოოდ დაკარგვა მოჰყვა.
თავად სააკაშვილი „რედისონ ბლუზე“ მიუთითებს – ცათამბრჯენზე, რომელიც ერთ დროს თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო კომლექსი იყო, სადაც 1993-2004 წლებში ასობით აფხაზეთიდან დევნილი ცხოვრობდა. სააკაშვილმა, ახლახანს თავის ახალ აპარტამენტებში სატელევიზიო ტურის დროს, მისი ფანჯრიდან ამ სასტუმროზე მიგვითითა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა „განასხვავებს დღევანდელ საქართველოს ათი წლის წინანდელი ქვეყნისგან“.
ეს მთავარი საკითხია 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ლიდერისათვის, რომელმაც დაასრულა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებული და არაეფექტური მმართველობა. ბოლო ათი წლის განმავლობაში პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეფის დავით აღმაშენებლის ანალოგიით მიშა აღმაშენებლი შეარქვეს, ცდილობდა დახმარებოდა საქართველოს ფიზიკურად და სულიერად გაეწყვიტა კავშირი თავის წარსულთან.
ის, რომ მან ამ გზაზე გარკვეულ წარმატებას მიაღწია, უდავოა. მიხეილ სააკაშვილმა ნორმად აქცია მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდება, ააშენა ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გზები და სკოლები, გაარემონტა დასახლებული პუნქტები და ურბანული კვარტლები. მისი ხელმძღვანელობით გაიზარდა ეკონომიკა (2003-2012 წლებში საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე თითქმის სამჯერ – 218,4 ლარამდე გაიზარდა, რაც 132,36 დოლარია), რესპუბლიკას მოეძალნენ უცხოელი ტურისტები და ინვესტორები (2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 673 მილიონი დოლარი შეადგინა), ქვეყანამ განამტკიცა კავშირები ევროპასა და შეერთებულ შტატებთან, პოლიცია პატივსაცემი ინსტიტუტი გახდა, მაფია განადგურდა, სახელმწიფო დაწესებულებები ამუშავდა.
თუმცა სააკაშვილს უკიდურესობები ახასიათებდა, არათანაბარი სვლა კარგ და ცუდ კურსს შორის, რაც ხელს უშლის საქართველოს მოსახლეობას ერთ შეთანხმებულ პოზიციაზე ჩამოყალიბდეს მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.
მართალია, პრეზიდენტ სააკაშვილის განზრახვები დემოკრატიულ წარმოდგენებს ეფუძნებოდა, თუმცა ხშირად ის შეუწყნარებელი იყო განსხვავებული აზრის მიმართ. მისი მმართველობის წლებში მკვეთრად გაიზარდა დაპატიმრებების რიცხვი (ბევრი დაკავშირებული იყო კორუფციასთან), ზეწოლა ოპოზიციაზე, სახელმწიფო სერიოზულ გავლენას ახდენდა კერძო მედიასაშუალებებზე, ბიზნესის და პოლიტიკის ინტერესები ხშირად არაჯანსაღად ებმოდა ერთმანეთს, რაც ხელს უწყობდა კორუფციის შემგომ აყვავებას ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, იმ ფონზე როდესაც ადგილებზე კორუფციის ფაქტები ქრებოდა.
ასეთ ვითარებაში, ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსის აზრით, მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობა შეიძლება შეფასდეს მიღწევებისა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ურთიერთდაპირისპირების საფუძველზე.
საქართველო გადაიქცა „ტიპური პოსტსაბჭოთა საზოგადოებიდან უფრო დასავლური ტიპის საზოგადოებად“, იმავდროულად გაიზარდა მოსახლეობაში მთავობასთან დაკავშირებული მოლოდინი, მიაჩნია ვახტანგ ლეჟავას, რომელიც 2009-2012 წლებში ყოფილი პრემიერმინისტრის ნიკა გილაურის მთავარ ეკონომიკურ მრჩევლად მუშოაბდა. მოლოდინის გაზრდას კი სტანდარტის ზრდა მოჰყვა. სწორედ ამ ამაღლებული სტანდარტის მიხედვით აფასებდნენ ადამიანები სააკაშვილის ქმედებებს, დასძენს ანალიტიკოსი. „ხალხი შეიცვალა“, ამბობს ის [„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“] შეცვალა სტანდარტი… რომელიც დღეს გაცილებით მაღალია. და სხვადასხვა ასპექტში თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო ამ სტანდარტების დაკმაყოფილება“, ამბობს ვახტანგ ლეჟავა, გულისხმობს რა 2012 წლის სკანდალს, რომელიც პატიმრებზე ძალადობის ირგვლივ ატყდა.
მართალია, პრეზიდენტი აღიარებს, რომ მისი მმართველობის დროს ადმინისტრაციამ შეცდომები დაუშვა, თუმცა დეტალებზე არ ლაპარაკობს. ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის სააკაშვილს თანხმობა ინტერვიუზე EurasiaNet.org -ისთვის არ მიუცია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსანი დეპუტატი და სააკაშვილთან დაახლოებული პირი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის მმართველობის მიმართ ყველა პრეტენზიის და კრიტიკის მიუხედავად, ის მაინც მიჩნეული უნდა იყოს „ტრანსფორმაციის ლიდერად“ რომელმაც გარდაქმნა „საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც ყველა ხარვეზის მიუხედავად, მართლაც ფუნქციონირებდა“.
მაგრამ ამ უკიდურესობების საზოგადოებაში, საეჭვოა უახლოეს მომავალში ბევრმა გაითვალისწინოს საქართველოში სააკაშვილის საქმიანობის ნიუანსები. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ელოდება მას პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, საქართველოს მცხოვრებლები მის პერსონას შეაფასებენ სიკეთისა და ბოროტების პრიზმაში, ამბობს პოლიტოლოგი და სააკაშვილის პერიოდის განათლების მინისტრი გია ნოდია. „მას მიიჩნევენ ან კეთილისმყოფელად ან არამზადად. პრინციპით „ან – ან“, ამბობს იგი. „შეიძლება ზოგიერთები შეეცადონ მის შეფასებას ზომიერად, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ იქნება ტიპური. ადამიანების ძირითადი მასისთვის ის ან გმირია ან სალახანაა“.
საქართველოში, ბევრი ფიქრობს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავრობა ამ მხრივ დიდწილად „ერთიანი ნაცმოძრაობის“ გზას იმეორებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის ბევრი თანამებრძოლი, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დააპატიმრეს და ახლა სასამართლო პროცესებს ელოდებიან ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა წამება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და დატაცება. თბილისის მერის გიგი უგულავს წინააღმდეგ, რომელსაც ერთ დროს სააკაშვილის შესაძლო მემკვიდრეობას უწინასწარმეტყველებდნენ, ასევე არსებობს ბრალდებები სხვა საქმის ფარგლებში, თუმცა ის განაგრძობს თანამდებობაზე მუშაობას.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ არცერთ ამ სასამართლო დევნას არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ აქვს, დაიმუქრა, რომ რაღაც არდასახელებული დანაშაულებებისთვის, რომელიც პრეზიდენტად მუშაობის დროს არის ჩადენილი, თავად სააკაშვილსაც შეიძლება მოუწიოს პასუხისგება. სააკაშვილს ის „პოლიტიკურ გვამს“ უწოდებს.
ცოტას თუ მიაჩნია, რომ მიმავალი პრეზიდენტი ბრძოლას შეწყვეტს. მიუხედავად ჭორებისა, რომ ის უცხოეთში გაემგზავრება, მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანაში დარჩენას და „ქართული ოცნების“ ოპოზიციონერობას აპირებს.
„სააკაშვილის ერთი ეპოქა დასრულდა“, ამბობს გია ნოდია, მაგრამ შესაძლოა მომავალში იყოს სხვა. „მან დატოვა თავისი მემკვიდრეობა“, „მაგრამ შეიძლება მას კიდევ აქვს მომავალი“.